21 წლამდე ადამიანები აზარტულ თამაშებს ვეღარ ითამაშებენ
ეკონომიკა

21 წლამდე ადამიანები აზარტულ თამაშებს ვეღარ ითამაშებენ

21 წლამდე ადამიანები აზარტულ თამაშებს ვეღარ ითამაშებენ
ბექა დანელია

2017-11-02 11:57:27

რამდენიმე წლიანი ჭოჭმანის შემდეგ როგორც იქნა, პარლამენტში აზარტული თამაშებით დამარეგულირებელი კაონოპროექტი შევიდა. სავარაუდოდ, უკვე იანვრიდან 21 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის ან 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის აზარტული ან მომგებიანი თამაშებზე დაშვება კანონით აიკრძალება. კიდევ რას შეზღუდავს ახალი კანონი, ეს საბოლოოდ დამტკიცების შემდეგ გაირკვევა. არ არის გამორიცხული, სათამაშო ბიზნესის ლობი ამუშავდეს და დეპუტატებმა რაღაცებზე თვალი დახუჭონ.

კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. სპეციალური ნებართვის გარეშე, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრება შემოსავლების სამსახურის მიერ მოხდება.

კანონპროექტის თანახმად, დგინდება ახალი სამართალდარღვევები და შესაბამისი პასუხისმგებლობაც. კერძოდ, განისაზღვრება, რომ სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობაში მონაწილეობისთვის იმ საქართველოს მოქალაქის დაშვება, რომელიც არ არის რეგისტრირებული მოთამაშედ მოთამაშეთა ერთიან რეესტრში გამოიწვევს აზარტული ან მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში - გამოიწვევს დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით.

წამახალისებელი გათამაშების მოწყობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებართვის გარეშე გამოიწვევს მომწყობის დაჯარიმებას 20 000 ლარით, განმეორების შემთხვევაში - 40 000 ლარით.

უმრავლესობის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ დაუღალავი შრომაა იმისათვის საჭირო, რათა სულ უფრო და უფრო ცოტა ადამიანი დაკავდეს აზარუტლი თამაშებით. გარდა ამისა, ყურადსაღებია ისიც, რომ ამჟამინდელი კანონის პირობებში ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხასაც კარგავს.

„იმ საგადასახადო პოლიტიკით, რომელიც ახლა გვაქვს, მინიმუმ, 200 მლნ ლარს ვკარგავთ ყოველწლიურად. წესით, ეს თანხა უნდა შედიოდეს ბიუჯეტში, ჩვენ რომ აზარტულ თამაშებთან მიმართებით სწორ პოლიტიკას ვატარებდეთ.

აუცილებელია დაუღალავი შრომა იმისათვის, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა ითამაშოს აზარტული თამაშები. დარწმუნებული ვარ, რეგულაციების შემდეგ მიზანს მივღწევთ და ისიც უნდა ითქვას, რომ აუცილებელია მედიის ჩართვა, რათა თვალნათლივ დავინახოთ, სად ვუშვებთ შეცდომას და რა გვაქვს გამოსასწორებელი“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

სპეციალისტები კი უფრო ფართოდ უყურებენ საკითხს. მათი აზრით, მხოლოდ ცალკეული შეზღუდვას დიდი ეფექტი არ ექნება. აფბა-ს ანალიტიკოსის ზურაბ კუკულაძის თქმით, პრობლემა პოპულარიზაციით იწყება და თუ აზარტული თამაშების რეკლამირება მინიმუმამდე არ დავიდა, ვერანაირი მექანიზმი ვერ იმუშავებს გამართულად.

„მხოლოდ რეგულირება არ იქნება საკმარისი გამომდინარე იქიდან, რომ პრობლემა იწყება ამ საქმიანობის რეკლამირებით. ამას სოციალურად მძიმე შედეგი მოაქვს და ამავე დროს ეკონომიკაზეც ცუდად აისახება, ვინაიდან აქცენტირება ხდება ისეთი ტიპის პროდუქტებზე (თითქმის 4 მლრდ-ს გადააჭარბა აზარტული ბიზნესის ბრუნვამ), რომელიც არ შეიძლება იყოს რამე ეკონომიკური დოვლათის შემქმნელი. რეალურად საქმე გვაქვს ეკონომიკიდან ფულის გადინებასთან და ხალხის გაღარიბებასთან“, - აცხადებს ზურაბ კუკულაძე.

ნანახია - 312

arichopra 2

2017-11-06 15:24:08

არაა სწორი ასეთი ასაკობრივი ცენზის დაწესება! აკრძალვა უნდა დაწესებულიყო 40 წლმდე! დაახლოებით ამ ასაკში გამოდიან ქართველი მოქალაქეების უმეტესობა საბავშვო ასაკიდან!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80