„ევროპული საქართველო“ საკრებულოს თემის გაგრძელებას პარლამენტში გეგმავს
პოლიტიკა

„ევროპული საქართველო“ საკრებულოს თემის გაგრძელებას პარლამენტში გეგმავს

„ევროპული საქართველო“ საკრებულოს თემის გაგრძელებას პარლამენტში გეგმავს
მარიამ თოდაძე

2017-10-11 23:43:49

„ევროპული საქართველო“ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტში იბარებს და ამის გასახმოვანებლად საგანგებო ბრიფინგიც გამართეს. პრემიერ-მინისტრთან ერთად, უმცირესობასთან შეხვედრის ფორმატში უნდა წარსდგნენ ასევე ფინანსთა, სოფლის მეურნეობის და საგარეო საქმეთა მინისტრები.

პარტიის ლიდერები პრემიერისგან და მინისტრთა კაბინეტის წევრებისგან პასუხს ითხოვენ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ.

„პრემიერ-მინისტრს ვიწვევთ, მოვიდეს პარლამენტში და გასცეს პასუხი ჩვენს კითხვებს. საზოგადოებას აინტერესებს რა გეგმა აქვს მას შექმნილი რთული მდგომარეობიდან ქვეყნის გამოსაყვანად“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიგა ბოკერიას განცხადებით, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი კახა კალაძე არაერთხელ იყო მიწვეული პარლამენტში, თუმცა მან მწვავე კითხვებზე პასუხების გაცემას თავი აარიდა.

ოთარ კახიძე კი პრემიერ-მინისტრს მიმართავს, მთავრობის სხდომის შემდეგ გასცეს ჟურნალისტების კითხვებს პასუხი.

„იქნებ ჰკითხოთ პრემიერ-მინისტრს რატომ არღვევენ პარლამენტის რეგლამენტს მინისტრები, რატომ არ სცემენ პატივს სახელმწიფო ინსტიტუტებს და რა არის მათთვის უფრო მნიშვნელოვანი - კანონის შესრულება თუ ოლიგარქის ინტერესების გატარება“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

როგორც ჩანს, საგანგებო ბრიფინგის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ საკრებულოს თემა პარლამენტში გაგრძელდეს და კიდევ უფრო დიდი რეზონანსი მოჰყვეს, რაც ცხადია, ხელისუფლებისთვისაც იოლი მისახვედრია. როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, საქართველოში დასრულდა ის დრო, როცა მოსახლეობას სიცრუით მართავდნენ.

„ვფიქრობ, ეს სიცრუე ყველამ დაინახა და დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანების მცდელობას არანაირი პერსპექტივა არა აქვს და ვერ ექნება. დასრულდა ის ხანა, როდესაც ისინი წარმატებულად ახერხებდნენ სიცრუით მოსახლეობის აზრის მართვას. სიცრუით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის ხანა ჩვენს ქვეყანაში დასრულდა 2012 წელს და ამ მონაპოვარს ჩვენ ძალიან საგულდაგულოდ გავუფრთხილდებით“, - დასძინა პრემიერმა.

პრემიერი იწონებს სამართლდამცავების ქმედებას, რომლებმაც პროვოკატორებს საკრებულოს სხდომის ჩაშლის საშუალება არ მისცეს. პრემიერის თქმით, ხელისუფლებას შესწევს ძალა, მის მიერ მოპოვებული სტაბილურობა რისკის ქვეშ არ დააყენოს.

„ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მთავარი მიზანი არის ის, რომ არჩევნების წინ შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს, რაიმე ხელს უშლის სტაბილურად, მშვიდობიანად არჩევნების ჩატარებას, თითქოს მათ აზრის გამოხატვაში ვინმე ხელს უშლის. მე ვფიქრობ, ეს სიცრუე ყველამ დაინახა... ათასგვარი სიცრუე მოვისმინეთ გუშინ, დაწყებული იქიდან, რომ სხდომა დახურეს და ამ დროს პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა სხდომის ტრანსლაცია, დამთავრებული იმით, რომ ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩვენი დედაქალაქისთვის მონათლონ დანაშაულად“, - განაცხადა პრემიერმა.

„მთავარი ანგარიშის ჩაბარება 21 ოქტომბერს იქნება“, - ასე ეხმაურება პარლამენტის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნას, პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლის შესახებ.

„პრემიერ-მინისტრი ვალდებული ხდება, ყოველწლიურად წარუდგინოს პარლამენტს საანგარიშო მოხსენება. ასე რომ, ჩვენი სურვილი ამასთან დაკავშირებით უკვე ასახულია ძირითად კანონში და მომავალი წლიდან პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე ყოველწლიურად წარსდგება ანგარიშით. მთავარი ანგარიში კი, რასაც ჩვენ ვაბარებთ, ეს არის არჩევნები. 21 ოქტომბერს ჩვენ ჩავაბარებთ ამ ანგარიშს ქართველ ამომრჩეველს, როცა მას მიეცემა საშუალება მხარი დაგვიჭიროს ან სხვას დაუჭიროს მხარი“, - განუცხადა ჟურნალისტებს ზაქარია ქუცნაშვილმა.

ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, საკრებულოს წინ თინა ბოკუჩავას საქციელი დეპუტატისთვის შეუფერებელი იყო - პარლამენტის წევრს აქვს ყველგან დაუბრკოლებლად შესვლის უფლება, მაგრამ პარლამენტის წევრს არ აქვს საზოგადოებრივი წესრიგის ხელყოფის უფლება.

„როცა საკრებულოს სხდომაში მონაწილეობას ის პოლიტიკური ჯგუფი ითხოვს, რომელსაც საკრებულოში აქვს ფრაქცია, ისმის ლოგიკური კითხვა - არ ენდობიან საკუთარ ფრაქციას? ფრაქცია ვერ დასვამს იმ კითხვებს, რაც მათ აინტერესებთ? თუ მიგაჩნია, რომ რადგან დეპუტატი ხარ ამის გამო ტრიბუნასთან უნდა მივარდე და წამყვანს მიკროფონი გამოსტაცო?! მაშინ განაცხადონ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ ფრაქციას არ ენდობა“, - განუცხადა ქუცნაშვილმა.

რაც შეეხება მინისტრებს, ისინი მზად არიან პარლამენტში მისასვლელად.

„პირადად მე, ნებისმიერ მიპატიჟებას პარლამენტიდან ყოველთვის სიამოვნებით ვიღებ“, - აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი. მისივე განცხადებით კოლეგებიც ასე ფიქრობენ.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი კოლეგებიც ამ სულიკვეთებას იზიარებენ. ვერ ვხედავ პრობლემას იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობას რაიმე კომუნიკაციის პრობლემა ჰქონდეს პარლამენტთან“, - აცხადებსა ციხელაშვილი.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი კი თვლის, რომ პოლიტიკოსები, თუ მათი მხარდამჭერები, რომელთა მიზიანია, რომ ჩაშალონ პროცესი და მოაწყონ დებოში, ბუნებრივია, კანონის შესაბამისად ჩარჩოებში უნდა მოექცნენ.

„კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა 2012 წელს და წინა წლებში, როდესაც ჯარიც კი გამოიყვანეს მშვიდობიანი მოქალაქეების დასაკავებლად. ასე იყო მესტიაში, როდესაც „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელის კახა ჟორჟოლიანის დაკავება ვერ მოახერხა პოლიციამ და მის დასაკავებლად საქართველოს შეიარაღებული ძალები გამოიყვანა - ადამიანები, რომელთა დანიშნულება არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა, სრულიად სხვა სფეროში. ბუნებრივია, ეს არასდროს განმეორდება და ეს კარგად დაინახა ქართულმა საზოგადოებამ, რაც გავიარეთ. ამას კიდევ ერთხელ დავანახებთ ჩვენს ოპონენტებს და საზოგადოებას არჩევნებში თუ ვის აქვს ნდობა“, - განაცხადა სუბარმა.

რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის მიერ მინისტრთა კაბინეტის წევრების დაბარებას პარლამენტში, სოზარ სუბარის განცხადებით, პრაქტიკულად, კვირა არ გავა, რომ საქართველოს მთავრობის წევრები პარლამენტში არ მივიდნენ.

„ოპოზიციის დაბარებები არ არის თემა, როცა პარლამენტი დაგვიბარებს, ბუნებრივია, მივალთ. როცა სხვა ტიპის დაბარებები იქნება, ცხადია, ან მე მივალ, ან ჩემი მოადგილეები. მთავრობა არის ერთიანი. მინისტრი, მინისტრის მოადგილე არის ერთი გუნდი და ბუნებრივია, მივალთ ყოველთვის, როდესაც მსგავსი ვალდებულება და საჭიროება არსებობს“, - განაცხადა სუბარმა.

დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა კი აღნიშნა, რომ თუკი ადამიანი ღობეებსა და მოაჯირებზე ხტომას დაიწყებს და პოლიციელებს თავზე გადაუვლის, შენობაში არ უნდა შეუშვან.

„ევროპული საქართველო“ თემის გასგრძელებას პარლამენტის გარდა, სასამართლოშიც აპირებს და საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების გაბათილების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.

„გუშინ რამდენიმე კანონის დარღვევას ჰქონდა ადგილი. დაირღვა კანონი, როცა ბიძინა ივანიშვილს აბსოლუტურად უკანონოდ უფორმებენ ტერიტორიებს მაშინ, როცა არანაირი საჯარო ინტერესი ამ ამბავს ზურგს არ უმაგრებს. მეორე დარღვევა მდგომარეობს იმაში, რომ საკრებულოს სხდომა დაიხურა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე, რასაც არანაირი დასაბუთება არ მოჰყოლია და ეს არის ცალსახად უკანონო ქმედება. მესამე კანონდარღვევა იყო დეპუტატების არშეშვება საჯარო დაწესებულებაში, რაც არის თავხედური და ცინიკური გადაწყვეტილება. გუშინ მიღებული გადაწყვეტილება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი რისთვისაც „ევროპული საქართველო“ მიმართავს სასამართლოს“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

კახიძე ხელისუფლებას „ერთი ოლიგარქის ახირებების შემსრულებელ ხელისუფლებას“ უწოდებს.

ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, რასაც ისინი ერთ ლარად ქონების გადაცემას არქმევენ, რეალურად, არის მილიარდიანი ინვესტირება, რასაც ხელს უშლიან.

„შესაბამისად, ისინი ხელს უშლიან ეკოლოგიას, სამუშაო ადგილებს, თბილისის ახალ სავიზიტო ბარათს. თუ ასე აპირებენ ამომრჩევლის გულის მოგებას, ბუნებრივია, ამას სწორ სვლად ნამდვილად ვერ შევაფასებ. მე ვფიქრობ, ნებისმიერი აქცია, ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც პროგრესის ჩაშლისკენ არის მიმართული - საკრებულოს სხდომა იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება - უნდა აღიკვეთოს“,- განაცხადა მდინარაძემ.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი აცხადებს, თუკი ვინმეს რაიმე ეჭვი ან უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, არსებობს სასამართლო და შეუძლიათ საკრებულოს გადაწყვეტილება 30 დღის ვადაში გაასაჩივრონ.

„ბოლო დღეებში სულ იმაზე იყო საუბარი, რომ ტერიტორია 1 ლარად სხვისდებოდა და არავინ საუბრობდა მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებაზე. ასევე, განცხადებები კეთდებოდა, რომ თაბორის მთა იყიდებოდა, არავინ საკითხის არსში არ წვდებოდა, კერძოდ, თუ რა უნდა გაკეთდეს იმ ტერიტორიებზე. მთელი ფერდობის მელიორაციის სისტემის განვითარებაზეა საუბარი. ქალაქისთვის ეს ერთ-ერთი უბრწყინვალესი პროექტია, რომელიც 1 მილიარდ 500 მილიონიან ინვესტიციას ითვალსიწინებს, ამაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება“, - განაცხადა ალიბეგაშვილმა.

ნანახია - 1120

cugo

2017-10-12 10:47:44

ოთარ კახიძეს გიგი წერეთელს
-------------------------
თქვე ნაძირალო მეცოცხეებო,რატომ არ იწვევდით მინისტრებს როცა ახალგაზრდებს ქუჩაში ხოცავდნენ,როცა დამსახურებულ ადამიანებს კლავდნენ და ზღვაში უშვებდნენ,როცა ციხეებში ნაწამებ პატიმრებს მორგში მიცვალებულებთან აბამდნენ,როცა ზუგდიდის ტყეში სპეციალური სახლი გააშენეს,იქ მიყავდათ უდანაშაულო ადამიანები ასკოჩავდნენ მაგიდაზე და აწამებდნენ და აუპატიურებნენ,როცა ტელევიზიებს არბევდნენ,როცა ბიზნესმენებს აყაჩაღებდნენ და ქონებას უწვავდნენ.რატომ იყავით მაშინ ჩუმად თქვე ფაშისტებო.იმიტომ რომ თანამდებობის დაკარგვის გეშინოდათ.მაშინ ,,სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი იყო,,თქვენთვის. ახლა გახდით ვითომ ხალხზე და ქვეყანაზე მზრუნველი.არავითარი რთული მდგომარეობა ქვეყანაში არ არის.თქვენ ხართ რთულ მდგომარეობაში იმიტომ რომ იცით პირწმინდად წააგებთ არჩევნებს ამიტომ ხართ ჭკუიდან გადასული.რას გავდა თქვენი გუნდის წევრების საქციელი 29 სექტემბერს თბილისის საკრებულოში.ეს ადამიანები როგორ უნდა იჯდნენ პარლამენტში.ვის უნდა ხოშტარიასნაირი მერი.სამარცხვინოა ბეკეკა თინათინ ბოკუჩავა რომ ზის პარლამენტში.რას გავდა ლელა ქებურიას საქციელი პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე.სამარცხვინოა ასეთი ადამიანი რომ ზის პარლამენტში და დასახელებულია ზუგდიდის მერობის კანდიდატად.თქვე მეცოცხეებო ახლა არის ქვეყანაში რთული მდგომარეობა თუ მაშინ იყო როცა ის ამბები ხდებოდა,რაც ზემოთ ვახსენე.საზოგადოების გაეცით პასუხი რატომ დუმდით მაშინ.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80