კვირიკაშვილის ახალი მთავრობა პარლამენტის ნდობას დეკემბერში მიიღებს
პოლიტიკა

კვირიკაშვილის ახალი მთავრობა პარლამენტის ნდობას დეკემბერში მიიღებს

კვირიკაშვილის ახალი მთავრობა პარლამენტის ნდობას დეკემბერში მიიღებს
თამთა ქარჩავა

2017-11-14 01:00:29

ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საქართველოს მთავრობაში განხორციელდა, უახლოეს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება და განსახილველად პარლამენტს წარედგინება. პრემიერ-მინისტრი პარლამენტს რეფორმების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, რათა პროცესი წლის ბოლომდე დასრულდეს. საკანონმდებლო პროცესის დასრულების შემდეგ, სამთავრობო გუნდი ახალი შემადგენლობით წარსდგება პარლამენტის წინაშე ნდობის განსაახლებლად.

მთავრობაში პირველ რიგში ის საკადრო ცვლილებები განხორციელდება, რომელიც საკანონმდებლო უზრუნველყოფას არ საჭიროებს.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის განცხადებით, მთავრობა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს და საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც პირველ ეტაპზე განხორციელდება, იმ ოდენობაში ჯდება, რომ ნდობის საკითხი პრობლემად არ დადგეს.

„საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტის მიღების შემდეგ უწყებების შერწყმა-გაერთიანება განხორციელდება. ამის შემდეგ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაინიშნება და პრემიერი მთავრობის ახალი შემადგენლობით პარლამენტის ნდობის განსაახლებლად პარლამენტის მოსმენებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შემდეგ გაერთიანებულ სამინისტროებში კანონით დადგენილი წესით ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის პროცესი განხორციელდება“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

მთავრობის ადმინისტრაციაში დახურულ კარს მიღმა გაიმართა პრემიერ-მინისტრის შეხვედრა მამუკა ბახტაძესა და მიხეილ ჩხენკელს შორის. ფინანსთა და განათლების ახალ მინისტრებთან შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იქნება, ოპტიმიზაციის პროცესი მაქსიმალურად პროფესიონალურად ჩატარდეს, რათა ხალხმა დაინახოს, რომ ამ ოპტიმიზაციის მთავარი ორიენტირი ნამდვილად არის ადამიანი.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორივე სფერო, რომლის ხელმძღვანელებიც თქვენ ხდებით. მოგეხსენებათ, ფინანსთა სამინისტროსთან მიმართებაში, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, განსაკუთრებით ამ ოპტიმიზაციის პროცესში, სახელმწიფო ფინანსები მოვარგოთ იმ ახალ საჭიროებებს, რომლებზეც ვისაუბრეთ. მთავარია, ამ ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლდეს რესურსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებით დაიხარჯება.

ხალხმა დაინახოს, რომ ამ ოპტიმიზაციის მთავარი ორიენტირი ნამდვილად არის ადამიანი. ეს იყო ზუსტად ის, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ - თითოეული პროგრამა, თითოეული მუხლი სახელმწიფო ბიუჯეტში, საბოლოო ჯამში, მიმართული იყოს იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქეების ყოფა გავაუმჯობესოთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ფინანსთა ახალი მინისტრი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ მთავარი ორიენტირი იქნება ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ეფექტურობა.

„ვფიქრობ, რომ ფინანსთა სამინისტრომ ძალიან ბევრი საინტერესო და წარმატებული რეფორმა და პროექტი გაატარა. ძირითადი პარამეტრები როგორც ბიუჯეტის, ასევე მომავალი ხარჯების შეთანხმებულია საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან. ჩვენ ამ პოზიტიურ გეზს აუცილებლად გავაგრძელებთ. რაც შეეხება მიდგომებს, მთავარი ორიენტირი იქნება ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ეფექტურობა. ალბათ, უსმინეთ პრემიერის გამოსვლას - ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მოხდეს ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაცია და ამავე დროს, ეფექტურობის გაზრდა. ვფიქრობ, რომ ამას წარმატებით მივაღწევ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კონკრეტულ სამოქმედო გეგმას უახლოეს პერიოდში წარადგენს განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, რომლის განცხადებით, ყველა რეფორმა, რომელიც არის წარმატებული, გაგრძელდება. მინისტრის განცხადებით, არის მთელი რიგი გამოწვევები, რომელიც ეხება განათლებისა და მეცნიერების ხარისხის განვითარებას. ჩვენი სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს ამ პრობლემების გადასაწყვეტად.

„ჩვენი სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი სწორედ განათლებაზე და მეცნიერებაზე ზრუნვა იქნება. თითოეულმა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს. ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები, ნიჭიერი თაობა მოდის და მათ სჭირდებათ ხელშეწყობა და იმ პირობის შექმნა, რომ მოხდეს ამ პოტენციალის რეალიზება“, - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

საქართველოში მთავრობაში უპრეცედენტო სამთავრობო ცვლილებებსა და ოპტიმიზაციას დადებითად აფასებს საქართველოს პრეზიდენტი. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებებია კულტურის, განათლების, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. რაც შეეხება ეკონომიკის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებს, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის საქართველოს მთავრობის საქმიანობას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ოპტიმიზაციის შედეგად განხორციელებული ცვლილებები საზოგადოების თითოეულ წევრზე აისახოს პოზიტიურად, ჩვენ დადებითად ვაფასებთ წარმოდგენილ კანდიდატურებს მინისტრების პოსტზე, მათ წარმატებას ვუსურვებთ, ვინაიდან აქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

პრეზიდენტისგან განსხვავებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და საგარეო დაზვერვის სამსახურის გაერთიანებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს უშიშროების საბჭოს მდივანს, დავით რაქვიაშვილს, რომლის განცხადებით, მთელი ამ წლების განმავლობაში არსებობდა კითხვის ნიშნები უშიშროების საბჭოს პარალელურად უსაფრთხოების საბჭოს შექმნის მოტივაციასთან და მანდატთან მიმართებაში. მისი თქმით, ახლა ამ სტრუტურული ცვლილებით ნათლად გამოჩნდა, რომ ახალი უწყება ფოკუსირებული იქნება კრიზისების მართვაზე და არა უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგიულ განხილვასა და კოორდინაციაზე.

„იმისათვის, რომ საქართველომ ადეკვატურად უპასუხოს არსებულ გამოწვევებს, რუსულ ოკუპაციას, ჰიბრიდულ ომს, აუცილებლად საჭიროა, ქვეყანაში არსებობდეს კოორდინაციის მექანიზმი უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. მიგვაჩნია, რომ იმ პრინციპების გათვალისიწნებით, რომელიც პრეზიდნეტმა საქართველოს პარლამენტს შესთავაზა, აუცილებელია, დაიწყოს კოორდინაცია და კონსულტაციები. რაც შეეხება სუს-ისა და საგარეო დაზვერვის უწყებების გაერთიანებას, არსებობს კითხვის ნიშნები, რომელზეც უნდა იყოს პასუხები გაცემული“, - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, შემოთავაზებული ცვლილებები ემსახურება მთავრობაში მართვის სისტემის რაციონალიზაციას, ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლებას. როგორც კობახიძე აცხადებს, ამ ცვლილებების ერთ-ერთი შედეგი არის ხარჯების შემცირება.

„რაც შეეხება პროცედურებს და ვადებს, თუ როდის გამოუცხადებს ნდობას პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შემოვა შესაბამისი კანონპროექტი ინიციატივის წესით მთავრობიდან პარლამენტში. კანონპროექტის მიღების შემდეგ, უნდა წარედგინოს მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს დასამტკიცებლად. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დეკემბრის ბოლომდე, ან იანვარში დასრულდება მთლიანად პროცედურა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მაშ ასე, პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურებს დეკემბრიდან დაიწყებს. გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მინისტრთა კაბინეტს საქართველოს პარლამენტმა ნდობა 2016 წლის ნოემბრის ბოლოს გამოუცხადა. კვირიკაშვილის მთავრობას მხარი 110 დეპუტატმა დაუჭირა. მთავრობის იმ შემადგენოლბას მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ. ვითარება არ შეცვლილა. მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარს უჭერს უმრავლესობა. ოპოზიცია მთავრობას ნდობის მანდატს არ აძლევს.

ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პირველ ეტაპზე საჭირო იქნება საკანონმდებლო ცვლილებები, რადგან სხვანაირად მთავრობის ცვლილება ვერ მოხდება. ჩუგოშვილი მინისტრობის კანდიდატურებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ შს მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია უწყებაში არსებულ გამოწვევებს თავს გაართმევს.

„ძალიან დიდი ხანია გიორგი გახარიას ვიცნობ, მთავრობის კანცელარიაში ერთად ვმუშაობდით და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კომპეტენტური, გამოცდილი ადამიანია და ძალიან კარგი მენეჯერია. ვფიქრობ, რომ გიორგის არ გაუჭირდება იმ გამოწვევებს თავი გაართვას, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროშია, რომელიც ერთ-ერთი რთული უწყებაა.

ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური ცვლილება განხორციელდა როგორც მთავრობის სტრუქტურული თვალსაზრისით, ასევე საკადრო გადაადგილების კუთხით. ცვლილებები აუცილებელი იყო და ძალიან მიხარია, რომ პრემიერ-მინისტრმა ეს პროცესი გაააქტიურა და ფაქტობრივად, მომავალი წლის დასაწყისისთვის მთავრობა მუშაობას უკვე ახალი სტრუქტურით შეუდგება“, - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ ასეთი მასშტაბური ცვლილებები, როგორც სტრუქტურული, ასევე საკადრო, აჩვენებს იმას, რომ თვითონ მთავრობა და ხელისუფლების გუნდი არ არის კმაყოფილი საკუთარი მუშაობით. სამადაშვილი აცხადებს, რომ ცვლილებების მიუხედავად, ოპოზიციას შს მინისტრთან კითხვები მაინც აქვს.

„ბატონი გახარიას დანიშვნა შს მინისტრის პოსტზე არის სრულიად გაუგებარი, მას არ აქვს არანაირი პოლიტიკური და არანაირი პროფესიონალური გამოცდილება. ეს ცვლილებები აჩვენებს ერთ რამეს, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ კიდევ უფრო ახლო დისტანციიდან გააკონტროლოს ყველა საკვანძო უწყება“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

სამინისტროების შემცირებას მნიშვნელოვანს უწოდებს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე, თუმცა, ამბობს, რომ ფუნდამენტური იქნება იმის ანალიზი, თუ რაში დაიხარჯება ის თანხები, რომელიც არის ახლა ერთი შეხედვით გამოთავისუფლებული.

„თუ ეს თანხები ისევე დაიხარჯება ახალი სტრუქტურების დაფინანსებაში, რომლის მსგავსი ასევე, დაანონსდა და ბატონ მღებრიშვილს შეუქმნეს, თუ ისევ დაიხარჯება პრემიების და დანამატების კუთხით, მაშინ არანაირი აზრი ამ შემცირებას არ ექნება“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მთავრობაში განხორციელებულ სტრუქტურულ და სამთავრობო ცვლილებებს ლოგიკურად მიიჩნევს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, ქვეყანას უწყებების დუბლირების მხრივ ყოველთვის პრობლემა ჰქონდა. მისი თქმით, როცა ქვეყანას საგარეო პოლიტიკური კურსი ევროპული აქვს, ევროინტეგრაციის სამინისტროს ცალკე არსებობა ლოგიკას მოკლებული და გაუმართლებელი ბიუროკრატიული ხარჯი იყო.

როგორც ექსპერტი ამბობს, ასევე, სწორი გადაწყვეტილებაა, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის პრემიერის დაქვემდებარებაში გადატანა, რადგან ზაფხულში საქართველოს მასშტაბით გაჩენილმა ხანძრება აჩვენა, რომ ასეთი დონის კრიზისებსა და საგანგებო მდგომარეობას მხოლოდ ერთი სამინისტრო ვერ მოერევა.

„რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრის შს მინისტრად დანიშვნას, უდავოდ საინტერესო ცვლილება არის. შესაძლოა, ეს საკადრო ცვლილება იმით აიხსნას, რომ შს მინისტრის პოსტზე ამ სისტემაში გათქვეფილი და გაშინაურებული პირის დანიშვნა არ სურდათ. რადგან ასეთი კადრის დანიშვნას კარგი შედეგები არ მოსდევდა ხოლმე. ალბათ, სწორედ ამიტომ შეარჩიეს გახარია, რომელიც სულ სხვა სფეროში საქმიანობდა. გიორგი გახარია რომ უდავოდ ნიჭიერი კაცია, ეს უკვე აჩვენა.

ასევე, საინტერესო კადრია განათლების ახალი მინისტრი. მიხეილ ჩხენკელი რადიკალურად განსხვავდება წინა მინისტრისგან, რომელიც, ყველაზე არასერიოზული მინისტრი იყო, ვინც კი აქამდე განათლების სამინისტროს ჰყოლია. განათლების სფეროსთან წლების მანძილზე ბევრი რამ მაკავშირებს და მივესალმები მიხეილ ჩხენკელის მინისტრად დანიშვნა. ჩხენკელი საერთაშორისო დონის ძალიან მაღალი რანგის ფიგურა და საკმაოდ აკადემიური პიროვნებაა. ვფიქრობ, ის ხარვეზებს, რომელიც წინა მინისტრის დროს დაგროვდა, მეტ-ნაკლებად მოერევა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ნანახია - 1069

უძლევი

2017-11-14 08:24:55

სამარცხვინო არის გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმება! სირცხვილი ქართულ ოცნებას, კვირიკაშვილს და ივანიშვილს!

natali

2017-11-14 09:50:50

ვიქტორ დოლიძესთან დაკავშირებით მაგრად შეგეშალათ! სულ მაგან იმუშავა ვიზალიბერალიზაციაზე და ეგ გააგდეთ, ხოლო არაფრის მაქნისი ჯანელიძე დატოვეთ!

natali

2017-11-14 12:14:26

”მთავარ გამოწვევად ახალ მინისტრს ვუტოვებ სოფლის და უმცირესობებით დაკომპლექტებულ სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლების ნაკლებობას, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნებში. მეორე, მთავარ გამოწვევად ვუტოვებ პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტების მცირე რაოდენობას. ეს არის ცენტრალური გამოწვევები”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
-------------

სანამდის სამხედრო სამსახური სავალდებულოა, პროფესიულ სასწავლებელში არც არავინ არ წავა.

natali

2017-11-14 12:15:41

ვერ გაიგეთ, რომ სტუდენტების დიდი ნაწილი იმიტომაა სტუდენტი და იმიტომ იხდის ფულს, ჯარიდან რომ გათავისუფლდეს? 25 წლამდე სტუდენტი უნდა იყოს.

natali

2017-11-14 12:16:32

არა და უფრო ნორმალური იქნებოდა ჯერ პროფესიას დაუფლებოდა, გადაე/წ/ყ/ვ/იტა რა აინტერესებს, რა მოსწონს და მერე ამ პროფესიაში მიეღო უმაღ/ლ/ესი განათლება. სანამ ასე არ იქნება, არც გვეყოლება პროფესიონალები არცერთ სფეროში. და ეს ყველაფერი იწყება იქიდან, რომ არ გინდათ სამხედრო სამსახური ნებაყოფლობითი გახდეს.

natali

2017-11-14 12:17:08

უმა/ღ/ლესი ყოფილა უცენზურო:)))))))))

serapina

2017-11-14 19:48:20

სად დაეუფლოს ეს ხალხი
პ/როფესიას?
მოდელირებულ პ/როფესიულ სასწავლებლებში?
ექიმისთვის,პედაგოგისთვის და იურისტისთვის ვერ მიუციათ შესაფერისი ცოდნა(ელემენტარული,წიგნი არ არის ქართულ ენაზე... ხოლო ინგლისურს ისე ასწავლიან,რომ ლიტერატურას ვერ კითხულობენ ახალგაზრდები და ჟურნალ-გაზეთებს...თუნდაც ონლაინში) და მღებავს ან ელ.შემდუღებელს ასწავლიან რამეს?!

ვინ ამოწმებს დღევანდელი მშენებლების,ხელოსნების...ა.შ. კვალიფიკაციას?
ფაბრიკა-ქარხნები არ გვაქვს,მაგრამ მშენებლობები ხომ მიდის?!

რად უნდა კვალიფიკაცია "სამშენებლო წისქვილებს?!".
დაასაქმებენ ნათესაობას და ყველა კმაყოფილია!
მშენებლობის უფლებებიც უპ/რობლემოდ აქვთ და წისქვილი ფქვავს და ფქვავს...ამიტომ მიდიან პოლიტიკაში!



natali

2017-11-14 20:09:28

კი, მართალია, უმა/ღ/ლ/ესშიც არაფერს სწავლობენ და ფულსაც ყრიან და დროსაც. თან 25 წლამდე.

ისე კი, თავისუფალი რომ იქნება, ჯარში წაყვანის შიშით რომ დაჯდება იმ უნივერსიტეტში, სადაც ქულები ეყო, სინამდვილეში კი საერთოდაც არ უფიქრია იქ სწავლა და თან ფული რომ უნდა იხადოს, აი ამისგან თავისუფალი რომ იქნება, თავისით მაინც ისწავლის რაღაცას. ყველაფრის სწავლა შეიძლება ახლა ინტერნეტიდან, მთავარია გაინტერესებდეს.

serapina

2017-11-14 20:59:32

"ყველაფრის სწავლა შეიძლება ახლა ინტერნეტიდან, მთავარია გაინტერესებდეს."
---
აი ნატალი, მივედით ჯეჯემდე!

ამერიკაში უშვებენ ჯეჯეს სასწავლებლადო...
იმ "გამშვებმა" ჯერ არ იცის ინტერნეტის არსებობა?!
ოკენეს გადალახვა რა საჭიროა,ამ ინტერნეტის ეპოქაში?!

ნატალი, ხუმრობა იქეთ იყოს და ე.ი. რა უჭირს თუ არაფერს ასწავლიან, მთავარია დიპლომი "იყიდონ" და ინტერნეტით პ/როფესიას დაეუფლებიან,ან ცოდნას მიიღებენ?

კი მაგრამ, ეს "ჩემი ევროპელები" რაიზა არ აკეთებენ მასე,არ გაინტერესებს?!

...ან ჩვენს დიპლომებზე, იცი რამდენს იცინიან?!

ნაყიდი დიპლომი და ინტერნეტით მიღებული ცოდნა, ბიძაშვილის გამინის/ტრების შემთხვევაში, უკვე სხვა საკითხია მაგრამ...
სერიოზული დამსაქმებელი,სამსახურში არ მიგიღებს...
...და "წისქვილებში" სამუშაოდ,ნაყიდი დიპლომიც საკმარისია,რა საჭიროა ინტერნეტით თავის დაღ/ლა?!

papa

2017-11-15 12:01:13

სერაპინა

ძველ დიპლომებსაც მასე სასაცილოდ უყურებეენ?/

აბა ეს ავსტრი--შეიცარიიის კატაკომბები რატოა ქართველი ფიზიკოსებით(ატომშიკებით) გავსებული??



ჩოპრა
თავის დროზე(ოცი წლის წინ) რატო შენ არ წახვედი იმ კატაკომბებში??

serapina

2017-11-15 19:52:52

პაპა,
საბჭოთა კავშირის დიპლომებზე ზოგადად უვიცს გერმანელებს ეცინებოდათ... დღესაც მათ ეცინებათ მხოლოდ.
მცოდნე გერმანელებმა,მაშინაც და ახლაც,კარგად იციან რომ საბჭოთა დიპლომების პატ/რონების უმეტესობას,სოლიდური ცოდნა ჰქონდა...გამონაკლისებიც უნახავთ...
მაგრამ,ეს უკანასკნელი,როგორც ცნობილია,წესს ადასტურებს.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80