როგორ ცხოვრობდა ქართველი ტელეპათი ავთო ლომსაძე ინდოეთის ჯუნგლებში
რეტრომედია

როგორ ცხოვრობდა ქართველი ტელეპათი ავთო ლომსაძე ინდოეთის ჯუნგლებში

როგორ ცხოვრობდა ქართველი ტელეპათი ავთო ლომსაძე ინდოეთის ჯუნგლებში
“თბილისელები“, 30 აპრილი, 2012 წელი

2017-12-04 13:58:40

ტელეპათია – შორ მანძილზე აზრის გადაცემის, ასევე აზრის წაკითხვის უნარია. თუმცა, ამ ფენომენის შესახებ ბევრ ჩვენგანს ძალიან მწირი ინფორმაცია აქვს. ავთანდილ ლომსაძე დიდი ხანია სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ის უძლიერესი ქართველი ტელეპათია, რომელიც თავის დროზე ამერიკელებმა საუკეთესოდ აღიარეს.

ავთო ლომსაძე: 1960 წელს გაიხსნა ცნობილი ვასილევის აზრის შემსწავლელი ლაბორატორია და დღიდან დაარსებისა, მე მისი თანამშრომელი ვარ. მაშინ 20 წლის ვიყავი, ძალიან ახალგაზრდა. ამ ლაბორატორიიდან, თურმე სუკის დავალებით გამგზავნეს ინდოეთში, ბომბეიში. მაშინ ეს არ ვიცოდი. გამგზავნეს იოგებთან. იქ იყო ერთი იოგა გურუ, რომელმაც 154 წლამდე იცოცხლა. 10 დღე ვიყავი იოგებთან ერთად. შემდეგ მათ მითხრეს, შენ აქ ტყუილად ხარ, ახლა სულ სხვა რამე გჭირდებაო და გადამიყვანეს მეორე სკოლაში. ერთ დღეს დასხდნენ მასწავლებლები და თათბირობდნენ, თათბირს მეც ვესწრებოდი. ჰოდა, რაღაც აზრი გამიჩნდა, მივყევი და აღმოვაჩინე, რომ ეს აზრი სწორედ იმ უხუცესი მასწავლებლისგან მოდიოდა, რომელიც უკვე ვახსენე – მას ჩემი წაყვანა უნდოდა თან. ეს კაცი იყო ცოტა ჩემზე დაბალი, ჩაფსკვნილი იყო, მაგრამ საოცრად ჯანმრთელი. ფეხით ძალიან ბევრს დადიოდა და თქვენ წარმოიდგინეთ, საერთოდ არ იღლებოდა, მაშინ, როცა მე ახალგაზრდა, ნავარჯიშები სპორტსმენი ბიჭი ვიღლებოდი და ვქოშინებდი! წარმოიდგინეთ, ის იმ ასაკში გამოიყურებოდა ისე, როგორც ახლა ვარ მე. შევატყობინე საბჭოთა საკონსულოს და წავყევი ამ კაცს. მარტო მე და ის ვცხოვრობდით ორ პატარა ოთახში – ერთში თვითონ, მეორეში მე. მასწავლებლის ოთახში ხშირად არ შევდიოდი, მაგრამ ბევრ რამეს ვხვდებოდი, რა გამეკეთებინა და როგორ მოვქცეულიყავი.

ერთ დღესაც დილით ადრე გამოვედი ოთახიდან და ვხედავ, მოპირდაპირე მხრიდან ვეფხვი მოდის. გავოგნდი და ადგილზე გავშეშდი. შეშინებაც ვერ მოვასწარი, რომ მასწავლებელი გამოვიდა და ვეფხვი ძალიან მშვიდად გაემართა მისკენ. გადაუსვა თავზე ხელი, მოეფერა და ცოტა ხანში წავიდა. როგორც თვითონ ამიხსნა გურუმ, ავად იყო და სამკურნალოდ მოვიდა. საოცარი ის იყო, რომ გზას თავისით აგნებდნენ ცხოველები! სხვა ცხოველებიც მოდიოდნენ ჯუნგლებიდან გურუსთან სამკურნალოდ. და მარტო იქ კი არ მოდიოდნენ, სხვაგანაც სადაც ვცხოვრობდით და, მივდიოდი ყველგან – ალბათ დაუჯერებელია, მაგრამ ასეა. მეც შევეჩვიე ცხოველებს, ვეფერებოდი, აღარ მეშინოდა, მაგრამ მკურნალობით არ ვმკურნალობდი.

ბევრი რამ ვისწავლე ამ კაცისგან და თქვენ ხომ არ გგონიათ, იმას ჩემი რუსული ესმოდა, ან მე იმის ინდური? თუმცა, კარგად გვესმოდა ერთმანეთის. მოკლედ, რაღაც დროის მერე, თუ არ ვცდები, თითქმის მთელი წელი ვიყავი იქ, მასწავლებელს ვუთხარი, სახლი მომენატრა-მეთქი. გაუკვირდა და მითხრა: შენ აქ ცუდად რომ იყო და გენატრებოდეს, არ გამიკვირდებოდა, მაგრამ რადგან კარგად ხარ და მაინც მოგენატრა, ესე იგი, გეძახის და უნდა წახვიდეო, უარს ვერ გეტყვიო. წამოვედი და ჩამოვედი თუ არა, მაშინვე სუკი დამადგა. მე რა ვიცოდი, რომ მაგათი დავალებით გამგზავნეს. იქ არაფერი მიგრძნია, შეიძლება, ინდოეთშიც დამდევდნენ. მოკლედ, მითხრეს ჩვენთან უნდა ითანამშრომლოო. მე უარი ვუთხარი, რადგანაც იოგას ფილოსოფია უშიშროებასა და სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას კატეგორიულად კრძალავს. თუმცა, ასე იოლად არ დამანებეს თავი. მოსაფიქრებლად დროს მოგცემთო, მითხრეს. მერე ვასილევი გარდაიცვალა და ცდები შეწყდა. სუკი ისევ არ მაძლევდა მოსვენებას, მაგრამ ისევ უარზე ვიყავი, რამდენიმეჯერ მთხოვეს, მაგრამ უარს ვამბობდი. ბოლოს ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა; თავი დაანებეთ ამ კაცს, თუ არ უნდა, ძალით როგორ აიძულებთ თანამშრომლობას, ან რა იცით, როგორ მიხვდებით, რომ არ გვატყუებსო. დამანებეს მერე თავი.

როგორც ვიციამერიკელებმა ოთხ ტელეპათს შორის საუკეთესოდ გაღიარეს თავის დროზე.

– 1964 წელს ამერიკელებმა ჩაატარეს ასეთი ექსპერიმენტი, ოღონდ მე ამერიკაში არ გამიშვა უშიშროებამ. მოკლედ, გაუშვეს ხომალდი კოსმოსში და იქ ჰქონდათ სპეციალური აპარატი, რომელშიც მოთავსებული იყო 200 ნახატი. რომ დახედავდნენ ამ ნახატებს, რაღაცას წერდნენ და ჩვენ შორ მანძილზე უნდა მიგვეღო ის და აზრი გამოგვეცნო. მე ყველაზე მეტჯერ დავამთხვიე – 3-ჯერ ზედიზედ. სულ 4 გადაცემა მოხდა. შეგვარჩიეს ოთხი ტელეპათი, მე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მქონდა აზრის გადაცემაში – 84 პროცენტი მივიღე და საუკეთესოდ მაღიარეს. ატყდა ერთი ამბავი ამერიკულ პრესაში. მე მეგონა, ცდისთვის ამერიკაში გამიშვებდნენ, გამიხარდა. არაო, მითხრეს, შენ აქ იქნები და აქედან მიიღებ ცდაში მონაწილეობასო.

მე კი ავიღე პირველი ადგილი, მაგრამ სუკმა სასტიკი საყვედური გამოუცხადა იმ კაცს, ვინც მე ცდისთვის შემარჩია და გამგზავნა. ლამის პარტიიდან გარიცხეს.

თბილისში როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება?

– როგორც გითხარით, ვასილევის ლაბორატორია დაიხურა და წამოვედი თბილისში. ფილარმონიის დირექტორმა შემომთავაზა, გამოვსულიყავი სცენაზე. ძალიან კარგი ადამიანი იყო ბატონი აპოლონ ყიფიანი. მე ჩემს მასწავლებლებს ვკითხე რჩევა და მათ მითხრეს, არაფრით არ შეიძლება, იოგა სცენაზე გამოდიოდეს და თავის ხელოვნებას ხალხს აჩვენებდესო. ამიტომ, თავიდან უარი ვუთხარი აპოლონს. იოგას ფილოსოფიით, მას უფლება არ აქვს, ორ ადგილას მიიღოს ხელფასი – მანამ, სანამ დედამიწაზე ერთი კაცი მაინც არის უმუშევარი, არ გაქვს უფლება, სხვისი ადგილი დაიკავო. თუმცა, მერე კი დავთანხმდი აპოლონის შემოთავაზებას, ჩემი ტელეპათიური ნიჭი სასცენოდ გამომეყენებინა და დავდიოდი გასტროლებზე. მთელი საბჭოთა კავშირი მოვიარე, გატენილი იყო ხოლმე დარბაზი ხალხით. შემოსავალიც მქონდა. შევხვდი ვოლფ მესინგს, რაც ძალიან დასამახსოვრებელი იყო ჩემთვის. მან ასეთი ავტოგრაფიც მომცა: „ახალგაზრდა მასწავლებელს ხნიერი მოწაფისგან”. შემდეგ ხელი მომხვია და გამიღიმა.

სუკთან არასოდეს გითანამშრომლიათ?

– არასოდეს. იოგას ფილოსოფიის პრინციპები არასოდეს დამირღვევია. მე მათ ვუთხარი, რომ ჩამოვედი ინდოეთიდან. ჩემი მსოფლმხედველობა იმდენად განსხვავებულია, სულ სხვა მიზნები და ამოცანები მაქვს-მეთქი. თუმცა, ბევრ პოლიტიკოსს კი ვიცნობ, განსაკუთრებით მაშინდელ პარტმუშაკებს, ვიცნობ პუტინს და მედვედევსაც. ბევრი მათგანი მაკითხავს ხოლმე წინასაარჩევნოდ, თუმცა პოლიტიკაში არ ვერევი. პუტინი სუკის დროიდან მახსოვს, ძალიან პატარა და უმნიშვნელო ადგილი ეკავა მაშინ.

ოფიციალური მეცნიერება რას ფიქრობს თქვენს ფენომენზე?

– ერთი აკადემიკოსი იყო ჩემთან მოსული და ძალიან დაინტერესდა ჩემით. თავისი ლაბორატორია ჰქონდა. მოკლედ, სახლში მესტუმრა, ერთ საათს ვისაუბრეთ და ძალიან კმაყოფილი დარჩა. რომ გადიოდა, ჩემზე დაწერილი წიგნის ავტორს შეხვდა კარში და უთხრა: იცით, ჩვენი მეცნიერება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის ჭეშმარიტებისგანო.

საქართველოში დიდი ხანიაარ ყოფილხართ?

– ჩამოვდივარ ხოლმე ზოგჯერ. 15 წელი არ ვიყავი მანდ ნამყოფი. ქობულეთში გავხსენი ტელეპათთა ასოციაცია, რასაც ანალოგი არ აქვს მსოფლიოში. თავის ქებაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ ნამდვილად ყველაზე ძლიერი ქართველი ტელეპათი ვარ. სხვა ქართველ ტელეპათებს არ ვიცნობ, არც გამიგია. ეს იგივეა, რომ პირველკლასელი ბავშვის ცოდნა აკადემიკოსის ცოდნას შეადარო. თქვენ სხვა პლანეტიდან ჩამოსული ხალხი გინახავთ?

არაარ მინახავს.

– ჰოდა, როგორც თქვენ არ გინახავთ უცხოპლანეტელები, ისე არ მინახავს ჩემი დონის ქართველი ტელეპათი.

უცნაური თხოვნით მოუმართავთ თქვენთვის?

– კი, როგორ არა, რამდენიც გინდათ. თბილისში რომ ჩამოვედი, მოვიდნენ და მთხოვეს, ბატონო ავთო, იქნებ, ტაქსის მძღოლებს შთააგონოთ, ზედმეტი ფული აღარ აიღონო. გავგიჟდი კინაღამ. მერე მითხრეს, ბენზინს რომ იპარავენ ავტოგასამართზე, იქნებ ისე მოახერხოთ, არ მოიპარონო.

საერთოდტელეპათიური ნიჭი როდის აღმოგაჩნდათ?

– 18 წლის სპორტსმენი ვიყავი და წავედით  შეჯიბრებაზე. კალათბურთს ვთამაშობდი. ერთმა მოსკოველმა კალათბურთელმა დამპატიჟა დაბადების დღეზე. იქ გავიცანი ვასილევი ზუსტად, რომელიც რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გახლდათ. მოკლედ ვისვენებდით, ზოგი ანეკდოტს ყვებოდა, ზოგი რას. ვასილევმა შემოგვთავაზა, სათითაოდ სხვა ოთახში გავსულიყავით, ამასობაში დანარჩენები რამე ნივთს აირჩევდნენ და უკან დაბრუნებულს უნდა გამოეცნო ეს ნივთი. მოკლედ, გავიდა ერთი ბიჭი, შემოვიდა – ვერ გამოიცნო. ვიფიქრე, აბა, მე გავალ, თავს გამოვცდი-მეთქი. რამდენიმეჯერაც გავედი და შემოვედი, 3-ჯერ მგონი, სამივეჯერ მივხვდი! ვიფიქრე, ხომ არ მაშაყირებენ-მეთქი. ვასილევს გაუკვირდა, კი მაგრამ როგორ მიხვდი, რა გრძნობა გქონდა, რომ ფიქრობდიო? თავბრუ მეხვეოდა ცოტა-მეთქი. ყველაფერს მიხვდა, ცალკე გამიყვანა, დიდხანს ვისაუბრეთ. მითხრა, რომ პეტერბურგში იხსნებოდა აზრის შემსწავლელი ლაბორატორია და მკითხა, თუ გინდა, აქ მუშაობაო. მერე წერილი მივიღე თბილისში 1960 წელს. ლაბორატორიას ვხსნით და თუ გნებავთ აქ მუშაობა, ჩამოდითო. რომ ჩავედი, არც ერთი ცდა არ გამომივიდა. ძალიან ვინერვიულე. მერე, ნელ-ნელა ყველაფერი კარგად აეწყო. ერთი ეგ იყო, ცდების დროს ძალიან ვიღლებოდი, ტანსაცმელი, რაც მეცვა, მთლად სველი და ოფლიანი მქონდა.

როგორც ვიციხალხსაც მკურნალობდით...

– კი და ერთმა მადლიერმა პაციენტმა ამერიკიდან მანქანაც კი მაჩუქა დაბადების დღეზე. იცოდა, რომ ავტომოყვარული ვიყავი. გადადებული ხალხისთვისაც კი მიშველია. 1978 წელს ჩემთან რამდენიმე საშუალო ასაკის ქალბატონი მოვიდა, სიმსივნით დაავადებულები, რომლებზეც ოფიციალურმა მედიცინამ ხელი ჩაიქნია, უძლური იყო. ის ქალები დღესაც ცოცხლები არიან.

 

 

 

ნანახია - 131

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80