ენერგეტიკაში კარგი სიტუაცია არ არის, გვჭირდება თუ არა სამინისტრო?
ეკონომიკა

ენერგეტიკაში კარგი სიტუაცია არ არის, გვჭირდება თუ არა სამინისტრო?

 ენერგეტიკაში კარგი სიტუაცია არ არის, გვჭირდება თუ არა სამინისტრო?
ბექა დანელია

2017-12-01 22:30:30

ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმებას უმრავლესობის დეპუტატების ერთი ნაწილი არ ეთანხმება. რამდენადაც საქართველოს მუდმივად ენერგოდამოუკიდებლობისთვის ბრძოლა უწევს, საჭიროა სტრუქტურა, რომელიც შესაბამის პოლიტიკას განსაზღვრავს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ენერგეტიკის სამინისტროს მუშაობის ეფექტურობა ბოლო წლებში მუდმივად მცირდებოდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე დარწმუნებულია, რომ სტრუქტურული რეფორმის შედეგად ენერგეტიკაში მუშაობის ხარისხი გაუარესდება. ამის შესახებ არველაძემ საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის სტრუქტურული რეფორმის შესახებ კანონპროექტების პაკეტის განხილვა მიმდინარეობდა.

„ასეთი რეფორმების ძირითადი მიზანი უნდა იყოს, რომ ნაკლები რესურსებით, უკეთესი თუ არა, იმავე ხარისხის შედეგები მაინც მივიღოთ. დარწმუნებული ვარ, ენერგეტიკის სფეროში უკეთეს ხარისხს ვერ მივიღებთ და მუშაობის ხარისხი გაუარესდება. ნურავინ იფიქრებს, რომ რადგან ყველაფერი ანთია და ქუჩაში საბურავებს არ წვავენ, კარგად არის საქმე.

დღეს ისეთი მდგომარეობაა ენერგეტიკაში (გინდაც, უცხოურ ქვეყნებთან ურთიერთობაში და ა.შ.), სამინისტროს დონეზეა ძალიან ბევრი საკითხი გადასაწყვეტი. ამიტომ დეპარტამენტებისა და უფრო დაბალ დონეზე სამინისტროს ჩამოწევა დადებით შედეგებს არ მოიტანს. ეს ჩემი პირადი აზრია“, - განაცხადა არველაძემ და დასძინა, რომ ვერ ხვდება, რა ედო საფუძვლად ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.

სხვათა შორის, ენერგეტიკის სფეროში რომ სახარბიელო ვითარება არ არის, ეს უცხოური ინვესტიციების შემცირებითაც დასტურდება. „საქსტატის“ ინფორმაციით, ენერგოსექტორში 2017 წლის ორ კვარტალში შემოვიდა 6 მლნ დოლარის ინვესტიცია, ხოლო მეორე კვარტალში 19 მილიონზე ოდნავ მეტი, ჯამში ორივე კვარტალის მაჩვენებელი 26 მლნ დოლარსაც არ უტოლდება მაშინ, როცა შარშან ანალოგიურ პერიოდში 75 მლნ დოლარს აღემატებოდა. საინვესტიციო მონაგარი კიდევ უფრო მაღალი იყო წინა წლებში. ყველაზე მაღალი შედეგი კი 2013 წელს დაფიქსირდა, როდესაც ენერგოსექტორში 244 მლნ დოლაზე მეტი უცხოური კაპიტალი შემოვიდა. მას შემდეგ კი კლება აშკარაა. მიმდინარე წელს ამ მხრივ აშკარად დიდ ვარდნაა.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კი ირწმუნება, რომ ენერგეტიკაში ინვესტიციების მოცულობა, სინამდვილეში არ შემცირებულა.

„ჩვენ, უბრალოდ, დაგვემთხვა ის პერიოდი, როდესაც ძალიან ბევრი მშენებლობა ერთდროულად დასრულდა და ჰიდროელექტროსადგურები მწყობრში შევიდა. ამ მომენტისთვის იდენტიფიცირებული არის დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის ჰესები, სადაც ინვესტირება უნდა განხორციელდეს.

სახელმწიფო აქტიურად მუშაობს ყველა კონკრეტული პროექტის მიმართულებით. პრაქტიკულად მთავრობის ყველა სხდომაზე ენერგეტიკის სამინისტროს გამოქვს ახალი მემორანდუმები, რომლებიც უკვე ფორმდება ჰიდროელექტროსადგურების პოტენციურ მფლობელებთან“,- განაცხადა მინისტრმა.

ექსპერტები ჯერჯერობით მთავრობის აქტიურობის შედეგს ვერ ხედავენ. სანაცვლოდ, მოსახელობის პერმანენტულმა პროტესტმა სხვადსხვა ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ თავისი შედეგი მოიტანა.

„ამ ეტაპზე ენერგეტიკის სამინისტრო რეორგანიზაციის პროცესშია და ამან ინვესტორებზე ნეგატიური გავლენა მოახდინა. ყველამ იცის უარყოფითი დამოკიდებულება, რაც დიდი ჰესების მშენებლობის მიმართაა. სვანეთისა და რაჭის მაგალითზეც დასტურდება, რომ ყველა ასეთი პროექტის განხორციელება საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. სხვადასხვა დროს დაფიქსირებული პროტესტის გამო შეფერხდა ინვესტიციების განხორციელება და ამან პოტენციურ ინვესტორებზეც იმოქმედა“, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა ემზარ ჯგერენაიამ.

ნანახია - 382

Munji

2017-12-02 04:14:21

ენერგეტიკაში იქნებ ვერ არის კარგი მდგომარეობა, მაგრამ ბატონი არველაძე როგორ გახდა ოფიციალური მილიონერი ამ ენერგეტიკის მეშვეობით, ეგ არის საინტერესო!..
რაც შეეხება მოსახლეობის პროტესტებს და ამის გამო ინვესტორების განაწყენებას, ეგეც ხელისუფლების უნიათობის ბრალია: ჰესების მშენებელ პერსონალს კი არ უნდა უხდებოდეს უკმაყოფილო ადგილობრივ მოსახლეობასთან ჭიდაობა, არამედ ვინც ხელშეკრულება გააფორმა, იმან უნდა აიძულოს ინვესტორი, რომ ჯერ თვითონ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და მერე თუ კიდევ გაბედავს ვინმე ან გზის გადაკეტვას ან ფიზიკურ ანგარიშსწორებას მშენებლებთან, კანონის მთელი სიმკაცრით აგებინოს პასუხი!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80