საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობის ახალი ფორმატი იქმნება
საზოგადოება

საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობის ახალი ფორმატი იქმნება

საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობის ახალი ფორმატი იქმნება
თამთა ქარჩავა

2017-10-12 15:30:05

რეგიონში და მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგი იწყება. დღის წესრიგში არის ევროკავშირს და საქართველოს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებში თანამშრომლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიქმნება კიდევ ერთი ფორმატი, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობას ზრდის.

საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული უსაფრთხოების დიალოგის დაწყების ინიციატივა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გასულ წელს, ასოცირების საბჭოს ფარგლებში გააჟღერა. საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს მხრიდან შეთავაზებული იქნა ხედვები და წინადადებები ევროკავშირისთვის ამ ფორმატთან დაკავშირებით და მას შემდეგ წარიმართა მუშაობა.

„ჩვენ ვართ რეგიონში, უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის ერთ-ერთი ძალიან ძლიერი მოკავშირე და პარტნიორი. ეს ასახულია ევროკავშირის გლობალური უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის დოკუმენტში. ჩვენ მნიშვნელოვან ადგილს ვიკავებთ ევროპის საერთო უსაფრთოების არქიტექტურაში. საქართველო აქტიურად არის ჩართული ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში და საკუთარი წვლილი შეაქვს მთელ მსოფლიოში სტაბილურობის განმტკიცების საქმეში.

დარწმუნებული ვართ, რომ სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებზე ევროკავში-საქართველოს რეგულარული დიალოგი და ასოცირების საბჭოს ფორმატში თანამშრომლობა უზრუნველყოფს უსაფრთხოების განზომილებაში უფრო მჭიდრო ინტერგაციის შესაძლებლობებს ევროკავშირთან და შესაბამისად, ჩვენ მივესალმებით ამ მნიშვნელოვან, ახალ ფორმატს და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირთან გაღრმავებულ დიალოგს“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, საქართველო მზადაა, ევროკავშირთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა გააფართოვოს. როგორც დოლიძე აცხადებს, გასული წლის დეკემბერში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოზე საქართველომ დააყენა საკითხი, როგორ შეიძლება თანამშრომლობა, მათ შორის, ევროპელი კოლეგების კიდევ უფრო აქტიური ჩართულობა საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მოგვარებაში.

„ჩვენ ვიცით რა გვინდა და ეს წინადადებები გაწერილი იყო ჩვენი მხრიდან, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების, რუსული პროპაგანდის, ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე, ექსტრემიზმი, ტერორიზმი და სხვა. ბუნებრივია, ჩვენ ამ საქმეში უნდა ვიყოთ ერთად. საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტნიორი ქვეყანა. ასევე ვართ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქვეყანა, რომელიც უკვე ვართ ე.წ. СSDP-ის ოპერაციაში ჩართული, ცენტრალურ აფრიკასა და მალიში ვასრულებთ ჩვენს მოვალეობებს. ჩვენ მზად ვართ, რომ გავაფართოვოთ ამგვარი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებით, იმ კონკრეტული სფეროებით, რომელიც ადრე შეთავაზებული გვაქვს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის უწყებას უკვე მოჰყვა რუსეთის რეაქცია. რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს ტვირთების მონიტორინგის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველოს სურს, რომ რუსეთმა ტვირთების მონიტორინგის შესახებ შეთანხმების პირობები ცალმხრივ ფორმატში შეასრულოს.

„დოკუმენტი რუსეთსა და საქართველოს ავალდებულებს შვეიცარული კომპანიის მონაწილეობით, სავაჭრო ნაკადების სპეციალური საბაჟო ადმინისტრირების წესი გამოიყენონ. სამწუხაროდ, როგორც გაირკვა, თბილისის პოზიცია არ შეცვლილა. იქ დღემდე სურთ, რომ რუსეთმა შეთანხმება ცალმხრივად შეასრულოს, ხოლო საკუთარ ვალდებულებებზე საუბარიც კი არ სურთ. ასე არ გამოვა. თბილისს მოვუწოდებთ განაცხადოს მზაობა საერთაშორისო ვალდებულებების კეთილსინდისიერ შესრულებაზე“, - აღნიშნა გრიგორი კარასინმა.

როგორც ცნობილია, 2011 წლის 9 ნოემბერს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შვეიცარიის კონფედერაციის შუამავლობით, მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებმა დოკუმენტების პაკეტს მოაწერეს ხელი: პირველი - საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ ორმხრივი შეთანხმება; მეორე - ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც შვეიცარიის, როგორც ნეიტრალური მესამე მხარის როლს განამტკიცებს; მესამე - სამივე მხარემ - საქართველომ, რუსეთმა და შვეიცარიამ გაცვალეს დოკუმენტები იმ საერთაშორისოდ აღიარებული ნეიტრალური კერძო კომპანიის მოქმედების პირობების განსაზღვრის მიზნით, რომელსაც მონიტორინგის განხორციელების მანდატს შვეიცარიის მთავრობა მიანიჭებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველო დიდი ხანია მზადაა, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რომელიც 2011 წლის შეთანხმებიდან გამომდინარეობს. ჯანელიძე მოელის, რომ რუსეთი ფედერაცია შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს ტვირთების მონიტორინგის შესახებ შეთანხმების სრულყოფილად შესასრულებლად.

„ჩვენ ასევე მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ კონტრაქტს შუამავალ შვეიცარულ კომპანიასთან, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ამ შეთანხმების იმპლემენტაცია. მოველით, რომ ეს ძირითადი შეთანხმებაც და შესაბამისი კონტრაქტიც შესრულდება ყველა მხარის მიერ. ცალმხრივად, ამ ვალდებულებების შესრულება არის შეუძლებელი და უნდა იყოს ყველა მხარის სრული თავსებადობა იმ შეთანხმებასთან, რომელიც 2011 წელს გაფორმდა“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

რა ტვირთბრუნვის მონიტორინგის შესახებ საუბრობს გრიგორი კარასინი, გაუგებარია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძისთვის, რომლის განცხადებით, 2011 წელს, მას შემდეგ, რაც აღნიშნული შეთანხმება გაფორმდა, საქართველოს ვალდებულება და პასუხისმგებლობის სფერო არ შეუცვლია და არ აპირებს შეცვლას.

„ახლა ბურთი სწორედ მათ მოედანზეა. ამას უნდა პროცესის დაწყება და მეტი არაფერი. გეოგრაფიიდან გამომდინარე, მას შემდეგ, როდესაც მათ ოკუპაციის შემდგომ ადგილზე რეალური ვითარება შეცვალეს, ბუნებრივია, რომ შვეიცარულ კომპანიასთან ერთად მათ უნდა აკონტროლონ ეს ტვირთბრუნვა. ამას სჭირდება ერთი რამ - დაიწყოს პროცესი. პროცესი რომ დაიწყოს, რუსეთი უნდა დათანხმდეს და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები“, - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.

ნანახია - 1029

arichopra 2

2017-10-13 20:43:52

არ მოგბეზრდათ ეს გლახაობა? თუმცა რატომ მოგბეზრდებათ, ამაში ხელფასს იღებთ!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80