ხათუნა ლაგაზიძე: "თვითმმართველობაში მივიღეთ "ქართული ოცნება" "ნაციონალური ფრთებით"
დაიჯესტი

ხათუნა ლაგაზიძე: "თვითმმართველობაში მივიღეთ "ქართული ოცნება" "ნაციონალური ფრთებით"

ხათუნა ლაგაზიძე:  "თვითმმართველობაში მივიღეთ "ქართული ოცნება" "ნაციონალური ფრთებით"
"კვირის პალიტრა"

2017-10-23 11:07:03

"თვითმმართველობის არჩევნები შევადაროთ "ქართული ოცნების" პირობებში ჩატარებულ სხვა არჩევნებს - შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მათგან ყველაზე თავისუფალი იყო საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც გამარჯვება "ქართული ოცნების" კანდიდატს გარანტირებული ჰქონდა და ხელისუფლებას ჩარევა არ დასჭირვებია, ყველაზე უარესი კი იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები _ ვგულისხმობ უკიდურესად დამთრგუნველ ფსიქოლოგიურ გარემოს, ოპონენტების წინააღმდეგ სოციალური ქსელებით გაჩაღებულ აღვირახსნილ კამპანიას. ჩემი შეფასებით, 21 ოქტომბრის არჩევნები არის სადღაც ამ ორს შორის, როგორც თავისუფლების ხარისხით, ისე - მედიასივრცის ხელმისაწვდომობით... არ ყოფილა კორცხელის მსგავსი ინციდენტები. პროცესმა, ძირითადად, ძალადობრივი ფაქტების გარეშე ჩაიარა, იშვიათ გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით", - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "თვითმმართველობაში მივიღეთ "ქართული ოცნება" "ნაციონალური ფრთებით"... / "ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ არა იმდენად ხელისუფლების გამარჯვებაზე, რამდენადაც ოპოზიციის მარცხზე" / "ბიზნესი მიდის ისევ მისთვის ცნობილი ერთადერთი გზით  - ეს არის ხელისუფლების კეთილგანწყობის ყიდვის გზა" .

"გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ შავი პიარისთვის არ მიუმართავს არც ერთ მხარეს, თუ რამდენიმე ღიმილის მომგვრელ შემთხვევას არ გავიხსენებთ, რაც წინასაარჩევნო კამპანიის მიწურულს სოციალური ქსელებით ვიხილეთ. შეიძლება ითქვას, რომ ამ არჩევნებისას იყო უფრო ეთიკური გარემო. გარდა ფინანსური რესურსისა, ყველა პოლიტიკურ ძალასა და სუბიექტს ჰქონდა თანაბარი პირობები წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას. მედიასივრცე იყო ღია ყველასთვის. რა თქმა უნდა, დიდი როლი ენიჭება ფინანსებს და "ქართული ოცნების" გამარჯვებაში ამან უდიდესი წვლილი შეიტანა, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ მხოლოდ ეს იყო გადამწყვეტი. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ არა იმდენად ხელისუფლების გამარჯვებაზე, რამდენადაც ოპოზიციის მარცხზე. საზოგადოებამ უნდა გააანალიზოს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი - როგორ განლაგდა და განაწილდა ამ არჩევნების შემდეგ და რა პერსპექტივები აქვს ამა თუ იმ ოპოზიციურ პარტიასა თუ კანდიდატს მომავალ საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო არჩევნებზე", - აღნიშნავს ხათუნა ლაგაზიძე.

"ქართული ბიზნესი, ისევე როგორც მთლიანად ქართული სახელმწიფო - საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი - ჩამოყალიბების პროცესშია; ასე ვთქვათ, საყმაწვილო სახადის პერიოდი გვიდგას. ბიზნესს მაინცდამაინც არ სჯერა საკუთარი თავის, როგორც პოლიტიკური სივრცის ერთ-ერთი მაორგანიზებელი ძალის, ბიზნესი ვერ ხედავს პოლიტიკურ ელიტას და სამოქალაქო საზოგადოებას, როგორც საკუთარი ინტერესების დაცვის მთავარ ბერკეტს. ბიზნესი მიდის ისევ მისთვის ცნობილი ერთადერთი გზით - ეს არის ხელისუფლების კეთილგანწყობის ყიდვის გზა. ამას ბევრი მიზეზი აქვს, უპირველესად, ალბათ, ის, რომ გამოუცდელობით ბიზნესი ვერ ხვდება, რომ მისი დაცვის მთავარი ბერკეტი არის სწორედ მაქსიმალურად პლურალისტურ პოლიტიკურ და მედიაგარემოში... ხელისუფლებაზე ორიენტირებულობის მიზეზი ისიც უნდა იყოს, რაც გამოიარა ბიზნესმა "ნაციონალების" მმართველობისას, ანუ ის მიაჩვიეს ხელისუფლების მორჩილებას, რაც მას ძალიან მძიმე ტვირთად მოჰყვება. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რაც განსაზღვრავს იმას, რომ ბიზნესი, ძირითადად, ხელისუფლების კეთილ ნებას არის მიკედლებული, არის ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში არჩევანის სიმწირე. გადავხედოთ დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეს _ რომელ პოლიტიკურ ძალას აქვს შნო და მარიფათი, რომ, თუნდაც დაფინანსების შემთხვევაში, შეძლოს ბიზნესის ინტერესების დაცვა? კერძო ბიზნესი არ არის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომ ერთკაციანი "ფსევდოპარტიების" დაფინანსებაში ჩაყაროს ფული", - განაგრძობს რესპონდენტი.

"მიმაჩნია, რომ "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა ფრთებმა" (მე ასე მოვიხსენიებ "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის განაყოფ "ევროპულ საქართველოს") არჩევნებზე მიიყვანეს საკუთარი მხარდამჭერების მაქსიმალური რაოდენობა. ეს, ჩემი აზრით, მათთვის არის ოპტიმალური შედეგი... რატომ ვერ მიიყვანეს დანარჩენმა ძალებმა უბნებში უფრო მეტი ამომრჩეველი? პასუხი მარტივია: მათ ეს ამომრჩეველი არ ჰყავთ... შესაბამისად, უკვე მერამდენედ, ქართველი ამომრჩეველი ადასტურებს, რომ ამ ერთკაციან პოლიტიკურ პარტიებს პერსპექტივა არა აქვთ. რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, მან მოახერხა გარღვევა, როცა მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტის დაპირისპირების პირობებში - ვგულისხმობ "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ ფრთებს", რომელთაც კატეგორიულად არ აძლევდა ხელს ელისაშვილის მეორე ადგილი - შეძლო დიდი მხარდაჭერის მოპოვება. დღევანდელი მდგომარეობით ის მეორე ადგილზეა. რომც შეიცვალოს ეს მონაცემები და უდუმაშვილმა რაღაც მეათედებით აჯობოს, ეს ვერაფერს დააკლებს ელისაშვილის წარმატებას... თუმცა, დარწმუნებული ვარ, მისი პოტენციური ამომრჩევლის ბაზა უფრო დიდი იყო. სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო, ეს მხარდაჭერა საარჩევნო ხმებად ექცია. მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში ვამბობდი, რომ ეს იყო ელისაშვილის მთავარი გამოწვევა... ვერ მოახერხა იმიტომ, რომ მას არ ჰყავდა პარტია და არ ჰქონდა არჩევნებისთვის საჭირო საორგანიზაციო რესურსი, საარჩევნო გამოცდილება და ფინანსები", - განმარტავს ექსპერტი.

"არადა, არჩევნებისას ორგანიზაციული რესურსი უმნიშვნელოვანესია, რაც აქვს "ქართულ ოცნებას" და გადაჭარბებულად - "ნაციონალურ მოძრაობას". მიუხედავად ამ შედეგისა, ალეკო ელისაშვილს აქვს პერსპექტივა. მან თბილისში შეძლო უდიდეს ისტებლიშმენტურ, პარტიულ ინტერესებთან გამკლავება, მეტწილად - შიშველი ხელებით და ძალიან საინტერესო, პროფესიონალი ადამიანები ამოიყენა გვერდში. დიახ, კალაძემ გაიმარჯვა და გახდა მერი, მაგრამ ალეკო ელისაშვილი დამარცხებული ნამდვილად არ არის. ასევე გამარჯვება იყო ეს არჩევნები "ევროპული საქართველოსთვის", რაც მათ სწორად შეაფასეს. ამ ორგანიზაციამ "ნაციონალური მოძრაობიდან" დისტანცირების შემდეგ რამდენიმე თვეში მოახერხა საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება და ორგანიზაციული სტრუქტურების სწრაფად გამართვა, თუმცა ამას, რა თქმა უნდა, ხელს უწყობდა ფინანსური თვალსაზრისით შექმნილი სასათბურე პირობები. ჩვენ კი შედეგად მივიღეთ ის, რომ დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კვლავაც ცოცხალია "ნაციონალური მოძრაობა" თავისი განაყოფებით", - ამბობს ლაგაზიძე.

"მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ როგორც "ქართული ოცნების", ისე _ "ნაციონალური ფრთებისთვის" ეს მხარდაჭერა არის მაქსიმუმი. არადა, ამისთვის "ქართულმა ოცნებამ" განსაკუთრებულად დიდი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი გაიღო. უხეშად რომ დავთვალოთ, ამჟამინდელი მონაცემებით, არჩევნებზე მივიდა ელექტორატის 45%, აქედან ხმების დაახლოებით 55% მიიღო "ქართულმა ოცნებამ". ეს მთელი ელექტორატის დაახლოებით 25% თუ გამოდის. ამაში შედის ადმინისტრაციული რესურსიც - სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები, მათი ოჯახის წევრები, ახლობლები... და განა რამდენი პროცენტი რჩება თავისუფალი, დამოუკიდებელი ამომრჩევლისთვის? ბევრი არაფერი. მოდი, შევხედოთ "ნაციონალურ მოძრაობას". მან, თავის განაყოფთან ერთად, ქუდზე კაცის გამოყვანით მიიღო დაახლოებით 25%-მდე, რაც შეიძლება ელექტორატის საერთო რაოდენობის 15%-იც არ იყოს... მათემატიკურ სიზუსტეზე პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ უხეში დათვლითაც კი გამოდის, რომ ელექტორატის დაახლოებით 40% თუ უჭერს მხარს ამ სამ პოლიტიკურ ძალას. დანარჩენი 60% ახალ პოლიტიკურ ძალას ელოდება და მას არ მოსწონს არსებული სტატუს-კვო, ანუ, ფაქტობრივად, ისევ ორპარტიული პოლიტიკური ელიტა", - დაასკვნის რესპონდენტი.

"პატრიოტთა ალიანსი", რომელსაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჰქონდა რეიტინგის გაზრდის სერიოზული შანსი, ძველ შედეგს დასჯერდა. მათ შანსის გამოყენება საკუთარი უმოქმედობის გამო ვერ მოახერხეს. შედეგად თვითმმართველობაში მივიღეთ "ქართული ოცნება" "ნაციონალური ფრთებით"... ისინი ეცდებიან, უახლოესი 5-10 წლის განმავლობაში შეინარჩუნონ ეს სტატუს-კვო და მხოლოდ თვითონ დარჩნენ ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე წონიან მოთამაშეებად. ეს არის მათი სასიცოცხლო ინტერესი. ამიტომაც იყო, რომ ასეთი მშვიდი და გაღიმებული სახით შეხვდა ოპოზიცია არჩევნების შედეგებს, თუ არ ჩავთვლით "ნაციონალური მოძრაობის" ცოტა გაბრაზებულ რამდენიმე განცხადებას, რადგან მთლად უამისობაც არ იქნებოდა. დანარჩენ პარტიებს რა პერსპექტივა აქვთ? მათ უმეტესობას პულსი არც კი ესინჯება. ერთადერთი გამოსავალია ანტიისტებლიშმენტური მოძრაობა, რომელიც ძალიან მოდური გახდა მთელ მსოფლოში და რომლის ტალღაზეც მოვიდა აშშ-ში ტრამპი, საფრანგეთში კი _ მაკრონი. ვიმეორებ, "ქართული ოცნება" და "ნაციონალური ფრთები" ყველაფერს გააკეთებენ, რომ ახალი პოლიტიკური აქტორები სცენაზე არ შემოუშვან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ახალ აქტორებს რესურსი არა აქვთ. ეს რესურსი ის მომლოდინე ამომრჩეველია, რომელიც არჩევნებზე არ მივიდა", - მიიჩნევს ექსპერტი.

"ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, დასავლეთსაც უნდა აძლევდეს ხელს ის სტატუს-კვო, რაც ამ არჩევნების შედეგად შეიქმნა, იმიტომ, რომ საკრებულოებში, ოპოზიციის სახით, წარმოდგენილია ორი მსხვილი პროდასავლური ძალა. შედეგად, დასავლური ინტერესები საფრთხის ქვეშ არ დამდგარა, მაგრამ რამდენად ხელსაყრელია ან რას მოუტანს საქართველოს მოსახლეობას ეს შედეგი, საკითხავია... ძალიან სამწუხაროა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ არჩევნებმა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების წინ აჩვენა ოპოზიციის სრული უპერსპექტივობა, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ამ შედეგმა განსაზღვრა საპრეზიდენტო არჩევნების ბედიც. ვგულისხმობ ოპოზიციის დაქსაქსულობასა და ურესურსობას. ოპოზიციის წიაღში ძნელად მეგულება ალტერნატიული საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც მთელი ოპოზიციის გაერთიანებას შეძლებს... მეორე ტური რომ ყოფილიყო, ეს ქართული დემოკრატიისთვის იდეალური იქნებოდა. რატომ არ შედგა მეორე ტური, ამასაც აქვს ლოგიკური ახსნა: მეორე ტურის პირობა იყო არჩევნებზე კალაძის მოწინააღმდეგე რაც შეიძლება მეტი ამომრჩევლის მოყვანა. ელისაშვილის გარდა, უბნებზე თავისი ამომრჩევლის მაქსიმუმი ყველამ მიიყვანა. მხოლოდ ელისაშვილს ჰქონდა მეტი ამომრჩევლის მობილიზებისა და პროცესის მეორე ტურამდე მიყვანისთვის საჭირო მხარდამჭერთა რესურსი, მაგრამ მან, მიზეზთა გამო, ეს ვერ შეძლო, რაზეც ზემოთ უკვე ვილაპარაკე...თუმცა, ამისთვის ძალიან ცოტა დააკლდა", - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე და შეკითხვაზე - "ბიძინა ივანიშვილმა ხმის მიცემის შემდეგ საარჩევნო უბანზეც კი არ გააკეთა განცხადება..." - პასუხობს:

"ივანიშვილი დაიღალა საკუთარი პოლიტიკური გუნდის შეცდომებითა და ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებით. ამიტომაც გუნდი თავისუფალი ცურვისთვის მიუშვა. თან იცოდა ძალიან კარგად, რომ ამ არჩევნებზე მისი გუნდის წარმატებას საფრთხე არ ემუქრებოდა და არც აუტკივარი თავის ატკივება სჭირდებოდა. ამასთან, პასუხისმგებლობა მთლიანად გადააბარა "ქართული ოცნების" კანდიდატებს, განსაკუთრებულად - კალაძეს. ამიერიდან თბილისში ძალიან რთული იქნება ხელისუფლებისკენ მიმართული ისრების ივანიშვილისკენ გადამისამართება. წარმატების თუ წარუმატებლობის შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა კალაძეს დაეკისრება".

ნანახია - 335

ფხიზელი

2017-10-24 00:04:31

:))
ისე დარდობენ მომავალ პრეზიდენტზე, თითქოს ეგეც რაიმეს წარმოადგენდეს!
რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება პრეზიდენტი?!
პრეზიდენტს ხომ ერთდერთი ფუნქცია აქვს - ვეტოს დადება (რომელსაც "ოცნების" უმრავლესობა უპრობლემოდ გადალახავს ყველა შემთხვევაში).
რა საჭიროა ამისათვის ამხელა სასახლე და ათასგვარი მრჩეველ-კონსულტანტების მუქთამჭამელი შტატები?
ბიუჯეტის ფულია ასათვისებელი?!
გამოუყავით ერთი პატარა ოთახი სადმე, დააწერეთ კარებზე "პრეზიდენტი" და მორჩა!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80