„არ მაინტერესებს, რას ფიქრობენ „სითი პარკის“ წარმომადგენლები“
საზოგადოება

„არ მაინტერესებს, რას ფიქრობენ „სითი პარკის“ წარმომადგენლები“

„არ მაინტერესებს, რას ფიქრობენ „სითი პარკის“ წარმომადგენლები“
თამთა ქარჩავა

2017-11-10 23:44:42

თბილისის ახალი მერის მთავარი გამოწვევა „სითი პარკია“. ეს არის ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც 2007 წლიდან პარკირების სისტემის მოწესრიგება და დახვეწა ეკისრება. თუმცა, ამის მიუხედავად, კომპანიამ ვერ შეძლო ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. „სითი პარკი“ ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომლის მუშაობით მოსახლეობა უკმაყოფილოა.

დაპირების მიუხედავად, დედაქალაქის მთავრობამ დავით ნარმანიას ხელმძღვანელობით, გრძელვადიანი ხელშეკრულების დროზე ადრე შეწყვეტა ვერ შეძლო. მიზეზად ნარმანიამ კომპანიასთან დადებული „კაბალური ხელშეკრულება“ დაასახელა, რომლის ცალმხრივად გაწყვეტაც თბილისის ბიუჯეტს 25 მილიონი ლარი დაუჯდება.

სწორედ „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაუქმება იყო „ქართული ოცნების“ მერობის მოქმედი კანდიდატის კახი კალაძის ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება. კალაძე ამომრჩეველს დაპირდა, რომ არის კაბალური ხელშეკრულება, რომელიც წინა ხელისუფლების დროს არის გაფორმებული, მაგრამ როცა მერი გახდება, აუცილებლად იმუშავებდა იმაზე, რომ გამოინახოს სამართლებრივი შესაძლებელობები, რომ ეს ხელშეკრულება იყოს გაუქმებული. კალაძემ კომპანია მოსახლეობის ჯიბეების დაცარიელებაში დაადანაშაულა.

არჩევიდან ორი კვირის თავზე, თბილისის მერმა კომპანია „სითი პარკის“ წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყება დააანონსა. კახა კალაძის განცხადებით, კითხვა არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კანონიერად მოქმედებდა „სითი პარკი“. მერის განმარტებით, „სითი პარკის“ საქმიანობის კანონიერების დასაზუსტებლად პროცესში იურისტები ჩაერთვებიან.

„ჩვენი მიდგომები იქნება სამართლებრივი. თუნდაც, სტატისტიკა, რომ ვნახოთ, ჯარიმები, რომელიც ამ კომპანიის მხრიდანაა გამოწერილი და რომელიც გასაჩივრდა, 99% გამამართლებელი განაჩენი მოქალაქეების სასარგებლოდ არის გამოტანილი. შესაბამისად, ჩნდება კითხვა - ეს კომპანია არაკანონიერად მოქმედებს? ამიტომ ჩვენ მივუდგებით სამართლებრივი გზით. სამართლებრივი გზით წასვლაზე როდესაც ვსაუბრობ, მე ზუსტად ამას ვგულისხმობ, რომ იურისტები ჩაერთვებიან და ამ მიმართულებით ვიმუშავებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერის განცხადებას კომპანია საკუთარი სტატისტიკით გამოეხმაურა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ის სტატისტიკა, რომელზეც არჩეულმა მერმა ისაუბრა, სიმართლეს არ შეესაბამება. „სითი პარკის“ მედიაკომუნიკაციების მენეჯერი ლევან ტაბიძე აცხადებს, რომ გასაჩივრებული ჯარიმების დაახლოებით 30% მოდის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც პერმანენტულად არღვევენ პარკირების წესებს, ასევე არ იხდიან გადასახადებს.

რაც შეეხება კალაძის კიდევ ერთ განცხადებას, რომლის თანახმად თბილისის მერია კომპანია „სითი პარკის“ წინააღმდეგ დავას სასამართლოში აპირებს, ტაბიძე აცხადებს, რომ კომპანია მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით და ასევე იმ კონტრაქტით, რომელიც გაფორმებულია თბილისის მერიასა და კომპანიას შორის.

„ის სტატისტიკა, რომელზეც არჩეულმა მერმა ისაუბრა, არ შეესაბამება საიმართლეს და მას არასწორი სტატისტიკა მიაწოდეს. იქედან გამომდინარე, რომ გამოწერილი ჯარიმების მხოლოდ 0.2% ხდება სადავო და ამ დავის შემდეგაც ნახევარზე მეტს კომპანია იგებს.

იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს მომავალში თბილისის მერი შეხვდება კომპანიის წარმომადგენლებს და „სითი პარკის“ ხელმძღვანელებს ექნება შესაძლებლობა, რომ თბილისის არჩეულ მერს მიაწოდონ ამომწურვი, სრული და ობიექტური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის კომპანიის საქმიანობა და გასცენ ყველა შეკითხვას პასუხი, რომელიც თბილისის მერს დააინტერესებს“, - აცხადებს ლევან ტაბიძე.

ის, რასაც კომპანია „სითი პარკი“ აცხადებს, საინტერესო არ არის კახი კალაძისთვის.

„არ მაინტერესებს, რას ფიქრობენ „სითი პარკის“ წარმომადგენლები. სიახლე არაფერი მითქვამს. მე ამას ვამბობდი წინასაარჩევნოდ და ვიმეორებ ახლაც. იქნება სამართლებრივი გზით ბრძოლა. არ მაინტერესებს რას ფიქრობენ ისინი“, - ასე უპასუხა კახი კალაძემ კომპანია „სითი პარკს“.

ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თბილისის ყოფილმა მერმა. დავით ნარმანია ამბობს, რომ „სითი პარკთან“ ხელშეკრულება სამართლებრივ ნაწილში იმდენად კაბალურია, რომ არ არის დარწმუნებული, კალაძემ სასურველ შედეგს მიაღწიოს. თუმცა, ნარმანია ფიქრობს, „სითი პარკის“ მტაცებლური პოლიტიკის შესაცვლელად ყველა ერთად უნდა დადგეს.

„ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ დავპირდით ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება გახდებოდა საჯარო. გრიფი მოვხსენით და დღესაც მერიის საიტზე დევს ეს ხელშეკრულება. ეს არის კაბალური ხელშეკრულება, რომლის მოშლის შემთხვევაში, თბილისის ხელისუფლებას მინიმუმ, 25 მილიონი უნდა გადაეხადა. ჩვენ ყველა სამართლებრივი გზით და მოლაპარაკებით ვეცადეთ, რომ ისინი გონივრულ მოლაპარაკებებზე წამოგვეყვანა და არაერთხელ შევთავაზეთ ხელშეკრულებაში ცვლილებები.

რამდენიმე ძალიან ცხარე კამათი და შეხვედრა იყო პირადად ჩემთანაც, ვერ მივაღწიეთ მოლაპარაკებებს. ადმინისტრაციულად რამდენჯერმე იყვნენ დაჯარიმებული, თუმცა სამართლებრივ ნაწილში ხელშეკრულება იმდენად კაბალურია, რომ არ მგონია, რაღაც სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ყოველი შემთხვევისთვის კარგია, რომ კიდევ უფრო მეტი რამის ცდა მოხდება. ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, რომ მისი მტაცებლური პოლიტიკა რამენაირად შეიცვალოს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ნანახია - 751

კატრინა

2017-11-11 18:13:57

რაღაც საძრომი აუცილებლად იქნება ხელშეკრულებაში, რითაც შესაძლებელი იქნება ამ ბანდიტების გაშვება ქალაქიდან! მივესალმები კახი კალაძის ინიციატივას, რასაკვირველია თუ შეძლებს ამ საქმის ბოლომდე მიყვანას.მოჯთმენლად ველი შედეგს!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80