ვლადიმერ ჟირინოვსკი: „ხელები შორს მიშიკოსგან!“
პოლიტიკა

ვლადიმერ ჟირინოვსკი: „ხელები შორს მიშიკოსგან!“

ვლადიმერ ჟირინოვსკი: „ხელები შორს მიშიკოსგან!“
თამთა ქარჩავა

2017-12-06 20:55:15

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის შსს-ს საიტზე ძებნილთა სიაში შეიყვანეს. სააკაშვილი ძებნაში უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით არის გამოცხადებული - მე-15 მუხლის პირველი ნაწილი; 28-ე მუხლის მეორე ნაწილი და 256-ე მუხლის მეორე ნაწილი, რაც გულისხმობს დანაშაულის ჩადენას - პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული წინასწარი შეთანხმებით; დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეებისთვის დახმარების გაწევა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა.

სააკაშვილის ძებნას ახორციელებს ეროვნული პოლიცია და უკრაინის უსაფრთხოების სამსახური. სააკაშვილი ამ დრომდე მხარდამჭერებთან ერთად კარვების ქალაქში იმყოფება. ის არ ტოვებს მიმდენარე პერიმეტრს. უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო იმედგაცრუებულია მიხეილ სააკაშვილის დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო და უკრაინის პარლამენტის სხდომაზე დეპუტატების წინაშე სააკაშვილის დაკავების პირობა დადო.

„ჩვენ შეგვეძლო უფრო ეფექტურები ვყოფილიყავით. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ის 12 თანამშრომელი, რომელსაც გუშინ სააკაშვილი დასაკითხად გადაჰყავდა ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილეები არიან, რომლებმაც ბრძოლები გაიარეს და კანონის მიხედვით ცეცხლი უნდა გაეხსნათ, მაგრამ ხელისუფლება სახელმწიფოზე ფიქრობს, ხოლო სააკაშვილი მოტყუებული და კურჩენკოს ფულით ნაყიდი ხალხის ზურგს უკან მიმალვით პირად კომფორტზე ფიქრობს. ჩვენ მომავალშიც ვიფიქრებთ სახელმწიფოზე, ზოგჯერ ჩვენ ხელთ არსებული უფლებების გამოუყენებლობით, თუმცა სააკაშვილი დაკავებული იქნება“, - აღნიშნა იური ლუცენკომ.

იური ლუცენკომ სააკაშვილს დაკითხვაზე მისასვლელად 24 საათი მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ლუცენკომ აღნიშნა, სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ პოლიტიკოსი გამომძიებელთან გამოცხადდეს. მიუხედავად ამისა, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს და მზად არის გამომძიებლები პარლამენტის შენობის წინ არსებულ კარავის ქალაქში მიიღოს.

„მინდა შემდეგი რამ განვაცხადო: მე არ ვაპირებ მისვლას ფსევდო გენერალურ პროკურორთან. ის ოროსანია, გაუნათლებელი და არაკანონიერია. მე მას გენპროკურორად არ მივიჩნევ. მე მზად ვარ გამომძიებლები აქ კარავში მივიღო. მათ ისტერიულად სურთ დამაშორონ ხალხს, რომ მე არ გავაკეთო ის, რასაც ვაკეთებ. ის, რაც აქ ხდება, ეს არ არის მიხო-მაიდანი, ეს უკრაინის ბანაკია უკრაინელებისთვის.

მე აქ იმიტომ ვარ, რომ ხალხს დავეხმარო. ჩვენი გეგმაა დანაშაულებრივი დაჯგუფებები ჩამოვაშოროთ სამართალდამცველ სტრუქტურებს და პოროშენკოს იმპიჩმენტი დავიწყოთ. გუშინ მათ პროვოკაცია მოაწყვეს. ეს იყო ძალის დემონსტრირება. პოროშენკოს სურდა ძალა ეჩვენებინა, როდესაც ჩვენ ბევრნი ვიქნებით, კანონიერად, გადატრიალებისა და ძალადობის გარეშე წესრიგსა და დემოკრატიას დავამყარებთ და ბოლოს მოვუღებთ დიქტატურას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის თანაგუნდელი, დავით საყვარელიძე ფიქრობს, რომ პოროშენკო ძალის დემონსტრირებისთვის ემზადება და ვარაუდობს, რომ დღეს იქნება მეორე მცდელობა სააკაშვილის დაპატიმრების და ამჯერად, უფრო დიდი ძალებით შეეცდება უკრაინის ხელისუფლება ექსპრეზიდენტის დაკავებას.

„დილას იყო მცდელობა დარბევის. დაახლოებით ორას კაციანი ჯგუფი შემოვიდა. ჩვენმა მომხრეებმა და მეგობრებმა გაუწიეს წინააღმდეგობა, მოიგერიეს. ამით დამთავრდა ღამის შეტევა, მაგრამ, ალბათ, იქნება ემზადება უფრო დიდი შეტევისთვის და იერიშისთვის. უნდათ დაშინება, მაგრამ ამ კატეგორიის და ამ სულისკვეთების ხალხის შეშინება სისხლის სამართლის საქმით ან პოლიციის ძალებით არის ფაქტიურად შეუძლებელი. ამით უფრო მეტად გააბრაზებენ ხალხს“, - აცხადებს დავით საყვარელიძე.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აფასებენ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ელჩები და მოელიან, რომ სააკაშვილთან მიმართებაში გამოძიება, იურიდიული ნორმების შესაბამისად, ოპერატიულად ჩატარდება. დიპლომატები მხარეებს მოუწოდებენ, პატივი სცენ და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო წესრიგს და უკრაინაში სამართლებრივ სისტემას, მშვიდობიანი პროტესტის უფლებები და მოვალეობები დაიცვან და თავი შეიკავონ სიტუაციის დესტაბილიზაციისგან.

„ჩვენ ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილი დააკავეს და პროტესტები გრძელდება. ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას“, - ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ელჩების განცხადებაში.

უკრაინაში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომლის განცხადებით, ხელისუფლება ღირსეულ პასუხს გასცემს უკრაინის შიგნით სიტუაციის არევის მცდელობას.

„რაც გუშინ ქვეყანამ გაიგო, ყველასათვის შოკისმომგვრელი იყო. რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურსა და გენერალურ პროკურატურას ეროვნული ინტერესებისა და სახელმწიფოებრიობის დაცვისთვის. ხელისუფლება პატივს სცემს ხალხის უფლებას გამოხატოს მშვიდობიანი პროტესტი.

ჩვენ ეს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვაჩვენეთ. თუმცა, აქციის ორგანიზატორებს სისხლი სწყუროდათ და ძალოვნების პროვოცირებას ახდენდნენ. მეგობრებო, არმია იმისათვის არ დგას ფრონტზე, რომ მტერი ზურგს უკან მოქმედებდეს. ჩვენ ასეთ მცდელობებს პასუხს გავცემთ და მე ვგრძნობ საზოგადოების მხარდაჭერას“, - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.

რუსეთი, რომ პროცესების ესკალაციით დაინტერესებულია ამასვე ადასტურებს „ლიბერალურ- დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის ვლადიმერ ჟირინოვსკის განცხადება, რომლის თანახმად სააკაშვილის ირგვლივ არსებული სიტუაცია უარყოფს უკრაინის ხელისუფლების განცხადებას, რომ ისინი ნამდვილი დემოკრატები არიან. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება თავის თავს არცხვენს მიხეილ სააკაშვილის დევნით. ჟირინოვსკი სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებს.

„როგორი არამზადაც არ უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან მიმართებაში, რთულია იმის უარყოფა, რომ მას შეუძლია მუშაობა. მას ამას ვერ წაართმევ. როდესაც სააკაშვილი არაკომფორტული გახდა კიევის „დემოკრატებისთვის“, ის მოგონილი მიზეზით გააგდეს, ხოლო როდესაც განაცხადა, რომ პოროშენკოს იმპიჩმენტი სურს, სამარცხვინო აქცია ჩაატარეს და მოქალაქეობა ჩამოართვეს.

სააკაშვილმა ნება გამოაჩინა, იბრძოლა, უკრაინაში დაბრუნდა, მხარდამჭერები მოიზიდა და ახალი მოთხოვნა გააჟღერა - პოროშენკოს მშვიდობიანი გადაყენება. როგორ უპასუხა მას „დემოკრატიულმა ხელისუფლებამ“? მის დაპატიმრებას ცდილობენ. მაგრამ ესეც კი არ გამოუვათ მათ. ხელები შორს მიშიკოსგან!“, - აცხადებს ვლადიმერ ჟირინოვსკი.

რუსეთში ჟირინოვსკი აქტიურობს, საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიამ „ღირსების მანიფესტაცია“ გამართა. პარტიისა და მათი მხარდამჭერების აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდება. მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები მისი დაკავების მცდელობას და კიევში მის წინააღმდეგ დაწყებულ პოლიტიკურ დევნას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ საქართველოს და უკრაინის ოლიგარქიული რეჟიმები შეთანხმებულად მოქმედებენ.

„მიხეილ სააკაშვილი გუშინ უკრაინელმა ხალხმა გაათავისუფლა, ხოლო საქართველოში მას ქართველი ხალხი ჩამოიყვანს. რომ არა მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, საქართველო დღეს იქნებოდა კორუმპირებული პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელსაც ამ ხელისუფლების პირობებში, დღეს საქართველო ნელ-ნელა ემსგავსება.

რომ არა 9-წლიანი დიადი წელი, არ იქნებოდა საქართველოში დამარცხებული კრიმინალი, რომელიც დღეს სამწუხაროდ, ბრუნდება, არ იქნებოდა საზღვრები დაცული და კვლავ შეძლებდნენ ჩატაევის მსგავსი ტერორისტები შემოსვლას, როგორც დღეს ახერხებენ ამას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი დარწმუნებულია, რომ ავანტიურისტი სააკაშვილის ქმედებები რუსეთს აწყობს. რომლის განცხადებით, საინტერესო ფაქტია ისიც, რომ რუსული მედიასაშუალებებიდან სააკაშვილის განდიდების სიუჟეტები არ მოხსნილა.

„გავიხსენოთ, რას აკეთებდნენ ბელარუსში და როგორ აწყობდნენ რევოლუციას. ასევე გაიხსენეთ, რა პროცესები განვითარდა უკრაინაში, როცა ტიმოშენკოს არჩევნები იყო. შემდეგ, რუსეთის სპეცსამსახურებმა ეს ყველაფერი როგორ ჩაიწერეს და საბოლოოდ დაზარალებული ვინ აღმოჩნდა. მნიშვნელოვანი თემა, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, ის არის, რომ ამ ხნის განმავლობაში, რუსული მედიასაშუალებებიდან სააკაშვილის განდიდების სიუჟეტები არ მოხსნილა. დასკვნას არ ვაკეთებ, გიყვებით, რა ხდება“, - აცხადებს გია ვოლსკი.

 

ნანახია - 1476

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80