კონსტიტუციამ პრეზიდენტისგან დაძლევისთვის განწირული ვეტო მიიღო
პოლიტიკა

კონსტიტუციამ პრეზიდენტისგან დაძლევისთვის განწირული ვეტო მიიღო

კონსტიტუციამ პრეზიდენტისგან დაძლევისთვის განწირული ვეტო მიიღო
მარიამ თოდაძე

2017-10-09 23:04:31

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ხელი არ მოაწერა და პარლამენტს უკან, მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა.

გიორგი მარგველაშვილმა მოტივირებულ შენიშვნებში 2020 წელს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხიც შეიტანა და განაცხადა, რომ თავის დროზე, ეს საკითხიც ეკუთვნოდა „ქართულ ოცნებას“ და ამ საკითხზეც მიმდინარეობდა მსჯელობა საყოველთაო განხილვების დროს.

„მოტივირებულ შენიშვნებში პირველი ოთხი საკითხი არის, თავიდან ბოლომდე, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ საკითხები. ისინი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ვალდებულებით აიღო ჩასასწორებლად ვენეციის კომისიასთან. ეს 4 საკითხი უცვლელად გადმოდის მოტივირებულ შენიშვნებში. ეს არის ბონუსის, ბლოკების, საკონსტიტუციო სასამართლოსა და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხები. მეხუთე საკითხიც ეკუთვნის „ქართულ ოცნებას“. ეს ის საკითხია, რომელსაც საზოგადოებას ვესაუბრობოდით, თუნდაც საკონსტიტუციო განხილვების დროს, იმ პერიოდში, როდესაც გვქონდა შესაძლებლობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გვესაუბრა კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით. ეს არის 2020 წელს პროპორციული არჩევნების დანიშვნის საკითხი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მოტივირებულ შენიშვნებში მეექვსე პუნქტს წარმოადგენს პრეზიდენტის არჩევის წესი, თუმცა პრეზიდენტი პარლამენტს ამ საკითხის განხილვის გადადებას სთავაზობს.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, მოტივირებული შენიშვნები განსაკუთრებულად დაიწერა, გადაწყდა, რომ ამოსავალი ყოფილიყო ის მთავარი, რის თაობაზეც ამ ერთი წლის განმავლობაში მუდმივად იყო საუბარი.

„ეს არის შეთანხმება, კონსენსუსი და სწორედ შეთანხმებისა და კონსენსუსის სულისკვეთებით დაიწერა მოტივირებული შენიშვნები“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მმართველი გუნდი, 2020 წელს პროპორციული სისტემის ამოქმედებას მხარს დაუჭერს, კონსტიტუციას ოპოზიციის მხარდაჭერაც ექნება. ხოლო ოპოზიციის მხარდაჭერის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ ამ საკითხს კონსტიტუციაში უმტკივნეულოდ შეიტანს.

პრეზიდენტის შეფასებით, თუკი საპარლამენტო უმრავლესობა მის მოტივირებულ შენიშვნებს გაითვალისწინებს, ქართული საზოგადოება, კონსტიტუციის სახით თანხმობის დოკუმენტს მიიღებს.

 „ამ 6 შეთავაზების განხილვის და გაზიარების შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება მივაღწიოთ ძალიან ბევრს. პირველ რიგში, ჩვენ მივიღებთ კონსტიტუციას, რომელსაც ექნება ოპოზიციის ხმები და პარლამენტს გარეთ მყოფი პოლიტიკური ძალების მხარდაჭერა. ჩვენ ვაჩვენებთ იმას, რაზეც არაერთგზის გვილაპარაკია, ევროპულ პოლიტიკურ კულტურას და რაზეც მოგვიწოდებს ვენეციის კომისია. ჩვენ მივიღებთ თანხმობის დოკუმენტს“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, მარგველაშვილი თვლის, რომ ამ პუნქტზე შეთანხმების სამომავლოდ გადადება შეიძლება და ამ შემთხვევაში სიხისტეს არ გამოავლენს.

მარგველაშვილი თვლის, რომ ამ 6 პუნქტიდან, 5 არის ხელისუფლების ინიციატივა და ერთი, რომელზეც ვერ თანხმდებიან, სამომავლოდაა გადადებული.

„ამაზე უფრო კონსტუქციული შეთანხმება მე ვერ წარმომიდგენია. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, ადამიანები, რომლებსაც ქართველმა ხალხმა ანდო თავიანთი ცხოვრების განკარგვა და მათ შორის კონსტიტუციის შექმნა, ამ შეთავაზებას გაიაზრებენ არა პარტიულ კონტექსტში, არამედ ისე, როგორც უნდა იქნას გააზრებული კონსტიტუცია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე განმარტავს, ჩვენი წესების მიხედვით, 6 საკითხიდან პარლამენტმა უნდა გაითვალისწინოს ექვსივე და თუ არ გაითვალისწინებს ყველას, მაშინ დაძლევს ამ მოტივირებულ შენიშვნებს.

როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, ეს ის განსაკუთრებული შემთხვევაა, როცა ექვსივე პუნქტი ემთხვევა 20 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მოსაზრებებს, გარდა მმართველი პარტიის მოსაზრებებისა.

„ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს მხარს დაუჭერს.

„მეტ საკითხზე ვიყავით ვეტოს მომხრე, მაგრამ კარგია, რომ ამ საკითხებს მაინც დაადო პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ვეტო. ეს ვეტო გამოხატავს სრულ კონსენსუსს საქართველოს მთელი ოპოზიციური სპექტრის, სამოქალაქო საზოგადოების და საერთო ჯამში, მთლიანად - ჩვენი საზოგადოების. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი იმედის საფუძველი, რომ საღ აზრს გამოიჩენს „ოცნების“ გუნდი, ივანიშვილის გუნდი, მაგრამ მათ კიდევ ერთხელ მაინც უნდა მოვუწოდოთ, რომ ნუ აღმოჩნდებიან მთელი პოლიტიკური სპექტრის, სამოქალაქო საზოგადოების, საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხის საპირისპირო მხარეს“, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია.

მმართველი გუნდის პოზიცია უკვე ცნობილია: „ვეტო აუცილებლად იქნება დაძლეული, რადგან ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს“, - მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობა. როგორც უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს გაუშვა ბოლო შანსი, რომ კონსტრუქციული და პოზიტიური როლი შეეტანა კონსტიტუციის რეფორმის პროცესში.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, ვეტოს ნაწილობრივ გათვალისწინებას კანონმდებლობა არ იცნობს.

„პრეზედენტმა ვეტოს შენიშვნებს შეგნებულად დაამატა წინასწარ დაანონსებული ისეთი საკითხები, რაზეც წინასწარვე ნამდვილად იცოდა, რომ ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია, თანხმობას ვერ განვაცხადებდით. ამით მან უკანასკნელ შანსზე თქვა უარი, პოზიტიური წვლილი შეეტანა საკონსტიტუციო რეფორმის იმ წარმატებულ პროცესში, რომელიც აღიარა ქართულმა საზოგადოებამ, ვენეციის კომისიამ და აღიარა ყველა ობიექტურმა დამკვირვებელმა, ამიტომ შედეგი იქნება ის, რომ ჩვენ ვეტოს გადავლახავთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მომდევნო დღეების განმავლობაში ისინი იმსჯელებენ ვეტოს დაძლევაზე და ქვეყანას ექნება ძალიან პროგრესული, წარმატებული კონსტიტუცია, რომელიც იმუშავებს წლების განმავლობაში და უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან კობერიძე თვლის, რომ პრეზიდენტი ან ვერ აცნობიერებს, ან ბოროტად იყენებს მისთვის მინიჭებულ კონსტიტუციურ უფლებამოსილებას.

კობერიძე გიორგი მარგველაშვილს პოლიტიკურ ინტრიგნობაშიც ადანაშაულებს და თვლის, რომ ნაცვლად საკითხის კონსენსუსამდე მიყვანისა, მმართველი გუნდის ყველა მცდელობის მიუხედავად, სიტუაცია დაძაბა.

„არა თუ თანხმობისათვის გამოიყენა თავისი ფუნქცია-მოვალეობები, არამედ ისიც გაბედა, რომ არა თუ სხვადასხვა პარტიებს შორის შეიტანა განხეთქილება, არამედ სცადა განხეთქილება მმართველი გუნდის შიგნითაც“, - აცხადებს კობერიძე.

კობერიძის აზრით, როდესაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუკი მის მიერ შეთავაზებულ ვერსიას ჩვენი მაჟორიტარები მხარს არ დაუჭერდნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხმებს დაგვახმარდა, მან ამით ქვეყანას შესთავაზა დარჩენილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ იმედად და კონსტიტუციის ბედი „ნაციონალურ მოძრაობას“ გადაეწყვიტა.

„ამას პოლიტიკური ინტრიგნობა ჰქვია“, - აცხადებს კობერიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი თვლის, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა, საქართველოს კონსტიტუციის გარანტმა და დამცველმა ვერ შეძლო კონსტიტუციური ვალდებულებების დაცვა და შესრულება - მოქმედი პრეზიდენტი ვერ გაცდა ვიწრო პოლიტიკურ ნომენკლატურას, ვერ გააცნობიერა მოჭარბებული პასუხისმგებლობის სიმძიმე და მჩატე და უპრინციპო გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ცნობილია, მმართველ გუნდს ვენეციის კომისიასთან დადებული პირობის თანახმად, კონსტიტუციაში შესატანი აქვს ორი ცვლილება. რაკი ეს პრეზიდენტის ვეტოს მეშვეობით ვერ მოხერხდა, არსებობს ალტერნატიული გზა, ცალკე ცვლილებების პროექტის სახით მომზადდეს ცვლილებები, რომელსაც უმრავლესობა შეიტანს კონსტიტუციაში.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, საუბარია იმ საკითხებზე, რომელზეც საქართველო შეუთანხმდა ვენეციის კომისიას, თუმცა, ეს მოხდა, სამწუხაროდ, მესამე მოსმენის წინ.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება ახალი ინიცირების ფარგლებში, თუ სხვა გზით, ამ შეთანხმებას უზრუნველვყოფთ და მის რეალიზებას მოვახდენთ“, - აცხადებს მდინარაძე.

ნანახია - 1033

tngh

2017-10-10 09:15:15

იქნებ ეხლა მაინც აგვიხსნას პრეზიდენტმა, "ნაც-ოპოზიციამ" და მათთან სამარცხვინოდ ჩახუტებულმა "დემოკრატიულმა მოძრაობამ" და "პატრიოტთა ალიანსმა", რატომ არის მაჟორიტარული სისტემა საქართველოსთვის უსამართლო, ანტიდემოკრატიული, დანაშაულებრივი... და ხელისუფლებაზე მორგებული, ხოლო აშშ-სათვის, გერმანიისთვის, საფრანგეთისთვის, ინგლისისთვის... და კიდევ ბევრი სხვა ქვეყნებისთვის დემოკრატიული და სამართლიანი??? ერთი უპირატესობა პროპორციული სისტემის მართლაც ყველა გონიერი ადამიანისათვის დღესავით ნათელია: პარტიის ლიდერებს მეტი ფულის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ საარჩევნო პარტიული სიების შედგენის დროს!!! საბედნიეროდ ცნობილი თვითმარქვია ექსპერტების და ღრმად პატივცემული "მეგრანტეების" დემაგოგია, საზოგადოებაში მხოლოდ გულწრფელ ღიმილს იწვევს...

Maverick

2017-10-10 21:40:58

მეგობრებო, ქართულად მოაზროვნე იუზერებო, ძველო და ახალო, სანამ კიდევ არის დრო მოგიწოდებთ, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებზე თქვენ რეგიონში, ქალაქში, უბანში და ყველგან სადაც გიცნობენ, გაფასებენ და გენდობიან დააყენეთ თქვენი კანდიდატურები მაჟორიტარებად!
საკმარისი დროა, რომ მოიფიქროთ ქვეყნის, ხალხის სასარგებლო საარჩევნო პროგრამაზე!
გამოიყენეთ თქვენი ხედვები, ნაფიქრი და საფიქრალი... კონსულტაციებისა და წინადადებებისათვის შევქმნათ შტაბი და საკონტაქტო საიტი.

arichopra 2

2017-10-10 23:07:39

Maverick2017 - ხომ გაგიგონია შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვსო! მე მთელი ცხოვრება მაგ ანდაზამ დამტანჯა!

Maverick

2017-10-10 23:27:59

ჩოპრა, შენდობა რომ არ აქვს ვიცი, მაგრამ წირვას და ლოცვას ვერ უკრძალავენ, ამიტომ ისე უნდა წიროს და ილოცოს, რომ ყველას თვალი აუხილოს და ჭეშმარიტებისაკენაც მოაქციოს.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80