„ახალი ადამიანის დაბადება ძალზე მტკივნეული, მაგრამ გარდუვალი პროცესია“
პოლიტიკა

„ახალი ადამიანის დაბადება ძალზე მტკივნეული, მაგრამ გარდუვალი პროცესია“

„ახალი ადამიანის დაბადება ძალზე მტკივნეული, მაგრამ გარდუვალი პროცესია“
თამთა ქარჩავა

2017-10-09 11:30:45

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი ამბობს, რომ თუ კალაძე თბილისის მართვის ძველ პარადიგმებს განაგრძობს და განსხვავებული ტიპის ენერგიულ და შემოქმედ ლიდერად ვერ შემოგვთავაზებს თავს, ეს მისთვის პოლიტიკური დასასრულის ტოლფასი იქნება, რაც მძიმე გავლენას იქონიებს „ოცნების“ შემდგომ პოლიტიკურ ბედზეც. ამდენად, როგორც ფირალიშვილი აცხადებს, კალაძის როლი არ იქნება მხოლოდ ქალაქის მერის როლი.

for.ge ზაზა ფირალიშვილის ესაუბრა.

სულ მალე ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. პარტიები აქტიურ საარჩევნო კამპანიას ატარებენ, მაგრამ 2016 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებს თითქოსდა აკლია აქტიურობა და ის შემართება, რაც წესით, უნდა ჰქონდეს კანდიდატს. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ სახელისუფლებო კანდიდატს. კახა კალაძე, ძირითადად, მაინც, უფრო სოციალურ ქსელს ანიჭებს უპირატესობას. როგორ ფიქრობთ, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ სახელისუფლებო კანდიდატს არ ჰყავს რეალური კონკურეტი?

ზაზა ფირალიშვილი: ადგილობრივი არჩევნები სხვა ქვეყნებშიც იშვიათადაა ისეთი აქტიური, როგორიც - საპარლამენტო. ჩვენთანაც პოლიტიკური პარტიები უფრო მეტად ძალებს მოსინჯავენ ხოლმე მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის. მეტი დაძაბულობა რეგიონებში გვხდება - იქ, სადაც სამსახურეობრივი, სანათესაო თუ მეგობრული კავშირების როლი დიდია. ადგილობრივი არჩევნები საგრძნობლად არ ცვლის ქვეყნის პოლიტიკურ რელიეფს. ეს ზოგადი სურათი შეიძლება შეიცვალოს, ვთქვათ, იმით, რომ მომძლავრებული უკმაყოფილების ფონზე საზოგადოების ყურადღებამ ახალი პოლიტიკური ძალის ან აქტორის მხარეს გადაინაცვლოს.

მოკლედ, ადგილობრივ არჩევნებს არ ახლავს ჩვენთვის ასე ჩვეული რევოლუციური თუ კვაზირევოლუციური ვნებათაღელვა. ამჯერად ამას ისიც ემატება, რომ კანდიდატებს შორის დეფიციტია ისეთი პიროვნებებისა, ნდობის მაღალი ხარისხისა და გადამდები ენერგიის მატარებელი რომ იქნებოდნენ. ერთგვარად გამოირჩევა ელისაშვილი, მაგრამ, ვფიქრობ - არასაკმარისად. ამიტომაც, არ უნდა გაგვიკვირდეს მომავალი არჩევნების პასიური თუ მშვიდი ხასიათი. ასეთ ვითარებებში კახა კალაძე გაიმარჯვებს. თუმცა კი ამგვარი გამარჯვება „ქართული ოცნებისათვის“ ბევრი ვერაფრის მომტანი იქნება.

რატომ?

- თუ კალაძე თბილისის მართვის ძველ პარადიგმებს განაგრძობს და განსხვავებული ტიპის ენერგიულ და შემოქმედ ლიდერად ვერ შემოგვთავაზებს თავს, ეს მისთვის პოლიტიკური დასასრულის ტოლფასი იქნება და ეს მძიმე გავლენას იქონიებს „ოცნების“ შემდგომ პოლიტიკურ ბედზეც. ამდენად, კალაძის როლი არ იქნება მხოლოდ ქალაქის მერის როლი. ის ენერგია, რაც „ოცნებას“ 2012-მა წელმა შესძინა, თვალდათვალ ინავლება. ვერ ვიტყვი, რომ არაფერი კეთდება, პირიქით, მაგრამ ყველაფერი ეს გაუმართავი საინფორმაციო პოლიტიკის გამო ან ყოველდღიურ რუტინაში იკარგება, ან „ნაციონალური მოძრაობის“ აგრესიული საინფორმაციო პოლიტიკის წყალობით იმთავითვე რაღაც საეჭვოსა და მიუღებლის ელფერს იძენს. ეს ნამდვილად სამწუხაროა, რადგან საერთო უიმედობის ფონს აძლიერებს და თანაც მაშინ, როდესაც პოლიტიკური ალტერნატივა არ არსებობს.

ვფიქრობ, ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ საინფორმაციო პოლიტიკას მიხედოს. ჯერჯერობით კი, ამის ნაცვლად, მან მოახერხა და მტრები გაიმრავლა სამოქალაქო სექტორში, ჟურნალისტების კორპუსში და ა.შ. დიდი ფინანსური ინექციებით პოლიტიკური პროცესების მოდელირება მხოლოდ გარკვეულ საზღვრამდეა შესაძლებელი.

უდუმაშვილი, ხოშტარია, ელისაშვილი, ინაშვილი, კუკავა, შერგელაშვილი, გუგავა - ესენი არიან მმართველი გუნდის კონკურენტები - გამოკვეთლია თუ არა თბილისში ლიდერი კანდიდატი და ეს ლიდერი კანდიდატი იძლევა თუ არა იმის საფუძველს, რომ თბილისში არ იქნება მეორე ტური? და, როგორ ფიქრობთ, ვის შორის იქნება მეორე ტური? გამოკითხვების მიხედვით მეორე ადგილზე გადის უდუმაშვილი. მაგრამ ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ თუკი იქნება მეორე ტური, იქნება სახელისუფლებო კანდიდატსა და დამოუკიდებელ კანდიდატს შორის, რომელსაც არ ჰყავს გუნდი, არ აქვს პროგრამა...

- ვითარება ისეთ ფაზაში შედის, როდესაც ყველა ოპოზიციონერი კანდიდატი უნებლიედ ალიკო ელისაშვილზე იმუშავებს და მისთვის სასარგებლო განწყობებს შექმნის. უდუმაშვილის შესაძლებლობები განსაზღვრულია. იგი სააკაშვილის ეპოქის პოლიტიკურ პროპაგანდასთან ასოცირდება. მისთვის ძნელია ახალი როლის მორგება. უკეთ შერჩეულის შთაბეჭდილებას ტოვებს „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ქალბატონი ელენე ხოშტარია. არსებობს წრე, რომელიც მას იცნობს, როგორც საქმიან და კვალიფიციურ ადამიანს, მაგრამ მისი ავტორიტეტი, სამწუხაროდ, ამ ჩაკეტილი წრის ფარგლებში რჩება.

რაც შეეხება ელისაშვილს, მართალია, მას არა ჰყავს გამოკვეთილი გუნდი - ყოველ შემთხვევაში, მას ჯერ არ წარმოუდგენია იგი - და ნაკლებად ვიცით მისი პროგრამის შესახებ, უკვე ვთქვი, რომ მას აქვს ის ენერგია და მუხტი, თუ გნებავთ, ის კარგი გაგებით ავანტიურიზმი, რომლითაც ბევრი ამომრჩევლის სიმპათიას იმსახურებს.

ჩვენი ამომრჩევლების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი არჩევანს ემოციური მოტივებით აკეთებს და მათთვის ელისაშვილი სრულიად მისაღებია, თუნდაც გუნდისა და პროგრამის გარეშე. ამგვარი ამომრჩევლისათვის მთავარი პიროვნების მიმართ ნდობაა. თუმცა, ვფიქრობ, ეს არ არის საკმარისი საბოლოო წარმატების მისაღწევად. ის, რაც მისი საარჩევნო პროგრამიდან მოვისმინე, შეიძლება იყოს უფრო დიდი პროგრამის ნაწილი და არა მთელი პროგრამა.

საინტერესოა როგორ გადანაწილდება მეორე და მესამე ადგილი, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ფაქტია, რომქართულ ოცნებასჰყავს გაბრაზებული ამომრჩეველი და არცთუ ცოტა არის მათი რაოდენობა. როგორ ფიქრობთ, ვის სასარგებლოდ შეიძლება ამ ადამიანების ხმები გადანაწილდეს და რატომ, რა მოტივით გააკეთებს ამომრჩეველი ასეთ არჩევანს, ანუ ამომრჩევლის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს თუ არა, რომ პოლიტიკური სისტემა საქართველოში არის კრიზისში?

- გაბრაზებული ამომრჩეველიც ელისაშვილის სოციალური ბაზა შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ მისი პოლიტიკური ქცევა დღეს არ იძლევა ამ ბაზის სრულყოფილი ათვისების შესაძლებლობას. თუ საქმე მეორე ტურზე მიდგა, ერთმანეთს, როგორც ჩანს, კალაძე და ელისაშვილი დაუპირისპირდებიან და ამ ბრძოლის მოგება კალაძისათვის არ იქნება იოლი. ელისაშვილი სხვა კანდიდატების ხმების მნიშვნელოვან ნაწილს „ჩაიწოვს“.

მისი მთავარი იმედი საპროტესტო ელექტორატის გააქტიურებაა, მაგრამ, ვიმეორებ, ასეთი საარჩევნო პროგრამით და გარემოცვით მას ეს გაუჭირდება. ამ ეტაპზე მან ვერ შეძლო საპროტესტო განწყობების მობილიზება. ვფიქრობ, ის იქნება კალაძის სერიოზული ოპონენტი, მაგრამ საბოლოო გამარჯვებას ისევ კალაძე მოიპოვებს.

რაც შეეხება კრიზისს, დემოკრატია, რაღაც აზრით, კრიზისის დაშვების შესაძლებლობას ნიშნავს. ასეთი სისტემა არ მალავს იმ მანკიერებებს, რომლებიც ხან აქ იჩენენ თავს და ხან - იქ. სწორედ ესაა მისი მადლიც, რადგან საკუთარი თავის განკურნების შანსს იძლევა. აბსოლუტური აზრით არაკრიზისული დღეს მხოლოდ ჩრდილო კორეის პოლიტიკური სისტემაა და სწორედ ეს ღუპავს მას. მასმედიის ტოტალური კონტროლის მცდელობითა და სოციალური ქსელების წინააღმდეგ დაწყებული კამპანიით, როგორც ჩანს, რუსეთიც აქეთ მიემართება.

თუ მაინც კრიზისზე ვილაპარაკებთ, ცხადია, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება ჯერ არ არის კარგად აწყობილი მექანიზმი. ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი. ამიტომაც ვილაპარაკებდი არა კრიზისულზე, არამედ - ჩამოუყალიბებელზე. კრიზისი მაინც იმას ნიშნავს, რომ ახლო წარსულში გამართული სისტემა გქონდა.

სიტყვამ მოიტანა და იგივე ითქმის სამართლიანობის აღდგენაზე. ჩვენ გვჭირდება ჩვენს ცხოვრებაში სამართლიანობის დამკვიდრება და არა ოდესღაც მითიურად არსებულის აღდგენა.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამომრჩეველი კრიტიკულად არის განწყობილიქართული ოცნებისმიმართ, როგორ ფიქრობთ, აქტიური იქნება ამომრჩეველი? მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქართველ ამომრჩეველს ახასიათებს სიზარმაცე, ისევე როგორც თვითმმართველობის არჩევნებს...

- ამ თემაზე უკვე ვილაპარაკეთ. ადგილობრივი არჩევნები არც ერთ ქვეყანაში არ გამოირჩევა ამომრჩეველთა დიდი აქტიურობით. ასეა ჩვენთანაც. ამიტომაც, არ უნდა ველოდეთ ცეცხლოვან პოლიტიკურ სანახაობას, თუმცა კი არჩევნების შედეგებს ძალზე დიდი მნიშვნელობა ექნება პოლიტიკური პროცესების შემდგომი განვითარებისათვის.

ქართველი ამომრჩეველი ინერტულია. პოლიტიკური ინერცია ყველაზე მეტად ადგილობრივ არჩევნებში იგრძნობა ხოლმე. სერიოზული „ნავის დარწევაა“ საჭირო საიმისოდ, რომ მომწიფებული განწყობები ელექტორატის პოლიტიკურ გადაწყვეტილებად იქცეს. დღეს ამისი ნიშნები არ ჩანს. ჩვენი პოლიტიკური ენერგია იმპულსურად ვლინდება განსხვავებით გერმანელისა და იტალიელისაგან, ვისაც ეს ენერგია დროში უფრო რაციონალურად აქვს გადანაწილებული. ამას, მოგეხსენებათ, პოლიტიკური განათლება და ისტორიული გამოცდილება სჭირდება.

ბოლო 3 თვის განმავლობაში უკვე მეორედ ჩავიდნენ რუსეთის დედაქალაქშიპატრიოტთა ალიანსისწევრები. დაპირისპირებაც კი მოხდა ამ პარტიის წევრებსა და ნინო ბურჯანაძეს შორის, თუ ვინ იქნებოდა გავლენიანი კრემლის კარზე. „პატრიოტთა ალიანსისწევრები ამბობენ, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში და ფედერაციის საბჭოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრეს. ასეთი ინიციატივაც გაახმაუარეს, ვინც მათ ხელს შეუშლის აფხაზეთს და ოსეთს დაბრუნებაში, ყველა გამოცხადდეს როგორც მოღალატედ და ყველაზე სისხლის სამართლის საქმე იყოს აღძრული. გარდა ფინანანსურისა, რა არის ამ პარტიის საბოლოო მიზანი, რომელიც რუსული დირექტივებით მუშაობს? არავისთვის არ არის დამალული, რომ რუსეთს თავისი ინტერესები აქვს და სამწუხაროდ, ისინი ძალიან აქტიურად მუშაობენ.

- ალბათ, ცოტა ვინმე თუ დაიჯერებს, რომ სახელმწიფო დუმაში ვოიაჟებს და იქ გამართულ მოლაპარაკებებს რაიმე რეალური შედეგები შეიძლება მოჰყვეს. რუსმა პოლიტიკოსებმა უკვე არაერთხელ გვამცნეს, რომ ჩვენი შერიგების შემთხვევაშიც კი, არ აპირებენ მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნებას. გვირჩევენ, ახალ რეალობას შევეგუოთ და ისე ვიწამოთ რუსეთთან ურთიერთობის სიკეთისა. მოკლედ, პოლიტიკური ბანდიტიზმის ტიპური ლოგიკაა. აფხაზეთისა და ოსეთის აღიარებამდე რუსოფილურ განწყობებს მეტი საფუძველი ჰქონდა თუნდა იმ მიზეზით, რომ რუსები მათ წიაღში მიბრუნების ნაცვლად ტერიტორიების დაბრუნებას გვპირდებოდნენ. ახლა ამასაც არ გვპირდებიან.

ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ჩვენ კი არ გველაპარაკებიან, არამედ ერთგვარ კარიკატურულ ქართველს, რომელსაც ჭკუის ნატამალი არ გააჩნია და რომლის გაბითურებაც ქებითა და სტალინის ხშირი ხსენებით იოლია. მეორე მხრივ, რუსულ პოლიტიკას აწყობს, რომ აქ, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში, მით უმეტეს, პარლამენტში არსებობდნენ ძალები, ვინც მათთან დაახლოების წყურვილს გააჟღერებს და ვისთვისაც ამ ბანდიტურ ლოგიკაში „რაციონალური მარცვალი“ შეიძლება მოიძებნოს.

როგორ მძიმე ფსიქოლოგიურ კვალადაც არ უნდა მოგვყვებოდეს იმპერიაში გატარებული ორი საუკუნე და, განსაკუთრებით, ბოლო ათწლეულები, ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთმა განწყობებმა ოდესმე გაიმარჯვოს. რუსი სტრატეგოსებისათვის ჩვენ ჯერ კიდევ 70-იანი წლების ქართველები ვართ. არადა, მაშინდელი ქართველის გავრცელებული ტიპი, უმალ, თუ შეიძლება ითქვას, ერთგვარი კოლექტიური მიმიკრია იყო, რომელიც კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ იმპერიაში, ასე თუ ისე, ცხოვრების საშუალებას გვაძლევდა.

რუსებს უჭირთ, დაიჯერონ, რომ საქმე აღარ აქვთ ამგვარ ფსიქოკულტურულ ტიპთან და თავის სტრატეგიას აგებენ იმაზე, ვინც აღარ არსებობს. ასეთია კოლონიზატორის ლოგიკა. მას ურჩევნია, წარმოიდგინოს, რომ მისი ყოფილი კოლონიის მოსახლეობა მარტივი, ეგზოტიკური არსებებისაგან შედგება და მასთან სერიოზული ლაპარაკი არც ღირს. მთავარია, კრემლის სცენაზე, თუ მათთან ყოველდღიურ ურთიერთობაში, ფსევდოეროვნული წარმოდგენების გამართვის საშუალება მოგვეცეს. ამით ისინი იმთავითვე უარყოფენ ჩვენთან რაიმე სერიოზული დიალოგის შესაძლებლობას. თქვენს მიერ ნახსენები აქტორების მეშვეობით კი ამგვარი დიალოგის იმიტირებას ახდენენ. ადრე თუ გვიან, მოუწევთ დარწმუნება, რომ ჩვენთან უკვე სხვა ენაზეა საჭირო საუბარი.

ამ რამდენიმე წლის წინ ერთი ევროპული ქვეყნის საელჩოს თანამშრომელმა მითხრა, საოცარია, სულ რამდენიმე წელიწადში როგორ შეიცვალეთ ქართველებიო. გარკვეულად, ეს, მართლაც, ასეა. საბჭოთა ქართველი თავისი თავქარიანი ეგზოტიკურობით და ფასადური მორალით თანდათან ისტორიას ბარდება. დღეს ჩვენს თვალწინ ქართველის ახალი ფსიქო-კულტურული ტიპი იბადება, რომელიც, დარწმუნებული ვარ, არც საბჭოთას ემსგავსება და არც იმ პროგრესისტს, რომელიც თავის პროგრესიზმშიც კი აშკარად საბჭოელი და ავტორიტარული რომ არის და ქედმაღლურად უცქერს თავის „ჩამორჩენილ“ ძმებს.

ამ უკანასკნელთა მთავარი შეცდომა (თუ დანაშაული არა), ჩემი აზრით, ისაა, რომ ზერელედ გაგებულ პრესტიჟული იდეოლოგიებით დატყვევებულებმა ეროვნული იდეა რუსოფილურ ძალებს გადააბარეს და ამ უკანასკნელებს შანსი მისცეს, რომ ზნეობის ენაზე ელაპარაკათ. ასე მივიღეთ უცნაური იდეოლოგიური „ხის რკინა“: რწმენისა და ზნეობის ენაზე მეტყველი ქართული პუტინისტური პატრიოტიზმი. თითქოს პატრიოტიზმი თუ რწმენა ზედმიწევნით არაევროპული ფენომენები იყოს.

ახალი ადამიანის დაბადება ძალზე მტკივნეული, მაგრამ გარდუვალი პროცესია. კიდევ ათი-თხუთმეტი წელი და ქართველის ახალი ისტორიული კონტურები გამოიკვეთება. ჩვენი ჩრდილოელი „მეგობრები“ კი კვლავ იმ საბჭოთა ქართველის რეანიმირებას ცდილობენ, რადგან, ცხადია, მასთან ურჩევნიათ ურთიერთობა. თუმცა, ისიც აშკარაა, რომ, როგორც ჩანს, მავანმა რუსმა პოლიტიკოსებმა იგრძნეს ამ სტრატეგიის ნაკლულობა და ახალი თაობის ინტელექტუალურ წრეებში დაიწყეს საყრდენების ძიება. ვფიქრობ, ეს დღეს უკვე დაგვიანებულია, თუმცა, ზედმეტადაც არ უნდა დავიმშვიდოთ თავი.

ნანახია - 900

სარეკლამო ბანერი
1000 X 80