გაზმა არჩევნებშიც “გაჟონა”
ბლოგი

გაზმა არჩევნებშიც “გაჟონა”

გაზმა არჩევნებშიც “გაჟონა”
ბექა დანელია

2017-10-20 14:00:24

ზამთრის მოახლეობამდე ბუნებრივი აირისა და “გაზპრომთან” თანამშრომლობის საკითხი აქტუალური არჩევნებმა გახადა.  ენერგეტიკის ექსმინისტრის თბილისის მერად არჩევის სურვილმა ოპოზიციური პარტიები გაზის თემაზე სალაპარაკოდ განაწყო.

ბოლო 1 თვეა “გაზპრომთან” ურთიერთობის საკითხი მუდმივი განხილვის თემაა. სხვადასხვა მანიპულაციებსაც ამ მიმართულებით ხშირად მიმართავენ.

მმართველი პარტია და თავად კახა კალაძე ჩრდილოეთის გაზთან დაკავშირებულ თემას პრობლემად არ მიიჩნევს. “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის განცხადებით, “გაზპრომთან” ხელშეკრულება ყოველ წელს ფორმდებოდა, დაწყებული შევარდნაძის პერიოდიდან და ეს ახლაც გრძელდება. კახა კალაძის მტკიცებით, 2016 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ყველა პირობა უცვლელი დარჩა, გარდა გადახდის პირობისა.

“როდესაც ჩვენ 2016 წელს დავიწყეთ მოლაპარაკება და როდესაც დასრულდა ხელშეკრულება, დავიწყეთ მოლაპარაკებები იმასთან დაკავშირებით, რომ გაგვეფორმებინა ახალი ხელშეკრულება. გაფორმდა 2-წლიანი ხელშეკრულება, ყველაფერი ერთნაირად დარჩა, გარდა გადახდისა; ანუ თუ ბუნებრივი აირით მოგვქონდა ის 10% გატარებული გაზის, დღეს ვიღებთ ამას ფინანსურად”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ენერგეტიკის ექსმინისტრი არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება გაიზარდა და ამ კრიტიკას ის ტყუილს უწოდებს.

“დამოკიდებულება შემცირდა. დღეს, შეიძლება ითქვას, რომ 100%-ით ვართ დამოკიდებული ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორზე, აზერბაიჯანზე”, - აცხადებს კალაძე.

სრულიად სხვაგვარი შეხედულება აქვთ რუსულ ენერგოგიგანტთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე საპარლამენტო ოპოზიციაში. ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, “გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულებით საქართველომ წელიწადში 66 მილიონი ლარი იზარალა.

ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის სიგრძე საქართველოს ტერიტორიაზე 221 კილომეტრია, ხოლო წლის განმავლობაში გატარებული ტრანზიტული გაზის მოცულობა შეადგენს 2 მლრდ კუბურ მეტრს.

“საქართველოს, ტრანზიტის საფასურად, ნატურის სახით რჩებოდა 200 მილიონი კუბური მეტრი გაზი, რომლის ღირებულება უდრის დაახლოებით 40 მილიონ დოლარს (100 მილიონი ლარი). ტრანზიტის საფასური ახალი ხელშეკრულებით არის 3 დოლარი ყოველ 100 კილომეტრზე გატარებულ 1 000 კბ_მ გაზზე. შესაბამისად, საქართველო ახალი ხელშეკრულებით “გაზპრომისგან” მიიღებს 13.3 მილიონ დოლარს (33.25 მილიონი ლარი).

ნატურით ანაზღაურების ნაცვლად ფულად ანგარიშსწორებაზე გადასვლის გამო, ქვეყნისთვის წელიწადში მიყენებული ზარალი შეადგენს 26.7 მილიონ დოლარს (66.75 მილიონ ლარს)”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საპრალამენტო უმრავლესობა კი ასეთ დამოკიდებულება წინასაარჩევნო კვალს ხედავს. დეპუტატ ეკა ბესელიას შეფასებით, “გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულების თემას “ნაცმოძრაობა” კახა კალაძის, როგორც ძლიერი კონკურენტის წინააღმდეგ იერიშის მისატანად იყენებს.

ბესელია “ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებებს იაფფასიან პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა პარლამენტის დღის წესრიგში რამდენჯერმე თავად ამ ოპოზიციური პარტიის მოთხოვნით გადაიდო.

„გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაში ყველაფერი არის სუფთად, ოპოზიციას კი შოუს მოწყობა სურს“ - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძის თქმით, კახა კალაძემ ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში ოპოზიციას დიალოგი შესთავაზა, თუმცა ოპოზიციამ უარი თქვა და შოუ აირჩია.

“ჩვენ გვქონდა კონსულტაციები კახა კალაძესთან ამ საკითხზე, როდესაც ის იყო ენერგეტიკის მინისტრი და მან გამოთქვა მზადყოფნა, მოსულიყო პარლამენტში ნდობის ჯგუფის ფორმატში და მოეხსენებინა დეპუტატებისთვის ის საკითხები, რომელსაც მოიცავდა ხელშეკრულება. ამასთან დაკავშირებით შედგა კომუნიკაცია უმცირესობასთან, თუმცა მათ დიდი ენთუზიაზმი არ გამოხატეს ერთი მარტივი მიზეზის გამო - დახურული ფორმატი არ აწყობდათ, რადგან ეს ყველაფერი უნდოდათ შოუსთვის. „გაზპრომის“ ხელშეკრულებაში ყველაფერი არის სუფთად და ეს თავადაც კარგად იციან ოპოზიციის წარმომადგენლებმა”, - განაცხადა კობახიძემ

კონკრეტული ციფრი, თუ რამდენს იღებს საქართველო ტრანზიტის სანაცვლოდ, კომერციული საიდუმლოა. “ჯიბისი” ტრანზიტის ტარიფის გადამოწმებას ენერგოსექტორში შეეცადა. როგორც სააგენტოს აცნობეს, 3-დოლარიანი ტარიფი სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ მიღებული შემოსავალი, რისკების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ნაკლებია, იმ სარგებელზე, რასაც საქართველო ნატურით იღებდა.  თუმცა, მოცულობების გათვალისწინებით, სხვაობა დიდი არაა.

ნანახია - 653

tngh

2017-10-20 16:41:23

"გაზპრომმა" უკვე არა ერთგზის განაცხადა ყველა დონეზე, რომ ახალმა ხელშეკრულებამ მას 30%-ზე მეტად შეუმცირა მოგება კავკასიის მიმართულებით... უხსენებელ გოცირიძეს კი, ურჩევნია ის ზარალი დათვალოს, რომელიც მან საქართველოს მოსახლეობას მიაყენა.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80