„ბანქოსთან ერთად ბარემ მარიხუანაც შევიტანოთ სკოლებში და ბავშვები „ბედნიერად“ იგრძნობენ თავს“
საზოგადოება

„ბანქოსთან ერთად ბარემ მარიხუანაც შევიტანოთ სკოლებში და ბავშვები „ბედნიერად“ იგრძნობენ თავს“

„ბანქოსთან ერთად ბარემ მარიხუანაც შევიტანოთ სკოლებში და ბავშვები „ბედნიერად“ იგრძნობენ თავს“
მანანა ნოზაძე

2017-10-07 19:30:32

სკოლებში სამაგიდო თამაშების შესასყიდი სამივე ტენდერი დასრულდა. განათლების სფეროს ექსპერტები შიშობენ, რომ ამ ტენდერის შედეგად ქართულ სკოლებში აზარტული თამაშებისკენ მიდრეკილება ჩამოუყალიბდებათ ბავშვებს. პოპულარული გახდება ბანქოსა და კარტის თამაში, რაც კაზინოებისა და ტოტალიზატორების ასოციაციას გაუჩენს მოზარდებს და მათ საბოლოოდ დაღუპვას შეუწყობს ხელს.

პირველი ტენდერის თანახმად, შპს „თამაშობანას“ მიერ შეთავაზებული თამაშის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 36 ათასი ლარია. შეთავაზებული წინადადებით, სკოლებში შეიტანენ სამაგიდო თამაშს - „აფორიზმობანა“, რომლის თამაშიც ორნაირად შეიძლება - აფორიზმობანა ლოტო და აფორიზმობანა ასოციაციობანა. ამ თამაშში საგანგაშო არაფერია.

რაც შეეხება მეორე ტენდერს, რომლის თამაშის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 13 800 ლარია, ქართველ ექსპერტებში აჩენს კითხვებს. კერძოდ, სკოლებს „ზოო ტრივიას“ მოდელის 2 ათასი სამაგიდო თამაში დაურიგდებათ, კოლოფში მოათავსებენ A ფორმატის „რუკას“, რომელზეც 2 ზონად განთავსდება მინიშნებები, ანუ ბანქოს კარტის ფორმის 40 ბარათი, რომელზეც დატანილი იქნება ცხოველთა (ფრინველების, მწერების, თევზების) გამოსახულებები. აქ იქნება 3 წითელი და 1 ყვითელი კოჭი მინიშნებისთვის, ხოლო 6 წითელი და 6 ყვითელი მონეტა („ფიშკა“) - ქულების დასათვლელად. თამაში აზარტულია და განკუთვნილია საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის.

მესამე ტენდერის შესყიდვის ღირებულება კი 39 980 ლარია და ის ლინგვისტურ თამაშს მოიცავს. ამ თამაშის პრინციპია სიტყვათა შედგენა კროსვორდისებურად. პირველი თამაშის მსგავსად, სპეციალისტები ამ თამაშშიც საგანგაშოს ვერ ხედავენ.

ექსპერტი განათლების საკითხებში მანანა ნიკოლეიშვილი For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ მისთვის, როგორც პედაგოგისთვის, აფორიზმობანა მისაღებია, კროსვორდების შევსებასაც არ მოაქვს მავნებლობა და, საერთოდ, ყველა თამაში შეიცავს აზარტს, თუმცა რას ნიშნავს ბანქოს შეტანა სკოლებში, ეს გაუგებარია. მისი აზრით, საინტერესოა ფსიქოლოგების აზრი, რომლებიც გვეტყვიან, მოზარდებს რა ასოციაციას უქმნის ბანქოს ტიპის აზარტული თამაშები?! ან მათი სკოლაში შეტანის რა აუცილებლობაა, როცა უამრავი სხვა სახის თამაში არსებობს. ექსპერტი ფიქრობს, რომ მსოფლიოში რაც კი თამაში არსებობს, ყველა რომ შეისყიდო და შეიტანო გაკვეთილზე, მაინც ვერანაირ შედეგს ვერ დადებ, რადგან მარტო თამაშით სწავლება არ შეიძლება. ეს აბსურდია, მთავარია, რა საფუძველი აქვს ბავშვს, მთავარია, მასზე ზედნაშენი, ხარისხიანი გაკვეთილი ტარდება თუ არა, აქვს თუ არა შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ინფრასტრუქტურა, გააჩნია თუ არა მოსწავლეს მისი კლასის შესაბამისი ცოდნა.

ამ დროს კი 30 წელია, ჩვენმა სახელმწიფომ ხარისხიანი წიგნის შექმნაც ვერ შეძლო, რომლის შინაარსიც ისე იქნება გამართული, რომ ბავშვმა წაკითხულის გაგება შეძლოს. უფრო მეტიც, ჯერ ჩვენს სახელმწიფოს ნორმალური სტანდარტი, პროგრამა არ შეუქმნია, კატასტროფულად ცუდი სახელმძღვანელოებია, რომლითაც სწავლება არ შეიძლება, დანგრეულ სკოლებში ჰყავთ ბავშვები, მე-12 საუკუნის დონეზეა სკოლები, ნორმალური მერხები, სკამები, გათბობის სისტემა არ გააჩნიათ.

„მაინცდამაინც ბანქოს სტილის თამაშები რატომ უნდა შეიტანონ სკოლებში? ინტელექტზე დამყარებული თამაშები მისაღებია, მაგრამ კარტის, ბანქოს, „ფიშკას“ გამოყენება რა საჭიროა, როცა უამრავი თამაში არსებობს?! მთავარია, ფული გამოყონ, გაახუთმაგონ ერთი მოსწავლის ვაუჩერი. პრაქტიკული მეცადინეობები შეიტანონ სკოლებში, სადაც ბავშვები თავიანთი ხელით ჩაატარებენ ცდებს ქიმიაში, ფიზიკაში, ბიოლოგიაში. გეოგრაფიის მოედანი გააკეთონ, სკოლების უმეტესობას ხომ ეზოები არ აქვთ. მასობრივი სპორტი აღადგინონ. დიდ სკოლებს ორი სპორტული დარბაზი მაინც უნდა ჰქონდეთ, მოედნებსა და კორტებზე აღარაფერს ვამბობ. ეს გამოიწვევს განათლების ხარისხის აწევას და არა აზარტული თამაშები. ამ საკითხთან დაკავშირებით ფსიქოლოგიის დოქტორს ზურაბ ვახანიასაც ვესაუბრე, რომელიც სასკოლო პრობლემებზე მუშაობს. მანაც აღნიშნა, რომ კროსვორდები და აფორიზმობანა საშიში არ არის, ეს ცოდნაზეა დამოკიდებული, მაგრამ, რომელი თამაშიც შეიცავს ბანქოს, კარტს, კოჭს, კამათელს, ეს ასოციაციურადაც და პირდაპირაც არის მომზადება აზარტული თამაშებისთვის. სკოლაში ბანქოს შეტანა იგივეა, რომ აზარტული თამაში შეიტანო სკოლაში. არ შველის საქმეს, რომ იქ მწერი, ცხოველი ან მცენარე გაქვს დახატული“, - აცხადებს მანანა ნიკოლეიშვილი.

ექსპერტი განათლების საკითხებში დავით ლაგვილავა ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ განათლების მინისტრი არასერიოზულად ეკიდება მასზე დაკისრებულ მოვალეობას. სამინისტრს მიერ გამოცხადებული ტენდერები საკმაოდ ბუნდოვანია და პირადი მოლაპარაკების გზით ხდება სხვადასხვა ტენდერის მოგება, რითაც რეალურად ფულის გათეთრება მიმდინარეობს. სწორედ ამ კონტექსტშია ე.წ. 250 ათასი ცალი ვაშლის ტენდერის გამოცხადება. იმ დროს, როდესაც სოფელ თელოვანში ბავშვებს არ აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ზოგადი განათლება, არ აქვთ ავტობუსით მგზავრობის საშუალება და განათლების სამინისტრომ ვერ მოაგვარა ბავშვების ტრანსპორტით უზრუნველყოფის საკითხი, სამინისტრო ბანქოს შეტანას გეგმავს სკოლებში.

„სკოლებს გათბობა არ აქვთ, წყალი ჩამოდის და სრულიად არამიზნობრივად იხარჯება ათასობით და ათიათასობით ლარი. არსებობს დიდი რისკი, რომ ბავშვებს გაუჩნდეთ ლტოლვა და სურვილი აზარტული თამაშების მიმართულებით. ბარემ მოვახდინოთ სკოლებში მარიხუანას დეკრიმინალიზაცია, მოვაწევინოთ ბავშვებს მარიხუანაც და სრული კომფორტი გვექნება სკოლებში. მოსვლის დღიდან მინისტრი იძახდა, ჩემი მიზანია, მოსწავლეები იყვნენ ბედნიერებიო და მაშინ სრულ ბედნიერებად იგრძნობენ თავს ამ მიმართულებით. ბანქოსა და კარტის თამაში სკოლებში დაუშვებელია. თუ მაინცდამაინც უნდათ მოსწავლის ზოგადი განათლების სრულყოფა, ამისთვის არსებობს უამრავი საშუალება. ავიწყდებათ, რომ სასწავლო პროცესი მოშლილია, ბავშვები 4 წლის წინანდელი სახელმძღვანელოებით სწავლობენ, მშობლები აუთოვებენ წიგნების გვერდებს, რომ ინფექცია და ვირუსი არ შეეყაროთ მათ შვილებს. მასწავლებელთა ტრენინგი ვერ ტარდება, რათა მათ აიმაღლონ კვალიფიკაცია. ამიტომაცაა ასეთი სავალალო შედეგები გამოცდებზე. ამ დროს ადამიანების მასხრად აგდებაა, როცა ბანქოს მსგავსი აზარტული თამაშები შეაქვთ სკოლაში“,-აღნიშნა დავით ლაგვილავამ.

 

ნანახია - 1227

serapina

2017-10-07 21:19:30

რატომ არის წესად,ყველაფერი იმის გაკრიტიკები სურვილი,რასაც ხელისუფლება აკეთებს?

დიახ, არ არის წიგნები შესაბამისი... ზოგადად, განათლების სისტემაში აუარებელი საკამათო საკითხია...
თუმცა, თამაშში, თუნდაც ეს კარტი იყოს,არაფერია ცუდი.

ამდენ არასერიოზულზე საუბრით,უყურადღებოდ რჩება სერიოზული და უფრო მნიშვნელოვანი საკითხები.

ბავშვს ჭირდება განტვირთვა, თამაში (სულ წიგნით ხომ არ ივლის?!) და ამაში ცუდი არაფერია...( გარდა კომპიუტერული თამაშებისა... რომლებიც ტვინის განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს, როგორც მეცნიერები მიუთითებენ, ასაბუთებენ).

აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილებას კი იწვევს სხვა ფაქტორები...როცა ახალგაზრდები, ვერ პოულობენ თავის ადგილს საზოგადოებაში... სწავლას არც აზრი აქვს და აღარც ფასი... და ა.შ.

ანდრეი

2017-10-07 21:46:42

სერაფინა!

ხომ ხარ ჯგიროდ,შენ შემოგევლოს გიული ალასანია?

kostaia

2017-10-09 13:39:50

da sports rom mixedon ar undat?!

serapina

2017-10-09 15:38:53

Kostaia,
ცხადია სპორტი ძალიან კარგი განტვირთვის საშუალებაა.შედარებით ძვირი მოსაწესრიგებელია, თუმცა ქართული კლიმატური პირობები,სუფთა ჰაერზე სპორტის საშუალებასაც კარგად იძლევა.

კარტის, მემორის(მეხსიერების თამაშები) და ა.შ თამაშებით, ტვინის სხვადასხვა შეაძლებლობების ვარჯიში ხდება,რაც დადებითად მოქმედებს სწავლაზე... მაგ:ანვითარებს ანალიტიკურ აზროვნებას... სტრატეგიის დაგეგმვის უნარებს და სხვა.

ახლა ერთი შეკითხვა მაინც მაქვს დღევანდელ ხელისუფლებასთან(რომლის ძალიან დიდი გულშემატკივარი ვიყავი საწყის ეტაპზე),განათლებასთან მიმართებაში.

პატივცემულებო, ერთი პედაგოგი რომ 1000 ლარით დააჯარიმეთ,პარტიული დროშა იყო ფოტოზეო(და ჯოხი იმ ქალბატონზე გადატეხეთ...).
რესურს ცენტრებში რომ სააკაშვილის კადრები გყავთ,რომლებიც ადრინდელი სქემით დაარბენინებენ ცხვრის ფარად ქცეულ პედაგოგებს და ამას ყველა ხედავს(მშობელი, ბავშვი, ასაკოვანი),ეს,თქვენს ავტორიტეტზე არ მოქმედებს,გგონიათ?!



ტორი

2017-10-10 08:02:34

serapina,

სპორტი და ფიზიკური ვარჯიში ბავშვისთვის /ზოგადად, ყველასთვის, მაგრამ ბავშვისთვის განსაკუთრებით/ აუცილებელია...
მარტო ჯანზე არ ვამბობ - ჯანმრთელობას ვგულისხმობ...
რაც არ უნდა გონება ავარჯიშოს ბავშვმა, თუ რამე აწუხებს, მისი გონება, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამ სატკივარისადმი იქნება მიპყრობილი...
და, საერთოდ, ზედმეტია ჯანმრთელობაზე საუბარი - ისედაც გასაგებია მისი მნიშვნელობა...
მე თუ მკითხავთ, ცურვას სავალდებულო საგნად შევიტანდი განათლების პროგრამაში -
არაფერი დაუძლეველი სიმძიმე არ იქნებოდა ფინანსურად...
სამაგიეროდ, ახლა რომ ასეულობით მილიონი იხარჯება ჯანდაცვაზე, იქ წაადგებოდა ბიუჯეტს...გადაწონიდა კიდეც დანახარჯს...

ვაშლმა დაღუპა ადამის მოდგმა, ვაშლმა:)))

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80