რა შეცვალა ელისაშვილის მეორე ადგილზე გასვლამ
დაიჯესტი

რა შეცვალა ელისაშვილის მეორე ადგილზე გასვლამ

რა შეცვალა ელისაშვილის მეორე ადგილზე გასვლამ
"რეზონანსი"

2017-10-23 11:09:07

"თბილისის მერობის არჩევნებში მთავარი ინტრიგა იყო, იქნებოდა თუ არა მეორე ტური და შეძლებდა თუ არა უპარტიო და უფულო კანდიდატი, მმართველი პარტიის მთავარი კონკურენტი გამხდარიყო. მეორე ტური არ შედგა, 51.13%-ით გაიმარჯვა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. მეორე ადგილზე კი დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი გავიდა 17.49%-ით და მმართველ პარტიასთან კონკურენციაში ყველა ოპოზიციური პარტია უკან ჩამოიტოვა. პოლიტოლოგების განცხადებით, ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ თბილისში პოლიტიკური პარტიების მიმართ დიდი იმედგაცრუებაა და ამიტომაც მეორე ადგილზე გავიდა დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც არც პარტია უმაგრებდა ზურგს და არც - ფინანსები", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით რა შეცვალა ელისაშვილის მეორე ადგილზე გასვლამ / "მან უფულოდ და ადმინისტრაციული რესურსების გარეშე მოახერხა, მთავარი ოპოზიციური ძალა გამხდარიყო".

"დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტ სოსო ცისკარიშვილის თქმით, კახა კალაძეს ელისაშვილის უნდა შეშურდეს კიდეც, რადგან ელისაშვილმა უფულოდ და ადმინისტრაციული რესურსების გარეშე მოახერხა, მთავარი ოპოზიციური ძალა გამხდარიყო - "უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობ, რომ ჯანსაღი მიდგომის შემთხვევაში ბატონ კალაძეს უნდა შეშურდეს ელისაშვილის, ადამიანის, რომელმაც მაღალი შედეგი მოიპოვა განურჩევლად იმისა, რა სახის პარტიის მიმართ ჰქონდა მიუღებლობა. ხალხის მიერ არჩეული ელისაშვილი უფროა, ვიდრე კალაძე. კალაძისნაირი ლოკომოტივი რომ ჰქონოდა ელისაშვილს, მგონი, მარტო თბილისის კი არა, ერევნისა და ბაქოს მერობასაც შეძლებდა ერთდროულად. ეს, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით", - ამბობს ცისკარიშვილი. მისი თქმით, ელისაშვილის წარმატება არის კიდევ ერთი დასტური, რომ პოლიტიკური პარტიების მიმართ ნიჰილიზმი თბილისელებში კი არ მცირდება, პირიქით - იზრდება და პროგნოზირებს, რომ "ელისაშვილს დიდი როლი ექნება თბილისის მომავალ ოთხწლედშიც", - აღნიშნავს გამოცემა.

"პოლიტოლოგი აცხადებს, რომ გამორიცხული არ არის, ელისაშვილის ლიდერობით უფრო დიდი და მწვავე ოპოზიცია საკრებულოს გარეთ შეიქმნას, თუმცა მიიჩნევს, რომ ელისაშვილისთვის პარტიის შექმნა წამგებიანი იქნებოდა და მან სამოქალაქო აქტივისტის პოზიციიდან უნდა გააგრძელოს მოღვაწეობა - "ელისაშვილი მომავალ ოთხწლედში იქნება თბილისელების მალამო საკუთარი შეფასებებით და საკუთარი ქმედებებით. ის მერი არ ყოფილა, მაგრამ თბილისისთვის მუდმივად სიკეთის მთესველი ადამიანი გახლავთ. თუ მოისურვებს, მას უნარი და სერიოზული პერსპექტივა აქვს, მრავალწევრიანი არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნას და თბილისელებთან კომუნიკაცია ასე გააგრძელოს. მოლოდინია, რომ ელისაშვილის პოპულარობა უფრო გაიზრდება, ვიდრე კალაძე მოიმკის თბილისელებისგან მეტ სიმპათიას", - ამბობს ცისკარიშვილი, თუმცა მიიჩნევს, რომ "თუ მან პარტიის შექმნა დაიწყო, ეს მისგან მოულოდნელი და მძიმე შეცდომა იქნება. საქართველოში რეგისტრირებული 240 პარტიის უმეტესობის ბედს გაიზიარებს და ძალიან ინანებს", - განაგრძობს გამოცემა.

"პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ალეკო ელისაშვილმა ეს არჩევნები მორალურად მოიგო - "თუ ჩვენ არა ტექნიკურ მხარეს, არამედ მორალურ მხარეს ავიღებთ, ელისაშვილმა მოიგო ეს არჩევნები და აგიხსნით, რატომ. იმიტომ, რომ ნატურალური ამომრჩეველი მხოლოდ მას ჰყავდა, ადამიანები, რომლებმაც გულით მისცეს ხმა და ამიტომაც მისი 17% ბევრად უფრო მეტი ღირს, ვიდრე კახა კალაძის 51%. კალაძის ეს პროცენტი მთლიანად ადმინისტრაციული და პარტიული მობილიზაციისა და მატერიალური რესურსის მონაპოვარია, ელისაშვილი კი ხალხის ნატურალური არჩევანი იყო", - თვლის ხუხაშვილი. მისივე თქმით, ამ არჩევნებზე "ქართულმა ოცნებამ" ძალიან დიდი ფული დახარჯა მაშინ, როდესაც ელისაშვილს არც ფული ჰქონია, არც საორგანიზაციო გამოცდილება, არც პოლიტიკური გამოცდილება და არც პარტია - ცნობისათვის, მერობის კანდიდატებს შორის ალეკო ელისაშვილს ყველაზე მცირე დაფინანსება ჰქონდა, მან მხოლოდ 31 431 ლარის შემოწირულობა მიიღო მაშინ, როდესაც "ქართული ოცნების" შემოწირულობა იყო 11,6 მილიონი ლარი. პოლიტოლოგების თქმით, დაფინანსების ეს უდიდესი დისბალანსიც და პლუს "ქართული ოცნების" უდიდესი ადმინისტრაციული რესურსი გახდა იმის მიზეზი, რომ მეორე ტური არ შედგა და კახა კალაძე და ალეკო ელისაშვილი მეორე ტურში ვერ შეხვდნენ ერთმანეთს", - დასძენს გამოცემა.

"ერთადერთი მისი აქტივი იყო გულანთებულობა და ქალაქის სიყვარული, სხვა არაფერი, გაღლეტილი კაცია. ამიტომ მისი 17% ათჯერ მეტია, ვიდრე კალაძის 51%, რომელიც ადმინისტრაციული რესურსით და დიდი ფულით მოიპოვა... მისი ხასიათიდან გამომდინარე, ძნელია წარმოდგენა, რომ ელისაშვილი პარტიული აქტივისტი გახდება. ის ინდივიდუალისტია. პარტიული მოღვაწეობა ისეთ თვისებებს გულისხმობს, რაც ელისაშვილს არ გააჩნია. შესაბამისად, მისი პოლიტიკური პერსპექტივა ბუნდოვანია. იქნება მცდელობა სხვადასხვა პარტიისგან, სხვადასხვა ჯგუფისგან მისი ანგაჟირების, მისი ჩათრევის. ამას ვნახავთ. სხვა ძნელი სათქმელია. მას აქვს დღეს დაგროვილი გარკვეული კაპიტალი და არ უნდა შეეშალოს, არ უნდა იფიქროს, რომ ეს კაპიტალი მხოლოდ მისი გულწრფელობის დამსახურებაა. ხალხმა მას ხმა მისცა არა მარტო მისი გულწრფელობის გამო, არამედ იმის გამო, რომ ეზიზღება ეს პარტიები, ეს პარტიული ელიტა, როგორც ოპოზიციური, ისე სახელისუფლებო და აპათიაშია. ელისაშვილი კი ამ ჭაობში მარგალიტივით იყო და ნატურალური არჩევანი მასზე ამიტომ შეჩერდა. ძნელი წარმოსადგენია, მან პარტიული აქტივობა დაიწყოს, ან რაღაც ორგანიზაციული სტრუქტურა ჩამოაყალიბოს - ამის გარეშე კი საპარლამენტო არჩევნებზე გასვლა, უბრალოდ, უაზრობაა... ასეთი ადამიანები სჭირდება ამ ქალაქს. იმედი მაქვს, ახლა მაინცდამაინც დეპრესიაში არ ჩავარდება და გააგრძელებს თავის საქმიანობას, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდა", - დაასკვნის გამოცემასტან საუბრისას გია ხუხაშვილი.

ნანახია - 572

pele

2017-10-23 16:06:23

ვურჩევ კალაძეს ელისაშვილი დაიყენოს გვერდით. მე მგონი ეს საქმესც წაადგება და კალაძის იმიჯსაც. თუ ასეთი შეთავაზება კახას მხრიდან არ იქნა მიცემული, ეს ნიშნავს რომ არაფრის შეცვლის სურვილი არ გააჩნიათ!

davituna

2017-10-24 01:42:30

ელისაშვილს წინა არჩევნებში მივეცი ხმა ,მაგრამ მერე გამოჩნდა რა ხვითოცაა...ვინაა გულწრფელი,მაგ თაღლითი?!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80