16 წლის ბიჭები, თანატოლებისგან მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალნენ
საზოგადოება

16 წლის ბიჭები, თანატოლებისგან მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალნენ

16 წლის ბიჭები, თანატოლებისგან მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალნენ
ალა ისპირიანი

2017-12-03 17:20:06

ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მეორე მოზარდი დღეს გარდაიცვალა. ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკი ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდისთვის პირველი დადებითი ჯგუფის სისხლს ითხოვდა, რადგან რესპულიკური საავადმყოფოს ზოგადი ქირურგის, დავით ლოლაძის თქმით პაციენტის არასტაბილურ მდგომარეობას სისხლის უდიდესი დანაკარგი განაპირობებდა.

„პაციენტს გაუკეთდა სამი სხვადასხვა მიდამოს ოპერაცია: ბარძაყის მიდამოზე იმუშავეს სისხლძარღვთა ქირურგებმა, მუცლის ღრუსა და გულ-მკერდზე ზოგადმა ქირურგებმა. არასტაბილურობას განაპირობებს ის, რომ პაციენტს ჰქონდა სისხლის უდიდესი დანაკარგი, შემოსვლიდან ამ წუთის ჩათვლით მიმდინარეობს სისხლის კომპონენტების მუდმივი დიფუზია, გადასხმა, რის მიუხედავადაც სისხლდენის ზოგადი შედედება არ ხდება და სისხლდენის შეჩერება ამის გამო ვერ ხერხდება“, - განაცხადა დავით ლოლაძემ.

„წმ. იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკაში“ მისული ერთ-ერთი დონორი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სანამ სახლიდან კლინიკამდე მოზარდის დონორობის გასაწევად მივიდა, დაჭრილი მოსწავლე გარდაიცვალა.

„ფეისბუქით შევიტყვე, რომ ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკი ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდისთვის პირველი დადებითი ჯგუფის სისხლს ითხოვდა, სახლიდან რომ გამოვედი ვიცოდი, რომ ცოცხალი იყო, ახლა წავიკითხე, რომ გარდაიცვალა. შოკში ვარ ამ ფაქტით.“ -აღნიშნავს For.ge -სთან საუბრისას ერთ-ერთი დონორობის მსურველი პირი.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ავთანდილ იმედაძის, თქმით ყველა სისხლის ბანკის ხელმძღვანელმა გამოთქვა დახმარებისთვის მზადყოფნა, თუმცა მიღებული ზომების მიუხედავად, პაციენტი გარდაიცვალა.

„პირადად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან ერთად იყო გავლილი ყველა შესაძლო გართულებები და მასთან დაკავშირებული მედიკამენტები და სხვა საშუალებები, მარაგები. თუ რამე ბანკი არსებობდა, მე მგონი ყველა ხელმძღვანელმა პირადად დამირეკა და დახმარების მზადყოფნა გამოთქვა, მაგრამ ვუთხარით, რომ საჭიროება არ იყო. საჭიროება გვქონდა მხოლოდ ე.წ. თრომბო მასის, რომელიც ორმა კლინიკამ სასწრაფოდ დაამზადა.

მიღებული ზომების მიუხედავად, სამწუხაროდ პაციენტი გარდაიცვალა. განვითარდა ე.წ. დევეეს სინდრომი, რომელიც არის სისხლის შედედების ფაქტორების განლევა. ოპერაციის შემდეგ იყო გააქტიურებული აღნიშნული სინდრომი. ეს არის სისხლის შედედების დარღვევა, ანუ როცა ვერ ხდება სისხლის შედედება და იყო მასიური სისხლდენა. ეს ფაქტორი ჩვენთვის მოსალოდნელი იყო. ეს სინდრომი ვითარდება, როცა არის მასიური სისხლის დანაკარგი. ეს სინდრომი ვერ იქნა დაძლეული და პაციენტი გარდაიცვალა“, - განაცხადა იმედაძემ.

მოზარდებს შორის მომხარი დაპირისპირების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს, რის შემდეგაც განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული იქნა 2001 წელს დაბადებული გ.ბ.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 1 დეკემბერს თბილისში, აკ. ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც გ.ბ.-მ არასრულწლოვან ლ.დ.-ს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ბ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. რაც შეეხება, ამავე შემთხვევის დროს, არასრულწლოვანი დ.ს.-ს დაჭრის ფაქტს, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. დადგენილია მეორე, სავარაუდო დამნაშავე, რომლის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლით)“,- ნათქვამია განცხადებაში.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის თქმით, სკოლის მოსწავლეების დაცულობისთვის განათლების სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად გარკვეული ტიპის ღონისძიებებზე მუშაობს და აღნიშნავს, რომ სკოლებში ტრაგედიების პრევენციისთვის, მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროცესის გაძლიერება.

„ისევ საგანმანათლებლო პროცესი, პრევენციული ღონისძიებები უნდა იყოს ინსტრუმენტი ასეთი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად. რაც კეთდება, იმაზე ათჯერ მეტი უნდა გაკეთდეს, იგივე საინფორმაციო კამპანიებით, მონიტორინგით მოსწავლეების ქცევაზე და ა.შ. არა მხოლოდ სკოლის პერიმეტრის შიგნით, არამედ სკოლის შემდგომი საქმიანობის განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ დავგეგმეთ უკვე გაძლიერებული პროგრამები და აქტივობები. რა თქმა უნდა, შსს-თან და ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად. ასევე გვინდა, რომ ამ პროცესში საზოგადოებაც მაქსიმალურად იყოს ჩართული“, - განაცხადა ლია გიგაურმა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი და ამ დრომდე კიდევ ერთი სავარაუდო დამნაშავის დაკავების ღონისძიებები მიმდინარეობს.

ნანახია - 924

1234

2017-12-03 20:00:43

კანონი შესაცვლელია. მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოზარდი უნდა გასამართლდეს როგორც სრულწლოვანი, და შესაბამისად მისი სახელიც გამოქვეყნებული უნდა იყოს.

კატრინა

2017-12-03 22:32:37

ამ ქვეყანაში მარტო კანონი რომ იყოს შესაცვლელი,არაფერი გვიჭირდა, მაგრამ მე მგონი უკვე ყველაფერი შესაცვლელია! ჩვენც შესაცვლელი ვართ,რადგან აქამდე მივიდა ქვეყანა. ჩვენი ბრალია ყველაფერი! ჩვენი ინერტულობის, ჩვენი იმპულსურობის,ჩვენი "სხვისი ჭირი-ღობეს ჩხირი" შესაცვლელია. შევიგნოთ,რომ ჩვენს ქვეყანას ჩვენზე უკეთ ვერავინ დაალაგებს! უპირველეს ყოვლისა ჩემს თავს ვესაუბრები და ვგულისხმობ.ხორცი მინდა დავიგლიჯო სიმწრით!

ტორი

2017-12-03 23:22:13

კატრინა,

100%...

უბედური ოჯახები...
უბედური ქვეყანა...

უძლევი

2017-12-04 00:35:45

ძალადობას და აგრესიას ჩვენს გულებში და თავებში უნდა ვებრძოლოთ და დავამრცხოთ ჯერ და მერე კანონის დაცვა ყველას გაგვიადვილდება. ჩვენს გარეშე კანონი ტვალეტის ქაღალდზე დაჯღაბნილი ბოდვებია. სიყვარული, მიმტევებლობა და თავმდაბლობა ძნელია; ქედმაღლობა, ძალადობა და ზიზღი ადვილი.

serapina

2017-12-04 00:39:57

"განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის თქმით, სკოლის მოსწავლეების დაცულობისთვის განათლების სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად გარკვეული ტიპის ღონისძიებებზე მუშაობს"...

ათასნაირ ღონისძიებებზე მუშაობა შემოსავლიანია!
მხოლოდ ერთზე რომ იმუშაოთ,საჭირო ცოდნის მიცემაზე,არ გვეყოლება ასეთი "განრისხებული ახალგაზრდები"...ამდენი მაინც არა.

ახალგაზრდებს,იმდენი სამეცადინო უნდა ჰქონდეთ,ასეთებისთვის არ ეცალოთ.
ქართველო მშობლები კი,შვილებთან ერთად,ქუჩა-ქუჩა დარბიან დილიდან საღამომდე და მუჭა-მუჭა ყიდულობენ ცოდნას,კერძო მასწავლებლებში.
რატომ???
...და ვისაც, ცოდნის საყიდლად ფული არ ააქვს,მან ისედაც იცის რომ არ უნდა იოცნებოს!



დღეს ალბათ,მედიამ კიდევ ერთხელ დაასკვნა "რა სამარცხვინო ერი ვართ!"
ერთი გადაცემა არ მინახავს და ყველას შინაარსს მოგიყვებით...
კარგად ვიცნობ,ამათ მოდგმას და იმიტომ.

ცალკე რუსთავი2 ის ნიშნისმომგები ტონი,გუშინდელი სიუჟეტიდან...

სულ სხვის(ვისაც ჩვენი ცუდი უხარია) წისქვილზე,რატომ ვასხამთ წყა/ლ/ს?
იყო დრო,არც სიტ/ყვა "ბულინგი" ვიცოდით საქართველოში და არც, მისი მნიშვნელობა.
ასე სამარცხვინოდ,არ იქცეოდნენ ჩვენი წინაპრები და იმიტომ.
ჩვენში, სუსტის დაჩაგვრით,არავინ ხარობდა...






რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80