სუამ-ის ქვეყნების საერთო პრობლემა - სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა
პოლიტიკა

სუამ-ის ქვეყნების საერთო პრობლემა - სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა

სუამ-ის ქვეყნების საერთო პრობლემა - სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა
მარიამ თოდაძე

2017-10-09 01:06:22

საქართველომ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ სუამ-ის მინისტერიალს უმასპინძლა, ღონისძიება დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის (სუამ) დაფუძნების 20 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა.

თბილისში სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სპეციალურ სხდომზე ხელი მოეწერა ერთობლივ კომუნიკეს, რომელშიც დადასტურებულია ოთხივე ქვეყნის ერთსულოვნება, გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა.

შეხვედრის შემდეგ კი სუამ-ის გენერალური მდივნის ალთაი ეფენდიევის და ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს საერთო გამოწვევებზე, კერძოდ, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაზე, რომელიც ორგანიზაციის ოთხივე წევრ ქვეყანას აქვს.

„ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ჩვენი ქვეყნების არის დარღვეული და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნების პოზიცია არის, რომ ეს უნდა იყოს აღმოფხვრილი და დაცული უნდა იყოს ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა ეკონომიკურ პროექტებზე, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ სუვერენიტეტის გამყარება კეთილდღეობით და ეკონომიკური გაძლიერებით უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელდარ მამედიაროვმა.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაამახვილა ყურადღება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმაც. მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრმა ანდრეი გალბურმა კი, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მოლდოვა მოუთმენლად ელის მომავალ წელს სუამ-ის თავმჯდომარეობის გადმობარებას საქართველოდან, რათა აქტიურად იმუშაოს ორგანიზაციის განვითარების სამომავლო ხედვებზე.

ვიზიტის ფარგლებში, სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდნენ.

შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების თემატიკას, სექტორულ თანამშრომლობას და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ გეგმებს.

შეხვედრისას, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა წევრი ქვეყნების მზაობას, გადაიდგას აქტიური ნაბიჯები რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებისთვის.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ცნობით, ყურადღება დაეთმო საქართველოს თავმჯდომარეობის მიერ წარდგენილ პრიორიტეტებს და საბჭოზე განხილულ სამომავლო ხედვას, რომელიც მიზნად ისახავს სუამ-ის წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკური კონსოლიდაციის, ეკონომიკური კეთილდღეობის, დარგობრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და ხალხთაშორისი კონტაქტების მიმართულებით.

შეხვედრაში სუამ-ის გენერალური მდივანი ალტაი ეფენდიევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი, მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი ანდრეი გალბური, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი, აზერბაიჯანის, მოლდოვასა და უკრაინის ელჩები, ხოლო საქართველოს მხრიდან - ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე მონაწილეობდნენ.

როგორც სუამ-ის გენერალურმა მდივანმა ალთაი ეფენდიევმა განაცხადა, განიხილეს საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებიც.

„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ იაპონიასთან, აშშ-სთან, ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნები დიდ ინტერესს გამოხატავენ, ბალტიისპირეთის ქვეყნები. ვფიქრობ, დღეს ჩვენ კარგი შინაარსობრივი დღის წესრიგი გვექნება, რაც ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს თანამშრომლობას“, - აღნიშნა მან.

ნანახია - 532

ტორი

2017-10-09 07:50:26

" ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე"...

მაგარია, ჟღერს...

უბრალო მინისტრობა უკვე ეთაკილებათ:))))

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80