ცხადდება საპრეზიდენტო ვაკანსია „დიმიტრი გელოვანისთვის“
პოლიტიკა

ცხადდება საპრეზიდენტო ვაკანსია „დიმიტრი გელოვანისთვის“

ცხადდება საპრეზიდენტო ვაკანსია „დიმიტრი გელოვანისთვის“
თამთა ქარჩავა

2017-11-13 08:00:15

პოლიტიკურიად ნეიტრალური, გაწონასწორებული, ავტორიტეტული და საზოგადოებისთვის მისაღები - ასეთი იქნება „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელსაც ამომრჩეველი 2018 წლის შემოდგომაზე 6 წლის ვადით აირჩევს. რიგით მეხუთე პრეზიდენტი ბოლო იქნება, რომელსაც ამომრჩეველი პირდაპირი წესით აირჩევს. ახალი კონსტიტუციის თანახმად, 2024 წლიდან საქართველოს პრეზიდენტს 300 ხმოსანი შეარჩევს.

მოქმედი კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციით განისაზღვრება მისი ადგილი და როლი სახელმწიფო მექანიზმში, მისი ფუნქციური დანიშნულება. ამ ფუნქციიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი სტატუსი მეტად მაღალია, რასაც განაპირობებს მის ხელში სახელმწიფოს მეთაურისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებათა თავმოყრა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახამად, საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური. საქართველოს პრეზიდენტი წარმართავს და ახორციელებს სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას. იგი უზრუნველყოფს ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას, სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობას კონსტიტუციის შესაბამისად. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს უმაღლესი წარმომადგენელია საგარეო ურთიერთობებში.

როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ურთიერთობებში, ითვლება სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლად, უმაღლეს თანამდებობის პირად. კონსტიტუციური ლოგიკით, პრეზიდენტს უმნიშვნელოვანესი და განსაკუთრებული ადგილი აქვს მიკუთვნებული სახელმწიფო ორგანოთა სისტემაში. ეს გარემოება მას უფლებას ანიჭებს უზრუნველყოს სახელმწიფო ორგანოთა მოქმედება თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში. ამ დებულებით, პრეზიდენტი ერთგვარად არბიტრის როლში გამოდის.

სწორედ ასე განსაზღვრა კონსტიტუციამ საქართველოს პრეზიდენტის როლი. გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მმართველი გუნდის შიგნით სამი კანდიდატურა დავით სერგეენკო, მიხეილ ჯანელიძე, ირაკლი ღარიბაშვილი განიხილება.

საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებისგან მმართველი გუნდი ამ ეტაპზე თავს იკავებს და აცხადებენ, რომ კანდიდატის დასახელება ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად მოხდება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი და კანდიდატებზე საუბარი ნაადრევია.

„არც ერთი კანდიდატი არ განიხილება ამ ეტაპზე. კანდიდატების განხილვა დაიწყება მას შემდეგ, რაც მოახლოვდება არჩევნების თარიღი“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მედიის მიერ დავით სერგეენკოს შესაძლო გაპრეზიდენტებაზე ჯანდაცვის მინისტრმა მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ არანაირი პოლიტიკური გეგმები და ამბიციები არ აქვს. შესაბამისად, უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის პოსტზე „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა, მისი კანდიდატურა განიხილოს.

„კანდიდატად რომ განვიხილები, ეგ თქვენგან მესმის პირველად. მე არანაირი პოლიტიკური გეგმები და ამბიციები არ მაქვს და იმედია, ასეც იქნება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

„ქართულ ოცნებაში“ ზუსტად იციან, რომ ეყოლებათ ისეთი პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც პირველივე ტურში შეძლებს გოლის გატანას. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან კობიაშვილი აცხადებს, რომ ჯერჯერობით მმართველ გუნდში საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა.

„ჯერჯერობით ამაზე ადრეა საუბარი. გარკვეული პერიოდია დარჩენილი და გამიჭირდება რაიმე ვთქვა. გოლის გატანა ადვილი არ არის, მაგრამ, ალბათ, იქნება ისეთი კანდიდატი, რომელსაც პირველივე ტურში შეეძლება გოლის გატანა. ძალიან წინააღმდეგი ვარ და არ მიყვარს მეორე ტური. მიყვარდა 90 წუთში საკითხის გადაწყვეტა“, - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

თუ გამოვალთ საქართველოს კონსტიტუციიდან, რომელიც პრეზიდენტის უფლებებს მნიშვნელოვნად კვეცავს, რატომაც მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უამრავ პრობლემას წააწყდა, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტობისთვის ეცოდება ადამიანი, რომელსაც აქტიური მუშაობით შეუძლია ქვეყანას სიკეთე გაუკეთოს.

„დავით სერგეენკოს მართლაც ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს საზოგადოებაში, მაგრამ მოქმედი კონსტიტუციის ჭრილში, მეცოდება პრეზიდენტობისთვის. მოდით ასე დავაყენოთ საკითხი, არა მარტო კონსტიტუციას უნდა მოერგოს კანდიდატი, არამედ კონსტიტუციაც უნდა მოერგოს კანდიდატს.

ამიტომ, მე მაინც უფრო ვიფიქრებდი ისეთ ადამიანზე, რომელმაც თავისი ცხოვრების აქტიური ნაწილი უკვე განვლო, აქვს დამსახურება და ასევე ანგარიში უნდა გაეწიოს იმას, რომ პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობები მიჰყავს და აქტიურია ამ არენაზე. შესაბამისად, საგარეო ურთიერთობების გამოცდილებაც უნდა ჰქონდეს. ამ თვალსაზრისით მეჩვენება, რომ მიხეილ ჯანელიძეს საგარეო გამოცდილება აქვს, მაგრამ ახალგაზრდა კაცია და ცოდვაა პრეზიდენტობისთვის. სერგეენკო ხომ ცოდვაა და ცოდვაა, იმიტომ, რომ მნიშვნელოვან საქმეს ეწევა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

რაც შეეხება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას, რომლის სავარაუდო პრეზიდენტობის შეახებ ხმები აქტიურად ვრცელდება, პოლიტოლოგი ამბობს, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკური ავტორიტეტი საზოგადოების რაღაც ნაწილში ნამდვილად აქვს, მაგრამ არ იცის რამდენად შეესაბამება შექმნილ სიტუაციას მისი კანდიდატურა.

„ღარიბაშვილს არჩევნებში მოქმედება არ გაუჭირდება, მაგრამ ღარიბაშვილიც ძალიან აქტიურია, როგორც პოლიტიკოსი. ძალიან კარგი იყო აღმასრულებელ ხელისუფლებაში მინისტრის თანამდებობაზე. ამდენად, ეს პრეზიდენტობა მისთვისაც უფრო ხელისშემშლელი იქნება იმ მხრივ, რომ ხელშებოჭილი იქნება, ისევე როგორც სხვა ეს აქტიური პიროვნებები. ამ ჩამონათვალში მე მგონია, რომ მოქმედ კონსტიტუციასთან შეუსაბამოება არის კანდიდატები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი განმარტვას, რომ კონსტიტუციური ცვლილებები მიზნად არ ისახავდა პრეზიდენტის ქოლის შეზღუდვას, არამედ, მმართველობის საპარლამენტო მოდელის დახვეწას და იმ წინააღმდეგობებისგან განთავისუფლებას, რაც კონსტიტუციის დღევანდელ რედაქციაში არის. მისივე თქმით, მოწესრიგდა საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი. როგორც ზადრიაშვილი ამბობს, ახალი გასწორებული, დაბალანსებული და დახვეწილი მოდელის თანახმად, პრეზიდენტი ზეპარტიული ფიგურა უნდა იყოს.

„არ შეიძლება კონკრეტული პოლიტიკური ინტერესების, ან კონკრეტული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლად იყოს განხილული. ამ ახალი კონსტიტუციის ერთ-ერთი მთავარი ღირსება არის ზეპარტიული პრეზიდენტი. მას, რა თქმა უნდა, მმართველობითი ფუნქციები არ აქვს, მაგრამ უმნიშვნელოვანესი როლი აქვს.

პრეზიდენტი არის ერთგვარი სახურავი მთელი სახელისუფლებო სისტემის. მისი მთავარი ფუნქცია გახლვათ ის, რომ კონსტიტუციის აღსრულების გარანტი იყოს. მთავრობასა და პარლამენტს შორის კონფლიქტის წარმოშობის შემთხვევაში პრეზიდენტის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. რასაკვირველია ასევე ძალიან არსებითია მისი პროცესუალური ფუნქციები“, - ამბობს დავით ზარდიაშვილი.

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, სწორედ აქიდან გამომდინარე უნდა შევაფასოთ მომავალი პრეზიდენტი, როელიც ყოველდღიურ, ოპერატიული მართვის საკითხებში არ იღებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ განასახიერებს ამ კონსტიტუციურ წესრიგს და უზრუნველყოფს კონსტიტუციის შესრულებას.

„თუ ყოველივე ამას გავითვალისწინებთ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ მას კონკრეტული პოლიტიკური წარსული აქვს. ის ასოცირდება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდთან, მისი ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერი იყო, იყო პრემიერ-მინისტრი, მაგრამ თუ პრეზიდენტობის კანდიდატად იქნება წარდგენილი, რა თქმა უნდა, მისი პოლიტიკური წარსული უნდა გადაფასდეს, რადგან სხვანაირი როლი უნდა ჰქონდეს, ვიდრე ჰქონდა.

ღარიბაშვილი იყო მთავრობაზე პასუხისმეგებლი, მმართველობითი პოლიტიკოსი იყო, მართავდა მთავრობას და ახლა რამდენად შეეგუება ახალ ზეპარტიული ფუნქციების შესრულებას, ეს ცოტა ძნელი წარმოსადგენია. მე არ ვისურვები ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურაზე ყურადღების შეჩერებას.

პრეზიდენტი პოლიტიკურად ნეიტრალური ფიგურა უნდა იყოს. არ უნდა იყოს მხოლოდ ერთი კონკრეტული ძალის პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდენტს ავტორიტეტი უნდა გააჩნდეს არა მხოლოდ მმართველი პოლიტიკური პარტიის შიგნით, არამედ სხვა პარტიების გადმოსახედიდანაც. პრეზიდენტი ერთგვარი არბიტრის ფუნქციას უნდა ასრულებდეს. ამიტომ, არიბიტრად უნდა აირჩიო ისეთი, რომელსაც ენდობა ორივე მხარე, როგორც პოზიცია, ასევე ოპოზიცია. ღარიბაშვილს ეს ალბათ, გაუჭირდება. ამ თვალსაზრისთ დავით სერგეენკო უფრო მისაღებია, მაგრამ ჯერ ძალიან ძნელია კონკრეტულ კანდიდატებზე მსჯელობა“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

როგორი უნდა იყოს პრეზიდენტი - სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე ამბობს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რამდენადაც პრეზიდენტს სიმბოლური დატვირთვა აქვს, ის არის ქვეყნის სახე და ძალიან მნიშვნელოვანია როგორ მოახდენს პოზიციონირებას გარე სამყაროში. გორგილაძე ამბობს, რომ სასურველია ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი იყოს ინტელექტუალი, ძალზედ უმწიკლო ბიოგრაფიის მქონე.

„იგი უნდა იყოს პატიოსანი, წესიერი ადამიანი, რომელმაც თავის სფეროში გაითქვა სახელი და არის ავტორიტეტი იმ დარგის, რაშიც მოღვაწეობს. ავტორიტეტის ხარჯზე ამ ადამიანს უნდა შეეძლოს ერის კონსოლიდირება, განხეთქილების არდაშვება, პარტიული ინტერესებზე უარის თქმა. რა თქმა უნდა, ზეპარტიული ლიდერი უნდა იყოს, რომელიც საზოგადოების გამთლიანებას უნდა უწყობდეს ხელს. არ უნდა იცავდეს ცალკეული პარტიების, ან ჯგუფების ინტერეებს“, - აცხადებს ვალერიან გორგილაძე.

როგორც სოციოლოგი აცხადებს, ამ თვალსაზრისით, ძალიან სანტერესოა დავით სერგეენკოს კანდიდატურა. ვინაიდან, ძალიან ცოტა შეიძლება დასახელდეს პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც ნდობით სარგებლობს მოსახლეობის დიდ ნაწილში და მათ შორის ოპოზიციაში, რაც მნიშვნელოვანია.

„როდესაც ვსაუბრობთ კონსოლიდაციაზე, გამთლიანებაზე, ასეთი კანდიდატურა არის სერგეენკო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. გარდა ამისა, ის არის წარმატებული ადამიანი. როგორც წარმატებულმა ექიმმა და მინისტრმა, პირველად საქართველოში განახორციელა ეფექტური ჯანდაცვის სისტემა. ფაქტია, რომ ჯანდაცვის სისტემა მუშაობს და მუშაობს ისე, როგორც არასოდეს. გასაგებია, რომ ეს არაა მხოლოდ სერგეენკოს დამსახურება, მაგრამ ფაქტია, რომ სერგეენკოს მინისტრობის დროს მოხდა ეს ყველაფერი.

ის, რომ არის ექიმი, ესეც მნიშვნელოვანი და სიმბოლურიც შეიძლება იყოს. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს კაცი არის ქართველი უკრაინული გვარით. ვერ ვიტყვი, რომ მონოეთნიკური ქვეყანა ვართ, საქართველოში 85%-ზე მეტი ქართველი ცხოვრობს, მაგრამ როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ხდება გვარად სერგეენკო, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი შეტყობინებაა გარე სამყაროსთვის, რუსეთისთვის, უკრაინისთვის.

მთელი რიგი ამ ფაქტორების გამო ძალიან მიმზიდველად და სიმპათიურად გამოიყურება დავით სერგეენკო. უკვე სერგეენკომ შეიძლება უკარნახოს თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის პრეზიდენტი, რას მოითხოვს ხალხი ამ პრეზიდენტისგან. მნიშვნელოვანია ამ ადამიანის გაწონსაწორებულობა და მშვიდი ხასიათი. იმდენად მყარია ეს სიმშვიდე მასში, რომ ეს იმედს აძლევს მოსახლეობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ვალერიან გორგილაძემ.

ნანახია - 1290

davituna

2017-11-13 10:59:57

მე კვირიკაშვილს დავასახელებდი პრეზიდენტობის კანდიდატად - მაინც პენსიონერივით ტიპია...)))

natali

2017-11-13 14:32:52

საერთოდ გვინდა რო პრეზიდენტი?

piero

2017-11-13 16:27:15

თედო ჯაფარიძის კანდიდატურა იქნება კარგი ვარიანტი.

ტარო1

2017-11-13 22:41:48

davituna მეც ეგ გავიფიქრე

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80