რეცეპტის ელექტრონულად გამოწერა სავალდებულო გახდება
ეკონომიკა

რეცეპტის ელექტრონულად გამოწერა სავალდებულო გახდება

რეცეპტის ელექტრონულად გამოწერა სავალდებულო გახდება
ბექა დანელია

2017-11-07 12:00:54

ახალი წლიდან ჯანდაცვის სფეროს რეფორმების მორიგი ტალღა გადაუვლის. როგორც ჩანს, ეს დარგი მუდმივი ცვლილებებისთვის არის განწირული. ამჯერად საქმე ეხება რეცეპტის ელექტრონულად გამოწერის ვალდებულებას და დაფინანსების მეთოდის შეცვლას.

2018 წლიდან რეცეპტის ელექტრონულად გამოწერა სავალდებულო გახდება. პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე განმარტავს, რომ 2018 წლის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი სწორედ ელექტრონული რეცეპტურის დანერგვაა.

„რეგულაცია სავალდებულო ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად გახდება. უპირველეს ყოვლისა, საუბარია თბილისზე, სადაც შესაბამის ტექნოლოგიებთან ხელმისაწვდომობის პრობლემა არც ექიმებს ექნებათ და არც პაციენტებს.

პირველ ეტაპზე ელექტრონული რეცეპტები სავალდებულო თბილისში გახდება, მომავალში კი უკვე ქვეყნის მასშტაბით. ეს რეცეპტული საკითხების მოწესრიგების საშუალებას მოგვცემს, რადგან საიდუმლო არავისთვის არის, რომ დღეს ხშირ შემთხვევაში კვლავ ხდება მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემა.

ეს სიახლე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია პოლიპრაგმაზიის, ანუ წამლების დიდი რაოდენობით გამოწერის აღკვეთის კუთხით. ასეთ რეჟიმში უფრო ადვილი იქნება იმის ნახვა, თუ რომელი დაწესებულება და რომელი ექიმი მედიკამენტების გამოწერის როგორ პრაქტიკას იყენებს, რამდენ წამალს წერს და ა.შ. ამ რეცეპტს ხედავს როგორც პაციენტი, ასევე ექიმი, აფთიაქი და სამინისტროც. შესაბამისად, რეაგირებაც უფრო ადვილი იქნება იმაზე, თუ რა სჭირდება ავადმყოფს. ზედმეტმა მედიკამენტმა, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს, არა მხოლოდ პაციენტის ჯიბეზე, არამედ მის ჯანმრთელობაზეც“, - აღნიშნა ზოიძემ.

მედიკამენტების სიძვირე უკვე მართლაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. ინფლაციის საერთო მაჩვენებელში ფარმაცევტული სეგმენტში ფასების ზრდას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მოსახლეობა დევალვაციის და მსყიდველუნარიანობის შემცირების გამო წამლების გაძვირებას ძალიან მტკივნეულად განიცდის.

ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ინფალციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჯანმრთელობის დაცვის სფეროა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჯანდაცვაზე ფასები 7.7%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში, პირველადი მოხმარების მედიკამენტების ღირებულება, საშუალოდ, 19%-ით არის მომატებული.

2017 წლის იანვარ-სექტემბერში მედიკამენტების ფასი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.9%-ით გაიზარდა. 2012 და 2013 წლებში პირველადი მოხმარების მედიკამენტები იაფდებოდა. ფასის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 18.3% - 2015 წელს დაფიქსირდა.

მედიკამენტები არ არის ერთადერთი საკითხი, რაც ჯანდაცვის მომსახურების სიძვირეს განაპირობებს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ კლინიკებმა სხვადასხვა სერვისი ძალიან გააძვირეს. ამიტომაც ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 2018 წლიდან დაფინანსების მეთოდის შეცვლა არის დაგეგმილი. არის შემთხვევები, როდესაც ერთ კლინიკაში აპენდიციტის ოპერაცია 1000 ლარი ღირს, ხოლო სხვა კლინიკაში 2-3-ჯერ უფრო ძვირი.

„საბაზრო ფასების გამოთვლა რის საფუძველზე ხდება ეს კერძო კლინიკებთან არის გასარკვევი. მათაც არ აქვთ ხარჯთაღრიცხვა კარგად გაკეთებული, თუ რა უჯდებათ რეალურად ის მომსახურება, რომელსაც კლიენტებს აწვდიან. ხშირ შემთხვევაში კონკრეტული მფლობელის ინტერესებით განისაზღვრება რა ფასს ადებს ეს თუ ის კლინიკა მომსახურებას. მაგალითად, გერმანიაში სადაზღვევო კომპანიებს, ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის სამ წელიწადში ერთხელ მოლაპარაკება ხდება. გამოდის, რომ იქ ფასებს სამ წელიწადში ერთხელ ადგენენ.

ანალოგიური მექანიზმის შემოღებაზეა საუბარი. თუმცა, ეს ტარიფები საავადმყოფოს არ ავალდებულებს და მას შეუძლია თუ ოპერაციის რაღაც ნაწილს სახელმწიფო გადაიხდის, დამატებით პაციენტს დააკისროს დარჩენილი გადასახადის გადახდა. ჯანდაცვაში საბაზრო ფასების დადგენა ცოტა რთული თემაა, ასეთი ცნება არ არსებობს, რადგან ჯანდაცვის ბაზარი არასრულყოფილია და კონკურენცია ამ კუთხით შეზღუდულია ბევრი მიმართულებით“, - განუცხადა „საქმის კურსს“ ზოიძემ. 

ნანახია - 291

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80