სისხლის წელიწადი
რეტრომედია

სისხლის წელიწადი

სისხლის წელიწადი
„თეატრი და ცხოვრება“, 19 ივლისი, 1915 წელი

2017-10-10 12:46:57

ერთი წელიწადია, რაც კაენი დღესასწაულობს: ძმა ძმასა ჰმუსრავს, დედამიწა სისხლით გაიჟღინთა, მრავლის უმრავლეს ქვრივ-ობოლთა ცრემლების ზღვა-ტბანი დაგუბდა...

მთელს ევროპას ცეცხლი მოედო, ალი ზეცასა სწვდება...

მოდუნდა ქვეყნის მაჯის ცემა, შეჩერდა მეურნეობა, მრეწველობა. თუ კეთდება რამე მხოლოდ სამხედრო საჭიროებისათვის, ადამიანები მხეცებად გარდაიქმნენ, ურთიერთს სამარეს უთხრიან და ვეღარც კი ჰგრძნობენ, რომ თვითონაც იმავე სამარეში ცვივიან.

წმინდა ხელოვნება, მწერლობა, მხატვრობა შებორძიკდა. აღარავის სცალიან კაცთა ძმობა-ერთობაზე საქადაგებლად, მაღალ იდეალთა გავრცელებაზე: „სისხლი, სისხლიო!“ - მოისმის ყოველ მხრიდან.

ტირილი, გოდება და იდუმალი ბოღმა!... აი, რა გაბატონდა გასულ წელს...

ვიღას ჰზრავს კიროსის, ალექსანდრე მაკედონელის, ჰანიბალისა და სხვა მათ მსგავსთა ლაშქრობანი.

ვიღას ახსოვს რომი და საბერძნეთი, ათინა და სპარტა, მართლმადიდებლობისა და წარმართობის ხანგრძლივი ომ-ბრძოლანი, ჯვაროსანთა მხედრობანი, გუგენოტთა ჟლეტა - ბართლომეს ღამე.

კაცობრიობას ეგონა წინ მივდივარო, მთელი საუკუნეები მუშაობდნენ ფილოსოფოსნი, მეცნიერნი, უდიდესნი მოძღვარ-აღმზრდელნი და... ის კი არა, თითქმის ყოველივე ეს ფუჭი ყოფილა...

ძველმა ევროპამ მხოლოდ ერთი ნათელჰყო: რომ ჯერ კიდევ კაცი კაცისთვის მგელია, ძმობა-ერთობა - შორეული ოცნება და დღევანდლამდე არსებული საკაცთმოყვარეო მოძღვრებათა საშუალებანი - ყოვლად ყალბი, უკუღმართი, ფარისევლური...

სოციალიზმი, ინტერნაციონალიზმი, ქრისტეს მოძღვრება და სხვა ამისთანები თურმე ადამიანთა თვალის ასახვევად ყოფილა მოგონილი...

 

 

 

 

ნანახია - 230

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80