„ვიეტნამის სამიტზე ამერიკამ მთელ მსოფლიოს დაანახა, პუტინს დისტანციაზე ვამყოფებთო“
საზოგადოება

„ვიეტნამის სამიტზე ამერიკამ მთელ მსოფლიოს დაანახა, პუტინს დისტანციაზე ვამყოფებთო“

„ვიეტნამის სამიტზე ამერიკამ მთელ მსოფლიოს დაანახა, პუტინს დისტანციაზე ვამყოფებთო“
მანანა ნოზაძე

2017-11-13 20:20:47

რამდენიმე დღის წინ რუსები თავს იმშვიდებდნენ, რომ დონალდ ტრამპთან საკუთარი პრეზიდენტის ასე ნანატრი სრულყოფილი შეხვედრა ვიეტნამში მაინც შედგებოდა, მაგრამ ამაოდ. ვიეტნამის აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტიც ისევე წარუმატებელი აღმოჩნდა ვლადიმერ პუტინისთვის, როგორც 2014 წლის დიდი ოცეულის სამიტი ავსტრალიაში, სადაც პუტინს საუზმე სიმარტოვეში მოუწია, მსოფლიო ლიდერებისგან გარიყული აღმოჩნდა და სასწრაფოდ მოსკოვში დაბრუნება გადაწყვიტა იმ მოტივით, თითქოს ორშაბათის სამუშაო დღეს ვერ გააცდენდა. მართალია, ვიეტნამის ახლანდელ სამიტზე პუტინი ადრინდელივით იგნორირებული აღარ იყო, მაგრამ მის მიმართ ტრამპის უცერემონიო მოპყრობის გამო რუსული პატივმოყვარეობა მაინც შეილახა.

ვიეტნამში ტრამპისა და პუტინის სერიოზული შეხვედრის ჩაშლის მიზეზად ორივე პრეზიდენტის გადატვირთული გრაფიკი დასახელდა. თუმცა პუტინმა კიდევ ერთ მიზეზზე გაამახვილა ყურადღება - საკუთარი პროტოკოლის ფორმალობაზე, რასაც მისმა „კამანდამ“ თავი ვერ გაართვა“. „მაგრამ ისინი (ანუ „კამანდა“) ამის გამო დაისჯებიან“, - აღნიშნა პუტინმა მუქარის ტონით.

პუტინის ნათქვამს წინ უსწრებდა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის ამაო მოლოდინი, რომ, ასე თუ ისე, ტრამპ-პუტინის შეხვედრა ვიეტნამის სამიტის კულუარებში მაინც შედგებოდა. თუმცა პესკოვი იმთავითვე ამერიკის პროტოკოლის სამსახურს გადასწვდა და არ დამალა, რომ ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის თაობაზე ამერიკელი კოლეგებისგან წინააღმდეგობრივ ინფორმაციას აწყდებოდა და ამერიკელების მხრიდან გარკვეულობა ამ საკითხში არ იგრძნობოდა.

არც სერგეი ლავროვი იყო აღფრთოვანებული პუტინის იგნორირებით და აგრესია ცნობისმოყვარე ჟურნალისტებზე გადაჰქონდა. შეკითხვის საპასუხოდ, პუტინ-ტრამპის შეხვედრა შედგება თუ არაო, ლავროვმა უპასუხა, ჰკითხეთ ამერიკელებსო.

სინამდვილეში, რა მოხდა ვიეტნამში და რატომ გადაიფიქრა ტრამპმა პუტინთან შეხვედრა მაშინ, როცა ამ შეხვედრისთვის თითქოს მზად იყო?!

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, ცხადია, რუსეთში ამ შეხვედრის იმედი ჰქონდათ, ვინაიდან სამიტამდე ტრამპი თვითონვე აცხადებდა, პუტინთან შეხვედრის დიდი იმედი მაქვს, რომელიც მინდა, ჩრდილოეთ კორეის პრობლემის გადაჭრაში დამეხმაროსო. ამ განცხადების შემდეგ, როგორც ჩანს, ტრამპზე ზეწოლა მოხდა, ამერიკა მაინც ამერიკაა, დემოკრატია იქ მაინც არსებობს და, როცა ტრამპის ადმინისტრაცია თავის საქმეს აკეთებს, არც პროკურორი მიულერია უსაქმოდ. თანაც, სულ ახალ-ახალი დოკუმენტები იკვეთება ამერიკის ახალი ადმინისტრაციის რუსეთთან კონტაქტების თაობაზე. ამ კონტაქტების შემსწავლელი ტალღა ამერიკაში სულ უფრო ბობოქარი ხდება. ამდენად, რა გასაკვირია, რომ ასეთ ვითარებაში ტრამპსაც პუტინისთვის ვერ „მოეცალა“.

„დიპლომატიაში არსებობს რამდენიმე სახის შეხვედრა. პირველი შეხვედრაა სახელმწიფო ვიზიტი. მაგალითად, სწორედ სახელმწიფო უმაღლესი ვიზიტი იყო, როცა საუდის არაბეთის მეფე სალმანი ჩავიდა მოსკოვში, ჩაიყვანა ათასკაციანი დელეგაცია, 95 მარტო მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელი, 400 მრჩეველი. უმაღლესი ვიზიტისგან განსხვავებით, მეორეა საქმიანი ვიზიტი, რომელიც დიდი პომპეზურობით არ ტარდება, მაგრამ ეს ვიზიტი მაინც ოფიციალურად ითვლება. არის, აგრეთვე, შეხვედრები ჰალსტუხის გარეშე და არის კიდევ საველე, ანუ კულუარული შეხვედრები, რაც სააკაშვილსაც ჰქონდა ბუშის და ობამას პრეზიდენტობისას, როცა სადღაც დერეფანში გადაეყრებოდა ზემოხსენებულ პრეზიდენტებს. ეს განსაკუთრებით ამერიკაშია მიღებული. როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ოფიციალურად არ უნდა შეხვდეს რომელიმე უცხო ქვეყნის წარმომადგენელს, ეს წარმომადგენელი მიდის თეთრ სახლში, რომელიმე ჩინოვნიკთან კაბინეტში იმყოფება, „შემთხვევით“ იმ კაბინეტში შეიხედავს პრეზიდენტი და 15-20- წუთიანი ლაპარაკიც შედგება.

რაც შეეხება პუტინს, ვიეტნამში ტრამპთან ოფიციალური შეხვედრა გამოირიცხა, მაგრამ, ვინაიდან მაინც ერთ შენობაში იყვნენ, ერთხელ მაინც შეხვდნენ, ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს სადილზე. დიპლომატიური პროტოკოლით, დასხდომის დროს მნიშვნელობა ენიჭება იმასაც, ვინ ვის გვერდით უნდა იჯდეს. ვიეტნამში ისე მოხდა, რომ პუტინსა და ტრამპს შორის ექვსი კაცი იჯდა. ეს შემთხვევითი არ ყოფილა. თანაც, ტრამპი ბოლომდე არ დარჩა სადილზე, ადგა და წავიდა. ალბათ, ტრამპიც და პუტინიც „შემთხვევით“ კიდევ შეხვდებიან დერეფანში, რაღაცას ისაუბრებენ, მაგრამ ეს არ იქნება ოფიციალური ორსაათიანი შეხვედრა“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ, მართალია, ტრამპს სურს პუტინთან შეხვედრა, მაგრამ ეშინია, რადგან ჩავა ამერიკაში და საშინელ დღეს დააყრიან. თანაც, ამერიკის პოზიცია ასეთია, მთელ მსოფლიოს დაანახოს, პუტინს დისტანციაზე ვამყოფებთო. ცხადია, რუსებს ასეთი დამოკიდებულება არ მოსწონთ, რადგან ამერიკელებმა ჯერ თქვეს, შევხდებით, მერე გადაიფიქრეს და ახლა რუსეთი თითქოს მთხოვნელის როლშია. ამითაც იყო განპირობებული ლავროვის გაცოფება. მას რომ შეეკითხნენ, შეხვდება თუ არაო, უპასუხა, მე რას მეკითხებით, წადით, ამერიკელებს ჰკითხეთო.

„არაოფიციალური შეხვედრა ტრამპსა და პუტინს არაფერს ავალდებულებს, მაგრამ დიპლომატიის ეშხიც ის არის, რომ ზოგჯერ ასეთ არაოფიციალურ შეხვედრებზე წყდება მნიშვნელოვანი საკითხები. კარგად მახსოვს, ჟენევაში 1972-73 წლებში განიარაღების თაობაზე მოლაპარაკება ჩიხში რომ შევიდა, საბჭოთა კავშირის დელეგაციის მეთაური გახლდათ ელჩი კვიჩინსკი და კვიჩინსკიმ თავის თავზე აიღო მოლაპარაკების გაგრძელება. მან ამერიკის დელეგაციის ხელმძღვანელს ტყეში გასეირნება შესთავაზა. სამი საათი ისეირნეს ტყეში და მიაღწიეს შეთანხმებას. რასაკვირველია, კვიჩინსკის „დაბრო“ ჰქონდა მიღებული მოსკოვიდან, თორემ ამას როგორ გაბედავდა. ტყეში სეირნობიდან რომ დაბრუნდნენ, ოფიციალური მოლაპარაკებები განახლდა და საბჭოთა კავშირი წავიდა კომპრომისზე, დათმობაზე. ამიტომაცაა დიპლომატია ურთულესი პროფესია და ამიტომ ვამბობ, მოსკოვთან დიალოგი აუცილებელია, მაგრამ არ შეიძლება ეს დიალოგი დილეტანტების ჰობად ვაქციოთ“.

ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში რუსული მედიასაშუალებები ავრცელებდნენ ინფორმაციას და მათი პათოსიც ისეთი იყო, რომ რუსეთს სურდა ტრამპთან შეხვედრის გამართვა. იგივე იგრძნობოდა რუსულ თოქ-შოუებშიც. ამიტომაც ამ შეხვედრის ჩაშლის გამო შედარებით გაბრაზებული ჩანდა სერგეი ლავროვი, რომელმაც ამერიკელებს არადიპლომატიურად „ჩინუშებიც“ კი უწოდა.

„არ ვიცი, ამერიკელებს როგორ გადაუთარგმნიან ჟარგონზე ლავროვის ნათქვამს. პესკოვის განწყობაც, „ტრამპი და პუტინი, ორივენი იმყოფებიან ქალაქში და სადმე გადაიკვეთებიანო“, მიანიშნებს, რომ რუსეთის მხრიდან იქნებოდა აქტიობები ამ შეხვედრის დაგეგმვასთან დაკავშირებით. თუმცა შეხვედრა არ შედგა და ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. მართალია, ტრამპი ირწმუნებოდა, თითქოს პუტინთან შეხვედრის სურვილი ჰქონდა, მაგრამ ამერიკა არ არის ისე მარტივად მოწყობილი, როგორც რუსეთია. რუსეთში რასაც პუტინი გადაწყვეტს, ის სრულდება. ცხადია, იმ დაპირისპირებიდან გამომდინარე, რაც რუსეთ-ამერიკას შორისაა გლობალურად მსოფლიო მასშტაბით, ამ ორი სახელმწიფოს პოზიციების დაახლოება რთულია, ყოველ შემთხვევაში, წარმოუდგენელია ამ ეტაპზე.

ჯერ კიდევ შარშან არჩეული ტრამპის ინაუგურაციამდე ვწერდი, ტრამპი პუტინს არ „დაუწვებოდა“. ასე რომ, ორი პრეზიდენტის შეხვედრას მომზადება სჭირდება. რუსეთისა და ამერიკის პირველი პირების შეხვედრა არასდროს იქნება უბრალოდ შეხვედრისთვის, მათ უნდა ჰქონდეთ სასაუბრო მასალა. როგორც ჩანს, ეს სასაუბრო ამ მომენტისთვის ვერ შეთანხმდა. ჩვენ ვიხილეთ, როცა მათ რამდენჯერმე გაისაუბრეს ერთმანეთთან. ერთი, როცა სურათს იღებდნენ, მეორედ, როცა გზაში მიდიოდნენ სურათის გადასაღებად. იყო სხვა კადრებიც, როცა ტრამპმა მაგიდას ჩაუარა და ამ ჩამოვლის დროს შესაძლოა, სპეციალურად წავიდა პუტინის მხრიდან. ყოველ შემთხვევაში, პუტინი იჯდა, ტრამპმაც ზურგიდან მოჰკიდა ხელი და წამოაყენა. ისინი მიესალმნენ ერთმანეთს, შემდეგ პუტინმა რაღაც უჩურჩულა და ეს იყო სულ სამი გასაუბრება. ეს არ ყოფილა სერიოზული საუბრები. ის ვიდეოკადრებიც კი, როცა რუსული მედია აჩვენებდა, რომ მათ თითქოს ისაუბრეს ფოტოს გადაღებამდე, სულ რამდენიმეწამიანი იყო და საუბრის ხანგრძლივობაზე არ შეიძლება საუბარი“, -აცხადებს ამირან სალუქვაძე.

ანალიტიკოსის თქმით, ამერიკელებსა და რუსებს შორის ერთადერთი საკონტაქტო არხია დარჩენილი და ისიც საგარეო უწყებებს შორის, როცა ერთმანეთს ხვდებიან ტილერსონი და ლავროვი. სხვა არც ერთ უწყებას შორის ურთიერთობა არ არსებობს. ამას ადასტურებს რუსეთის ფინანსთა მინისტრის ინტერვიუც, რომელიც აღიარებს, რომ დიდი ხანია, რუსეთისა და ამერიკის ფინანსურ უწყებებს შორის არანაირი კომუნიკაცია არ არის. ეს მიუთითებს დაძაბულ ურთიერთობაზე და ამ ფონზე ვინმეს წარმოუდგენია, რომ ორმა პრეზიდენტმა ნაყოფიერი მოლაპარაკებები გამართოს? ამირან სალუქვაძის აზრით, ტრამპს ძალიან კარგად ეცოდინებოდა, რომ, დიდი ალბათობით, ეს შეხვედრა არც შედგებოდა. ამ შეხვედრისთვის მზადყოფნა მან შესაძლოა, ჟურნალისტის კითხვის პასუხად გამოხატა.

რაც შეეხება თავად სამიტს, ამირან სალუქვაძეს ახსენდება, რომ ინაუგურაციის შემდეგ ტრამპი, ფაქტობრივად, გაეთიშა აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატს, უპირატესობა მიანიჭა ორმხრივ ეკონომიკურ ხელშეკრულებებს და არა ამ ფორმატით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

„ჩემი აზრით, სწორედ ეს არის ტრამპის პოზიციის მიზეზი, რაც მან გამოამჟღავნა კიდეც ვიეტნამის სამიტზე. სამიდან ორ ღონისძიებას იგი არ დაესწრო, ერთ-ერთ ღონისძიებაზე კი დემონსტრაციულ იგნორირებას აკეთებდა. აჩვენეს კადრები, როცა ვიეტნამის პრეზიდენტს ღვინის ნაცვლად კოკა-კოლით მიუჭახუნა სასმისი, ერთ-ერთ სხდომაზე კი დემონსტრაციულად ტაში არ დაუკრა. მოკლედ, ვიეტნამში ჩასული ტრამპი თავისი დამოკიდებულების დემონსტრირებას ახდენდა. რაც შეეხება 2014 წელს ავსტრალიის სამიტზე პუტინის იგნორირებას, მაშინ ცოტა სხვა რეალობა იყო (დაპირისპირება დონბასში, ყირიმის მოვლენები და სხვა). ამდენად, მაშინდელ მძიმე სიტუაციაში პუტინის გარიყვა იოლი ასახსნელი გახლდათ“.

ნანახია - 1104

papa

2017-11-13 23:38:13

ვინ ვის რას დაანახებს, ეგ კიდევ საკითხავია...

tngh

2017-11-14 12:33:56

კიდევ კარგი ამიხსენით, თორემ მე მომეჩვენა, რომ თითქოს ტრამპი მირბოდა პუტინთან (ყოველ შესაძლო მომენტში) ხელის ჩამოსართმევად...

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80