ვარკეთილსა და დიდ დიღომში იანვრიდან გაზი გაძვირდება
ეკონომიკა

ვარკეთილსა და დიდ დიღომში იანვრიდან გაზი გაძვირდება

ვარკეთილსა და დიდ დიღომში იანვრიდან გაზი გაძვირდება
ბექა დანელია

2017-12-06 22:05:44

2018 წლის 17 იანვრიდან თბილისის მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი აირის ტარიფი 5 თეთრით გაეზრდება და ის 50 თეთრს გადააჭარბებს. საუბარია, დიდი დიღმისა და ვარკეთილის ხუთი მიკრორაიონის (I, II, III, IIIა, Iა) მაცხოვრებლებზე. დედაქალაქის მასშტაბით, ჯამში მცირე გაზგამანაწილებელი კომპანიების, „ვარკეთილიაირისა“ და შპს „დიდი დიღომი გაზის“ 25 ათასზე მეტ აბონენტს გაუძვირდება ბუნებრივი აირის გადასახადი. სულ თბილისის მასშტაბით დაახლოებით 450 ათასი აბონენტია.

ცნობილია, რომ დედაქალაქს ბუნებრივი აირით ძირითადად „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ამარაგებს, თუმცა რამდენიმე გარეუბანში გაზის მიწოდების ფუნქცია მცირე კომპანიებს აქვთ. სწორედ მათ შორის არიან „ვარკეთილაირი“ და „დიდი დიღომი გაზი“.

„ვარკეთილაირი“ მცირე ზომის კომპანიაა და ის მოსახლეობისთვის მისაწოდებელ ბუნებრივ აირს არა სახელმწიფო კომპანია „გაზის ტრანსპორტირების კომპანიისგან“, არამედ „ყაზტრანსგაზისგან“ ყიდულობს.

სემეკმა ივნისში მიღებული გადაწყვეტილებით, კუბურ მეტრზე 32 თეთრიდან 35 თეთრამდე გაზარდა „ყაზტრანსგაზის“ მიერ სხვა კომპანიებისთვის, მათ შორის, „ვარკეთილაირისთვის“ მისაწოდებელი გაზის ტარიფი. კომპანიის განმარტებით, ისინი ძველ ტარიფს 45.5 თეთრს კუბურ მეტრზე საკუთარი ხარჯით ინარჩუნებდნენ, თუმცა 2018 წლის იანვრიდან მათ ტარიფის 5 თეთრით გაზრდა მოუწევთ.

„დიდი დიღომის გაზის“ მენეჯერი, ლელა გამგონიძეც ადასტურებს, რომ „ყაზტრანსგაზი“, რომელიც მათი მიმწოდებელია, რამდენიმე თვეა, რაც გაზს უფრო ძვირად აწვდის. სწორედ ამან გამოიწვია კომპანიის მხრიდან მოქალაქეებისთვის გადასახადის გაძვირებაც. „დიდი დიღომი გაზის“ აბონენტებს გაზის 5 თეთრით გაზრდილი ტარიფის გადახდა 21 იანვრიდან მოუწევთ.

„გაზს ვიღებთ „ყაზტრანსგაზისგან“, რომელიც უფრო ძვირად გვაწვდის ბუნერივ აირს. ეს კი იმით არის გამოწვეული, რომ ზაფხულში სემეკმა 11-დან 18 თეთრამდე გააძვირა ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ტარიფი. აქამდე თავს ვიკავებდით და არ გვინდოდა მოსახლეობისთვის ტარიფის გაზრდა, თუმცა, მთელი ეს პერიოდი კომპანია ზარალზე მუშაობდა, ზამთარში კი გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ასე ვეღარ გავაგრძელებთ, ამიტომ იანვრიდან ტარიფის მატება გვიწევს“, - განუცხადა „ბიპიენს“ გამგონიძემ.

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი ამბობს, რომ თბილისის მოსახლეობას გაზის ტარიფი ერთიანი უნდა ჰქონდეს და მომხმარებელი განსხვავებულ მდგომარეობაში არ უნდა აღმოჩნდეს. შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი კი თითოეულმა მხარემ უნდა ეძებოს.

„დღეს და ხვალ გამოსავალს ვერ ვხედავ, მაგრამ იგი აუცილებლად უნდა ვეძებოთ. ის, რომ „ვარკეთილაირი“ პირდაპირი ტრანსპორტირების ხაზთან საკუთარი ქსელის მშენებლობას ცდილობს, ვითარების გამოსწორების ერთ-ერთი კომპონენტია. ასევე შესაძლოა, არსებობდეს სხვა სახის გამოსავალიც. გაზის გამანაწილებელი პატარა კომპანიებისთვის არსებობდეს სპეციალური ქსელი. ჩემი რეკომენდაციაა მცირე კომპანიების მიმართ, რომ მათ იფიქრონ, სიტუაცია როგორ გამოასწორონ. მაგალითად – შერწყმის შედეგად, თუ მათ ხარჯები შეუმცირდებათ და ამით მომხმარებელს ტარიფი არ გაუძვირდება“, – განაცხადა ვარდიაშვილმა.

კომპანია „ვარკეთილაირი“ გეგმავს ააშენოს 5-კილომეტრიანი მილსადენი, რომლითაც დაუკავშირდება „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მილსადენს, ამ მილსადენიდან მას შედარებით უფრო იაფი ბუნებრივი აირის მიღების საშუალება ექნება, რაც ტარიფის შემცირებას შეუწყობს ხელს. კომპანიის ინფორმაციით, მათ მერიისგან ამ მილსადენის მშენებლობის ნებართვა უკვე მიიღეს და მშენებლობასაც დროულად დაიწყებენ.

ნანახია - 333

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80