„Pegasus Airlines-ის რუკაზე აფხაზეთის ტერიტორია ცალკე სახელმწიფოდ აღარ არის დატანილი“
დაიჯესტი

„Pegasus Airlines-ის რუკაზე აფხაზეთის ტერიტორია ცალკე სახელმწიფოდ აღარ არის დატანილი“

„Pegasus Airlines-ის რუკაზე აფხაზეთის ტერიტორია ცალკე სახელმწიფოდ აღარ არის დატანილი“
ლიკა გურაბანიძე "commersant.ge"

2017-11-21 14:14:26

შეცდომა გამოსწორებულია -  Pegasus Airlines-ის რუკაზე აფხაზეთის ტერიტორია ცალკე სახელმწიფოდ აღარ არის  დატანილი, — ამის შესახებ „კომერსანტს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, საკითხის მოგვარებაში თურქეთში საქართველოს საელჩი იყო ჩართული.

ცნობისათვის, რამდენიმე დღი წინ თურქულმა ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა საკუთარ რუკაზე აფხაზეთის ტერიტორია საქართველოდან გამოყო. ავიაკომპანიის საიტზე გამოქვეყნებულ რუკაზე, სადაც მითითებულია ის მიმართულებები, სადაც Pegasus Airlines-ი დაფრინავს, კარგად ჩანდა, რომ საქართველო და აფხაზეთი ცალ-ცალკე ქვეყნებად იყვნენ დატანილები.

მომხდარ ფაქტს საქართველოში თურქეთის ელჩიც გამოეხმაურა. „არ მგონია, პეგასუსს იმის უფლებამოსილება ჰქონდეს, რომ ვინმე სახელმწიფოდ აღიაროს. ვფიქრობ, სავარაუდოდ, შეცდომას უნდა ჰქონდეს ადგილი. შევისწავლით ამ საკითხს“, - აღნიშნა თურქეთის ელჩმა.

როგორი უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფოს რეაგირება  ასეთ შემთხვევებზე და რატომ დაუშვა იმ კომპანიამ, რომელიც საქართველოში დაფრინავს, ასეთი უხეში შეცდომა, ამ კითხვით „კომერსანტმა“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს ზვიად კვაჭანტირაძეს მიმართა. 

„ვფიქრობ, რომ ამ ფაქტს აუცილებლად სჭირდება ადეკვატური რეაგირება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია უნდა ჩაერთოს. მათ იციან როგორი ღონისძიება უნდა გატარდეს იმისათვის, რომ Pegasus Airlines-მა მსგავსი საქციელი აღარ გაიმეოროს. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო მსგავსი სახის შემთხვევებს მუდმივად აკონტროლებს. ჩვენც ამ საკითხებთან დაკავშირებით ყოველთვის ადეკვატური რეაგირება უნდა მოვახდინოთ“, - აღნიშნა კვაჭანტირაძემ.

ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დე ფაქტო რესპუბლიკა უცხოურმა კომპანიამ ცალკე სახელმწიფოდ დაარეგისტრირა.  რამდენიმე თვის წინ  Booking.com-ზე მომხმარებლის პროფილის რედაქტირებისას და სასტუმროების მფლობელებისთვის ინფორმაციის განთავსებისას, აფხაზეთი მითითებული იყო როგორც ცალკე ქვეყანა. მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამის მიზეზი განმარტა და განაცხადა, რომ Booking.com-მა ხარვეზი მალევე გამოასწორა.

„ვებგვერდის 40-მდე სხვადასხვაენოვან ვერსიაში search-ის ფუნქციაში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონსა და მის ყველა ქალაქს გვერდით საქართველო მიეთითა. ეს ფუნქცია გასასწორებელი დარჩა მხოლოდ რამდენიმე ენაზე. კომპანიასთან მუშაობის შედეგად, ახლახანს შევთანხმდით, რომ კიდევ ერთხელ გადაიხედება ვებგვერდის ყველა ტექნიკური ხარვეზი, რაც აფხაზეთის, როგორც ქვეყნის რაიმე ფორმით ხსენებას უკავშირდება, და გასწორდება საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

ამავე მიმართულებით ვმუშაობთ კომპანია Airbnb-თანაც. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ყველა შემთხვევაზე, როცა ამა თუ იმ ვებგვერდზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები მოცემულია ქვეყნების ჩამონათვალში. უმეტეს შემთხვევებში ეს არის ტექნიკური ხარვეზი. სწორედ ამიტომ ყველა იმ შემთხვევაში, როცა უწყება უკავშირდება კომპანიებს, ისინი ასწორებენ ვებგვერდზე არსებულ ხარვეზებს. ცხადია, არ იგულისხმება რუსული ვებგვერდები, — აცხადებდნენ მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

Booking.com  და Airbnb-ისგან განსხვავებით, საკუთარი ოფისი აქვს საქართველოში Pegasus Airlines-ს, ახორციელებს ფრენებს საქართველოდან და შესაბამისად, მას ასეთი შეცდომა არ უნდა მოსვლოდა. კომპანიის მიერ დაშვებულ შეცდომაზე კი ქართული სახელმწიფოს რეაგირება უნდა იყოს მკაცრი, რათა უკვე შემდგომ იგივე სხვა კომპანიებმაც არ გაიმეორონ.  

 

ნანახია - 284

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80