ჰესების მშენებლობის ტემპი ძალიან დაბალია
ეკონომიკა

ჰესების მშენებლობის ტემპი ძალიან დაბალია

ჰესების მშენებლობის ტემპი ძალიან დაბალია
ბექა დანელია

2017-10-07 16:21:51

ბოლო წლებში ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებლები, საშუალოდ, 4-5%-ით იზრდება, რაც, თავის მხრივ, იმპორტზე უფრო მეტ დამოკიდებულებას განაპირობებს. ამიტომ ენერგეტიკის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ჰესების მშენებლობა უნდა დაჩქარდეს, თუმცა ამ პროცესს მრავალი დაბრკოლება აფერხებს.

„ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა საზოგადოებაში გადახდისუნარიანობის მატებაზე მიუთითებს, რაც პოზიტიური ფაქტორია, თუმცა ამის პარალელურად გაზრდილია იმპორტზე დამოკიდებულების ხარისხი. ამიტომ სასწრაფოდ უნდა მივიღოთ ზომები და გავაძლიეროთ ენერგოგენერაციის ობიექტების მშენებლობა. გვაქვს პროექტები, მიმდინარეობს მშენებლობები, მაგრამ მეტი ინტენსივობით არის საჭირო მშენებლობა“, - განაცხადა ენერგრტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსმა დავით შარიქაძემ.

სიტყვიდან საქმეზე გადასვლა საქართველოში ასე მარტივი არ არის. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. მშენებლობის ხანგძლივობა, საშუალო ჰესების შემთხვევაში 5-6 წელია. ამიტომ პროექტირებაც და მშენებლობის დაწყებაც დროულად უნდა მოხდეს. მსოფლიოში ყველგან მიღებულია, რომ ენერგეტიკის განვითარება წინ უნდა უსწრებდეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, მაგრამ ჩვენთან, გარკვეული მიზეზების გამო, მშენებლობა ფერხდება.

„ელექტროენერგიაზე მოთხოვნა, მიწოდებასთან შედარებით, დიდია. ბოლო დროს ისეთი ტენდენციაა, რომ იმპორტდამოკიდებულები ვხდებით. ამას ბევრი მიზეზი აქვს, ერთ-ერთია ის ხელშეკრულებები, რომლებიც არასწორად ფორმდება ინვესტორებთან. ჰესების მშენებლობა სწრაფად ვერც დაიწყება და ვერც დასრულდება, ამას დრო სჭირდება. შემდეგ დაბალანსდება მოთხოვნა-მიწოდების საკითხიც. მთავარია სწორი მიდგომა, დაპროექტება და გათვლილი ხარჯი, რათა შემდგომში სამომხმარებლო ტარიფის გაძვირების ტალღა თავიდან ავირიდოთ“, - განაცხადა ენერგეტიკოსმა თემურ ჭიჭინაძემ.

ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსი კი იმ ხელისშემშლელ ფაქტორებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ჰესების მშენებლობას ახლავს თან. მისი აზრით, გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობის ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის პროტესტია.

„ძალიან ბევრი ხელისშემშლელი პირობებია - არასამთავრობოები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სადგურების მშენებლობას. ჩვენი პოზიცია ასეთია - რაც შეიძლება მეტი უნდა ავაშენოთ, ეფექტურად, საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების დაცვით. ბოლო 5 წლის განმავლობაში 800-მდე მეგავატი სიმძლავრის გენერაციის ობიექტები შევიდა ექსპლუატაციაში და მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის და საჭიროა ტემპების მომატება.

„ნამახვანი ჰესის“ პროექტი დაძრულია და უკვე მიმდინარეობს ინვესტორებთან მოლაპარაკებები. დასრულების სტადიაშია ცხენისწყლის კასკადის პროექტი. მდინარე ხელედულაზე დაიწყო დაახლოებით 50 მგვტ-იანი სადგურის მშენებლობის პროცესი და ა.შ“, - აღნიშნა „საქმის კურსთან“ შარიქაძემ.

მის პოზიცია იზიარებს დეპუტატი რევაზ არველაძე, რომელიც „ხუდონჰესის“ წინააღმდეგ პოლიტიკურად მართულ პროცესებზე საუბრობს. იგი არ აკონკრეტებს, ვის ინტერესებშია პროექტის შეფერხება, თუმცა აღნიშნავს, რომ გარკვეული ჯგუფები პროექტის საწინააღმდეგო განცხადებებს სწორედ პოლიტიკური ნიშნით აკეთებენ.

„მე მიმაჩნია, რომ ეს მართული პროცესია, ვიღაცას აწყობს, რომ ასეთი ამბავი აგორებული იყოს ქვეყნის წინააღმდეგ. ამგვარი პროცესები საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში, როდესაც „ხუდონჰესის“ მშენებლობა და სხვა მრავალი ობიექტი შეჩერდა, სწორედ რუსეთიდან იმართებოდა. მე ისეთი ხალხისგან მაქვს ეს ინფრომაცია მიღებული, რომელთაც ნამდვილად დაეჯერება. ახლა არ ვიცი რუსეთიდან იმართება, თუ აქედან“, - განაცხადა არველაძემ და დასძინა, რომ ამ პროექტის შეფერხება შეიძლება, იმ ჯგუგების ინტერესებში იყოს, რომელთაც შეიძლება, „პოლიტიკურად აწყობდეს, რომ თავი მოიწონოს მოსახლეობისთვის, ვითომ გარემოს ზიანი ადგება და ამისთვის იბრძვიან“.

ნანახია - 734

tngh

2017-10-07 16:44:41

საქართველოს ეკონომიური განვითარების და ენერგო ექსპორტიორად გადაქცევის ძირითადი ხელშემშლელები "მეგრანტეები" და თვითმარქვია ექსპერტების არიან. კიდევ კარგი, წინა საუკუნის 60-70 წლებში არ იყვნენ ეს მავნებლები, თორემ არც "ენგურჰესი" და "ჟინვალჰესი" არ აშენდებოდა.

imereli

2017-10-08 10:05:17

ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეებს აქვთ მაგალითი. სწორედ ხუდონის პროექტის დასამარებით გამოჩნდა პოლიტიკურ სცენაზე ჟვანია და იქცა სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურად. დღესაც ძალზე ბევრია ისეთი ადამიანები, რომლებსაც სურთ გაიმეორონ იგივე. უნდა ითქვას ისიც, რომ შემდგომ თვითონ ჟვანიამ აღიარა, რომ ცდებოდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ხუდონჰესისათვის განკუთვნილი გენერატორებითა და ტურბინებით დატვირთული ვაგონები უკან გააბრუნეს !!! მრავალ მილიონიანი ძვირფასი აპარატურა უკან დააბრუნეს !!! ეს უკვე შეცდომაზე მეტია! სსრკ ინგრეოდა, ასობით მილიონიანი ქონება დაეტოვებინათ მაინც საქართველოში! შვეიცარიას არც გაზი აქვს, არც ნავთობი, არც ქვანახშირი. მისი ენერგეტიკის საფუძველი ჰიდროენერგეტიკაა და არც გარემო გაუნადგურებიათ, დღესაც მსოფლიოს ყველაზე სუფთა და დაუზიანებელი ბუნებით ამაყობს. არ ვიცი რა უნდათ ჩვენს ბუნების "დამცველებს":ატომური სადგური?!, გაზზე, მაზუთზე, თუ ქვანახშირზე მომუშავე სადგურები. ვეჭვობ, რომ უნდათ საერთოდ არ გვქონდეს არაფერი და "უფროსი" ძმისგან მოწოდებულ ენერგიაზე ვიყოთ დამოკიდებული. აი, ეს არის რეალობა !!!

tngh

2017-10-08 10:59:30

შვეიცარიას ატომური ელექტროსადგურებიც აქვს, მაგრამ მაინც ეკოლოგიურად ერთ ერთი ყველაზე სუფტა ქვეყანაა...

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80