საქონელი სულ უფრო მცირდება, ადგილობრივი ხორცი დეფიციტური ხდება
ეკონომიკა

საქონელი სულ უფრო მცირდება, ადგილობრივი ხორცი დეფიციტური ხდება

  საქონელი სულ უფრო მცირდება, ადგილობრივი ხორცი დეფიციტური ხდება
ბექა დანელია

2017-11-28 22:00:40

საქართველოში ადგილობრივი ხორცის დეფიციტის ნიშნებია. ეს იმის ბრალია, რომ მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობა ბოლო წლებში საგრძნობლად შემცირებულია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 8480,8 ტონა ხორცი აწარმოეს, რაც 1000 ტონით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წლის მესამე კვარტალში სულ 9486,4 ტონა ხორცის წარმოება მოხდა. შესაბამისად, ქვეყანაში საქონლის ხორცის დეფიციტია და რამდენიმე სასაკლაომ ფუნქციონირებაც უკვე შეწყვიტა. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სასაკლაოების რაოდენობა 80-დან 75-მდე შემცირდა. აქედან გამომდინარე, ადგილობრივი ბაზარი ხორცის დეფიციტს განიცდის, რაც სამომავლოდ გაძვირების წინაპირობაა.

ახლა შემოდგომაა და გლეხები ზამთრის წინ პირუტყვს თავიდან იშორებენ. ასე რომ, ბაზარზე ასე თუ ისე დასაკლავი საქონელი ჯერ კიდევ არის, გაზაფხულზე კი საპირისპირო სიტუაცია იქნება, რადგან გამოზამთრებულ პირუტყვს ვერავინ შეელევა.

შპს „მატადორის“ ხელმძღვანელი იოსებ კოხტაშვილი აღნიშნავს, რომ სასაკლაოების მუშაობა შემცირებულია.

„დასაკლავი საქონელი ფაქტობრივად, არ შემოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გვერდის ავლით კლავენ საქონელს. ქუჩაში რომ გაივლით, უამრავი ხორცი იყიდება, მაგრამ სად იკვლება, არავინ იცის. შეუმოწმებელი ხორცი მოსახლეობისთვის საზიანოა. სასაკლაოები სწორედ ამისთვის გავაკეთეთ, რომ ხარისხიანი ხორცი გვეწარმოებინა. გარკვეული თანხებიც ჩავდეთ, ახლა კი წარმოება ფაქტობრივად, გაჩერდა. თუ ასე გაგრძელდა, სასაკლაოების დიდი ნაწილი დაიხურება, ხალხი უმუშევარი დარჩება“, - განაცხადა კოხტაშვილმა.

თელავში მდებარე სასაკლაოს შპს „ქართული ხორცის პროდუქტების“ ხელმძღვანელი სანდრო მეგუთნიშვილი აღნიშნავს, ხორცის წარმოების შემცირების მიზეზი ექსპორტზე ცოცხალი საქონლის გაყვანაა.

„პირველ რიგში, ხორცის წარმოების მიზეზი არის ეკონომიკური სიდუხჭირე, მეორე ის, რომ მსხვილფეხა საქონელი ექსპორტზე გადის. სასაკლაოების ბიზნესი მომგებიანი აღარ არის. ვიცი, რომ ზოგი სასაკლაო დაიკეტა კიდეც. მთლიანობაში სიტუაციამ მოიტანა, რომ ხორცი გაძვირდა, ნაკლებად იყიდება. ბოლო პერიოდში მინიმუმ 4 ლარით მაინც გაძვირდა. ეს იმიტომ, რომ საქონლის შოვნა რთულია. რაც არის, ძირითადად, ექსპორტზე გადის“, - აცხადებს „კომერსანტთან“ საუბრისას მეგუთნიშვილი.

ამ ეტაპზე რეგიონებში საქონლის შენახვის პრობლემაა. ბოლო წლებში მიგრაციული პროცესების გამო სოფელიც იცლება, რეგიონებში დარჩენილ მოსახლეობას კი საქონლის გამოკვების შესაძლებლობა აღარ აქვს. ამას სტატისტიკაც ადასტურებს. თუკი 2012-13 წლებში მსხვილფეხა პირუტყვის სულადობა 1,3 მლნის ფარგლებში იყო, მისი რაოდენობა ამ დროისთვის 950

000-მდეა შემცირებული.

სოფლის მეურნეობის ექსპერტი, პროფესორი გოჩა ზენაიშვილი პრობლემას დიდწილად საძოვრების დეფიციტსაც უკავშირებს.

„დასავლეთ საქართველოში ჩალა მნიშვნელოვნად შემცირდა. ზამთარში ეს გამოიწვევს საქონლის რაოდენობის შემცირებას, რაც გარდაუვალია. პირადად ვცხოვრობ სოფელში და ვხედავ, რაც იქ ხდება. მაგალითად, გურიის სოფლების უმეტესობაში მოსახლეობას თუ ჰყავდა 5 სულამდე საქონელი, ახლა 2-3 შერჩა. ხალხი უკვე ცდილობს პირუტყვის მოშორებას, რადგან საკვები არ აქვს. სამომავლოდ ეს თავისთავად გამოიწვევს ბაზარზე საქონლის ხორცის გაძვირებას. საკვები უკვე გაძვირდა, 7 ლარი ღირს ნამჯა. ხალხს არ აქვს იმის საშუალება, რომ საკმარისი მარაგი შეიძინოს. მით უმეტეს, ფასი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“, - განმარტავს ზენაიშვილი და დასძენს, რომ წელს პირუტყვის სულადობა როგორც დასავლეთ, ასევე

აღმოსავლეთ საქართველოშიც დაიკლებს.

ნანახია - 546

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80