კალაძე მერიაში ახალი გუნდით მიდის
პოლიტიკა

კალაძე მერიაში ახალი გუნდით მიდის

კალაძე მერიაში ახალი გუნდით მიდის
თამთა ქარჩავა

2017-11-10 09:00:53

ყოფილმა მერმა, დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის არსებული შემადგენლობით ბოლო სხდომა გამართა. თანამდებობის გადაბარების ფორმალური პროცედურები დასრულდება და შესაბამისად, კახა კალაძე უფლებამოსილების განხორციელებას 13 ნოემბრიდან შეუდგება.

თბილისის მერი აცხადებს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტში საკადრო ცვლილებებს გაატარებს. არსებული ინფორმაციით, თბილისის მთავრობის მოქმედი შემადგენლობა თანამდებობას ვერ შეინარჩუნებს, მათ შორის რაიონის გამგებლებიც.

კონკრეტული პირების ვინაობას კალაძე არ აკონკრეტებს, თუმცა უკვე სახელდება კონკრეტული გვარები. ვიცე-მერის პოსტს დაიკავებს ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ირაკლი ხმალაძე. სავარაუდოდ, მეორე ვიცე-მერის თანამდებობას დაიკავებს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე.

„ორშაბათს საინტერესო დღე იქნება, საკადრო ცვლილებებიც იქნება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომპეტენტურობა, პროფესინალიზმი, გამოცდილების მქონე ადამიანები და სხვათაშორის ძალიან ღია იქნება ეს პროცესები მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში. საკადრო ცვლილებები იქნება, იქნება რეფორმები, სტრუქტურული ცვლილებები. სხვათა შორის ძალიან ბევრი კომპეტენტური ადამიანი მუშაობს მერიაში და მაქსიმალურად შევეცდებით ყველას პროფესიონალიზმი იქნას გამოყენებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება არქიტექტურის სამსახურში. თბილისის მერის განცხადებით, ბიუროკრატიული მანქანა უნდა დავანგრიოთ, მერია უნდა გახდეს ადამიანებზე მორგებული.

„არქიტექტურის სამსახურში გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, ბიუროკრატიული მანქანა უნდა დავანგრიოთ, მერია უნდა გახდეს ადამიანებზე მორგებული, მოქნილი სამსახური, რომელიც უნდა ემსახურებოდეს თბილისს და თბილისის მოსახლეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის გუნდში არ იქნება თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე. როგორც ლექვინაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ახალ გუნდში ყოფნასთან დაკავშირებით კონკრეტული საუბარი კახა კალაძესთან ჯერჯერობით არ ჰქონია. მისივე თქმით, კალაძესთან საუბარი სხვადასხვა თემატურ საკითხებზე და თბილისის მერიაში მიმდინარე პროექტებზე შედგა.

„ახალი ადმინისტრაცია 12 ნოემბრიდან დაიწყებს მუშაობას. თუ ვინ იქნება განახლებულ გუნდში, ბუნებრივია, ამის გადაწყვეტილებას იღებს არჩეული მერი, ბატონი კახა კალაძე. მისი პრეროგატივაა თუ რა გუნდს შეარჩევს იმ პროექტების განსახორციელებლად, რომლის გამოწვევის წინაშეც დღეს დგას თბილისის მერია.

ბუნებრივია, უნდა დაველოდოთ მის გადაწყვეტილებას. ჩვენ გვქონდა საუბარი სხვადასხვა თემატურ საკითხებზე, რომელიც თბილისის მერიაში მიმდინარე პროექტებს შეეხებოდა. ახალ გუნდში ყოფნასთან დაკავშირებით კონკრეტული საუბარი ჯერჯერობით არ გვქონია. ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა დაველოდოთ ბატონი კახას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც თბილისის მერიაში განახლებულ გუნდს ეხება“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ნანახია - 1141

ფხიზელი

2017-11-13 01:28:53

ძალიან მძიმე დღეები და ღამეები ელის კალაძეს:

http://zozme.com/index.php?newsid=9495

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80