მერია უკანონო მიშენებების დანგრევით იმუქრება
ეკონომიკა

მერია უკანონო მიშენებების დანგრევით იმუქრება

მერია უკანონო მიშენებების დანგრევით იმუქრება
ბექა დანელია

2017-11-29 20:00:14

დედაქალაქის ახალი ხელმძღვანელობა უკანონო მიშენებებთან ბრძოლას იწყებს. ეს ბრძოლის მერამდენე ეტაპია არავინ იცის, მაგრამ ამჯერად მერიაში ირწმუნებიან, რომ საკითხს ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებენ.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ძალიან მოხშირდა უკანონო და პროექტის დარღვევით მშენებლობები, რაც ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. ამიტომ მერია შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.

„ყურადღება მინდა გავამახვილო უკანონო, უნებართვო და პროექტის დარღვევით მშენებლობებზე. მინდა ზედამხედველობის სამსახურს დავავალო მაქსიმალური ყურადღება იყოს გამახვილებული ამ საკითხზე და შესაბამისი მკაცრი ზომები მიიღოთ, მათ შორის დროული დემონტაჟის მიმართ. სამწუხაროდ, ძალიან მოხშირდა ქალაქში ასეთი შენობა ნაგებობები, ეს ყველაფერი ამახინჯებს დედაქალაქის იერსახეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს გიორგი ბაგრატიონს სთხოვა საკითხთან მიმართებაში მკაცრი რეაგირება მოახდინონ. მანაც რეაგირება არ დაახანა და პირდაპირ განაცხადა, რომ დედაქალაქში უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობები დემონტაჟს დაექვემდებარება.

„საკითხს შევისწავლით და შენობების დემონტაჟს დავიწყებთ. ყურადღების ქვეშ მოექცევა ყველა ადგილი და მას შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. თავდაპირველად ექნებათ შესაბამისი მითითება. ბევრი დადგენილება უკვე გამოცემული გვაქვს. ვინც ემორჩილება, თავად აკეთებს დემონტაჟს, ვინც არ ემორჩილება, ჩვენ აღსრულების სამსახურთან ერთად განვახორციელებთ დემონტაჟს.

უკანონო მშენებლობები არის რამდენიმე სახის: სახელმწიფო მიწაზე აშენებული, რომელსაც ნებართვა არ გააჩნია და ასევე კერძო მიწაზე აშენებული, რომელიც ნებართვის დარღვევითაა აშენებული“, - განაცხდა ბაგრატიონმა და დასძინა, რომ ასეთი უკანონო ნაგებობები თბილისის ყველა უბანშია.

უკანონო მიშენებასთან დაკავშირებით დედაქალაქში მართლაც სავალალო ვითარებაა. ბევრი მათგანი საფრთხის შემცველიცაა. წლების წინ საცხოვრებელ სახლებზე მიშენების უმრავლესობას უკანონოდ მიიჩნევს საკრებულოს ყოფილი დეპუტატი მანუჩარ მაჩაიძე, თუმცა რადგანაც ეს მშენებლობა მოსახლეობამ წლების წინ აწარმოა, ყველა მაშინდელი პირობების შესაბამისად მოქმედებდა.

„ისეთი ნაგებობები, რომლებიც ავარიული და საშიშია, აუცილებლად უნდა დაინგრეს. ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან მოყოლებული და შემდეგ წლებშიც თბილისში მიშენების ნახევარზე მეტი უკანონო იყო. ისინი დღემდე არ დანგრეულა. ეს იმიტომ, რომ მაშინ სრულიად სხვა კანონები მოქმედებდა. თუ ნაგებობა არ ამახინჯებს ფასადს ან არ ქმნის სხვა პრობლემას, აღარ არის დანგრევის ან დაჯარიმების აუცილებლობა“, - განაცხადა მაჩაიძემ.

პარლამენტში ცოტა სხვაგვარად უყურებენ ამ პრობლემას უკანონო მიშენებებთან დაკავშირებული სპეციალური საკანონმდებლო ინიციატივაც შეიმუშავეს, რომლის მიხედვითაც საჯარიმო სანქციებისგან თავისუფლდებიან ის სამართალდამრღვევები, რომლებმაც საცხოვრებელ კორპუსებზე დაშენებები ან მიშენებები, სხვენებში, ოთახები ან სათავსოები მოაწყეს.

საქმე ეხება 2007 წლიდან 2015 წლამდე უნებართვოდ ან სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებულ მშენებლობებს.

მაღალსართულიან კორპუსებში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებსაც საცხოვრებელ ფართებზე ე.წ. უკანონო მიშენებები აქვთ, ფინანსური ჯარიმისა და საურავისგან თავისუფლდებიან.

 

ნანახია - 786

natali

2017-11-29 21:11:08

ვიღაცამ რაღაც მიაშენა, იმას კი არა, პრივატიზებით რომ ამოიდეს ადგილები, იმას მიხედეთ. პოლიტექნიკურის მეტროსთან რაღაც პავილიონები რომაა ჩადგმული, იმას მიხედეთ, მეტროს მეორე ამოსასვლელთან შუა ქუჩაში რომაა ავტოფარეხის ადგილას ორსართულიანი მაღაზია, იმას მიხედეთ, პეკინის და საბურთალოს კვეთაზე ტროტუარი რომ არაა, იმას მიხედეთ...

natali

2017-11-29 21:54:34

"თბილისის რამდენიმე  ქუჩას ახალი სახელი დაერქმევა"
---------------

ვაიიიი...რააა ვაიიიიიიიიი...

ამით იწყებთ? მეტი საქმე არა გაქვთ არა? რა წაიღეთ ტვინი ამ ქუჩების სახელების გადარქმევით, უკვე ხალხმა რა ქუჩა სადაა ვეღარ გავიგეთ.
არადა კარგად ვიცით რატომაც აკეთებთ ამას. ერთი საკადასტრო კოდის ქვეშ რომ აერთიანებდით ორ და სამ კორპუსს და მერე ის კოდები უცებ სხვაგან რომაა გაჩენილი და მისამართები რომ გაურკვეველია, მაგით ასწორებთ. შევარდნაძის დროიდან მოყოლებული ყველა ამას აკეთებთ და ყველა მაგრად ჭამთ.

ფხიზელი

2017-11-29 22:03:33

natali,
რეიგანის ძეგლი რომ დადგეს ნაცებმა - ვნახე ფოტოზე, მაგრამ რა მაინტერესებს: ჯონ მაკ-კეინის ქუჩა თუ გვაქვს თბილისში?

natali

2017-11-29 23:12:35

ვერ მოასწრეს:))))

serapina

2017-11-29 23:43:47

ნატალი,
მართლა გეგონა,რომ ახალს (და აზრიანს)გააკეთებდნენ?!
(ან ვინ ჰკითხავთ?!)

natali

2017-11-30 01:48:38

რა ვიცი სერაფინა, რატომ არ უნდა უნდოდეს ადამიანს მოწესრიგებულ ქალაქში ცხოვრება? ისე კი ნგრევით დაწყებული კარგი საქმეების არ მჯერა მე. მით უმეტეს, რომ ხომ ვიცით რა პირობებში ცხოვრობდა ხალხი? 2 ოთახიან ბინაში 3 თაობა. ხოდა როგორც კი საშუალება ნახეს 4-5 კვადრატი მიიშენეს. აი იმ დიდ ქურდებს კი, ქვეყანა რომ დაინაწილეს, ნამდვილად არ სჭირდებოდათ თავის შეწუხება ამ წვრილმანისთვის.ხოდა აი იმ დიდმა ქურდებმა რომ აიშენეს პირდაპირ ტროტუარებზე ოფისები, აფთიაქები....აი მაგათ მიხედონ და მაგათ დაუნგრიონ.

ფხიზელი

2017-11-30 02:01:30

natali,
მე კი მგონია, რომ ამათაც უნდა დაუნგრიონ და იმათაც!
ყველა მინაშენი, განსაკუთრებით ძველ ქალაქში, რომელიც არ ზის ანსამბლში არქიტექტურულად, უნდა დაინგრეს!
უნდა შეიქმნას ქალაქის გენგეგმა და ყოველგვარი გადახრა იმ გეგმიდან, უმკაცრესი სასჯელით უნდა აღიკვეთოს: ჯარიმა+მინაშენის დანგრევა, ნანგრევების გატანა და ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა - უკანონო მშენებლის ხარჯებით!
მერე ნახავთ, რა სწრაფად გაითავისებს ხალხი, რომ არ შეიძლება ასეთი თავნებობა!

natali

2017-11-30 03:16:02

მიშენებულიც აქვთ, დაკანონებულიც და 2-3-ჯერ გადაყიდულიც. წესიერ შემძენს რას უზამ?

natali

2017-11-30 03:22:15

მერიას არ ეხება,სოფლებში ჰექტრობით მიწები რომ მიითვისეს, ხალხს საძოვრები რომ აღარ აქვს, მაგას როდის და როგორ დაუბრუნებენ ხალხს?
მაგრამ მე რისი ეჭვი მაქვს იცით? ესენიც ნაცებივით თავისებს დაუკანონებენ, სხვებს დაუნგრევენ. ამიტომაც ბობოლებით თუ დაიწყებენ, დავიჯერებ რომ მართლა ქალაქზე ფიქრობენ.

ფხიზელი

2017-11-30 04:21:14

ვნახოთ, ნატალი!.. სახარე ხბოს სასკორავზე შეეტყობაო :)

ფხიზელი

2017-11-30 04:51:48

რაც შეეხება საძოვრების მითვისებას...
რამდენიმე წლის წინ დიდი შეხლა-შემოხლა გვქონდა აქ: რომელიღაც მღვდელმა რომ საქმეები მოაკვარახჭინა "ზემოთ", სოფელს რომ საძოვრები წაართვა და მეცხოველეობის ფერმა რომ მოიწყო, ეს გავაპროტესტე და ჩემს მხარეზე არავინ აღმოჩნდა, ლ ა მ ე ს გარდა! (დღე არ გავა, ერთი ათჯერ არ გამახსენდეს ეს მრავალმხრივ განათლებული, საოცრად საინტერესო და უდიდესი ინტელექტის პატრონი კაცი! იმედია, კარგად არის, მაგრამ გული მტკივა, რომ არავის სჭირდება ამხელა გონებრივი პოტენციალის და გამოცდილების მქონე ადამიანი და ვიღაც თხლეებს რომ აწინაურებენ საკვანძო თანამდებობებზე...).

natali

2017-11-30 11:21:18

თავის დროზე მიშენებების უფლება რატომ მისცეს ხალხს? იმიტომ რომ ვიღაცამ 2 კვადრატი გამოსწია, სხვამ მთელი ქარხანა მიითვისა, ჯართად გაყიდა და მის ადგილას კომპლექსი რომ წამოჭიმა, ხმა რომ არავის ამოეღო. მიშენებებს თუ მიადგენენ, იცით რატომ მიადგებიან? თბილისის ცენტრში უმეტესად ვადაგასული კორპუსებია, ხოდა აი იმ ქურდმა, ბევრი რომ მიითვისა საერთო სახალხო საკუთრებიდან, ბევრი ფული რომ აქვს და აღარ იცის რა უყოს. გარემოც ლამაზი მოუნდა და მიხვდა, რომ არაფერს ფასი აღარ აქვს ამ საშინელ ქალაქში, ახლა ვიღაცას ეს პირადი საკუთრება რომ დაუნგრიოს, ხომ უნდა დააკმაყოფილოს ფართით,ხოდა აი ეს მიშენება ფართში რომ არ ჩაეთვალოს იმიტომ, ნაკლები რომ დახარჯოს იმავე ხალხისგან წართმეული და მითვისებული ფულიდან, აი იმიტომ.







natali

2017-11-30 11:53:04

ერთ პატარა მაგალითს მოვიყვან, ასეთები ალბათ ძალიან ბევრია.

ჩემი მეგობრის ეზოში,(ისე როგორც ყველგან), ავტოფარეხები იყო. ერთ ადგილას სამი ავტოფარეხი იყო ერთმანეთზე მიდგმული. ორი დაანგრიეს,(მე თუ მკითხავთ, ყველა დასანგრევი იყო):)) ხოლო მესამე, რომელიც ტროტუარს ემიჯნებოდა, ის არ დაანგრიეს. რომ ვკითხე, ამის პატრონმა რა "დააშავა":) მეთქი, მიპასუხეს, მაგას დაკანონებული აქვსო, მერე რომ ვუთხარი, ვიღაც ნაცი იქნება მეთქი, აღმოჩნდა, რომ ის კაცი მართლა ნაცების დიდი აქტივისტი იყო. ახლა იმ "ავტოფარეხში" მაღაზია თუ რაღაც საცხობია და შესასვლელი ტროტუარის მხრიდან აქვს. ალბათ კარგ ფასშიც აქვს გაქირავებული. ამ კაცის მანქანა კი ეზოში აყენია და მისმა მეზობლებმა სად დააყენონ მანქანები, არ იციან. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ვისაც ნაქირავები აქვს, ის კაციც ამისი მეზობელია და ეს ადგილი მისიც იყო:)) ანუ ამ კორპუსის ეზო იყო. მერე ჩავიხედე საკადასტრო გეგმაში და ამ კორპუსის ეზოსთვის წითელი ზოლი ისე გაუკეთებიათ, რომ ეს ადგილი წითელ ზოლში არ ჰყვება. ეს კი უკვე შევარდნაძის დროს გაკეთებულა. ორი კორპუსი ერთი საკადასტრო კოდის ქვეშ გააერთიანეს, ერთი მისამართის ქვეშ, ხოლო ის გამოთავისუფლებული კოდი თავისი მისამართიანად გაჩნდა მოშორებით . თავისთავად ორ კორპუსს ერთი კორპუსის ეზო დარჩათ საერთო ფართად. მერე მისამართებიც შეცვალეს იმიტომ, რომ დიდ უხერხულობას ქმნიდა ნომრების არათანმიმდევრულობა. ახლა ამ კორპუსში ვიღაცამ აივანი გაიფართოვა მე-10 სართულზე, იმას უნდა დაუნგრიო და ამ თაღლითმა ეზო რომ წაართვა, მანქანის გასაჩერებელი რომ არ დაუტოვა, ტროტუარი გადაკეტა და ფეხით გასავლელიც რომ აღარ დატოვა (მაღაზიის წინ გამოტანილი რაღაცეებით), იმას უნდა დაუტოვო?

მე მიმაჩნია, რომ ეს არასწორი მიდგომაა.

natali

2017-11-30 14:44:41

ხოდა ახლა ამ მაღაზიის პატრონი თავისი კორპუსის აივნიდან რომ იყურება, არ მოსწონს ხედი, რომელსაც მისი მეზობლის მიშენებული აივანი უფუჭებს და უნდა რომ მოუნგრიონ. მაგარია არა? ხალხს ყველაფერი წაართვეს, დაინაწილეს, ხალხი გააღატაკეს და ახლა ამ ხალხის ხედი არ მოსწონთ. კეთილი ინებეთ და ჯერ თქვენს მიერ მითვისებული დაუბრუნეთ ხალხს, ჯერ თქვენი აშენებული სასახლეები დაანგრიეთ, შემოღობილი კუს ტბა გახსენით და საერთო სახალხო საკუთრებაზე აშენებული რესტორნები მოანგრიეთ და მერე მიადექით იმ საცოდავი ხალხი მიერ დიახ, უსახურ მიშენებებს. დიახ, მეც არ მომწონს ეს ამოშენებული რაღაცეები, მაგრამ რომ ვფიქრობ, 2 კვადრატული აივანი რომ ამოაშენა, ე.ი. ბავშვის საწოლის დასადგმელი ადგილი არ ჰქონდა ხომ? მაინცდამაინც ამის მონგრევით უნდა დაიწყოთ ქალაქის გალამაზება?

natali

2017-11-30 16:06:30

ისე კი ძალიან მაგარი სურათია:))) ასეთი რამე მართლა სადმეა, თუ ფოტოშოპია?:))))))))

ფხიზელი

2017-11-30 17:14:49


natali,
მართალი ხარ!.. სამაგისოდ რაიმე ბერკეტი რომ მქონდეს, მერის მოადგილედ ან საკრებულოს თავმჯდომარედ დაგნიშნავდი, მაგრამ რა ვქნა, რა წყალში ჩავაჭყაპუნო (როგორც ჩემი კახელი ძმაკაცი იტყოდა:)))
*
სურათი ნაღდი იქნება! იმ განუკითხაობის ჟამს, ავტობუსის ძარა იშოვა კაცმა და "მიაშენა" თავის კორპუსს...
(მინახავს: გლდანის ერთ-ერთ მიკრორაიონში, საღორე ჰქონდათ მიშენებული 9-სართულიან კორპუსზე! - წარმოგიდგენია?).

serapina

2017-11-30 19:24:02

საქმე იმაშია,რომ ყოველი ახალი, "თავის ჭკუაზე იწყებს ქვეყნის შენებას"(ნებისმიერ სფეროში).

როდემდე უნდა იყოს ეს ასე???

წესით,პირიქითაა...
არსებობს კანონები(რომლებსაც ვენეციის კომისიის გარეშე ღებულობენ, დამოუკიდებელი სახელმწიფოები),რომელიც ყველამ უნდა დაიცვას... და მერე, თანამდებობაზე მოსული ადამიანების გვარი და სახელი,არაფერს ცვლის.

მერამდენე წრეზე უნდა წავიდეთ?!
-მოვლენ!
ახლა იწყება,რაც იწყებაო და...
რა ვერ დაიწყო და რით ვერ ავაშენეთ, ეს 3 მილიონიანი სახელმწიფო(თან ამდენი ვინმეს "დახმარებით")?!

საქმე იმაშია რომ ჩვენ,ჩვენ რას ვაფუჭებთ არ გვესმის...
და ხან ამერიკას ვაბრალებთ, ხან რუსეთს.

არაფერიც არ შეიცვლება!
დარჩება,ზუსტად ისე როგორც იყო.
...თავიანთი კომპანიები ისარგებლებენ,სულ ეს არის.

ფხიზელი

2017-11-30 19:34:20

serapina:

"-მოვლენ!
ახლა იწყება,რაც იწყებაო და...
რა ვერ დაიწყო და რით ვერ ავაშენეთ, ეს 3 მილიონიანი სახელმწიფო(თან ამდენი ვინმეს "დახმარებით")?!
--------------------
მარად აქტუალური, მაგრამ მარად რიტორიკულად დარჩენილი შეკითხვა!

serapina

2017-11-30 20:28:44

ფხიზელი,
ჩვენ კი ვიცით, რატომ ვერ ავაშენეთ მაგრამ... რამდენმა თანამდებობის პირმა გაარკვია ეს, საინტერესოა!

serapina

2017-12-01 08:28:49

აი, პარალელიზმები გვქონდა და იმიტომო...

აბა,ამას გაეცანით:http://netgazeti.ge/news/237557/

imereli

2017-12-01 12:41:33

ერთ საოცარ ამბავს გიამბობთ. თბილისში ხდება ეს ამბავი, საკმაოდ პრესტიჟულ უბანში. ერთმა {სხვათაშორის არა თბილისელმა] თავისუფალ ადგილას გაზ-66 "ბუტკა" ჩადგა და ჩასახლდა. ერთი წლის შემდეგ მეორე ვაგონი, ცოტა მოშორებით დადგა. რამდენიმე თვის შემდეგ ამ ვაგონებს შორის სივრცე აგურებით ამოაშენა და "ბუტკებსაც" აგურები ამოუშენა.შემდგომ ყოველ წელს აფართოებდა-აშენებდა.ნაციონალებმა დაუკანონეს, რადგან მათი აქტივისტი იყო. ახლახანს ეს არქიტექტურის საოცარი ნიმუში 45 000 დოლარად გაყიდა.მეორემ, ნაციონალების კოორდინატორმა მის გვერდით სახლი აიშენა, თუმცა საკუთარი სახლი ჰქონდა [და დღესაც აქვს] სულ რაღაც 400-500 მეტრის მოშორებით. ძველს აქირავება, ახალში ცხოვრობს. სამაგიეროდ არა ნაციონალებს, ამ ორი ნაციონალის გვერდით ყველას დედა უტირეს, დაუნგრიეს. მათ შორის ერთი ფულიანი იყო, ყოფილი პროკურორი, მას 40 000 ათასი ჯარიმა გადაახდევინეს და დაუკანონეს.

imereli

2017-12-01 12:48:41

ბატონებო! ეჭვი არ შეგეპაროთ ამ კამპანიაში ნაციონალები და ფულიანი ხალხი არ დაზარალდებიან.ისევ უბრალო ხალხი დაზარალდება. ნაციონალები ამ ხელისუფლებასთანაც კარგად ნახულობენ საერთო ენას, ხოლო ფულიანები ყველა დროს და ყველა ხელისუფლებასთან აგვარებდნენ და მოაგვარებენ საქმეს.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80