"მატჩისშემდგომი სმის „ორგანიზატორები" კიეველები იყვნენ. რუსები, ცხადია, მათ მხარს უბამდნენ"
საზოგადოება

"მატჩისშემდგომი სმის „ორგანიზატორები" კიეველები იყვნენ. რუსები, ცხადია, მათ მხარს უბამდნენ"

"მატჩისშემდგომი სმის „ორგანიზატორები" კიეველები იყვნენ. რუსები, ცხადია, მათ მხარს უბამდნენ"
სანტიაგო გაუჩო

2017-10-08 10:38:57

დღევანდელი სპორტული მოგონებების მთავარი გმირი გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი რამაზ შენგელია გახლავთ, თბილისის „დინამოს“ დიდი თავდამსხმელი.

რამაზ შენგელიას ქართველი ფეხბურთის გულშემატკივრებისათვის განსაკუთრებული წარდგენა არ ესაჭიროება. წინა საუკუნის 80-იან წლებში თბილისის „დინამო“ დიდი წარმატებებით გვანებივრებდა და ამ გამარჯვებებში რამაზ შენგელიას წვლილი უდიდესი გახლდათ. საქართველოს უპირველესი გუნდის გარდა ის იმდროინდელი საბჭოთა კავშირის ნაკრების ერთ-ერთი უპირობო ლიდერიც იყო. თავის დროზე სსრკ-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელად ორჯერ აღარეს.

სამწუხაროდ რამაზ შენგელია 55 წლის ასაკში, 2012 წლის 21 ივნისს გარდაიცვალა.

„ქუთაისში თითქმის ყოველ კვირას ტარდებოდა ქუჩების პირველობები, გამარჯვებულები კი ქალაქის ჩემპიონატში ასპარეზობდნენ. მართალი გითხრათ, გამორჩეული არ ვყოფილვარ, მაგრამ რატომღაც დიდი ბიჭები თავიანთ გუნდებში მათამაშებდნენ. ერთხელ ჩვენი უბნის (ძველი ქუთაისის რკინიგზის სადგური) პირველობაზე გავიმარჯვეთ და ქალაქის ჩემპიონატზე ამოვყავი თავი. მაშინ პირველად ვითამაშე დიდ მოედანზე და ჩემდა გასაკვირად, 90 წუთის განმავლობაში ერთხელაც ვერ შევეხე ბურთს! საშინლად იმედგაცრუებული ვიყავი, ბრაზი მახრჩობდა! სახლამდე ძლივს შევიკავე თავი, შინ მისულმა კი იცოცხლეთ, დავაღე პირი და ჩამომდის ცრემლი... გადაირია მამაჩემი, რა ხდება, ხო მშვიდობააო? ფეხბურთზე მინდა, ფეხბურთზე მინდა-მეთქი, სლუკუნით ვუთხარი. მანამ არ მოვისვენე, სანამ მამამ ხელი არ დამავლო და „ტორპედოს" ბავშვთა საფეხბურთო სკოლაში თამაზ კენჭაძეს არ ჩამაბარა.

ამბობდნენ, კარლო ხურციძეს თუ ბავშვი თვალში მოუვიდა, ის აუცილებლად კარგი ფეხბურთელი დადგებაო. ღმერთის წყალობით, ბატონი კარლოს თვალსაწიერში მეც მოვხვდი და სწორედ აქედან დაიწყო ჩემი გზა დიდი ფეხბურთისკენ. ისე, თუ ვინმეს ქუთაისიდან დიდი ფეხბურთი უთამაშია, ყველამ ბატონი კარლოს ხელში გაიარა.

თბილისის „დინამომდე" ქუთაისის „ტორპედოში" ვთამაშობდი. ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავდა: ჯემალ ხერხაძე, როლანდ ფესტვენიძე, მერაბ ჩახუნაშვილი, ჟორა აბზიანიძე, ბადრი ფარულავა, რეზო ბურკაძე, გიორგი გაბიჩვაძე, იური კვერნაძე, თამაზ კოსტავა, თენგიზ სულაქველიძე... გაბიჩვაძე  უნიჭიერესი ფეხბურთელი იყო, საოცარი მონაცემები ჰქონდა, 15-20 წუთში „დაალაგებდა" თამაშს... 1975 წელს, როცა ცხონებული გიგა ნორაკიძე იყო ჩვენი მთავარი მწვრთნელი, სულ ცოტა დაგვაკლდა უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად.

გიგა ნორაკიძემ თავიდანვე ძირითადში დამაყენა. 10 მატჩი ისე გაილია, გოლი ვერ შევაგდე, ასეთ რამეს კი ქუთაისელი გულშემატკივრები „ცხვირმოუხოცავ ბაღანას" კი არა, პელეს არ აპატიებდნენ! ჰოდა, ყოველი თამაშის მერე მესმის: „ვინაა ეს ბოვში?" „რა უნდა ამას „ტორპედოში"?... ცხადია, ბატონ გიგასაც უწუნებდნენ არჩევანს, ის კი ჯიუტად ძირითადში მათამაშებდა. მერე, როგორც იქნა, გავიტანე, ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ქომაგებიც დაწყნარდნენ. ახლა რომ ვფიქრობ, ნორაკიძეს მაშინ შემადგენლობიდან რომ ამოვეგდე, ჩემს კარიერას, ალბათ, წერტილი დაესმებოდა. ცხადია, ძალიან განვიცდიდი გოლი რომ ვერ გამქონდა, მაგრამ მწვრთნელის ნდობა მაგულიანებდა.

„დინამოში" ნოდარ ახალკაცმა 1977 წელს მიმიწვია. თბილისში ჩემთან ერთად წამოვიდა თამაზ კოსტავაც - ახალკაცი ქუთაისში გვესტუმრა და სანამ საბოლოოდ დაგველაპარაკებოდა, რამდენიმე დღე დაგვაკვირდა. იმის მიუხედავად, რომ მაშინდელი პირველი ლიგა კარგი ტურნირი იყო, უმაღლესისგან ისე განსხვავდებოდა, როგორც ცა და დედამიწა!

ნოდარ ახალკაცი უნიჭიერესი კაცი იყო. ამასთან ერთად, ძალიან შრომისმოყვარე. ჩვენგანაც იგივეს ითხოვდა. ხასიათი? მძიმე ჰქონდა და მასთან ურთიერთობა არ იყო იოლი. დინამოელებს რაღაც განსაკუთრებული მოკრძალების გრძნობა გვქონდა მის მიმართ. ეგ კი არა, როცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა და კაბინეტში მიხმო სამსახურის შემოსათავაზებლად, ატუზული შევედი, მეგონა, რომ ის ისევ მწვრთნელია და მე - შეგირდი.

იმ „დინამოში" ყველა პოზიციაზე უდიდესი კონკურენცია იყო, მაგრამ ჩემსა და რეზო ჩელებაძეს შორის რომ იყო დაპირისპირება - ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით - ეგეთი მე არ მახსენდება! ორივეს თამაშიდან თამაშამდე გვიწევდა შანსის გამოყენება და იმის მტკიცება, რომ ძირითადის ღირსები ვიყავით. „ტორპედოში" კონკურენტები არ მყავდა და ამიტომ, თბილისში თავიდან გამიჭირდა.

სადებიუტო სეზონში, 1977 წელს, ძირითადად შეცვლაზე ვთამაშობდი. ჩემგან განსხვავებით კოსტავა მალე მოერგო „დინამოს" და ის სეზონი, დათო ყიფიანთან ერთად, უმაღლეს დონეზე ჩაატარა. მე ძირითადში 1978 წლიდან დავმკვიდრდი - მოსამზადებელ შეკრებებზე ბევრს ვვარჯიშობდი და ამან შედეგიც მოიტანა. 21 წლის ბიჭს ძალიან არ მინდოდა სათადარიგო ვყოფილიყავი - „დინამოში" სკამზე ჯდომას ისევ ქუთაისში დაბრუნება მერჩია.

1978 წელს, როცა 14-წლიანი შესვენების შემდეგ გავხდით ჩემპიონები, სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს. კი, კარგად ვითამაშე, გამარჯვებაში ჩემი წვლილიც შევიტანე, მაგრამ ამ ტიტულს მაინც არ ველოდი. მე თუ მკითხავთ, მაშინ მანუჩარ მაჩაიძე იყო ბრწყინვალე და ვფიქრობდი, რომ წლის მოთამაშედ მას აღიარებდნენ.

სანამ „ლივერპულს" ვესტუმრებოდით, მწვრთნელებმა ინგლისელთა თამაშის ვიდეოჩანაწერი გვანახეს, სადაც მათ მეტოქეს 6:0 მოუგეს. ცოტა არ იყოს, შევშინდი და „ენფილდზეც" აღელვებული გავედი. ამის გამო საწყის წუთებში რეი კლემენსთან ორჯერ პირისპირ გასულმა, კარგად ვერ ვითამაშე, მაგრამ ნელ-ნელა დავწყნარდი. ისე, იმ შეხვედრის წინ მთელი „დინამო" ნერვიულობდა - საშას წინა ღამით საერთოდ სიცხემ აუწია... თუმცა, მოვახერხეთ და მხოლოდ ერთი ბურთით წავაგეთ - 1:2. სწორად გამიგეთ, კი არ მეამაყება ის მარცხი, მაგრამ ის „ლივერპული" მაშინ ევროპის კი არა, მსოფლიოს საუკეთესო კლუბი იყო და ყველა ჩვენ განადგურებას ელოდა. საპასუხო თამაშში ახალკაცმა ისე მოგვამზადა, ჩვენი გამჩერებელი კაცი არ იყო - 3:0 გავიმარჯვეთ!

1/8-ფინალში „ჰამბურგთანაც" შეგვეძლო მოგება, მაგრამ სეზონის მიწურული იყო, გადაღლილები ვიყავით და გულახდილად რომ ვთქვა, მოკლე პერიოდში ასეთი რთული მატჩებისთვის სათანადოდ მზად არ ვიყავით. თანაც, მეტოქეს ხომ კევინ კიგანი ჰყავდა, ის კი ევროპის საუკეთესო მოთამაშედ იყო აღიარებული. „დინამოსთან" თამაშებში კიგანი ბრწყინვალე იყო!

15 წელიწადი ვითამაშე დიდი ფეხბურთი, კარიერის დასრულების შემდეგ მუდმივად თვალს ვადევნებ მატჩებს, მაგრამ ისეთი უსამართლობა, რაც როტერდამში, „ფეიენოორდთან" შეხვედრაში მსაჯისგან ვნახე, არც მანამდე და არც მას შემდეგ არ გამიგონია! ვოვა გუცაევზე ორჯერ არ დანიშნა პენალტი, მე კი ორი გოლი არ ჩამითვალა... საბედნიეროდ, გავძელით, თუმცა საამისოდ მართლა არაადამიანური ძალისხმევა დაგვჭირდა.

თასების თასის ტრიუმფისკენ „დინამო" გეგმაზომიერად მიდიოდა. მანამდე, წინა სეზონებში, „ჰერტასთან", „გრასჰოპერსთან", „ჰამბურგთან" წავაგეთ. მწვრთნელებმა ამ თამაშებიდან სწორი დასკვნები გამოიტანეს და საბოლოოდ მიზანსაც მივაღწიეთ! შემთხვევით დიდ ტურნირს ვერ მოიგებ - „დინამომ" დიუსელდორფის ტრიუმფამდე სვლა რამდენიმე წლით ადრე დაიწყო.

მე თუ მკითხავთ, ფინალში ლამაზი სანახაობა იშვიათია. ამ დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ მომზადებას. თასების თასის ფინალშიც ასე არ იყო? სანახაობრივად არ იყო კარგი მატჩი - ახლავე შემიძლია საკავშირო პირველობის მინიმუმ 10 შეხვედრა გავიხსენო, რომელიც „კარლ ცაისთან" თამაშს ორი თავით სჯობდა... დიუსელდორფში „დინამომ" ჩვეულად ვერ ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ ვაგებდით, მაინც მოვიგეთ. თითოეულ ჩვენგანს ამ მატჩის მნიშვნელობა ძალიან კარგად ესმოდა! ვფიქრობ, 1981 წლის 13 მაისი „დინამოსთვის" უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე „კარლ ცაისისთვის".

ჩემი თაობის ბიჭებისთვის თბილისის „დინამო" გაცილებით მეტს ნიშნავდა, ვიდრე მხოლოდ საფეხბურთო გუნდმა შეიძლება დაიტიოს. სამწუხაროდ, ახლანდელ თაობაში იგივეს ვერ ვხედავ. მესმის, შეიძლება ვცდები, მაგრამ მე ასე ვფიქრობ.

დათო ყიფიანი შეუდარებელი იყო! ისეთ პასს მოგცემდა, ბურთი კარში უნდა გაგეტანა - აცილება უფრო ძნელი იყო. გახსოვთ ლონდონში, „ვესტ ჰემთან" თამაში? სწორედ ამაზე ვამბობ.

1981 წლის შემოდგომით თბილისში ჩემი გოლებით ჩეხოსლოვაკიის ნაკრები 2:0 დავამარცხეთ - საბჭოთა კავშირი 12-წლიანი შესვენების შემდეგ კვლავ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე! ყველას ძალიან გაგვიხარდა, მაგრამ იმხელა საწვრთნელი შეკრება მოგვიწყვეს, ბურთის დანახვა გულს მირევდა!

მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატზე ყიფოს და გუცაევის არწაყვანა, მწვრთნელთა ძალიან დიდი და უხეში შეცდომა იყო. რაც შეეხება შედეგს, თუ გუნდის „სამზარეულოს" გავიხსენებ, ვთვლი, რომ ის ლოგიკურიც იყო - მაშინდელი ნაკრები არ იყო ერთიანი კოლექტივი და პირველივე წინაღობაზე დაიშალა.

ბრაზილიასთან თამაში? ვერ ვიტყვი, რომ ჩემი საუკეთესო მატჩია, მაგრამ ის მართლა ძალიან კარგი გუნდი იყო და მეამაყება, რომ ბრაზილიას გოლიც გავუტანე. მართალია მსაჯმა არ ჩათვალა, მაგრამ ჩემთვის ის დარტყმა მაინც ჩუმ და ტკბილ მოგონებად რჩება. 1:2 წავაგეთ, მე ის გოლი 1:0-ზე გავიტანე... ეგ კიდევ არაფერი, მალე საჯარიმოში წამაქციეს, მაგრამ არავითარი პენალტი, მსაჯმა თავი დაიბრმავა! მოკლედ, ძალიან გულდასაწყვეტი დღე იყო, არადა, ჩვენმა გუნდმა ცუდად ნაღდად არ ითამაშა.

ნაკრებში პირველად ფინელების წინააღმდეგ ვითამაშე სტუმრად. მატჩის შემდეგ ძალიან დაღლილი ვიყავი და ნომერში ვისვენებდი, როცა ერთ-ერთი თანაგუნდელი მოვიდა და გვითხრა, ბიჭები დალევას აპირებენ, წამოდიო. ვუთხარი, არ შემიძლია-მეთქი. გაგიჟდა, ესე იგი „ჩამშვები" ხარო და მოკლედ, იმდენი „მაძაგა", ავდექი და წავედი. ჩაის ჭიქით დამალევინეს არაყი! ისე ცუდად გავხდი, ნომერში ძლივს დავბრუნდი. გზაში ვფიქრობდი, თუ მომკლეს, რად მინდა ასეთი ნაკრები-მეთქი... მატჩისშემდგომი სმის „ორგანიზატორები" კიეველები იყვნენ. რუსები, ცხადია, მათ მხარს უბამდნენ. უცხოეთში რომ მივფრინავდით, თითო კიეველი 2 ან 3 ბოთლ არაყს იყიდდა და მერე კარგად ილხენდნენ. ძალიან ბევრს სვამდნენ ბესსონოვი, დემიანენკო, ჟურავლიოვი... ამ უკანასკნელს „სპილოს" ეძახდნენ.

საუკეთესო მცველი, ვის წინააღმდეგაც გავსულვარ, ეს ლივერპულელი ფილ ტომპსონია - პოზიციურად ბრწყინვალედ თამაშობდა! რაც შეეხება საბჭოთა კავშირის ჩემპიონატს, მოსკოვის დინამოელებს ნიკულინს და ნოვიკოვს გამოვარჩევ. თუმცა, ისინი კი არ მეთამაშებოდნენ, ნადირობდნენ ჩემზე! მოსკოვის ტორპედოელი ჟუპიკოვიც უსიამოვნოდ მახსენდება. ყველაზე ძალიან კიეველი ბალტაჩას წინააღმდეგ თამაში მიჭირდა, თუმცა ის უხეში არ იყო, უბრალოდ, ძალიან კარგად იცოდა პერსონალური მეურვეობა.

კარიერის მანძილზე ერთადერთხელ მივიღე ყვითელი ბარათი, მოსკოვში, ცსკა-ს წინააღმდეგ თამაშისას. მეტოქეს ლამის ორმეტრიანი მცველი ჰყავდა, გვარად შვეცოვი, ჰოდა, ერთ მომენტში მოვატყუე და რომ მეგონა გავცდი-მეთქი, ბურთი ამართვა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან გავბრაზდი და ფეხი დავარტყი. მსაჯმა ეგრევე ყვითელი ბარათი მიჩვენა.

ერთ ისტორიას მოგიყვებით: მოსკოვის დინამოელი ნიკულინი სადაც დაიჭერდა დათო ყიფიანს, გაექანებოდა და კოჭებში ურტყამდა. საწყალ ყიფოს სულ დასისხლიანებული ჰქონდა ფეხები. ერთხელაც დათო მოსკოვში იყო და შემთხვევით ნიკულინს შეხვდა. იფიქრა, მოდი ამ კაცს პატივს ვცემ და იქნებ მოედანზე თავი დამანებოსო. შევიდნენ რესტორანში, გაშალა დათომ ზღაპრული სუფრა და ეს შენი ნიკულინი ისე დათვრა, თავს ვეღარ სწევს მაგიდიდან. ყიფომ უთხრა, მინდორზე რომ შევხვდებით, იქნებ აღარ დამამტვრიოო და იცით რა უპასუხა ნიკულინმა? „დავიდ, ნა პოლე დრუზეი ნე ბივაეტო"!

არასდროს ჩავრეულვარ სხვის კომპეტენციაში, მაგრამ მიმაჩნდა და დღესაც ვფიქრობ, რომ 1982 წლის მიწურულს „დინამოდან" ამდენი გამოცდილი მოთამაშის გაშვება დიდი შეცდომა იყო. მით უმეტეს იმ დროს, როცა ყიფიანი ფეხბურთიდან ახალი წასული იყო, ვიტალი დარასელია კი...

რატომ ვერ გაიმართა „დინამო" 82-ის მერე წელში? იმიტომ, რომ ბევრმა ახალწვეულმა ღირსეულად ვერ შეცვალა წინამორბედი. მერე და მერე, გუნდმა თითქოს მოტივაციაც დაკარგა. ალალად გეტყვით, პირადად მე ბოლო წლებში, 80-იანების მიწურულზე ვამბობ, ისეთი სტიმული არ მქონდა, როგორც ადრე. ალბათ წაგებასაც აღარ განვიცდიდი.

რა მოუტანა „დინამოს" გერმან ზონინის მოსვლამ? განსაკუთრებული არაფერი: მას ჰქონდა საკუთარი კონცეფცია, მაგრამ აზრს უცბად და ხშირად იცვლიდა. ფეხბურთელები ვერ ვგრძნობდით, რომ „დინამოს" მთავარი მწვრთნელი ჰყავდა. გუნდს, ფაქტიურად, ვეტერანები ვმართავდით: ოთარ გაბელია, ალექსანდრე ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე და მე.

ბრემენის „ვერდერმა" ჩვენამდე მოსკოვის „სპარტაკი" 6:2 გაანადგურა. მაშინ „დინამო" შავ დღეში იყო და გერმანიაში, როცა ავტობუსით ბრემენისკენ მივდიოდით, ფეხბურთელებს ასეთი „აზრი გაგვიჩნდა": მოდით თეთრი მაისურებით გავიდეთ სათამაშოდ და როცა „ვერდერი" მესამე გოლს გაგვიტანს, გავიხადოთ და ვიყვიროთ: „დინამო" კაპუტ!" ამაზე ძალიან მაგრად ვიცინეთ. ის შეხვედრა 1:2 წავაგეთ. მოსკოვში დაბრუნებულებს წაგება მოგვილოცეს! კიდევ კარგი, ასეთი რამ ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად ვნახე!

ჩვენ შეგვეძლო „ვერდერი" გათამაშებიდან გამოგვეგდო. ეს ძალიან დიდი სენსაცია იქნებოდა: „ჭომამ" საჯარიმოს გარედან მართლა ლამაზი გოლი გაიტანა, გია გურულმა ძელს გაარტყა ბურთი, თემურ ქეცბაიამ ახლოდან ვერ შეაგდო თავით - რამდენიმე კარგი შანსი ვერ გამოვიყენეთ... შესვენების შემდეგ „ვერდერმა" უკეთ ითამაშა და ანგარიშიც გაათანაბრა. 1:1-ზე ოლივერ რეკთან პირისპირ გავედი, მაგრამ ვერ გავიტანე - ბურთი ფეხში მოვარტყი. ამდენი წელი გავიდა, მაგრამ ის მომენტი ახლაც თვალწინ მიდგას და განვიცდი.

ფეხბურთს თავი რომ დავანებე, წელიწადზე მეტი უმუშევარი ვიყავი. ყველა ხომ მწვრთნელი ვერ იქნება? მერე შვედეთის მეორე დივიზიონის „ჰოლმსუნდი" შეგვეხმიანა მე და თენგიზ სულაქველიძეს და წავედით. ისე, იმ დროს კაი მოსუქებულები კი ვიყავით. ჩასვლის შემდეგ ორჯერ არ გვათამაშეს და მივხვდით, რომ თუ სერიოზულად არ ვიფიქრებდით წონის დაკლებაზე, მინდორს არავინ გაგვაკარებდა. მერე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ახალკაცმაც ფედერაციაში მიგვიწვია - ცოტა ხანი ეროვნულ ნაკრებში ვიმუშავე საშასთან ერთად. სამწვრთნელო საქმეში არ ვერეოდი - არ იყო ეს ჩემი მოწოდება. ნიჭიერი ბიჭები გვყავდა... გუნდიდან მაინც მალე წავედი - რაღაცნაირად, დავიღალე ყველაფრისგან, თან ის დრო ხომ გახსოვთ?“

ნანახია - 1732

tngh

2017-10-08 16:11:39

რამაზი იყო ერთ ერთი საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელი ფეხბურთის ისტორიაში. ამავე დროს უაღრესად თავმდაბალი, წესიერი და პატიოსანი, უსაყვარლესი კაცი. სასიამოვნოა, რომ მისი სახელის უკვდავსაყოფად ქუთაისში სტადიონს მისი სახელი ეწოდა.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80