„როცა მწვერვალზე ავედი, პირველად საქართველოს დროშა გამახსენდა“
საზოგადოება

„როცა მწვერვალზე ავედი, პირველად საქართველოს დროშა გამახსენდა“

„როცა მწვერვალზე ავედი, პირველად საქართველოს დროშა გამახსენდა“
სანტიაგო გაუჩო

2017-12-03 11:34:54

სპორტის ყველა სახეობის წარმომადგენელს ერთი ოცნება ყოველთვის გააჩნია. ფეხბურთელებისთვის ყველაზე პრესტიჟულად მსოფლიო პირველობაზე ასპარეზობა ითვლება, კალათბურთელებისთვის აშშ-ის ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონატში ასპარეზობა, ჩოგბურთელებისთვის „დიდი შლემის“ რომელიმე ტურნირის მოგება, ფალავნებისთვის ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვება...

ალპინისტებისთვის ყველაზე პრესტიჟულად ევერესტის დალაშქვრა ითვლება. ჯერ კიდევ 1959 წელს ქართველ ალპინისტებს ნეპალიდან მოწვევა გააჩნდათ და ევერესტზე ასასვლელად გაცხოველებული ემზადებოდნენ. სამწუხაროდ ჯგუფი ნეპალში ვერ გაემგზავრა, რადგან საბჭოეთის დედაქალაქ მოსკოვიდან შესაბამისი ნებართვა ვერ მიიღეს.

1982 წელს ევერესტის დასაპყრობად საბჭოთა ექსპედიცია გაეშურა. მის შემადგენლობაში აკაკი ხერგიანიც ირიცხებოდა, მაგრამ ბოლო მომენტში ჯგუფის მეთაურმა ევგენი ტამმა მას მთაზე ასვლის ნება არ მისცა.

სამართალმა პური მხოლოდ 1991 წლის 10 ოქტომბერს ჭამა, როდესაც ნეპალის დროით 17 საათზე ამერიკელმა დენის მაზურმა და ქართველმა რომან გიუტაშვილმა ევერესტი დალაშქრეს.

ბატონი რომანი დღეს ჩვენი სტუმარია და იმ ამბების პერიპეტიებს თავად გაიხსენებს.

„როცა პირველად წავედი სალაშქროდ, ევერესტზე ნამდვილად არ მიფიქრია, უბრალოდ, ახალი ემოციების განცდა მსურდა. მერე ხომ იცით როგორც ხდება? ერთ მწვერვალს მეორე მოსდევს და უფრო მეტი გსურს, სულ უფრო მაღლა მიგიწევს გული. ზუსტად არ მახსოვს როდის დავფიქრდი მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის დაპყრობაზე. არა, როგორ არ მიფიქრია, მაგრამ სერიოზულ განზრახვას ვგულისხმობ... ალბათ, შუა აზიაში წარმატებული ლაშქრობების შემდეგ, პამირსა და ტიან-შანში შვიდათასიანებზე ასვლის მერე.

„დედამიწის სახურავს" თითქმის მთელი მსოფლიო ევერესტის სახელით იცნობს, თუმცა ტიბეტელები მას ჯომოლუნგმას უწოდებენ. მთის ნეპალური სახელი საგარმატჰაა. ევერესტზე პირველამსვლელი ახალზელანდიელი ედმუნდ ჰილარი და ნეპალელი შერპა თენზინგ ნორგეი არიან. მათი სახელები მსოფლიო ალპინიზმის ისტორიაში ოქროს ასოებითაა შესული.

ჩვენ ყოველთვის გვყავდნენ ძლიერი მთამსვლელები... სამწუხაროა, რომ ისინი საბჭოთა კავშირში ცხოვრობდნენ, თორემ დარწმუნებული ვარ, ჩემამდე გაცილებით ადრე შეუტევდნენ ევერესტს და თან, წარმატებით.  50-იანი წლების ბოლოს, როცა ნეპალის მეფე თბილისს ესტუმრა და ვერის პარკში ალპური კლუბი დაათვალიერა, მან ქართველი მთამსვლელები პირადად მიიწვია ევერესტზე, რაც უკიდურესად იშვიათად ხდებოდა. ცხადია, ეს მოსკოვში არ ესიამოვნათ, მალე კი ოფიციალური საბაბიც მიეცათ ლაშქრობის გასაუქმებლად: ჩინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის ძალიან დაიძაბა ურთიერთობა. არადა, ჯუმბერ მეძმარიაშვილი, ოთარ გიგინეიშვილი, შოთა მირიანაშვილი და მათი მეგობრები მონდომებით ემზადებოდნენ მწვერვალის დასალაშქრად.

ჩემამდე ევერესტის მწვერვალთან ყველაზე ახლოს აკაკი ხერგიანი იყო, 1982 წლის ამბებს გიყვებით. მაშინ პირველი საბჭოთა ექსპედიცია მოეწყო და აკაკი იმდენად კარგ ფორმაში იყო, რომ საიერიშო ჯგუფშიც შეიყვანეს, მაგრამ მოგვიანებით ექსპედიციის ხელმძღვანელმა ევგენი ტამმა მისი პიკზე გაშვება გადაიფიქრა. რატომ მოხდა ასე, არ ვიცი, თუმცა ფაქტია, რომ ხერგიანი კინოკამერით ორჯერ ავიდა რვა ათას მეტრზე.

ჩემს შესახებ აბა, რა გითხრათ? დღეს რომ ვფიქრობ იმ ამბებზე, ვხვდები, რომ ძალიან გამიმართლა. 1991 წელს საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციამ სოლიდური ჯგუფი შეკრიბა, ჰიმალაის ერთ-ერთ უმაღლეს მწვერვალზე ანაპურნაზე გვსურდა ასვლა, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გამო არ გაგვიშვეს. კარგ ფორმაში ვიყავი, არ მინდოდა შანსის ხელიდან გაშვება და ამიტომ, ნაცნობებს შევეხმიანე რუსეთში, რომლებიც ევერესტზე ლაშქრობისთვის ემზადებოდნენ. საერთოდ, მსგავსი თხოვნით მათ ბევრი არ აწუხებდა და რომ არ დაგიმალოთ, დადებითი პასუხის იმედი არც მე მქონდა. გაიხსნა თუ არა სეზონი, პამირის ალპურ ბანაკებში გავემგზავრე სამუშაოდ, რამდენიმე თვის შემდეგ კი, როცა სეზონი მთავრდებოდა, შემატყობინეს, რომ სანკტ-პეტერბურგელი ვლადიმირ ბალიბერდინის ჯგუფში ვიყავი ჩართული. მეც მწვერვალ პრეჟევალსკის საბაზო ბანაკიდან პირდაპირ მოსკოვში ჩავედი მათთან შესახვედრად. შევიკრიბეთ, დარჩენილი საკითხები ერთად მოვაგვარეთ და მოსკოვიდან ჯერ კატმანდუში გადავფრინდით, იქიდან კი ერთ კვირაში უკვე ლუკლაში ვიყავით.

ლუკლა მაღალმთიანი სოფელია, საიდანაც ევერესტის სამხრეთი კალთებისკენ მიმავალი გზა იწყება. საბაზო ბანაკამდე მისასვლელად, 5300 მეტრზე, დაახლოებით ერთი კვირა ფეხით ვიარეთ და ჭრელ-ჭრელი კარვების პატარა ქალაქში დავბინავდით. იქაურობა ძალიან ლამაზი სანახავია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც პირველად ხვდება ამ ბუმბერაზი მთის ძირში.

მთაში დაუწერელი კანონები მოქმედებს. ქალაქში, შესაძლოა, შეცდე ურთიერთობაში და მერე ათასი მიზეზით სცადო საკუთარი საქციელის გამართლება, იქ, ზევით კი ეს გამორიცხულია. მთაში მთავარია პატიოსნება და ერთმანეთის გატანა, სხვა თუ არაფერი, ბიჭები ერთ თოკში ხართ ჩაბმულნი - ერთი შეცდომა და შენს წინ და უკან მყოფსაც საფრთხე დაემუქრება.

ურთიერთობის მხრივ ჯგუფში ძალიან გამიმართლა. ბალიბერდინმა ჯერ კიდევ 1982 წელს, პირველი საბჭოთა ექსპედიციის შემადგენლობაში დალაშქრა ევერესტი, ანატოლი ბუკრეევზე კი ახალი რა უნდა გითხრათ, მას მსოფლიოს საუკეთესო მთამსვლელად ყველა რვაათასიანის დამლაშქრავი იტალიელი რაინჰოლდ მესნერი აღიარებს. ბალიბერდინთან და ბუკრეევთან ერთად ჩვენს ექსპედიციაში კიდევ ოთხი ესპანელი იყო, მე კი მეწყვილედ ამერიკელი დენიელ მაზური მყავდა, რომელიც შემთხვევით გავიცანი კატმანდუში.

მთაში მეწყვილეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გარდა იმისა, რომ შენს გვერდით მდგომს ელემენტარულად საკუთარ სიცოცხლეს ანდობ, ლაშქრობის წარმატებით დასრულება დიდწილად მასზეცაა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია მეწყვილესთან ფსიქოლოგიურად შეგუება, იქ, ზევით წვრილმანებსაც კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ მხრივ მაზური ჩინებული ბიჭი გამოდგა.

ჩვენს მხარდამხარ ევერესტზე სალაშქროდ თორმეტი ექსპედიცია ემზადებოდა, მწვერვალს კი მხოლოდ ჩვენმა მიაღწია. დარწმუნებული ვარ, წარმატება ჯგუფის შემადგენლობამ განაპირობა და კიდევ, რაოდენ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, ჩვენმა ხელმოკლეობამ. ფინანსური პრობლემების გამო შერპები ვერ დავიქირავეთ, ვერც ახალი აღჭურვილობა შევიძინეთ, საკვებიც კი შეზღუდული გვქონდა... ამის გამო ყველა ნაბიჯს ვუფრთხილდებოდით და ექსპედიცია ზუსტად ერთ თვეში დავასრულეთ. ასეთ მოკლე დროში ასვლის მომზადება, შტურმი და დაშვება უკიდურესად იშვიათად ხდება.

როცა ბალიბერდინის ჯგუფს შევუერთდი, სამხრეთის მარშრუტი უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ. საერთოდ, ჩრდილოეთის და სამხრეთის კლასიკურ მარშრუტებს შორის დიდი სხვაობა არაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გზა ერთნაირია. მაგალითად, ჩრდილოეთის კალთები უფრო ცივია და ასასვლელი დღეებიც ნაკლებია, სამხრეთიდან კი რთული მყინვარია გასავლელი. ჩრდილოეთიდან, ანუ ტიბეტიდან საბაზო ბანაკი 6400 მეტრზე მდებარეობს, სამხრეთიდან, ანუ ნეპალიდან კი 5300-ზე, ანუ ჩრდილოეთიდან ამსვლელები თითქმის კილომეტრით ახლოს არიან მწვერვალთან. ისე, უნდა ითქვას, რომ ევერესტის სამხრეთის კალთები უფრო კარგადაა შესწავლილი.

მწვერვალამდე ჩვენმა ჯგუფმა ოთხი საშუალედო ბანაკი გამართა. რადგან შერპები არ გვყავდა, თოკები თავად დავჭიმეთ და ტრასაც ჩვენი ხელით გავამზადეთ. წინ ბალიბერდინის ჯგუფი მიდიოდა, მე და მაზური კი მათ მივყვებოდით. რუსებს უჟანგბადო ასვლა ჰქონდათ დაგეგმილი, ჩვენ კი ბალონებით, თუმცა უნდა ითქვას, რომ ესეც ცოტა გვქონდა.

ბოლო, საიერიშო ბანაკი რვა ათას მეტრზე გავმართეთ - ორადგილიანი კარავი დავდგით. ეს იმას ნიშნავდა, რომ როცა იქიდან წყვილი მწვერვალზე გავიდოდა, მომდევნოები მხოლოდ ამის შემდეგ დაიძრებოდნენ.

ყველაზე რთული მონაკვეთი სწორედ უკანასკნელი ბანაკის შემდეგ იწყება: რვა ათასი მეტრის ზევით ჰაერი გაიშვიათებულია და ჟანგბადის ბალონებით გიწევს მოძრაობა. უამრავი რამ უნდა გათვალო, მათ შორის კარვიდან დროზე გასვლა, სვლის ტემპი და უკან დაბრუნება. ევერესტზე მალე ბნელდება და ესეც უნდა გაითვალისწინო.

როცა მე და დენიელმა დავაპირეთ გასვლა, ძლიერი ქარი ქროდა, თან ყინავდა, თუმცა დაახლოებით დილის ექვსი საათისთვის მზე ამოვიდა და მივხვდით, რომ ეს ჩვენი ბოლო შანსი იყო. მშვერვალისკენ ნელა დავიძარით - ამ სიმაღლეზე ორივენი პირველად ვიყავით და ძალიან ფრთხილად მივიწევდით წინ. არც იმას დავმალავ, რომ გვიჭირდა. მწვერვალამდე რამდენიმე ასეული მეტრი იყო დარჩენილი, როცა დენიელს ძალა გამოელია. პირველად მაშინ დავდექით გზიდან მობრუნების საფრთხის წინაშე. ძალიან არ მსურდა ამის გაკეთება. ჩემს ასაკში არავინ იცის მექნებოდა თუ არა ევერესტის დაპყრობის მეორე შანსი, დენი კი 30 წლის იყო და ის კიდევ შეუტევდა მწვერვალს... იმ წამებში ჩემთვის ძალიან რთული იყო უკან მობრუნება, ამიტომ ცოტა შევისვენეთ. რამდენიმე წუთი ვესაუბრე და ბოლოს გზის გაგრძელებაზე დავითანხმე - ძალიან მინდოდა ორივენი ერთად ავსულიყავით მწვერვალზე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვიჭირდა, 1991 წლის 10 ოქტომბერს, იქაური დროით 17 საათზე პიკზე დავდექით.

იქ რა ხდებოდა? ეგ არ მკითხოთ! როცა მწვერვალზე ავედი, პირველად საქართველოს დროშა გამახსენდა. ქარი ქროდა, მე კი დროშის წერაყინზე დამაგრება მსურდა, მაგრამ ვერ შევძელი. ბოლოს ხელში დავიჭირე, დენიმ კი სამი კადრის გადაღება მოასწრო და ფოტოაპარატიც გაიყინა.

იმ დროშაზე ერთი საინტერესო ისტორია უნდა მოგიყვეთ. ჰიმალაებში ისე გავემგზავრე, შინდისფერი ქართული დროშა ნანახიც არ მქონდა. ვიფიქრე, თუ მოხდა და მწვერვალზე ავედი, კარგი იქნება ჩემი ქვეყნის სახელმწიფო დროშა ავაფრიალო-მეთქი, მაგრამ კატმანდუში საქართველოს დროშა საიდან უნდა მეშოვა? ისევ ჩვენი თანამემამულე, ქალბატონი თალიკო ყუბუსიძე დამეხმარა, რომელიც იქ ცხოვრობდა - მისი მეუღლე ნეპალის სამეფო ტელევიზიის ოპერატორი გახლდათ... ქალბატონმა თალიკომ ინტერნეტში იპოვა საქართველოს დროშა, ერთ ღამეში შეკერა და გამატანა. დამეთანხმებით, უცნაური ისტორიაა.

მთამსვლელობა მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია, განსაკუთრებით პრესტიჟულად კი ჰიმალაის მაღალმთიან ექსპედიციებში მონაწილეობა ითვლება. ახლა ვერ გეტყვით რისთვის დადიან მთაში, მაგრამ ჩემ დროს ორი მთავარი მიზანი გვქონდა: პირველი და უმთავრესი - საკუთარ თავზე გამარჯვება, მძიმე სიტუაციაში შესაძლებლობების გამოცდა, ნახვა იმისა, თუ სად გადის ჩვენი ზღვარი და მეორე - მწვერვალის დაპყრობა. საერთოდ, ყველა გამოცდილი მთამსვლელი გეტყვით, რომ მთის დალაშქვრაზე მნიშვნელოვანი მისკენ მიმავალი გზაა. საუკეთესოდ რომ იყო მზად, თუ რაღაც შეგეშალა, უკან დახევა დაიგვიანე და დაუფიქრებლად გარისკე, შეიძლება შეცდომა ძალიან ძვირად დაგიჯდეს, მათ შორის სიცოცხლის ფასად.

როცა მთაში ხარ და მწვერვალისკენ მიიწევ, ათას რამეზე ფიქრობ: ოჯახზე, ცხოვრებაზე, საყვარელ ადამიანებზე... მე კი ხანდახან ადამიანის შესაძლებლობებზე ვფიქრობდი და ყოველთვის ერთ პასუხამდე მივდიოდი - არავინ იცის სად გადის ზღვარი. ალბათ, ადამიანი ვერასდროს ამოწურავს თავის შესაძლებლობებს - ვიდრე ცოცხალი ხარ, მოძრაობ, წინ მიიწევ, გგონია, რომ დასახულ მიზანს უახლოვდები, დანიშნულების ადგილზე მისული კი ხედავ, რომ წერტილი, რომლისკენაც მიილტვოდი, კვლავ შორსაა და ახალი გამოწვევის წინაშე დგები. ჩემს მაგალითს მოვიშველიებ: ევერესტზე 54 წლისა ავედი, მთაში პირველად წასვლიდან თითქმის ორმოცი წლის შემდეგ. როგორია? და მისი დალაშქვრის შემდეგ, როცა ვფიქრობდი, რომ მთავარ მიზანს მივაღწიე, ცხოვრებამ ახალ-ახალი გამოწვევები შემომთავაზა. მეც არ დამიხევია უკან, ამიტომ, ნურავინ იტყვის, სად გადის ადამიანის შესაძლებლობების ზღვარი. ამას ვერავინ ვერასდროს დაადგენს“.

 

ნანახია - 846

petrekupry

2017-12-03 12:39:49

კარგია, მაგრამ 1991 წელს ინტერნეტი არსებობდა?

davituna

2017-12-03 13:53:43

პეტრე,დღევანდელი გაგებით ინტერნეტი არ არსებობდა,მაგრამ კომპიუტერები იყო ,შიგ ჩატვირთული მონაცემებთა ბაზებით.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80