გულგრილობა თუ EASYLOAN.GE–სა და BILETEBI ONLINE–ის “აფიორა“?
დაიჯესტი

გულგრილობა თუ EASYLOAN.GE–სა და BILETEBI ONLINE–ის “აფიორა“?

გულგრილობა თუ EASYLOAN.GE–სა და BILETEBI ONLINE–ის “აფიორა“?
„ბანკები და ფინანსები“

2017-11-29 14:14:00

CRIS NORMAN-ის კონცერტი , რომელიც  თბილისის სპორტის სასახლეში 10 დეკემბერს იყო დანიშნული, ჩაიშალა. თავისთავად ეს ფაქტი  საყურადღებო ვერ გახდებოდა, რომ არა ორგანიზატორების მხრიდან თანამდევი, რბილად რომ ითქვას,  გაუგებარი  საქციელი. საქმე ის არის, რომ ორი თვის მანძილზე TKT.GE-ს მიერ გაყიდული ბილეთები და გადახდილი საკომისიო თანხები, მიუხედავად რამდენიმე გზის დაპირებისა, რომ თანხების უკან დაბრუნება ორ კვირაში მოხდებოდა, დღემდე არ მომხდარა.

რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, კონცერტის ორგანიზატორად ონლაინ სივრცეში წარმოჩენილი იყო და არის ონლაინ სესხების კომპანია EASYLOAN.GE.

ჩაშლილი კონცერტის ბილეთებში გადახდილი თანხების უკან დაბრუნების პროცესის არაადეკვატურად გაჭიანურებამ, ბუნებრივია, მრავალი კითხვა გააჩინა. უკვე მესამე კვირაა, რაც მოტყუებული მომხმარებელი კატეგორიულად ითხოვს თანხის უკან დაბრუნებას საკომისიოს ჩათვლით და აღშფოთებას, ჯერ-ჯერობით, სოციალური ქსელების მეშვეობით გამოხატავს.

კითხვებს ამძაფრებს ის გარემოებაც, რომ მომხმარებლებს მკაფიოდ არ პასუხობენ, თუ ვინ არის რეალურად კონცერტის ორგანიზატორი.

მართალია TKT.GE-იმ ორგანიზატორად EASYLOAN.GE დაასახელა და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მას გადააბარა, EASYLOAN.GE-მ თავის მხრივ პასუხისმგებლობას თავი აარიდა და დაზარალებული პირები ფაქტობრივად გაურკვეველ FB გვერდზე – BILETEBI ONLINE-ზე  გადაამისამართა … BILETEBI ONLINE–ს, რამდენადაც ირკვევა, ვებგვერდი არც კი გააჩნია.

TKT.GE-ის ოფიციალურ „ფეიჯზე“ - BILETEBI ONLINE.GE -კონტაქტზე უკვე აღარ გადის  და დაზარალებულების მიერ მისი მისამართით დასმულ კითხვას, თუ რატომ გაუქმდა კონცერტი, კონკრეტულ პასუხს არ სცემს. იმით შემოიფარგლება, რომ ინფორმაცია, თურმე ნუ იტყვით, ”კონფედიციალური”ყოფილა… პირად სასაუბროში ერთ-ერთ დაზარალებულთან კონცერტის ჩაშლის მიზეზებზე ცოტა მეტს საუბრობს, თუმცა ვითარება კიდევ უფრო  ბუნდოვანი ხდება. უფრო მეტიც, როგორც ჩანს, BILETEBI ONLINE  უარგუმენტობის გამო მუქარაზეც გადადის…

„იზილოუნის შპს განსხვავდება ორგანიზატორების შპს-სგან. კონცერტის არჩატარების მიზეზი გახდა უთანხმოება რაიდერ-კომპანიასა და ჩამომყვან კომპანიას შორის იმის გამო, რომ კრის რიც ჩამოდის სპორტის სასახლეში და კრის ნორმანის გამო დაუვარდათ გაყიდვა. ბოლო თანხებს აბრუნებს კრის რის ორგანიზატორები“.

აქ საგულისხმო სწორედ ის არის, რომ  საუბარში ნახსენებია CHRIS REA, რომლის კონცერტი დაგეგმილია 30 დეკემბერს სპორტის სასახლეში და ბილეთების ნაწილი აქაც უკვე გაყიდულია. ზემოთაღნიშნულ კომენტარში EASYLOAN.GE იმასაც ამბობს , რომ ის არ არის ორგანიზატორი და მისი სახელის გამოყენებით ხდებოდა მომღერლის ჩამოყვანა. ასევე გარკვევით წერს , რომ თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას იღებს CHRIS REA-ს ორგანიზატორი და ასეთად BILETEBI ONLINE-ის მისამართს უთითებს.

სახეზეა სრული გაუგებრობა და მომხმარებლის განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

მომხმარებლებს უჩნდებათ გონივრული ეჭვი, რომ  30 დეკემბერს დაგეგმილ კონცერტსაც 10 დეკემბერს დაგეგმილი CRIS NORMAN-ის კონცერტის ბედი ეწევა. მით უმეტეს, რომ, როგორც ირკვევა, CHRIS REA-ის ოფიციალურ საიტზე საქართველოში დაგეგმილი კონცერტი საერთოდ არ არის მითითებული… როგორც დაზარალებულები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, მათ მიწერილი აქვთ CHRIS REA-ის ოფიციალურ გვერდზე კითხვა – აქვს თუ არა მომღერალს დაგეგმილი 30 დეკემბერს საქართველოში კონცერტი და ოფიციალურ პასუხს ელოდებიან.

ამ ფონზე კიდევ უფრო გაუგებარი ხდება CRIS NORMAN-ის კონცერტზე ბილეთების შეძენით დაზარალებული მომხმარებლების მდგომარეობა, რომლებმაც დღემდე არ იციან როდის დაუბრუნდებათ გადახდილი თანხები.

თავისთავად ის ფაქტი, რომ ჩაშლილი კონცერტის ორგანიზატორად იკვეთება ონლაინ სესხების კომპანია EASYLOAN.GE ამ წუთისთვის მოტყუებულ მომხმარებლებში  ბადებს ლეგიტიმურ ეჭვს, ხომ არ იყენებს ეს ორგანიზაცია მათ მიერ ბილეთებში გადახდილ თანხებს უფასო ფინანსურ რესურსად საკუთარი საკრედიტო საქმიანობისთვის და ხომ არ გვაქვს საქმე თაღლითობის დახვეწილ სქემასთან?!  – ამ კითხვაზე პასუხი შესაბამისი საგამოძიებო სამსახურის საქმეა და რამდენადაც დაზარალებული მომხმარებლები აცხადებენ, ამ კითხვით ისინი ფინანსური პოლიციისთვის მიმართვას აპირებენ.

 

ნანახია - 270

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80