ზღაპარი საქართველოს ნეიტრალიტეტზე
რეტრომედია

ზღაპარი საქართველოს ნეიტრალიტეტზე

ზღაპარი საქართველოს ნეიტრალიტეტზე
„დილის გაზეთი“, 12 თებერვალი, 2001 წელი

2017-10-07 11:09:06

პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადებამ საქართველოს შესაძლო „ნეიტრალური“ სტატუსის შესახებ, რუსულ მედიაში ბობოქარ ვნებათა ნამდვილი აფეთქება გამოიწვია. თანაც, რაც ძალზე ნიშანდობლივია, გაცილებით უფრო დიდი და ძლიერი, ვიდრე საქართველოში.

არადა, თუ ედუარდ შევარდნაძის სახელისუფლებო ტექნოლოგიას გავითვალისწინებთ, მისი უმთავრესი მიზანი სწორედ ქართულ საზოგადოებაში დისკუსიის ინიციირება იყო.

ასეთი ხერხისთვის პრეზიდენტს არაერთგზის მიუმართავს, როდესაც საზოგადოებრივ ცნობიერებაში გარკვეულ სტერეოტიპთა ერთობლიობა იწყებს ჩამოყალიბებას.

დისკუსიის ინიცირირების მიზანი ყოველთვის ამ სტერეოტიპის დაშლა კი არ არის, არამედ „კონცენტრირებული სტერეოტიპის“ ტრანსფორმირება შესაბამის პოლიტიკურ სქემაში, რომლის გამოყენება შემდგომ პრაქტიკაშიც შესაძლებელია.

ათწლიანი ბობოქარი ბრძოლის შედეგად გადაღლილ-მოქანცულ ქართულ საზოგადოებას „ნეიტრალიტეტი“ ესმის როგორც რუსეთთან კომპრომისის ფორმა.

აქედან გამომდინარეობს სწორედ სასაცილო განწყობა, რომელიც „ნეიტრალიტეტს“ აიგივებს რუსეთის ბაზების შენარჩუნებასთან. არადა, ნეიტრალიტეტი მხოლოდ იმ ქვეყანამ შეიძლება გამოაცხადოს, სადაც არანაირი უცხო ქვეყნის ბაზა არ არსებობს.

სწორედ ამას გულისხმობს ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც უკვე თქვა, რომ რუსეთის ჯარების გასვლა საქართველოდან შეუქცევადი პროცესია. მაგრამ საქმე ისაა, რომ რუსეთს საქართველოს ნეიტრალური სტატუსი არ დააკმაყოფილებს. კვლავ და კვლავ ვიმეორებთ ფორმულას, რომელიც შეუვალად მიმაჩნია: როგორი პოლიტიკაც უნდა გაატაროს დამოუკიდებელმა საქართველომ, თვით თავისი დამოუკიდებლად არსებობის ფაქტით, იგი ობიექტურად შეუქმნის პრობლემებს რუსეთს ჩრდილოეთ კავკასიაში.

ამიტომ, რუსეთი ყოველთვის, ყოველთვის შეეცდება, დამოუკიდებელი საქართველო იყოს მაქსიმალურად სუსტი, კონფლიქტებითა და დაპირისპირებებით აღსავსე. დაჩაჩანაკებულ-დაგლახავებული სახელმწიფო, - დავრდომილი ეკონომიკითა და განუვითარებელი სტრუქტურებით.

რუსეთი ამას შეეცდება იმიტომ კი არა, რომ თვისებრივად „ბოროტი“ და „ავგულია“ - უბრალოდ, დამოუკიდებელი და, იმავდროულად, ძლიერი ქართული სახელმწიფო, რომელიც სახელმწიფოს სამ ძირითად ნიშანს სრულად დააკმაყოფილებს (საზღვარი, ვალუტა, ნაცია) - თავისდაუნებურად „აცდუნებს“ ჩრდილოკავკასიელ ერთა ნაციონალურ ელიტებს.

ამ თვალსაზრისით ძალზე ნიშანდობლივია რუს პოლიტოლოგ-ანალიტიკოსთა მთავარი დასკვნა: „საქართველოს ნეიტრალიტეტი ვერ უზრუნველყოფს რუსეთის უსაფრთხოებას ჩრდილოეთ კავკასიაში და ვერ შექმნის გარანტიებს ამ რეგიონში სეპარატისტულ ტენდენციათა გაძლიერების წინააღმდეგ“.

სინამდვილეში მოსკოვს აცოფებს ის კი არა, რომ, თითქოსდა, საქართველო ჩეჩენ სეპარატისტებს ეხმარება ან პანკისის ხეობაში ბაზებს უქმნის, არამედ სულ სხვა რამ: საქართველო აღარ არის რუსეთთან ერთობლივი სახელმწიფოებრივი სისტემის ნაწილი და ჩეჩნებმა, პირველად 200 წლის განმავლობაში, ზურგს უკან „არარუსეთი“ იგრძნეს.

ეს ისეთი გეოპოლიტიკური რეალობაა, რასაც საქართველოს „ნეიტრალიტეტით“ არაფერი ეშველება. ამიტომ რუსეთისთვის მისაღებია მხოლოდ იმგვარი სიტუაცია, საქართველოს იმგვარი სტატუსი, როდესაც მას ჩვენს ქვეყანაში პროცესებზე ზემოქმედების უშუალო ბერკეტი ექნება ბაზების სახით.

1996 წლიდან დაწყებული, ეს ბერკეტები სულ უფრო სუსტდება. ჯერ მესაზღვრეთა გაყვანით, შემდეგ საზღვაო აკვატორიის დამოუკიდებლად გაკონტროლებით და ასე შემდეგ.

ბუნებრივია, ახლა, როდესაც „ბაზების“ ჯერიც დადგა, კრემლი ნერვიულობს და ზემოქმედების ბერკეტთა შენარჩუნებას ცდილობს, ამრიგად, საქართველოს „ნეიტრალიტეტი“ რუსეთს არ დააკმაყოფილებს, ვინაიდან „ნეიტრალიტეტი“ არ შეიძლება არ გულისხმობდეს ჯარების გაყვანას.

სხვაგვარად თუ ვიტყვით, ზემოთ მოყვანილი მიზეზით, რუსეთი ნებაყოფლობით არასდროს დაეთანხმება იმას, რომ საქართველო „არავისი იყოს“. იგი ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველო იყოს სწორედ „მისი“.

მეორე მხრივ, ჩვენი ქვეყნის „ნეიტრალურობა“ მხოლოდ ძალზე პირობითი შეიძლება იყოს იმ რეგიონში, სადაც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ორპოლუსიანი სისტემა.

რუსეთი, პლანეტის მასშტაბით, ვეღარ ჩაითვლება ამერიკის (დასავლეთის) მეტოქედ, თორემ პოსტსაბჭოურ სივრცეში გავლენის თვალსაზრისით, ძველ მეტოქეებს დაახლოებით თანაბარი გავლენა აქვთ.

აქედან გამომდინარე, საქართველოს ნეიტრალიტეტი ფორმალური იქნება იმ აზრით, რა აზრითაც ფორმალური იყო ცივი ომის დროს თვით კლასიკური ნეიტრალური ქვეყნის - შვეიცარიის ნეიტრალიტეტი, ვინაიდან შვიეცარია მაინც „დასავლეთი“ გახლდათ და არა „აღმოსავლეთი“ - მაინც „კაპიტალისტური სამყარო“ იყო და არა „სოციალისტური“.

ასევე, თუ საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის ნავთობსადენი, თუ საქართველო მართლაც იქცევა საკომუნიკაციო ალტერნატივად აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიისათვის, თუ გაგრძელდება ინტეგრაციის პროცესები ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, რუსეთი საქართველოს (ნეეიტრალიტეტის მიუხედავად) მაინც გეოპოლიტიკურ მტრად და „მეორე პოლუსის“ კუთნვილად მიიჩნევს.

ისევე, როგორც შვეიცარიის „ნეიტრალიტეტს“ არ შეეპუებოდა საბჭოთა კავშირი, თუ ომს დაიწყებდა „კაპიტალისტური“ ევროპის წინააღმდეგ.

სხვათა შორის, „ნეიტრალურ“ შვეიცარიას სწორედ ამიტომ ჰყავდა ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი და უძლიერესი არმია.

ის კი არა და, დღესაც კი, შვეიცარიის არმია მესამე ადგილზეა ევროპაში რიცხოვნობით, თურქეთისა და გერმანიის შემდეგ.

ნეიტრალიტეტი ძალიან დიდ ძალას გულისხმობს და მოითხოვს. შესაძლოა, საქართველოსათვის ამგვარი სტატუსი ხელსაყრელიც იყოს, მაგრამ ჩვენს რეგიონში „ნეიტრალური საქართველო“ აღიქმება როგორც ბუფერი ორ პოლუსს შორის.

ამას კი არც ერთი მათგანი არ დაუშვებს: საქართველოს ნეიტრალიტეტი გამორიცხულია მანამ, ვიდრე მთელი კავკასია არ იქცევა „არავის მიწად“ - საამისო პერსპექტივა კი არ ჩანს.

ამიტომ, საქართველო შეიძლება იყოს ან ერთ, ან მეორე პოლუსზე, - საშუალო პოზიცია გამორიცხულია.

ხოლო თუ რუსეთის ზემოქმედების შერბილება გვსურს, საამისოდ ერთადერთი საშუალებაა ბაზების დაკანონება და რუსეთ-ბელორუსეთის კავშირთან მიერთება.

მესამე გზა უბრალოდ არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს.

 

 

 

 

ნანახია - 276

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80