„როგორც ჩანს, საზოგადოებაში დანაშაულის აღქმის პრობლემაა“
საზოგადოება

„როგორც ჩანს, საზოგადოებაში დანაშაულის აღქმის პრობლემაა“

„როგორც ჩანს, საზოგადოებაში დანაშაულის აღქმის პრობლემაა“
მარიამ თოდაძე

2017-12-04 09:30:30

პირველ დეკემბერს არასრულწლოვანთა შორის მომხდარი დაპირისპირება, რომელსაც ორი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა, N51-ე სკოლის საპირფარეშოში, პნევმატური იარაღის მიშვერით დაიწყო.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, დილის საათებში, თბილისის N51-ე საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებს თ.ჩ.-ს და ა.ს-ს გაკვეთილებს შორის არსებულ შესვენებაზე, საპირფარეშოში ექვსი უფროსკლასელი დახვდათ, რომელთაგან ერთ-ერთმა მათ პნევმატური იარაღი მიუშვირა, რასაც ამ უკანასკნელების უკმაყოფილება მოჰყვა, რაც გადაიზარდა სიტყვიერ დაპირისპირებაში.

ერთ-ერთმა უფროსკლასელმა მათ უთხრა, რომ გაკვეთილების შემდეგ ორივეს სკოლის გარეთ შეხვდებოდნენ. მომხდარიდან მალევე ა.ს.-მ, ვინაიდან მასთან კონფლიქტში მყოფები იყვნენ მასზე ასაკით უფროსები, დახმარებისათვის არასრულწლოვან ნათესავს - მ.კ.-ს დაურეკა და მომხდარის შესახებ უამბო.

პროკურატურის მოკვლევის თანახმად, იმავე დღეს, დაახლოებით 14:00 საათზე, მ.კ. მეგობრებთან ერთად N51-ე საჯარო სკოლასთან მივიდა, სადაც მათ ა.ს. და თ.ჩ. შეუერთდნენ. სკოლასთან ასევე შეკრებილები იყვნენ თ.ჩ.-სთან და ა.ს-სთან დაპირისპირებული მეთერთმეტე კლასელები და მათი თხუთმეტამდე მხარდამჭერი.

ვითარების გასარკვევად ახალგაზრდებმა ა.ხორავას ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთი კორპუსის ეზოში გადაინაცვლეს. მოზარდებს შორის საუბარი სიტყვიერ შელაპარაკებაში გადაიზარდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

„ჩხუბის დროს ერთ-ერთმა მონაწილემ გ.ჯ.-მ, რომელსაც გაცნობიერებული ჰქონდა, რომ კონფლიქტის მონაწილეები არასრულწლოვნები იყვნენ, დანით განზრახ მოკვლის მიზნით, არასრულწოვან დ.ს.-ს მრავალრიცხოვანი ნაკვეთი ჭრილობა მიაყენა, ხოლო გ.ბ.-მ ასევე დანით განზრახ მოკვლის მიზნით, წინასწარი შეცნობით არასრულწოვან ლ.დ.-ს ორი ნაკვეთი ჭრილობა ფეხისა და გულმკერდის არეში მიაყენა, შემდეგ კი ორივე ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული ჭრილობების შედეგად ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დ.ს. მეორე დღეს საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად გარდაიცვალა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თვითმხილველის ინფორმაციით, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ხორავას ქუჩაზე მოზარდს, რომელმაც პნევმატური იარაღი მიუშვირა თანასკოლელს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ქვებს ურტყამდნენ. სწორედ ამ დროს დ.ს. გამოჩნდა ეზოში, რომელმაც ჩათვალა, რომ მისი აღნაგობის შეეშინდებოდათ და გაშველებას იოლად მოახერხებდა, - ის რაგბისტი გახლდათ - სწორედ ამ დროს მოხდა მისთვის სასტიკი ჭრილობების მიყენება.

რაც შეეხება მეორე მოზარდს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, როგორც თვითმხილველი ყვება, ლ.დ. შედარებით მოშორებით იდგა და ვიდრე შემთხვევის ადგილს მიუახლოვდებოდა, მას სასიკვდილო ჭრილობები ამ დროს მიაყენეს. თვითმხილველი ვარაუდობს, რომ ლ.დ-მ უბრალოდ, გზა გადაუღობა და რადგან დ.ს. უკვე დაჭრილი იყო, ბოროტმოქმედები გაქცევას ცდილობდნენ.

რაც მთავარია, როგორც სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ამბობენ, მათი ინფორმაციით, კონფლიქტი არც ერთი გარდაცვლილი მოზარდის მიზეზით არ მომხდარა. ორივე მოზარდი საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა და ერთ-ერთი მათგანი მედალოსნობის კანდიდატი გახლდათ.

თბილისის პროკურატურამ თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, არასრულწლოვნის მიმართ განზრახ მკვლელობის შესაძლო ფაქტზე ორი არასრულწლოვანი პირი - გ.ბ. და გ.ჯ. სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. გ.ბ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, ხოლო გ.ჯ. იმავე მუხლით ბრალდებულად დაუსწრებლად იქნა ცნობილი, ვინაიდან იგი ემალება გამოძიებას.

გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს მკვლელობაში ეჭვმიტანილის მშობელი პროკურატურის თანამშრომელი იყო, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მკვლელობის ერთ-ერთი მოწმის მამამ, მირზა სუბელიანმა მთავარ პროკურორს სამსახურიდან გათავისუფლების განცხადებით მიმართა.

მირზა სუბელიანის თქმით, შვილთან ერთად, რომელიც მისივე ინფორმაციით, მომხდარ უბედურებას შეესწრო, პირველ დეკემბერსვე პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა.

„პირველ რიგში მინდა უდიდესი მწუხარება გამოვთქვა დატრიალებული ტრაგედიის, ორი მოზარდის გარდაცვალების გამო და სამძიმარი ვუთხრა მათ მშობლებსა და მეგობრებს.

ჩემდა სამწუხაროდ, ამ უმძიმეს შემთხვევას ადამიანების გარკვეულმა ჯგუფებმა ჩემი სახელი და გვარი დაუკავშირეს, შეგნებულად დაამახინჯეს ფაქტები და საზოგადოებას მიაწოდეს მცდარი ინფორმაცია.

იმის მიუხედავად, რომ ჩემი შვილი ამ საქმეში მოწმეა, რადგან არ მინდა ჩრდილი მიადგეს გამოძიების ობიექტურობას, რაც უპირველეს ყოვლისა ჩემი ოჯახის ინტერესებშია, მე მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურორს, განცხადებით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ მაინც დაასრულებენ სპეკულაციებს და საგამოძიებო ორგანოს ნორმალურ გარემოში ექნება შესაძლებლობა დაადგინოს ჭეშმარიტება. დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე ძალიან მალე დადგინდება და გამოძიება ყველა კითხვას გასცემს ამომწურავ პასუხს“, - აცხადებს მირზა სუბელიანი.

ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ სუბელიანის შვილს მიუშვირეს პნევმატური იარაღი და კონფლიქტის მიზეზი ეს გახდა.

როგორც საქმის პროკურორმა განუცხადა ჟურნალისტებს, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

„ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას. აქედან გამომდინარე, რა განუცხადა მან გამოძიებას, ამის შესახებ ვერ მოგახსენებთ ისევ და ისევ ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განმარტა პროკურორმა.

მკვლელობაში ბრალდებული ორი არასრულწლოვნის საქმეზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, საქმის პროკურორმა ზაზა დათუკიშვილმა ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით უკვე მიმართა. მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში კი სასამართლომ სხდომა უნდა ჩანიშნოს, რომელზეც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი პარასკევს საღამოს დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. თვითმხილველთა თქმით, სისხლიან გარჩევაში 15-ამდე მოზარდი მონაწილეობდა.

როგორც საქმის გამომძიებელი აცხადებს, მანდატურების თვალწინ, სკოლის ტერიტორიაზე რაიმე დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ამ ინფორმაციას ადასტურებენ მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც.

„მანდატურებს რაც შეეხებათ, სკოლაში რაიმე ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. მანდატურების თვალწინ რაც მოხდა, ეს იყო უბრალოდ სიტყვიერი შელაპარაკება, რაც განმუხტეს მანდატურებმა. ამის შემდეგ მანდატურების თვალწინ, სკოლის ტერიტორიაზე რაიმე დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია“, - აღნიშნა დათუკიშვილმა.

არსებობს გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომ დირექტორის ერთ-ერთმა მოადგილემ ფანჯრიდან თვალი მოჰკრა, თითქოს, სკოლის ტერიტორიაზე უცხო ბავშვები იმყოფებოდნენ, იმავე წუთს სთხოვა მანდატურს, გაერკვია, ვინ იყვნენ ისინი და სკოლის მთელი პერიმეტრიც შეემოწმებინა.

მანდატურმა მაშინვე შეამოწმა სკოლის ეზოც და პერიმეტრიც, თუმცა ვერავინ აღმოაჩინა. თვითმხილველების ინფორმაციით, უცხოებმა ძლიან მალე დატოვეს სკოლის ტერიტორია და შეიძლებოდა, მანდატურს მათთვის ვერც მიესწრო. თვითმხილველები იმასაც ამბობენ, რომ საპირფარეშოში ინცინდენტი იმდენად უხმაუროდ მოხდა, რომ სკოლის ხელმძღვანელობას ეჭვიც არ გასჩენია, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებისთვის ბრალად შერაცხული შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი დასტურდება ინციდენტში მონაწილე არაერთი მოწმის ჩვენებით, ასევე ნივთიერი მტკიცებულებებით, მათ შორის მკვლელობების იარაღებით, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. კერძოდ, დ.ს.-ს მკვლელობის იარაღი დანა ამოღებულია შემთხვევის ადგილიდან, ხოლო ლ.დ.-ს მკვლელობის იარაღი ასევე დანა გამოძიებას წარმოუდგინა ინციდენტში მონაწილე მოწმემ, რომელსაც გადამალვის მიზნით გადასცა დაკავებულმა ბრალდებულმა გ.ბ-მ.

საქმეზე გრძელდება გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე გამოძებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტი.

„იქიდან გამომდინარე, რომ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი არასრულწლოვანია, ასევე ხსენებულ პირთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ვალდებულების გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა კანონით შეზღუდულია მოახდინოს ხსენებულ პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გავრცელება. აღნიშნულ საქმეზე მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად, რომლის შედეგების შესახებ საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

როგორც შს მინისტრი აცხადებს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 150–მდე ადამიანი დაიკითხა, თუმცა მცირე რაოდენობამ გამოთქვა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი, რაც ერთ-ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს.

როგორც გიორგი გახარია აღნიშნა, ეს არის სერიოზული პრობლემა.

„როგორც ჩანს, საზოგადოებაში დანაშაულის აღქმის პრობლემაა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განათლოების სამინისტრომ და საზოგადოებამ სერიოზული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა არსებობდეს დანაშაულის აღქმის სწორი პოზიციები“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რათა ძებნაში მყოფი პირის დაკავება მოხდეს.

როგორც მინისტრი აცხადებს, საქმის დეტალები უმოკლეს ვადებში იქნება გამოძიებული და ყველას კარგად ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ობიექტურობისა და სამართლიანობის ხარისხი მსგავს საქმეებთან მიმართებაში.

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ობიექტურობისა და სამართლიანობის ხარისხი მსგავს საქმეებთან მიმართებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ დეტალები უმოკლეს ვადებში იქნება გამოძიებული. ყველა ადამიანი, ვინც პირადად იღებდა ამ დანაშაულში მონაწილეობას ან რაიმე შემხებლობა ჰქონდა, უმკაცრესად, ობიექტურად და სამართლიანად დაისჯება“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ნანახია - 772

antoni

2017-12-04 10:32:20

როგორც ჩანს? როგორც ჩანს კი არა ესაა ტრაგედია. ტრაგედიაა 2 მოზარდის მკვლელობა, მაგრამ კიდევ უარესი და ეროვნული ტრაგედიაა, როცა 16-17 წლის ბავშვებს ასე არაფრისთვის ცივსისხლიანად შეუძლიათ თანატოლის მოკვლა; ამაზრზენი და ეროვნულო ტრაგედიაა დანაშაულის ჩვენეული ათქმა: "ხომ არ ჩავუშვებ?" ასე მსჯელობენ და იქცევიან მშობლებიც
ხვალ რომ სხვა მოკლას? შენი შვილი მოკლას? მსგავსად ხელდაფარებულმა გამპატიურებელმა დედაშენი რომ გააუპატიუროს?

ჯაჯი64

2017-12-04 10:45:24

ბატონო ანტონ, თქვენ პირდაპირ მკვლელობიდან გაუპატიურებაზე გადახვედით და სწორედ იმიტომ, რომ საქართველოში პატიმრები გაუპატიურებისგან არ არიან დაცულები (ხომ შეიძლება ციხეში კიდევ იყოს იმ სისტემის ნაწილები, რომლებიც ამას ახორცილებდნენ, ან საერთოდ ნაცები მობრუნდნენ ისევ) იმიტომაც მცირე ნაწილი თანამშრომლობს პოლიციასთან, მიუხედავად ამაზრზენი დანაშაულისა. კიდევ იმიტომ არ თანამშრომლობენ პოლიციასთან და ზოგადად სახელმწიფოსთან, რომ ეს არაა ჩვენი სახელმწიფო. ეს არის გლობალური მთავრობის გუბერნია. ჩვენი ხელისუფლება არ გამოხატავს ხალხის ინტერესებს, ეს ისეთივე დამპყრობლური ხელისუფლებაა, როგორიც საქართველოს სსრ. ცეკა იყო.

arichopra 2

2017-12-04 11:07:29

ჯაჯი64 -ს. ძირითადად გეთანხმებით, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ რაც მე მახსოვს (დაახლოებით 1970 - 1990 წლები) საქართველოს სსრ. ცეკა გაცილებით მეტედ ეროვნული ინტერესების გამტარებელი იყო,ვიდრე დღევანდელი ხელისუფლება! იმ დროინდელი კომუნისტები, მაგალითად შარტავა, გაბესკირია... ვისზე ნაკლები ეროვნული მოღვაწეები იყვნენ?!

ჯაჯი64

2017-12-04 11:40:03

აბტონო არიჩოპრა, უნდა გესმოდეთ რომ ყველაფერი ფარდობითია და ნებისმიერი შედარება მიახლოებითი. საბჭოთა ცკ. იმდენად იყო ეროვნული, რამდენად ცენტრი აძლევდა ამის უფლებას. აბა ვასილი პავლოვიჩის მოღვაწეობა ვახტანგ ბევრი მეფის ღვაწლს უთანაბრდება კიდეც (ვახტანგ VI მაგალითად).

antoni

2017-12-04 14:37:01

არა, აქ პრინციპზეა ლაპარაკი, რომ თაობები იზრდებიან იმ აზრით, რომ დანაშაულის მხილება "ჩაშვებაა" ე.ი. სამარცხვინოა. ესაა თავი და თავი. რაც მკვლელზე და გამპატიურებელზე ვთქვი იგივე ეხება ყაჩაღს, ცეცხლის წამკიდებელს, გამომძალველს ... რატომ არ უნდა ვამხილოთ? სირცხვილია, როცა ტიპი ჩივის, ჩემმა მეზობელმა უკეთესად ჭამა დაიწყო და გაარკვიეთ ხომ არ იპარავსო; სირცხვილია შენი მდგომარეობის საშველად თანამოსაქმის დაბეზღება, თორემ საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენის მხილება ყველა ნორმალურ ქვეყანაში მოსაწონია

ჯაჯი64

2017-12-04 18:30:40

ბატონო ანტონ, კიდევ გიმეორებთ, რომ საზოგადოება იმიტომ არ "უშვებს" იმ ბიჭს, რომ არ არის დარწმუნებული იმაში, რომ სახელმწიფო მას სამართლიანად მოექცევა. იმიტომ არ არის დარწმუნებული, რომ სამართალი ამჯერად არ არსებობს. ეს სახელმწიფო პავლეს უსამართლო მანიფესტზე დგას (რომელიც ამ სახელმწიფოსთვის დღესაც ძალაშია).
წარმოვიდგინოთ რომ თბილისი რუსებმა ან თურქებმა აიღეს. აი თქვენ, დააბეზღებდით ვინმეს რუს პოლიციელებთან ან თურქ ჟანდარმებთან? საზოგადოების უმრავლესობას შეიძლება გათვითცნობიერებული არ აქვს, მაგრამ ინტუიციურად გრძნობს, რომ ჩვენი პოლიციაც (ზოგადად სახელმწიფო) ჩვენ არ გვეკუთვნის, ისინი გლობალური მთავრობის დავალებებს ასრულებენ. მათგან "მართალი სამართალი" გამორიცხულია.
თუ აღსდგება ძველი ქართული სახელმწიფო, თავისი ეროვნული სამართლით (ჩვენს დროზე და ყოფაზე მორგებული, რა თქმა უნდა), საზოგადოებაც თავისით დაუდგებას მას გვერდში. მაგ. სსრკ.-ს დროს რუსეთში საქმეების 90% დაბეზღების შედეგად იხსნებოდა.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80