„დამთავრდება თუ არა მერობის კანდიდატთა გეგმები ამ არჩევნებთან ერთად?!“
ეკონომიკა

„დამთავრდება თუ არა მერობის კანდიდატთა გეგმები ამ არჩევნებთან ერთად?!“

„დამთავრდება თუ არა მერობის კანდიდატთა გეგმები ამ არჩევნებთან ერთად?!“
მანანა ნოზაძე

2017-10-19 17:30:04

მერობის რამდენი კანდიდატიცაა, დედაქალაქის განვითარების იმდენი გეგმა არსებობს, თუმცა ამ გეგმების განხორციელება- განუხორციელებლობას მხოლოდ არჩევნების შემდგომი პერიოდი გამოაჩენს.

თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი, ამ კითხვას მერობის კანდიდატებმა სხვადასხვანაირად უპასუხეს.

კახა კალაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია მსხვილი და საშუალო საინვესტიციო პროექტების მომზადება, ღამის ეკონომიკის სტრატეგია, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარება, მტკვრის ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალის გამოყენება, მუზეუმების, საგამოფენო სივრცეების, კინოთეატრების გახსნა ღამის საათებში, მუნიციპალური ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის განვითარება, საერთაშორისო ღონისძიებების მოზიდვა დედაქალაქში...

„შენების მოძრაობის“ მერობის კანდიდატი თენგიზ შერგელაშვილი აქცენტს თბილისში არსებულ 700-ჰექტრიან თავისუფალ სივრცეზე აკეთებს, რომელიც გამოუყენებელია. მისი თქმით, სწორედ მიწის ქონების პრივატიზებით მიღებული რესურსებით უნდა მოხდეს ეკონომიკური და ურბანული განვითარება თბილისის ამ არეალებში.

„ნაცმოძრაობის“ კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი ტურისტულ პოტენციალზე, თბილისის ეთნოგრაფიაზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე ამყარებს იმედს, რაც თბილისის გეოგრაფიული მდებარეობის უნიკალურობის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს.

„დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი კახა კუკავა დედაქალაქის ბიუჯეტის კორექტირებასა და სწორი პრიორიტეტების განსაზღვრაში ხედავს გამოსავალს. მისთვის მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურულ პროექტთა დაფინანსება.

„ახალი საქართველო“ და მისი მერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე კვლავაც ტურისტულ პოტენციალზე ამახვილებენ ყურადღებას. მათი აზრით, ტურისტთა მატების მიუხედავად, ტურიზმის ეკონომიკური პოტენციალი ბოლომდე არ ათვისებულა. ტურისტების თავმოყრა მხოლოდ დედაქალაქის ცენტრში ხდება, რაც ხელს უშლის მათგან მიღებული შემოსავლების განაწილებას ქალაქის სხვა უბნებში.

ელენე ხოშტარია „ევროპული საქართველოდან“ მიიჩნევს, რომ თბილისში საქართველოს მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს, აქ მსყიდველუნარიანობა მეტია, თბილისი ადმინისტრაციული და ლოჯისტიკის ცენტრია და, სწორი პოლიტიკის შემთხვევაში, დიდძალ ინვესტიციას მოიზიდავდა. ხოშტარიას აზრით, თბილისის განვითარებისთვის აუცილებელია მსხვილი პროექტის-რკინიგზის გადატანა, ხოლო გამოთავისუფლებულ ადგილზე 10 ათასობით სამუშაო ადგილის შექმნა. გარდა ამისა, სასურველია 20 ჰექტარზე „ცენტრალური პარკის“ გაშენება და თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობის დაჩქარება.      

ეს მერობის იმ კანდიდატთა არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც თბილისის განვითარების შესახებ კითხვარს უპასუხეს. თუმცა საინტერესოა, რა რჩევებს სთავაზობენ ექსპერტები მერობის კანდიდატებს?!

გარემოს დაცვის სპეციალისტი კახა ბახტაძე იზიარებს იდეას, რომ ტურისტები თბილისის გარეთ უნდა გავიდნენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ დაახლოებით 5-6 მილიონი ვიზიტორია საქართველოში შემოსული, წესით, ბევრი მათგანი უნდა ჩასულიყო ჩვენს დაცულ ტერიტორიებზე, რომლებსაც ქვეყნის ტერიტორიის  9-10% უჭირავს. თუმცა ასე არ მოხდა და წლეულს მხოლოდ 800 ათასი ვიზიტორი ეწვია დაცულ ტერიტორიებს. აქედან 400-420 ათასი იყო საქართველოს მოქალაქე, ხოლო 300-330 ათასი- უცხოელი ვიზოტორი. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო ვიზიტორების მხოლოდ 5% სტუმრობს დაცულ ტერიტორიებს და ისინი უფრო ურბანულ ტერიტორიებზე ამჯობინებენ ყოფნას. ეს კი ჩვენს ურბანულ ტერიტორიებზე ზეწოლა გამოდის.

„სამწუხაროდ, ჩვენი დაცული ტერიტორიებიც მზად არ არიან, მიიღონ ვიზიტორები. მათი ინფრასტრუქტურა ბოლომდე გამართული არ არის. არადა, აუცილებელია თბილისის გარეთ გავიდნენ ტურისტები, 11 ეროვნული პარკი გვაქვს საქართველოში და ეროვნული პარკების გამოყენება უნდა მოხდეს. მით უფრო, რომ საქართველოში ტურისტები სწორედ ბიომრავალფეროვნებისა და ჩვენი კულტურული ღირშესანიშნაობების მოსანახულებლად ჩამოდიან. თუმცა ყველაზე უკეთ მხოლოდ თბილისში მუშაობს ტურისტული ინფრასტრუქტურა.

ტურისტების გამო რაიონებს, სოფლებს ტოვებენ ჩვენი მოქალაქეები, საბოლოოდ ყველა თბილისში ჩამოდის, რათა ვიზიტორებს მათთვის საჭირო სერვისი მიაწოდონ. რაც შეეხება თენგიზ შერგელაშვილის იდეას 700  ჰექტარი თავისუფალი მიწის ათვისებასთან დაკავშირებით, თბილისის რელიეფი ძალზე სენსიტიურია. არ შეიძლება, თბილისის რელიეფს მარტო გამოყენების თვალსაზრისით ვუყუროთ და ვიფიქროთ, რომ ყველგან შეიძლება განვითარების შეტანა. თბილისის გარშემო საკმაოდ აქტიური მეწყრული ფერდობებია, ბევრჯერ გვინახავს, რა შედეგი მოჰყოლია ისეთი ტიპის „განვითარებას“, როცა თურმე ყველგან შეიძლება ყველაფრის აშენება. სინამდვილეში, ცარიელი ტერიტორიებიც მოსაფრთხილებელია“, - აღნიშნა კახა ბახტაძემ For.ge-სთან საუბარში.

რკინიგზის თბილისის გარეთ გადატანასთან დაკავშირებით კი განმარტა, რომ საეჭვოა, ეს სწორი გადაწყვეტილება იყოს. მით უმეტეს, რომ ევროპისა და ამერიკის ქვეყნების დედაქალაქებში მატარებლის მთავარი სადგური ცენტრში მდებარეობს. რკინიგზა მნიშვნელოვანია სწორედ რეგიონებთან დასაკავშირებლად. თუ ჩვენ ავიღებთ გეზს, რომ რეგიონები განვავითაროთ, მაშინ თბილისში ჩამოსული ადამიანი ძალიან მარტივად უნდა მიდიოდეს რკინიგზამდე, რკინიგზიდან გადაჯდეს და გადიოდეს რეგიონებში. თუ ეს სისტემა გართულდება, თბილისისთვის სიკეთის მომტანი არ იქნება.

რაც შეეხება კახა კალაძის გეგმას, ექსპერტს აეჭვებს მხოლოდ ღამის საათებში თბილისის განვითარების კონცეფცია. მისი აზრით, სწორედ ღამის თბილისის განვითარებამ შეუქმნა დისკომფორტი თბილისის მოსახლეობის დიდ ნაწილს. ღამით თბილისი ისედაც საკმარისად განვითარებულია და სხვა მიდგომები გაცილებით საინტერესოა, ვიდრე ღამის გათენება თბილისში. მართალია, ღამით ცხოვრებასაც აქვს თავისი მნიშვნელობა და ამაზეც შეიძლება ვიფიქროთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ახალი რეგულაციები. აქ უმთავრესი საკითხია, ერთი ადამიანის მიერ ღამის გათენების ხარჯზე ხომ არ წუხდებიან სხვა ადამიანები?! ეკონომიკის განვითარება ხომ იმისთვის გვჭირდება, რომ მოსახლეობის კეთილდღეობა გაიზარდოს. კეთილდღეობა კი მარტო ფინანსურ შემოსავლებს არ ნიშნავს. ადამიანს თუ ღამით არ დააძინებ, მეორე დღეს შეიძლება პურის მირთმევა სულაც არ სურდეს. ეს ყველაფერი ჯანმრთელობის პრობლემას უკავშირდება და მანქანების თემის ანალოგიურია. ცხადია, ავტომანქანების შემოყვანაც კარგია, ხელს უწყობს მგზავრთა უფრო ეფექტურ გადაყვანას, მაგრამ ეს მოქმედებს ჯანმრთელობასა და ჰაერის დაბინძურებაზე.

„კი ბატონო, იმუშაონ მუზეუმებმა ღამით, მაგრამ სჯობს, თბილისი დაეხმაროს საქართველოს სხვა რეგიონებს, რათა ისინიც განვითარდნენ, სერვისები შესთავაზონ არა მარტო უცხოელ ტურისტებს, არამედ ქართველებსაც“.   

ტექნოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ორგანიზაცია „მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე“ ხელმძღვანელი ანზორ საკანდელიძე მიიჩნევს, რომ მერობის კანდიდატები მხოლოდ გარემოს ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, ქუჩებში ჰაერის დაბინძურებაზე ამახვილებენ ყურადღებას. ამ დროს ქუჩები კი არა, ჩვენი საცხოვრებელი ბინებია მისახედი, რადგან არავინ იცის, რას ვსუნთქავთ. ანზორ საკანდელიძის აზრით, ამ მხრივ გინესის წიგნში შესაყვანი ქვეყანა ვართ, რადგან არასდროს შეგვიმოწმებია, საცხოვრებელ ბინებში ჰაერის მდგომარეობა, არც ის გაგვიზომავს, როგორ გამოსხივებას ვიღეთ ფალსიფიცირებული საშენი, სარემონტო, სანტექნიკური მასალებიდან. ასეთ სახლში ყოფნა კი განსაკუთრებით ბავშვებსა და ფეხმძიმე ქალებზე მოქმედებს. ამაზე განგაშია ასატეხი.

„მერობის არც ერთი კანდიდატი არ განიხილავს თბილისელებისთვის სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფას ოთხ პრობლემას. ჩვენს მიერ დამუშავებულ-დაპატენტებული (საქპატენტის მოწმობა №7069) იდეა კი, ფაქტობრივად, თბილისისა და თბილისელების გადარჩენის მეგაპროგრამაა. ყველა პარტიას მივეცი უფლება, ეს პროგრამა გამოიყენოს, გარდა „ნაციონალების“ და მისი განაყოფი პარტიებისა. თუმცა, ერთადერთი, კახა კუკავა გამომეხმაურა, რომელთანაც მემორანდუმი გავაფორმე.

რაც შეეხება ჩემს მიერ დასახელებულ ოთხ პრობლემას, ეს გახლავთ სეისმური უსაფრთხოება, სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოება, მცირე მეწარმეობა და საგადასახადო კოდექსი. ოფიციალური სტატისტიკით, 2000-2010 წლის, ანუ სულ რაღაც ათი წლის განმავლობაში მსოფლიოში მიწისძვრით 43%-ით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე 1950-2000 წლების განმავლობაში. ეს სტატისტიკა კატასტროფულად კიდევ უფრო დამძიმდება 2010-2020 წლებში. ცნობილი გეოფიზიკოსის, აკადემიკოს თამაზ ჭელიძის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადების მიხედვით, საქართველოს 9-ბალიანი დამანგრეველი მიწისძვრები ემუქრება როგორც ჩრდილოეთიდან, სადაც კავკასიონის ქედზე კარგა ხანია, მიმდინარეობს მთის ქანების გლობალური დაშლა, ისე სამხრეთიდან, სადაც არაბეთის ფილაქანი დაეჯახა ევრაზიის ფილაქანს. კარზეა მომდგარი მიწისძვრები, რომელთა წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოს გარდა ევრაზიის ფილაქანზე განლაგებული ყველა სახელმწიფო პრევენციულ სეისმურ სამუშაოებს ატარებს. თბილისში მსგავსი არაფერი კეთდება და, რასაც მერობის კანდიდატები ლაპარაკობენ, ყველაფერი შეიძლება გვერდზე დაგვრჩეს“, - აცხადებს ანზორ საკანდელიძე For.ge-სთან საუბარში.  

დედაქალაქში მცირე მეწარმოების განვითარებასთან დაკავშირებით იგი განმარტავს, როგორ შეიძლება ვინმემ დასაქმებაზე ხმა ამოიღოს და არ ახსენოს, რომ საქართველოში მცირე მეწარმეობის კანონი აღარ არსებობს. ამიტომ 2006 წელს გაუქმებული ამ კანონის აღდგენა უნდა მოვითხოვოთ, რომელიც მსოფლიოში ადამიანთა 90%-ს ასაქმებს. ამის გარეშე მერობის კანდიდატების, პარლამენტარებისა და მთავრობის წევრების გამოსვლას ანზორ საკანდელიძე ლაყბობად მიიჩნევს. მას აინტერესებს, ტურიზმით აშენებული სახელმწიფო ვინმეს უნახავს? მართალია, 5 მილიონი ტურისტი ჩამოვიდა და გვიხარია, მაგრამ საბერძნეთსა და ესპანეთში 20 მილიონზე მეტი ტურისტი ჩადის და მაინც დაინგრა ეს ქვეყნები ეკონომიკურად. თუ საქართველოს ფეხზე დადგომა უნდათ, მთავარია, მრეწველობის აღორძინება და პროდუქციის შექმნა.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ანზორ საკანდელიძე ფიქრობს, რომ მერობის კანდიდატთა პროგრამების  განხორციელების არანაირი მექანიზმი არ ჩანს. ამიტომ ყველა მათგანის პროგრამა არარეალური უნდა იყოს და ეს გეგმები ამ არჩევნებთან ერთად დამთავრდება. 

ნანახია - 593

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80