მთავრობა თვლის, რომ ეკონომიკა იზრდება, თუმცა ლარი უფასურდება, პროდუქტები ძვირდება
ეკონომიკა

მთავრობა თვლის, რომ ეკონომიკა იზრდება, თუმცა ლარი უფასურდება, პროდუქტები ძვირდება

მთავრობა თვლის, რომ ეკონომიკა იზრდება, თუმცა ლარი უფასურდება, პროდუქტები ძვირდება
მარიამ თოდაძე

2017-11-06 15:00:46

„ლარის ცვალებადობაში დიდი როლი ითამაშა შექმნილმა მოლოდინებმა, რომ წლის ბოლოს ლარი გაუფასურდება და ამიტომ ცდილობენ ვალუტის შეძენას“, - ასე ხსნის ფინანსთა სამინისტრო ლარის გაუფასურებას.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ყველანაირი ფაქტორი, რომელიც გაცვლით კურსზე მოქმედებს, დადებითია და არ არის გამოწვეული იმ ფუნდამენტური ფაქტორებიდან, რაც გაცვლით კურსზე მოქმედებს.

„სამწუხაროდ, გვაქვს ეს მოცემულობა. ეს მოცემულობა, ალბათ, სამართავია და უნდა მოხდეს მისი მართვა, რომ მოლოდინები სწორად იქნას ჩამოყალიბებული. ეს მოლოდინები ახდენს დღეს დიდ გავლენას, რომელიც ლარის კურსზე მოქმედებს“, - განაცხადა კაკაურიძემ.

ოპოზიცია თვლის, რომ მოსახლეობას და ბიზნესს აღნიშნული ფობიები და შიშები მას შემდეგ დაიწყო, რაც მოხდა ვალუტების მნიშვნელოვანი გაუფასურება დოლართან მიმართებაში, კერძოდ, 2015-2016 წლებიდან.

ეროვნული ბანკიც აცხადებს, რომ სავალუტო ბაზარზე ბოლოდროინდელ მაღალ მერყეობას ობიექტური საფუძველი არ აქვს და არსებული ინფორმაციის მიხედვით, კურსზე მოქმედი საშუალო და გრძელვადიანი ფაქტორები პოზიტიურია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წელს სავალუტო შემოსავლები უმჯობესდება და ეს ტენდენცია მომავალ წელსაც გაგრძელდება. სექტემბრის მონაცემებით, საქონლის ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლის განმავლობაში თითქმის 30%-ით, ხოლო ფულადი გზავნილები 20%-ით გაიზარდა.

როგორც ეროვნული ბანკი განმარტავს, წლის განმავლობაში ბიუჯეტის ხარჯვა დაბალანსებულად მიმდინარეობს. ეროვნულ ბანკს მთავრობასთან აქვს ყოველდღიური კომუნიკაცია და დარჩენილ პერიოდშიც არ არის მოსალოდნელი კურსზე ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მხრიდან რაიმე უარყოფით გავლენა. ბოლო პერიოდში ლარის კურსის ცვლილება ძირითადად შემოდგომაზე გაუფასურების მაღალმა მოლოდინმა გამოიწვია.

„ლარის აღნიშნული გაუფასურება დროებითია. თუ ეროვნული ბანკი დაინახავს, რომ გაცვლითი კურსის ცვლილებამ მომავალში შეიძლება შექმნას ზეწოლა ინფლაციაზე, თავისი მანდატის შესაბამისად, ეროვნული ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს მაღალი ინფლაციის თავიდან ასაცილებლად. ფასების სტაბილურობა, თავის მხრივ, უზრუნველყოფს კურსის გრძელვადიან სტაბილურობას“,- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხელისუფლების უარყოფის მიუხედავად ფასების სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან გარკვეულ პროდუქციაზე ფასები უკვე გაზრდილია და ფასები ყოველდღიურად იცვლება.

ამის მიუხედავად ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც მოქმედებს საქართველოში, აუცილებელია ეკონომიკის გრძელვადიანი სტაბილური ზრდისა და დასაქმებისთვის.

„მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში ბაზრისთვის დამახასიათებელია კურსის მოკლევადიანი ცვალებადობა, მათ შორის მოლოდინებზე რეაგირება, რაც სავალუტო ბაზრის ბუნებრივი ქცევაა. ჩვენი მიზანია მინიმალური ჩარევა საბაზრო პროცესებში, თუმცა ეროვნული ბანკი ფლობს ადეკვატური რაოდენობის უცხოური ვალუტის რეზერვს, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, გონივრულად მიმართავს“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რაკი ხელისუფლება აცხადებს, რომ ლარის გაუფასურების რეალური მიზეზები არ არსებობს, ექსპერტები სხვადასხვა ვერსიებს გვთავაზობენ, თუ რატომ შეიძლებოდა, გაუფასურებულიყო ლარი.

ექსპერტი, ალექსანდრე თვალჭრელიძე თვლის, რომ ლარის გაუფასურება უცხოური ვალუტის ნაკლებობაზე მეტყველებს.

„ჩემი დადასტურებელი ვარაუდით, არჩევნების წინ სხვადასხვა პარტიების საარჩევნო კამპანიების დასაფინანსებლად ქვეყანაში ბევრი ფული შემოდინდა. ვეჭვობ, აუდიტის სამსახურს ამ თანხების სრული აღნუსხვა მოეხერხებინოს. ვფიქრობ, ბევრ პოლიტიკურ პარტიას მეორე ტურისთვის გამიზნული სახსრები დარჩა გამოუყენებელი. ამჟამად ამ თანხების უცხოურ ვალუტაში სწრაფი კონვერტაცია და ქვეყნიდან გადინება მიმდინარეობს“, - მიიჩნევს თვალჭრელიძე.

ექსპერტი თვლის, რომ სანამ ახლად არჩეული მერები თავის საქმეს არ შეუდგებიან და ადგილობრივი მეწარმეები გაეცნობიან „თამაშის ახალ წესებს“, ქვეყნიდან გადენილი სახსრები შემოტანილი ინვესტიციებით არ დაბალანსდება.

„ყველაფერ ამას კიდევ წინასაახალწლო ციებ-ცხელება დაემატება. ამიტომ, ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მე ლარის გაცვლითი კურსის მდგრად დასტაბილურებას იანვრის მეორე ნახევარში ვვარაუდობ“, - აცხადებს თვალჭრელიძე.

„ნაციონალური მოძრაობა“ კი თვლის, რომ ამჯერად, ფინანსთა სამინისტროს მიერ კომერციულ ბანკებისთვის მიცემული 500 მლნ ლარია პრობლემის სათავე.

„როცა ლარი უფასურდებოდა, რატომ გაეცით სამშაბათს 50 მლნ ლარი დამატებითი სესხი კომერციულ ბანკებზე?! ეს ფული რომ დაებრუნებინათ ბანკებს, მათ მოუწევდათ ფულის გაყიდვა და ლარზე ზეწოლა აღარ იქნებოდა. რა არის თქვენთვის პრიორიტეტი? ფასების სტაბილურობა, თუ რაღაც მოჩვენებითი ეკონომიკური ზრდა“? - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვისას.

„იძლევით თუ არა იმის გარანტიას, რომ ის 400 მილიონიანი გარღვევა, რომელიც გაქვთ, არ იქნება ლარის გაუფასურების დამატებითი ფაქტორი და არ განმეორდება ის, რაც ბიუჯეტის დამტკიცებისას შარშან ვიხილეთ, როცა ლარი დაეცა?!“, - მიმართა გოცირიძემ დიმიტრი ქუმსიშვილს.

ფინანსთა მინისტრი თვლის, რომ ლარიზაციის რეფორმამ მინიმუმამდე უნდა შეამციროს თითოეული ჩვენი მოქალაქის დამოკიდებულება საგარეო ეკონომიკურ შოკებზე.

„ბოლო დღეებში, ერთ-ერთი მთავარი თემაა სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარებაა. ლარის კურსი უცხოური ვალუტების მიმართ და მისი მსყიდველობითი უნარი მეც მაწუხებს. როგორც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს... ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა, სწორედ მთავრობის პასუხისმგებლობაა, სწორედ ამიტომ, ეს პასუხისმგებლობა მავალდებულებს ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნა, რომ ასეთი მდგომარეობა გაგრძელდება მანამდე, ვიდრე მაღალია დოლარიზაციის გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე“- აცხადებს ქუმსიშვილი.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა ლარიზაციის სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულების შემცირებას, რათა მოიხსნას აღნიშნული პრობლემა და შოკის მიმართ გამძლეობა გაიზარდოს.

თუ ხელისუფლება მოახერხებს ისეთი სტრატეგიის შემუშავებას, რომ ლარის დაცემა ყველა ტიპის პროდუქციის გაძვირებაზე არ აისახოს, მაშინ შესაძლოა, ხალხის ნეგატიური მოლოდინები დიდ უკმაყოფილებაში არ გადაიზარდოს, მაგრამ დღესდღეობით არა მხოლოდ სასურსათო პროდუქცია და მედიკამენტები გაძვირდა, არამედ ტანსაცმლის და სხვა არასასურსათო პროდუქციის ფასებიც კი იზრდება.

დიმიტრი ქუმსიშვილი იმის დასადასტურებლად, რომ საქმე არც ისე ცუდადაა მიმდინარე წლის სტატისტიკას იშველიებს, რომლის თანახმად, მიმდინარე წლის ოქტომბრის მდგომარეობით, დეპოზიტების ლარიზაცია წლის დასაწყისიდან გაიზარდა 6 პროცენტული პუნქტით - 35%-მდე, ხოლო სესხების ლარიზაცია გაიზარდა 8,4 პროცენტული პუნქტით - 35%-მდე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილებაა ფიზიკური პირების შემთხვევაში. სესხების ლარიზაცია ფიზიკურ პირებში 12 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შეადგინა 54%.

„სწორედ ეს მოხსნის იმ უარყოფით გავლენებს, რომელიც ჩვენ შეიძლება გვქონდეს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომისტი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე მიიჩნევს, რომ გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებით, ლარის კურსის ცვლილება მოსალოდნელი იყო.

„პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ეკონომიკა ძალიან პატარაა და ნებისმიერი სახის მცირე რყევაც კი მასზე მძიმედ აისახება“, - მიიჩნევს ღაღანიძე, მისივე პროგნოზით უახლოეს პერიოდში ლარის კურსი დასტაბილურებას დაიწყებს.

„ის მომენტი, რაც ამჟამად არის, საკმაოდ მძიმეა ჩვენი საგარეო სავაჭრო ბალანსისთვის, ვინაიდან ნოემბრის ბოლოდან დაიწყება ჩვენთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტების დიდი რაოდენობით რეალიზაცია და ამით გარკვეული შევსება მოხდება. ხოლო იმპორტის ოპერაციები მკვეთრად იზრდება იმიტომ, რომ სწორედ ამ პერიოდში საცალო მოვაჭრეები მარაგების ფორმირებას ახალი წლისათვის ახდენენ. ამ ფაქტორების თანხვედრამ განაპირობა ის მოცემულობა, რომელიც დღეს გვაქვს. თუმცა მცირე პერიოდში მოხდება სტაბილიზაცია და კურსი ქვევით წამოვა“, - მიიჩნევს ღაღანიძე.

ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ ეს კომერციული ბანკების მიერ „განხორციელებული ღონისძიებაა“, ხოლო ხელისუფლება მათ ხელს აფარებს.

ფინანსთა მინისტრიც აღნიშნავს, რომ სავალუტო ბაზარზე მოკლევადიან ცვლილებებს მონაწილეთა ქცევა განსაზღვრავს - ამ სუბიექტის ქცევებზე მოლოდინები ახდენს გავლენას.

„სავალუტო ბაზარზე მოკლევადიან ცვლილებებს მონაწილეთა ქცევა განსაზღვრავს. ეს არის ძალიან მარტივი რამ. იმ სუბიექტების ქცევა, რომლებიც სავალუტო ბაზარზე არიან, განსაზღვრავს შედეგს, რა შედეგიც სავალუტო ბაზარზე დგება“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მინისტრმა აქვე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულების შემცირების პოლიტიკა. რაც შეეხება მოლოდინებს, რასაც ფინანათა მინისტრი ლარის გაუფასურების მთავარ მიზეზად მიიჩნევს, ეს სოცქსელებში, სავარაუდოდ, ოპონენტი პოლიტიკური ძალების მიერ აგორებული კამპანიაა.

„ძალიან ბევრჯერ დაისვა კითხვა, თუ ვინ აჩენს უარყოფით მოლოდინებს ამ ქვეყანაში? პასუხი არის ძალიან მარტივი: მოდით, ვნახოთ, ვინ აკეთებს უარყოფით კომენტარებს, ვინ დებს პოსტებს თავის Facebook-ის გვერდზე და, შესაბამისად, პასუხსაც ვნახავთ. მე არა მგონია, რომ ჩვენ სხვაგან მოვძებნოთ უარყოფითი მოლოდინების გაჩენის წყარო, რაც ძალიან სამწუხაროა“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა. 

ნანახია - 459

arichopra 2

2017-11-06 15:18:20

მე მგონია აი მთავრობა ქლათ გააბდლდა! ))

natali

2017-11-06 15:23:32

„ძალიან ბევრჯერ დაისვა კითხვა, თუ ვინ აჩენს უარყოფით მოლოდინებს ამ ქვეყანაში? პასუხი არის ძალიან მარტივი: მოდით, ვნახოთ, ვინ აკეთებს უარყოფით კომენტარებს, ვინ დებს პოსტებს თავის Facebook-ის გვერდზე და, შესაბამისად, პასუხსაც ვნახავთ. მე არა მგონია, რომ ჩვენ სხვაგან მოვძებნოთ უარყოფითი მოლოდინების გაჩენის წყარო, რაც ძალიან სამწუხაროა“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.

:)))))))))))))))))))))))))))))))

ვაიმეეეე რა ვაიმეეეე:)))))))))))))

ამ განცხადებას რომ მინისტრი გააკეთებს, ის შეიძლება მინისტრი იყოს?????

არაა გამორიცხული ამ ჩლუნგმა ფეიბუქის დაბლოკვაც მოითხოვოს:)))))))))

ურჩევნია აღიაროს ლარის კურსის ამ თამაშით რამდენი მოიგო პირადად მაგან.

ჩლუნგს კი ვეძახი მაგრამ ჩლუნგები მგონი მე და ჩემნაირები ვართ.

arichopra 2

2017-11-06 15:26:02

ნატალი! ისე როგორ ფიქრობ მართლა ვინ ათამაშებს ამ ლარის კურსს, რა ხდება?!

ფხიზელი

2017-11-06 19:50:19

:)
დღეს წავაწყდი სადღაც ვიდეოს (ახლა ვერ ვპოულობ), სადაც ახსნილია, რატომ უფასურდება ლარი:
თურმე, ფული არ უნდა ჩაიდოთ უკანა ჯიბეში, რადგან ამ ფულზე წმინდანები - აღმაშენებელი, თამარ მეფე და ილია არიან გამოსახულიო!
(დოლარები შეგიძლიათ: იქ ამერიკელი პრეზიდენტები ახატია და პრობლემა არ არის).

ფხიზელი

2017-11-06 19:50:25

Munji

2017-11-06 22:56:10

ნატალი :))
ქუმსიშვილის განცხადება მაგონებს კენიის ზოოპარკის დირექტორის კომენტარს ინგლისელის გადაღებულ ფოტოზე, რომელზეც აღბეჭდილია ხვადი ლომების ჰომოსექსუალური აქტი: ეტ ყობა, დამთვალერებელთა ანალოგიური უწესო საქციელი ნახეს და იმიტომ იქცევიან ესენიც ამნაირადო!.... :)))

natali

2017-11-06 23:02:50

https://www.youtube.com/watch?v=vn7UaonVkNg

აი ამ ქალმა დააგროვა ბღუჯა ლარები და ახლა უყიდია დოლარები, სულ მაგას გაუფუჭებია:))))))ფეისბუქზე წაუკითხავს გოცირიძის პროგნოზი და შეშინებია:))))))))

გავიგუდე სიცილით:))))უკვე ნერვებიც აღარ მეშლება:)))))))))

ფხიზელი

2017-11-07 00:36:51

აჰა, ისევ შემხვდა ის ვიდეო:
http://zozme.com/index.php?newsid=9420

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80