პოლიციელი, ადვოკატი და პატიმარი
პოლიტიკა

პოლიციელი, ადვოკატი და პატიმარი

პოლიციელი, ადვოკატი და პატიმარი
თამთა ქარჩავა

2017-11-08 01:40:43

4 წლი და 6 თვე - მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას განაჩენით ასე განესაზღვა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ მაღალჩინოსანს, გოგა ონიანს თავისუფლების აღკვეთა. მოსამართლის გადაწყვეტილებით ონიანი სასამართლო დარბაზში დააკავეს. სასამართლომ ონიანი 4-ვე წარდგენილ ბრალში დამნაშავედ სცნო. ონიანს ბრალი რამდენიმე მუხლით ჰქონდა წაყენებული, მათ შორის უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით.

პროკურატურა ონიანს შსს-ში მუშაობის პერიოდში დანაშაულის ორ ეპიზოდს ედავებოდა. გამოძიების ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში გიორგი ონიანმა 2011 წელს „ქართული ოცნების“ ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის „დაო პრინტის“ მენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა და ნარკოტიკული საშუალების ჩადებით, მას ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წაუყენა. ონიანმა ამავე სცენარით დააკავა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი მხარდამჭერის ლევან მდინარაძის, მეტსახელად „დიჯეი რემბო“. ონიანს ორივე ეპიზოდთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული.

განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს მსჯავრდებულ ონიანის ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი, რომლის განმარტებით, მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენი არაობიექტურია და მტკიცებულებებს არ ეფუძნება. მისი თქმით, სასამართლოს ობიექტურად რომ განეხილა ყველა მტკიცებულება, შეუძლებელი იყო გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანა. ადვოკატის განცხადებით, იყო მუხლები, სადაც საერთოდ მტკიცებულებები არ არსებობდა.

„დანარჩენთან კი მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები იყო, რომლებსაც სახელმწიფომ შეღავათები გაუკეთა და სწორედ ამით გადაიხადეს საფასური იმ ცრუ ჩვენებაში. მიმაჩნია, რომ განაჩენი არის სრულიად უკანონო, დაცვის მხარე ამას გაასაჩივრებს და იმედია, რომ მომავალ ინსტანციებში დაადასტურებს ამ განაჩენის უკანონობას“, - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

საქმის პროკურორის ამირან გუგლაშვილის შეფასებით, განაჩენი ადეკვატურია, რადგან ბრალდება მტკიცებულებებით იყო გაჯერებული. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ყველა წარდგენილი მტკიცებულება, სრულად ადასტურებდა გიორგი ონიანის ბრალეულობას. რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტს მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით, რაც სახალხო დამცველმაც დაადასტურა, საქმის პროკურორი განმარტავს, რომ ამაზე პროკურორებმა სასამართლო პროცესებზე არგუმენტირებული პასუხი გასცეს.

„მიგვაჩნია, რომ სასამართლომ ადეკვატურად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები. დაცვის მხარეს ჰქონდა არგუმენტები, რომელსაც აჟღერებდნენ მედიის საშუალებით და ასევე ეს არგუმენტები არაერთხელ იქნა განხილული სასამართლო სხდომებზე. ჩვენ სხდომებზე ამომწურავად ვუპასუხეთ მათ არგუმენტებს“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

ლევან მდინარაძე, იგივე „დიჯეი რემბო“, რომლის დაკავებისთვისაც ონიანს თავისუფლების აღკვეთა 4 წლით მიესაჯა, ამბობს, რომ სასამართლოს განაჩენს სამი წელია ელოდება. ამბობს, რომ ონიანი ემუქრებოდა, თუ არ ითანამშრომლებდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაშინ 6 წელს მიუსჯიდა.

„სამართალმა პური ჭამა და ახლა მას თავად მოუწევს წლების გატარება ციხეში. პირადად გოგა ონიანი იღებდა ჩემს დაკავებაში და ზეწოლაში მონაწილეობას. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ონიანის დაკავება განვიხილოთ როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორება. როდესაც მე დამაკავეს, სწორედ ეს იყო პოლიტიკური შევიწროვება. მე მაშინ ვარიგებდი „ქართული ოცნების“ მაისურებს. როგორც კი გამოვედი სადარბაზოდან, პირადად გოგა ონიანმა თანმხლებ პირებთან ერთად ჩამტენა მანქანაში, გამიკეთეს ბორკილები და დამიწყეს მანქანაში დაკითხვა, თუ რატომ ვარიგებდი მაისურებს და სად ვარიგებდი. როდესაც ვკითხე თუ რაში მედებოდა ბრალი, მიპასუხეს, რომ სახელმწიფო ღალატში. ამის შემდეგ წავიდა დაშინებები. პირადად მომხმარებელი არ ვიყავი ნარკოტიკული საშუალებების, მაგრამ ჩამიდო ნარკოტიკები, ისევე როგორც სხვებს“, - აღნიშნა ლევან მდინარაძემ.

2011 წელს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლიდან ზუსტად 7 დღეში დააკავეს დავით შათირიშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ მაისურებს ამზადებდა. პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ კი, ონიანმა მაგიდაზე დადო ნარკოტიკული საშუალება და უთხრა, რომ ეს მისგან ამოიღო.

„დამაკავეს იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ ლოგოიანი მაისურები დავბეჭდე. მე ვასრულებდი იმ პერიოდში ჩვეულებრივ დაკვეთას და თურმე არ ყოფილა ჩვეულებრივი დაკვეთა. პოლიტიკაში მოსვლაზე ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან ზუსტად 7 დღეში მოხდა ჩემი დაკავება.

მამაჩემის დაბადების დღე იყო და ასეთი ლამაზი საჩუქარი გაუკეთეს ჩემს ოჯახს არაფრის გამო. თვითონ ონიანი ესწრებოდა ჩემს დაკავებას. თავად პოლიციელებმა დაადეს ხელი ონიანს და თქვეს, რომ მის ბრძანებას ასრულებდნენ. რაც შეეხება ნარკოტიკულ საშუალებას, ის უკვე პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ დადო მაგიდაზე და მითხრა, რომ ეს ჩემგან ამოიღო“, - განაცხადა დავით შათირიშვილმა.

უკანონო დაკავება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია - გარდა ამისა, ონიანი, როგორც პოლიციის თანამშრომელი მონაწილეობდა მშვიდობიანი აქციების დარბევაში და მათ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევაში, მონაწილეობდა დევნილების დროებითი საცხოვრებლიდან ძალისმიერი გზით გამოსახლებაში. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი, ყოფილმა პოლიციელმა ადვოკატის მანტია მოისხა და ამ სტატუსით ზრუნავდა სხვისი უფლებების დაცვაზე.

ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ ადვოკატ გიორგი ონიანის დაკავება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მის თქმით, თუ გოგა ონიანმა, სავარაუდოდ, ჩაიდინა დანაშაული, 5 პოლიციელი იყო ამ სავარაუდო დანაშაულში ბრალდებული, ის 4 პოლიციელი დატოვეს სამსახურში ონიანის საქმე კი სასამართლოში გამოუშვეს და მოითხოვდნენ, რომ ეს ადამიანი ციხეში ყოფილიყო.

„ზუსტად ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. დავუშვათ, თუ 5-მა პირმა დანაშაული ჩაიდინა, აქიდან ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს ციხეში გაუშვა, ხოლო მათ ვინც აღიარეს ნარკოტიკი ჩავუდეო სამსახურში დატოვო, ეს არის ანომალიური ფაქტი. მსოფლიოში არ არსებობს პრაქტიკა, როცა პოლიციელი იტყვის, რომ მე ჩავუდე ნარკოტიკიო და ის სამსახურში დატოვო. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ეს იყო პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური გადაწყვეტილება“, - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

განაჩენის გამოცხადებას დარბაზში შეკრებილი ონიანის ახლობლებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების უკმაყოფილება მოჰყვა, რომელთაც პროტესტის ნიშნად, მოსამართლის მიმართ შეძახილებით - „ივანიშვილის მონა“ - დატოვეს სხდომა. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას შეფასებით, ადვოკატი გიორგი ონიანი ივანიშვილის პირადი პატიმარია. მისი თქმით, ონიანი რომ გადასულიყო „ევროპულ საქართველოში“, ის დღეს თავისუფალი იქნებოდა.

„ხელისუფლება ციხიდან უშვებს მათ, ვინც აწყობს, უქმნის პოლიტიკურ პარტიას და არქმევს ვითომ ოპოზიციას, რეალურ ოპონენტებს კი ციხეში უშვებს. გოგა ონიანი დღეს დააკავეს იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. ონიანი რომ ყოფილიყო კვაზი ოპოზიციური პარტიის წევრი, პირდაპირ გეუბნებით, რომ გადასულიყო „ევროპულ საქართველოში“, ის დღეს დაკავებული არ იქნებოდა. გოგა ონიანი რომ ყოფილიყო გიგი უგულავას, დათო კეზერაშვილის, გიგა ბოკერიას თანამებრძოლი (რომლებიც გამოვლენ ახლა და იტყვიან, რომ თურმე როგორ წუხან ამ ამბის გამო), დღეს დაკავებული არ იქნებოდა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ონიანის დაკავებას „უსამართლოდ“ და „დაუსაბუთებლად“ მიიჩნევს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, რომლის შეფასებით, ეს არის ყოვლად უტვინო გადაწყვეტილება. როგორც უგულავა სოციალური ქსელით წერს, ონიანს „კმარას“ დროიდან იცნობს და იცის, რომ გაუძლებს. რაც შეეხება ყოფილი თანაგუნდელის, ნიკა მელიას განცხადებას, მას „პრუტუნს“ უწოდებს.

„მელიას პრუტუნი არის დაბოღმილი ბრიყვის ღაღადი და ყველას მინდა გთხოვოთ ასეთ დროს დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. თუ რამე აწყობს ასეთ ვითარებაში ივანიშვილის რეჟიმს, სწორედ ესაა - პოლიტიკური დევნა შიდაოპოზიციურ „რაზბორკაში“ გადაიტანოს. ამიტომ არ აყვეთ!

პ.ს. ეს სუბიექტი ჯგუშიას მაგონებს. იყო ასეთი პოლიტიკოსი შევარდნაძის ეპოქაში. იმდენი ქნა ბოლოში, თავისიან სხვისიანად მას უბრახუნებდა“, - წერს გიგი უგულავა.

ონიანის მიმართ სამართლის აღსრულებას ეხმაურებიან მმართველ გუნდში. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე აცხადებს, რომ ამ ადამიანმა საკმაოდ დიდხანს იარა თავისუფლებაზე და დღეს დადგა მომენტი, როცა მან პასუხი უნდა აგოს. კილაძე პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არავითარი პოლიტიკური სარჩული არ გააჩნია.

„როდესაც არის სასამართლოს გადაწყვეტილება, ყველანი სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დავემორჩილოთ – მოგვწონს ის თუ არა. ზოგადად, ამ ადამიანის მიმართ პირადად მე ძალიან დიდი ხანია მაქვს კითხვები. კადრები, რომელიც ვიხილეთ, თუ რას აკეთებდა ეს ადამიანი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს, ჩემთვის გასაკვირი არ არის, რომ ის დააკავეს. ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ყველანი სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დავემორჩილოთ. ამ ადამიანმა საკმაოდ დიდხანს იარა თავისუფლებაზე და დღეს დადგა მომენტი, როცა პასუხი უნდა აგოს“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

ნანახია - 1174

ფხიზელი

2017-11-08 03:06:31

გასაკვირი ერთია მხოლოდ - ამდენი წელი რატომ იყო ონიანი გარეთ და რატომ არ იჯდა ციხეში?
*
იმედია, ზაზა ხატიაშვილი სასწრაფოდ აფრენს სტრასბურგში საჩივარს, რომ "ოცნების" მართლმსაჯულებამ კიდევ ერთი პოლიტპატიმარი გაუშვა ციხეში!

natali

2017-11-08 09:59:58

ციხისთვის კი ყველა ცოდოა,მაგრამ ახლა ხომ ის ციხე აღარაა, ახლა კახიშვილის სანატორიუმია. აი აქ ხომ არ მიდის? ეს წავიკითხე და აღარ მეცოდება.

https://www.kvirispalitra.ge/justice/37992-qqardavam-moikhsna-qamari-yelze-momaba-da-dzaghlivith-mathria-dghemde-ar-vici-risthvis-matsames-am-arakacebmaq.html

ცუგო

2017-11-08 10:54:02

ის ხალხიც დასაჭერია, ვინც გოგა ონიანს და მისნაირებს ქომაგობს, "ინტელექტუალური მხარდაჭერისთვის"

ფხიზელი

2017-11-08 17:44:41

natali,
მე მქონდა ერთი არაჰუმანური, მაგრამ სამართლიანი იდეა: ორთაჭალის ციხე არ უნდა გაეუქმებინა სოზარ სუბარს! - ის ციხე, ზუსტად იმ პირობებში, როგორიც ნაცების დროს იყო, უნდა შეენარჩუნებინათ და იქ მხოლოდ ნაცი პატიმრები უნდა ჰყოლოდათ!
კი, ბატონო, არ ეცემათ ყოველდღე, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი - ჰიგიენიდან დაწყებული და "ბალანდით" დამთავრებული, უნდა ყოფილიყო ნაცების სტანდარტით!!!
იყვირებდნენ მაგათი ევრო-ამერიკელი მხარდამჭერები და აეფარებინათ მაგათ თვალებზე დოკუმენტური მასალა, რომ ოდნავადაც არ გაუარესებულა წინა მთავრობის დროინდელი პირობები და თუ ცუდი იყო ის პირობები, რატომ მაშინ არ იღებდით ხმას, თქვე ფარისევლებო თქო?!..
*
ცუგო-ს ვეთანხმები. პირველ ყოვლისა, კახიძე უნდა მიუსვა გვერდით, პოლიტპატიმრად რომ გამოაცხადა ეს ზონდერი! (კახიძეს, როგორც ადეიშვილის მოადგილეს, არაერთ დანაშაულში ექნება ხელი გასვრილი).

tngh

2017-11-08 21:08:55

ერთი რიტორიკული შეკიტხვა მაქვს. სსრკ-ს დროს ზაზა ხატიაშვილს ჯარში წაიყვანდნენ??? (მედ-კომისიას გაივლიდა???) ფსიხოს მისცემდნენ "პრავის" ასაღებად???

avoeavoe

2017-11-08 22:51:05

ონიანს დიდი ხნის წინ უნდა ეხეხა ციხის იატაკტუ..., და არ მენანება ციხისთვის(მით უფრო ახლა კახიშვილის სანატორიუმ-ციხეა) მე უბრალოდ ის მაფიქრებს ასე კანტიკუნტად და მათიანებისთვის(ოცნების)ახლობლებისთვის, რომ ხგება სამარტლიანობის აღდგენა. ზღვაში წვეტია ონიანის მიერ ჩადენილი დანაშაული, იმასთან რაც სხვებმა გადაიტანეს და მომკითხავი არავინ ყავთ.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80