შირაქის ველი არაბებმა იყიდეს?
რეტრომედია

შირაქის ველი არაბებმა იყიდეს?

შირაქის ველი არაბებმა იყიდეს?
„ყველა სიახლე“, 15-21 იანვარი, 2009 წელი

2017-12-02 12:16:48

2009 წლის პირველივე დღეებში მეტად არასასიამოვნო ცნობა გავრცელდა - შირაქის ველი არაბებმა იყიდესო! ეს ისეთივე დაუჯერებელია, როგორც 2 ათასი ლარის სანაცვლოდ კახელი კაცის მიერ საკუთარი ვენახის გაჩეხა... რა გაეწყობა, ეტყობა, 21-ე საუკუნის საქართველოში დაუჯერებელიც უნდა დავიჯეროთ... გვესაუბრება "მწვანეთა პარტიის" ლიდერი გია გაჩეჩილაძე:

- შირაქის ველი სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილია იმ თვალსაზრისით, რომ ყოველთვის იყო ხორბლის ბეღელი საქართველოსთვის. ამიტომაც მისი გაყიდვა დაახლოებით იმ კატეგორიის დანაშაულია, როგორიც იყო ცხინვალის ომი და ტერიტორიების დაკარგვა. გახსოვთ, ალბათ, ხორბლის როგორი კრიზისი იყო შარშან მსოფლიოში - ყველა იმ ქვეყანას, რომელიც ხორბალს ვერ აწარმოებდა, შიმშილი ელოდა. საქართველოს თავისუფლად შეუძლია თავისი მოსახლეობის უზრუნველყოფა ხორბლით, მაგრამ დღესდღეობით აუცილებელი რაოდენობის მხოლოდ 9%-ს ვაწარმოებთ. ხორბლის უნიკალურ ქართულ ჯიშებს მსოფლიოს ყველა ქვეყანა იყენებს სელექციისას. ეს ქვეყნები ზრუნავენ საკუთარ მოსახლეობაზე, მათ ფინანსურ უსაფრთხოებაზე, ჩვენ კი რას ვაკეთებთ? - ვიმეორებ, შირაქის ველის მიყიდვა უცხოელი ბიზნესმენებისათვის კატასტროფის ტოლფასია!

ბატონო გიასარწმუნოა ეს ინფორმაციასოფლის მეურნეობის სამინისტროში ვერ ადასტურებენრომ ასეა.

- ჩვენს სახელმწიფო სტრუქტურებს ნაკლებად დაეჯერებათ. უფრო იმ ხალხის მჯერა, ვინც ადგილზე მუშაობს და კარგად იცის, რა ხდება კახეთის რეგიონში. ეს არის კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც შემდეგ ერთ-ერთმა რადიოსადგურმა გაავრცელა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს არავინ არაფერს ეკითხება, სულ რამდენიმე კაცი წყვეტს ქვეყნის ბედს. ვფიქრობ, ადგილობრივმა საინფორმაციო ცენტრმა უკეთ იცის, რა ხდება იქ, ამიტომაც არ შეიძლებოდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების კერძო საკუთრებაში გადაცემა. კატასტროფულ მდგომარეობაში როცა ჩააყენებ ადამიანს, თავის მიწას კი არა, სახლ-კარსაც გაყიდის, ოჯახი შიმშილს რომ გადაარჩინოს. კეთილი ინებოს და სახელმწიფომ შეისყიდოს ის მიწები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

რაც შეეხება არაბებს, არა მგონია, მათ აქ სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება აინტერესებდეთ. ისინი ჩვენს მიწებს ყიდულობენ იმ პრობლემების გამო, რაც ამჟამად არაბეთსა და ახლო აღმოსავლეთშია. ისინი მომავალ თაობებზე ზრუნავენ და მათი აქ დასახლება აინტერესებთ. ამავე მიზეზით შეიძლება აიხსნას ჩინელების შემოსევაც, რომლებიც ცდილობენ, ჩვენს ქვეყანაში არსებული ტყეების დიდი ნაწილი შეისყიდონ.

რას გვეტყოდით ისეთ მტკივნეულ საკითხზეროგორიც გლეხის მიერ ვაზის გაჩეხაა?

- ბევრს არ ვილაპარაკებ ქართველი კაცისათვის ვაზის კულტურის მნიშვნელობაზე. ამის შესახებ პატრიარქიც ბრძანებს საშობაო ეპისტოლეში. ვაზის განადურება ჩვენი ეროვნული ინტერესების განადგურებაა. ეს ერთი საკითხია, მაგრამ წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისითაც უმძიმესი მდგომარეობაა - ოციოდე წლის წინ, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნისას, საქართველოში დაახლოებით 150 ათასი ჰექტარი ვენახი იყო.

დღეს ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, როგორც ჩანს, სტატისტიკის დეპარტამენტი ამ მონაცემებს არ ახმაურებს. ბევრი ვეძებეთ და მაინც მოვახერხეთ, გაგვეგო სამწუხარო ინფორმაცია, რომ საქართველოში დაახლოებით 37 ათასი ჰექტარი ვენახია დარჩენილი 150 ათასიდან. მიუხედავად იმისა, რომ ვენახის ფართობი 4-5-ჯერ არის შემცირებული, მაინც ვერ ხერხდება მოწეული მოსავლის რეალიზაცია და ამის მიზეზი ქვეყნის ხელისუფლების უაზრო, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკაა. საქართველოს ხელისუფლებამ მძიმე არჩევანის წინაშე დააყენა ქართველი გლეხობა.

რას გულისხმობთ?

- გლეხი დილემის წინაშე დააყენეს - თუ გინდა ცოცხალი გადარჩე, ვენახი აჩეხე და მის ნაცვლად დათესე საზამთრო, კიტრი ან რამე ისეთი, რასაც უკეთესად გაყიდიო. ამის მსგავსი უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია. თუ გნებავთ, ციფრებსაც დაგისახელებთ, რომლებიც ადასტურებს, რა მდგომარეობაშია დღეს ჩვენი სოფლის მეურნეობა: "ვარდების რევოლუციის" შემდეგ კარტოფილის ნათესი ფართობი ჩვენს ქვეყანაში შემცირდა 70%-ით, სიმინდისა და ლობიოსი - 60%-ით, ბოსტნეულისა - 30%-ით, მზესუმზირისა კი - 2-ჯერ. ეს არის ძირითადი პროდუქტების ჩამონათვალი, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა საკვებად იყენებს. მოგეხსენებათ, მზესუმზირისგან მზადდება ზეთი. ამ კულტურის მოსავლის შემცირებამ გამოიწვია ის, რომ ჩვენი ბაზარი გაივსო თურქული და უკრაინული ზეთით. იგივე შეიძლება ითქვას ხორბალზეც, რომლის ნათესებიც ბოლო წლებში 3-ჯერ შემცირდა. არანაკლებ მძიმე მდგომარეობაა მეცხოველეობაშიც, რის გამოც, ხორცის წარმოება საქართველოში შემცირდა 60%-ით, რძისა - 22%-ით, ცხვრის ხორცისა - 2-ჯერ, ფრინველის ხორცისა კი - 100%-ით. ეს არის ოფიციალურად დადასტურებული ციფრები და მათი ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება.

ვინ იყო დაინტერესებული ამ უმნიშვნელოვანესი დარგის განადგურებით?

- ეს პროდუქტი იმპორტულს უნდა ჩაენაცვლებინა, იმპორტით კი დიდი ფული კეთდება საქართველოში. კვლავ რამდენიმე ციფრს მოვიშველიებ: 2003 წლის შემდეგ კარტოფილის იმპორტი საქართველოში გაიზარდა 6,5-ჯერ, ბოსტნეულისა - 11-ჯერ, ფრინველის ხორცისა - 44%-ით, მეტს აღარ განვაგრძობ, რადგან იმპორტის მოცულობა 4-ჯერ გაიზარდა. ზემოთ ჩამოთვლილი ციფრები ისედაც ბევრ რამეზე მეტყველებს. ყველაზე კარგი ბიზნესი ეს არის: შემოიტანო იაფფასიანი, ხშირად უხარისხო, ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქტი და გაჭირვებულ ხალხში გაასაღო. ეს არის ქვეყნისა და ხალხის მტრობა. ხელისუფლება კი, რომელიც ამ ყოველივეს ხელს უწყობს, საკუთარი ქვეყნის მტერია!

დავუკავშირდით სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც. "ასეთი პროგრამა მართლა არსებობს, ოღონდ ის ნებაყოფლობითია. გლეხს 1 ჰა ვაზის სანაცვლოდ 2 ათას ლარს უხდიან, თუ მას სურს, თავის ნაკვეთზე სულ სხვა ჯიშის ვაზი ან სხვა კულტურა მოიწიოს. რაც შეეხება შირაქის ველის გაყიდვას, ეს ინფორმაცია ჩვენთვის უცნობია, თუმცა, კერძო მიწის ნაკვეთის გაყიდვას კანონი გლეხს არ უკრძალავს," - გვითხრა ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის მევენახეობის სამმართველოს უფროსმა დიმიტრი ბაქრაძემ.

ნამდვილად იყიდეს თუ არა შირაქის ველი არაბებმა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვს, თუმცა ამ საკითხს აუცილებლად მივუბრუნდებით.

 

 

 

 

 

 

 

ნანახია - 111

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80