„რუსეთს უჭირს სიკეთის კეთება, ჩექმის დაჭერა უადვილდება“
საზოგადოება

„რუსეთს უჭირს სიკეთის კეთება, ჩექმის დაჭერა უადვილდება“

„რუსეთს უჭირს სიკეთის კეთება, ჩექმის დაჭერა უადვილდება“
თამთა ქარჩავა

2017-11-14 17:30:44

სავიზო რეჟიმის გამარტივება, ან სრულიად გაუქმება რუსეთის მხარის პრეროგატივაა. ოფიციალური რუსეთი პერმანენტულ რეჟიმში აკეთებს განცხადებას, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე. ამჯერად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში არ გამორიცხა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება, თუმცა აღნიშნა, რომ ამისკენ სვლას დიპლომატიური ურთიერთობების არქონა უშლის ხელს.

„პერსპექტივაშიარ გამოვრიცხავთ ორმხრივ საფუძველზე უვიზო რეჟიმის შემოღებას. სხვა საქმეა, რომ ამისკენ სვლა ჯერჯერობით რთულია. ამას ხელს დიპლომატიური ურთიერთობების არქონა უშლის, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, თბილისის ინიციატივით გაწყდა. აღნიშნული საკითხის მიღებისას ისეთი საფრთხეები უნდა იქნას გათვალისწინებული, როგორიც არის ტერორისტული საფრთხე და არალეგალური მიგრაცია“, - აღნიშნა გრიგორი კარასინმა.

მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ფიქრობს, ამასთან დაკავშირებით ცნობილია ოფიციალური თბილისის პოზიცია - სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი დღის წესრიგში არ დგას და არც დადგება.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა უვიზოდ, ერთი წლის ვადით შეუძლიათ, ხოლო საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის კიდევ უფრო გამარტივება ან სრულიად გაუქმება რუსეთის მხარის პრეროგატივაა.

„საქართველომ ჯერ კიდევ 2011 წლიდან დაიწყო რუსეთის მოქალაქეებისათვის სავიზო მოთხოვნების გაუქმების პროცესი და ამჟამად მათ უვიზოდ ერთი წლის ვადით შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა და ქვეყანაში ყოფნა. ანალოგიური გადაწყვეტილება იქნა მიღებული რიგი სხვა ქვეყნების მოქალაქეთა მიმართაც, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდას. მიმდინარე წლის ბოლოსთვის რუსი ტურისტების რაოდენობა საქართველოში, სავარაუდოდ, 1 მილიონს გადააჭარბებს“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

მისივე თქმით, 2016 წლიდან რუსეთმა გაამარტივა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის და თუკი ადრე მხოლოდ უახლოეს ნათესავს შეეძლო რუსეთიდან მოეწვია საქართველოს მოქალაქე, ამჟამად მოწვევის გამოსაგზავნად და ვიზის გასაფორმებლად ნათესაობრივი კავშირი აღარ წარმოადგენს აუცილებლობას.

„აღნიშნული სავიზო რეჟიმის კიდევ უფრო გამარტივება ან სრულად გაუქმება რუსეთის მხარის პრეროგატივაა. ამ თვალსაზრისით ჩვენ ვერ ვხედავთ აუცილებელ კავშირს სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებას ან გამარტივებასა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას შორის.

თუკი რუსეთს აქვს სურვილი და პოლიტიკური ნება ამ რეჟიმის გაუქმების, დიპლომატიური ურთიერთობათა არქონა ხელისშემშლელ ფაქტორს არ უნდა წარმოადგენდეს და ამაზე ჩვენი გამოცდილებაც მიუთითებს. გასაგები მიზეზების გამო, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხი დღის წესრიგში არ დგას“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გამარტივებას, ან სრულიად გაუქმებას, არ გამორიცხავს პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი, თამარ კიკნაძე, რომლის განცხადებით, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ბოლო დროს რუსეთმა გარკვეულწილად ტაქტიკა შეცვალა.

„მაგალითად, იგივე აფხაზურ ეკლესიასთან მიმართებაში ვნახეთ რაც ხდება. ჩემი აზრით, ეს გლობალური პროცესებიდან გამომდინარე ხდება. მე მაინც ვფიქრობ, ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების წინაშე ვდგავართ და მე ვთვლი, რომ ეს არის მოთელვითი მცდელობები რუსეთის მხრიდან. თუმცა, რუსეთთან სავიზო რეჟიმის არარსებობისა და მძიმე სოციალური ფონის გამო, ძალიან ბევრი ადამიანი მიდის ევროპაში.

იგივე რუსეთის საელჩოსთან, რომ გაიაროთ უამრავ ადამიანს ნახავთ, რომელიც რუსეთის ვიზას ითხოვს. რატომ? - იმიტომ, რომ ენის ბარიერი შედარებით არ არსებობს. ერთი ქვეყანაში ცხოვრების დრო ახსოვთ და თვლიან, რომ მენტალურადაც რუსეთი უფრო ახლოს არის.

ალბათ, ტრამპი-პუტინის შეხვედრის შემდეგ რაღაცა ცვლილებებს უნდა ველოდოთ. ამერიკა უფრო იზოლაციური პოლიტიკისკენ მიდის. ევროპასაც თავისი პრობლემები აქვს. შეაძლებელია, რომ ჩვენ რაღაცა ახალი გადანაწილების წინაშე დავდგეთ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია გვქონდეს მაქსიმალური ინფორმაცია ამ პროცესების შესახებ“, - ამბობს თამარ კიკნაძე.

ლოგიკურად კავშირი დიპლომტიურ ურთიერთობასა და სავიზო რეჟიმს შორის არ არსებობს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფომ მოისურვა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, შეუძლია ეს ნაბიჯი გადადგას. მაგრამ თუ რუსეთი დიპლომატიურ ურთიერთობის თემას იმიზეზებს, ეს უკვე რუსეთზეა დამოკიდებული, რა მიზეზს მოძებნის და რომელი საბაბით ეტყვის უარს, ან კის საქართველოს.

„ბოლო ხანებში რუსეთს სულ უნდა იმის ჩვენება, რომ ძალიან უყვარს საქართველო და ქართველები, ოღონდ აი, ქართველები თუ წამოვლენ საპასუხო ნაბიჯზე. რა თქმა უნდა, მაშინ უნდა დააჯერო ეს პოლიტიკური ელიტა იმაში, რომ შენ დიპლომატიური ურთიერთობა არ გაქვს, მაგრამ სავიზო რეჟიმის გაუქმება მიზანშეწონილია. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც ქართულ თემაზე მუშაობს, ეს სურვული არ აქვს. იმის მომიზეზება, რომ დიპლომატიური ურთიერთობების არქონა გვიშლის ხელსო, რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ისეთი პოლიტიკური დატვირთვა, როგორიც ჰქონდა ევროპასთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ ექნება.

„ჩვენ ევროპასთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების დროს ვამბობდით, რომ მოქალაქეებისთვის არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მით უმეტეს, რომ მნიშვნელოვანი იქნება რუსეთთან უვიზო რეჟიმის გაუქმება, იმიტომ, რომ უფრო მეტი ქართველია რუსეთში, ვიდრე ევროპაში. ამდენად, ბუნებრივია, რომ ეს ინტერესი არსებობს და გაუქმებას მნიშვნელობა ექნება.

მაგრამ ევროპასთან მიმართებაში სავიზო რეჟიმის გაუქმება, სიმბოლოა იმისა, შენ ევროპისთვის მისაღები ხარ. აი, რუსეთისთვის მისაღები ხარ თუ არა, ეს საკითხი პოლიტიკურად ნაკლებად აქტუალურია. თუმცა, ეს ნაბიჯი რომ გადაედგა რუსეთს და არ იყოს ძალადობრივად განწყობილი, ამით ბევრი ადამიანის გულს მოიგებდა საქართველოში. ბევრი ადამიანი იტყოდა - ხომ ხედავთ რა კეთილგანწყობილია რუსეთიო. მაგრამ რუსეთს უჭირს სიკეთის კეთება, ჩექმის დაჭერა უადვილდება“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

ნანახია - 1084

სანდრეი

2017-11-14 20:09:45

ანდრეი, ეს შენ ხარ? მოგიკითხავ მხურვალედ შენც და შენს ოჯახსაც. ვალოდიასაც გადაეცი. შენ იცი რაც უნდა გადასცე. სურენასაც უთხარი ჩვენი შემონათვალი.

ჯიმშერი

2017-11-14 20:13:43

მოკითხვა ჩემგანაც ანდრეის და ვალოდას. თქვენი ჩექმები ერთ ადგილას გაიკეთეთ. მოემზადეთ, მალე მოგიწევთ.

natali

2017-11-14 20:40:37



ეს ანდრეი პედოფილია. წაიკითხეთ მაგის კომენტარები აქ და დარწმუნდებით.

http://www.for.ge/view.php?for_id=50879&cat=2

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80