ISIS-ის ადგილობრივი მომხრეები, თუ სპეცსამსახურებში არსებული ჯგუფი - ვინ იყო ჩატაევის დასაყრდენი
საზოგადოება

ISIS-ის ადგილობრივი მომხრეები, თუ სპეცსამსახურებში არსებული ჯგუფი - ვინ იყო ჩატაევის დასაყრდენი

ISIS-ის ადგილობრივი მომხრეები, თუ სპეცსამსახურებში არსებული ჯგუფი - ვინ იყო ჩატაევის დასაყრდენი
თამთა ქარჩავა

2017-12-07 20:00:13

„მწვანე საზღვარი“ ორ ქვეყანას შორის, შეთანხმების საფუძველზე, პასპორტის გარეშე მიმოსვლას გულისხმობს. ასეთი საზღვარი საქართველოს თურქეთთან და აზერბაიჯანთან აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ საზღვრის ამ სახელმწიფოების მიმართულებით გადაკვეთა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობითაც შესაძლებელია.

სწორედ „მწვანე საზღვრი“ გამოიყენეს საქართველოში შემოსასვლელად „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ახმედ ჩატაევმა და მისმა გარემოცვის წევრებმა, რომელთა ლიკვიდირებაც 22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოხდა.

რომელი ქვეყნის საზღვარი გადმოკვეთეს თბილისში, კონტრტერორისტული ოპერაციისას ლიკვიდირებულმა პირებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ამის შესახებ არ საუბრობს.

„რომელი ქვეყნიდან შემოვიდნენ ამას ვერ დავასახელებ. ჩვენი ვერსიით ე.წ. მწვანე საზღვრიდან არიან გადმოსული. თუ რას გეგმავდნენ ჩატაევი და მისი გარემოცვის წევრები საქართველოში, ამაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორი მიმართულებით მუშაობს. ამ მიმართულებებს, სამწუხაროდ, ვერ დავასახელებ. გამოძიებით გამოიკვეთება, საქართველოზე მუშაობდნენ, სხვა მიმართულებით, ტერაქტის მოსაწყობად იყვნენ ჩამოსულები თუ სხვა, ამას ვერ ვიტყვი“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

გომელაური აცხადებს, რომ ძალოვანი უწყებების მუშაობის შედეგად, ქვეყანამ გარკვეული საფრთხეები თავიდან აიცილა. სუს-ის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ტერორიზმში ბრალდებულებმა იარაღი ტყეში არსებული ერთ-ერთი სამალავიდან მოიპოვეს. ამჟამად გამოძიება ექსპერტიზის დასკვნებს ელოდება, რათა დადასტურდეს, რომ იარაღები ნამდვილად ამ სამალავებიდანაა ამოღებული.

„ინფორმაციები რაც გვქონდა, ამომწურავად გავაცანით ნდობის ჯგუფს. გავეცი პასუხები იმ კითხვებზე, რაც არის საზოგადოებაში - როგორ გადმოვიდნენ საქართველოში, იარაღი საიდან მოიპოვეს, რას გეგმავდნენ, მომავალში რა უნდოდათ ამ ადამიანებს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კანონი უფლებას არ მაძლევს ყველაფერი ღიად ვისაუბრო, თუმცა, ნდობის ჯგუფს, რაც გვქონდა დადასტურებული ინფორმაცია, გავაცანი. დადასტურებული გვაქვს ინფორმაცია იარაღთან დაკავშირებით, თუ საიდან მოიძიეს და მიიტანეს სახლში. ტყეშია ნაპოვნი, ერთ-ერთი სამალავიდანაა ამოღებული. ახლა ველოდებით ექსპერტიზებს, რათა მანაც დაადასტუროს, რომ ნამდვილად ამ სამალავიდან არის ამოღებული ეს იარაღები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დაკვირვების ეტაპზე არის გამოძიების ფედერალური ბიურო. აშშ-ის ელჩის, იან კელის განცხადებით, შეერთებული შტატები ცდილობს, უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებას იმის შესახებ, თუ რა განზრახვა ჰქონდა ამ დაჯგუფებას.

„მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობასაც ბევრი შეკითხვა აქვს. ეს საერთაშორისო საკითხია, რომელიც ყველას ეხება. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია დახმარების გაწევა შესაძლებლობის ფარგლებში. ამ ეტაპისთვის ორი პირის იდენტიფიცირება ვერ მოვახერხეთ მაიდენტიფიცირებლების არარსებობის გამო“, - განაცხადა იან კელიმ.

22 ნოემბრის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით საერთო სურათი მეტ-ნაკლებად შეკრულია. ამის მიუხედავად, ნდობის ჯგუფის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ფირქობს, რომ გამოძიების ბოლომდე მისვლა ყველა იმ საჭირო ინფორმაციას დაადგენს, რაც საზოგადოებას აინტერესებს.

„ჩვენი პარტნიორები მნიშვნელოვნად გვეხმარებიან სხვადასხვა ექსპერტიზების უზრუნველყოფაში. საერთო სურათი მეტ-ნაკლებად შეკრულია. თუმცა, გამოძიებას აქვს კიდევ თავისი მიმართულებები, შესაბამისად, ჩვენ გაგვიჭირდება და, ალბათ, თავს უფლებას არ მივცემთ, რომ რაღაც კონკრეტულ დეტალებზე ვისაუბროთ. უკვე შემდგომი ღონისძიებები, რომელიც დღესაც კი ტარდება, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გამოძიება მივიდეს ბოლომდე და დადგინდეს ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რაც ყველას ერთად გვაინტერესებს“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა ახმედ ჩატაევის ლიკვიდაცა, ასევე გაავრცელა ინფორმაცია ტერორისტების სავარაუდო მარშუტისა შესახებ, ექსპერტები, რომლებიც უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობენ, ამბობენ, რომ დარჩა მნიშვნელოვანი შეკითხვების ნაწილი, რომელზეც გამოძიებას ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია. მათ შორის როგორ მოიპოვეს ტერორიზმში ბრალდებულებმა იარაღი ტყეში არსებული ერთ-ერთი სამალავიდან და რატომ არ ჰქონდა ამ სამალავის არსებობის შესახებ ინფორმაცია სახელწმიფო უსაფრთხოების სასამსახურს.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ფიქრობს, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ჩატაევმა და მისმა ჯგუფმა „მწავნე საზღვარი“ გადმოკვეთეს, შემდეგ ტყეში არსებული ერთ-ერთი სამალავიდან აიღეს იარაღი, ამით საქართველოში „ვილაითი გურჯისტანის“ არსებობა დასტურდება.

„გომელაურის განცხადებას თუ გავყვებით, საქართველოში მოქმედებს „ვილაითი გურჯისტანის“ მიძინებული ქსელი. მხოლოდ ამ ქსელის წარმომადგენლებს შეეძლოთ იარაღის არსენალის დამალვა სამალავში, მათ შეეძლოთ ე.წ. „მწვანე საზღვრის“ გადმოკვეთით გადმოეყვანათ ჩატაევი. როგორც ჩანს, საქმე იმაზე უფრო სერიოზულად არის, ვიდრე წარმომედგინა.

ტყეში იარაღის სამალავის გაკეთება და ამ სამალავებიდან იარაღის გადატანა ქალაქის ცენტრალურ ადგილას, მომხრეების და ჯგუფების შექმნა, ეს არის სწორედ ის, რასაც მიძინებული ქსელები ასრულებ იმ ქვეყნებში, სადაც ეს ქსელები არსებობენ. გამოდის, რომ ჩვენს შემთხვევაში საუბარია კარგად კონსპირირებულ ჯგუფებთან, რომელსაც აქვს თავისი გავლენა და რომელიც შემდეგ უკვე გადადის ნახევრად მიძინებულ მდგომარეობაში. ღმერთმა ნუ ქნას, რომ შემდგომში აქტიურ ფაზაში გადავიდნენ, მაგრამ უტყუარი და შემდგარი ფაქტია „ვილაითი გურჯისტანის“ არსებობა“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

ის, რომ ტერორისტებისთვის საქართვერლოს ტერიტორიაზე ადვილად ხელმისაწვდომი გახდა იარაღი, ამას საქართველოში და ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე საომარი მოქმედებით ხსნის ექსპერტი, უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, მამუკა ნებიერიძე, რომლის განცხადებით, საქართველოში ჯერ იყო სამოქალაქო ომი, შემდეგ აფხაზეთი და სამაჩაბლო, ომი ახლაც გრძელდება ჩრდილოეთ კავკასიაში. მისი თქმით, ასევე არის ყარაბაღის კონფლიქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ჯგუფისთვის იარაღი პრობლემას არ წარმოადგენდა.

„რატომ დგას საკითხი ასე - როგორ აღმოჩნდა მათ ხელში იარაღი? - იარაღი იმდენია, რომ ეს პრობლემა არ იქნებოდა. საქართველოში სააკაშვილს ჰქონდა იარაღების სამალავები, ნაწილი ამოიღეს, რამდენია დარჩენილი ვინ იცის. ჩრდილოეთ კავაკასიაში მიდი-მოდის ეს ხალხი. ისეთი საზღვრებია კავკასიონზე რას გააკონტროლებ? საქართველოში არის რუსეთი ორი უზარმაზარი ბაზა, რა პრობლემაა რუსეთისთვის, რომ ვიღაცას იარაღი მისცეს?! ჩატაევი იყო საერთაშორისო ძებნილი, რომელსაც არა მარტო იარაღი, არამედ ჰქონდა დიდი ფული. როგორ ფიქრობთ, იარაღის შოვნის პრობლემა ექნებოდა? - არა“, - ამბობს მამუკა ნებიერიძე.

მისივე თქმით, არ შეიძლება სერიოზულ ტერორისტულ აქტზე იყოს საუბარი, რადგან 22 ნოემბრის სპეცოპერაცია იყო ჯგუფის აყვანის დროს შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა.

„ტერორისტული აქტი არის ერთჯერადი. მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო დაკავების ოპერაცია, რა დროსაც ამ ჯგუფა დაიწყო წინააღმდეგობის გაწევა. ერთ-ერთმა თავი აიფეთქა. ეს არ არის ტერორისტული აქტი. თუ რამე სხვა ინფორმაცია არ არსებობს, ამ კონკრეტული აქტიდან ვერაფერს ვერ გამოიყვან. დაკავებულია ერთი ადამიანი, თუ ითანამშრომლებს გამოძიებასთან და ამ გამოძიებით დადგინდა, რომ აპირებდნენ ტერორისტულ აქტს, ასეთ შემთხვევაში გასაგებია, მაგრამ კონკრეტულად ამ ფაქტიდან ეს ჯგუფი სერიოზულს, თუ არასერიოზულს აპირებდნენ საქართველოში, მსგავსი არაფერი არ მტკიცდება“, - აცხადებს მამუკა ნებიერიძე.

კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლების მიერ გავრცელებული ვერსია, საქართველოს კონტრადზვერვის და სპეცსამსახურების საქმიანობის ჩავარდნაზე მეტყველებს. მისი თქმით, ადამიანი, რომელსაც არ აქვს ფეხი და ხელი, არის საერთაშორისო ძებნილი, შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე და იმდენს ახერხებს, რომ იარაღის სამალავიდან მიიღოს შეიარაღება, ეს სპეცსამსახურების საქმიანობის სისუსტეს უსვამს ხაზს.

„მეტიც, ეს ადამიანი სახლდება ისეთ ბინაში, რომელიც აქმდე უკვე იყო ოპერატიული კონტროლის ქვეშ. ჩხრეკაც კი ჩატარებულა და ისევ იმ ბინაში სახლდება, ეს უკვე პრობლემას წარმოადგენს. თუ ეს ვერსია, რასაც ხელისუფლება ავრცელებს მართალია, ეს ყველაფერი წარმოუდგენილი იყო ადგილობრივი მოკავშირის გარეშე. იმიტომ, რომ შეირაღების მომზადება და მისი დამალვა, დაკავშირებულია ადამიანთან, რომელმაც კარგად იცის ადგილობრივი რელიეფი და პირობები. ჯერჯერობით ქართული სპეცსამსახურები არ ასახელებენ და არც კი გაჟღერებულა მინიშნება იმის შესახებ, რომ ჩატაევს საქართველოში ჰყავდა ვინმე მეკავშირე. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა“, - აცხადებს ალეკო კვახაძე.

როგორც კვახაძე აცხადებს, მოვლენების სურათი ცხადყოფს, რომ ჩატაევს და მის ჯგუფს ჰყავდა დასაყრდენი ძალა საქართველოში.

„დასაყრდენი რომ ჰყავდა, ეს დადასტურებული ფაქტია. თუმცა, ვინ იყვნენ ესენი -ადგილობრივები, ჩრიდოლო კავკასიელები, თუ სპეცსამსახურიდან, ჯერჯერობით ვერ გეტყვით. მე უბრალოდ წარმოუდგენლად მიმაჩნია ასეთი მასშტაბით ძებნილის იმ ტერიტორიაზე შემოსვლა, სადაც რაიმე გარანტია არ ჰქონდა. ამიტომაც ვვარაუდობ, რომ რაღაცა სახის დასაყრდენი მას აუცილებლად ჰყავდა.

თუ ეს ადგილობრივი ISIS-ის მომხრეებია, რა თქმა უნდა, საშიშია. მაგრამ თუ ეს არის სპეცსამსახურებში არსებული ჯგუფი, ორმაგად საშიშია. იმიტომ, რომ აქ უკვე იკვეთება, კორუფციული დეტალი. იგივე ფაქტორი, რაც იყო 90-იან წლებში, როდესაც კორუმპირებულ ქართველ ძალოვანებს თანხის სანაცვლოდ შემოჰყავდათ ჩრდილოკავკასიელები, არაბები და სხვა მებროლები. მათ აქციეს უკონტროლო ტერიტორიად პანკისის ხეობა. ამიტომაც ორივე შემთხვევაში არის ძალიან საშიში“, - აღნიშნა ალეკო კვახაძემ.

ნანახია - 1567

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80