„რა თქმა უნდა, ჩვენ მოზრდილებს გვმართებს აგრესიული ფონის მოხსნა, რომელიც საზოგადოებაშია“
პოლიტიკა

„რა თქმა უნდა, ჩვენ მოზრდილებს გვმართებს აგრესიული ფონის მოხსნა, რომელიც საზოგადოებაშია“

„რა თქმა უნდა, ჩვენ მოზრდილებს გვმართებს აგრესიული ფონის მოხსნა, რომელიც საზოგადოებაშია“
მარიამ თოდაძე

0000-00-00 00:00:00

ფაქტს, რომელიც მთელი საქართველოსთვის ტრაგედიად იქცა, ხელისუფლება კიდევ ერთხელ ეხმაურება - „მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით არასრულწლოვანთა დანაშაულის და ამ დანაშაულისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულების კუთხით, მაგრამ, ვფიქრობ, რომ შედეგები, რომლებიც დღეს გვაქვს, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ რაღაც გამოგვრჩა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უმოკლეს დროში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად ზომები უნდა მიიღოს, თუმცა საჭიროა მუშაობა კანონმდებლობის კუთხითაც.

„უმოკლეს პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად უნდა მივიღოთ ზომები რა არის გასაკეთებელი, რომ მოკლე პერიოდში ჩვენ მეტი დაცულობა უზრუნველვყოთ, მაგრამ ამასთან ერთად, ალბათ, საჭიროა მუშაობა კანონმდებლობის კუთხითაც, მინდა რომ იუსტიციის მინისტრი ჩაერთოს“.

პრემიერმა მინისტრებს სთხოვა, დროის მაქსიმალურად მოკლე მონაკვეთში, პირველ რიგში, პრევენციული ზომები მივიღოთ ყველა საგანამანათლებლო დაწესებულებაში, მაგრამ უფრო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ფონი მოიხსნას.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მოზრდილებს გვმართებს პირველ რიგში, ალბათ, იმ აგრესიული ფონის მოხსნა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაშია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საჭიროა ახალგაზრდებთან საუბარი, რომ მომხდართან დაკავშირებით სწორი ანალიზი გაკეთდეს.

„უფრო სიღრმისეულად შევხედოთ მიზეზებს, თუ რატომ ხდება ასეთი უბედურება ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ტრაგედიის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ბევრ მიზეზზე ვილაპარაკოთ. მე იმ გამოხმაურებების ქარიშხალს, რაც იყო, მთლიანად გავეცანი, მაგრამ ერთი რამ ცხადია, სახელმწიფომ და მთლიანად საზოგადოებამ უნდა ისაუბროს ახალგაზრდებთან. ჩვენ უნდა გავიგოთ მათი დამოკიდებულება, გავიგოთ მათი აზრი, როგორ უყურებენ ისინი ამ პრობლემას, რას ფიქრობენ, არა მხოლოდ იმაზე, რომ ასეთი ძალადობა არ მოხდეს, არამედ მთლიანად იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას, ჩვენი ოჯახების წინაშე დგას. ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ ახალგაზრდებთან საუბრით შეიძლება გავაკეთოთ დასკვნები და დავსახოთ სამომავლო სტრატეგიები“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა სთხოვა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მაქსიმალურად მოკლე პერიოდში გაააქტიურონ საუბარი ახალგაზრდებთან.

„გამოვიტანოთ სწორი დასკვნები და რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა ზომა, მათ შორის სამართალდამცავების კუთხით, რომ ასეთი ტრაგედია არ განმეორდეს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ მხოლოდ თბილისში, ხორავას ქუჩაზე 2 მოსწავლის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრა და წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში მომხდარი ტრაგედია არ უხსენებია.

საინტერესოა, როგორ ხედავს თავად განათლების სამინისტრო ახალგაზრდებთან დიალოგის შესაძლებლობას. როგორც მიხეილ ჩხენკელი აღნიშნავს შეხვედრები იქნება ახალგაზრდებთან სკოლებში და სკოლების გარეთ, რომ მოისმენენ მათ აზრს, თუ როგორ ხედავენ ისინი თავიანთ როლს ამ პრობლემის აღმოფხვრაში. მისივე განცხადებით, შეხვედრები არა მარტო სკოლებში, არამედ, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთანაც გაიმართება.

„ახალგაზრდებთან დიალოგის ფორმები არის მრავალი - შეხვედრები სკოლებში და სკოლების გარეთ. მოვისმენთ არა მხოლოდ მოსწავლეების აზრს, არამედ საერთოდ, ახალგაზრდების აზრს, გვექნება შეხვედრები უმაღლეს სასწავლებლებში, უნივერსიტეტებში. სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდებიან ახალგაზრდებს, ასევე სკოლებშიც მოხდება ამ ინფორმაციის შეგროვება. მთავარია მოვისმინოთ ყველას აზრი. შეხვედრების ორგანიზებას, რა თქმა უნდა, მოვახდენთ“, - განაცხადა ჩხენკელმა.

გარდა ამისა, სკოლებში იქნებიან პროფესიონალი ფსიქოლოგები, - როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, პროცესში პროფესიონალ ფსიქოლოგებთან ერთად ფსიქოლოგიის მიმართულების მაგისტრანტები და დოქტორანტები ჩაერთვებიან.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გასატარებელ პრევენციულ ღონისძიებებს, მინისტრი თვლის, რომ მთავარი ამოცანაა, მანდატურების სამსახური იყოს მაქსიმალურად ეფექტური.

„ყველა სკოლასთან პატრულის ეკიპაჟების პატრულირება, რა თქმა უნდა, დიდ რესურსს წაიღებს, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ თემებზე, როდესაც არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ რესურსის თვლა დავიწყოთ. რა თქმა უნდა, ეს არის დროებითი. ჩვენი ძირითადი ამოცანა დღეს გახლავთ მანდატურების სამსახურების ეფექტურობის ზრდა. ეს გახლავთ ამოსავალი წერტილი“, - აცხადებს გიორგი გახარია.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამისთვის შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი და მონაწილეობს როგორც განათლების სამინისტრო, ასევე გენერალური პროკურატურა, იუსტიციის სამინისტროც.

„სამწუხაროდ, რაღაც მომენტში მოხდა მანდატურების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ბმის გაწყვეტა, სამწუხაროდ, იერარქიული სტრუქტურა ცოტა შეცვლილი იყო, რამაც, როგორც ჩანს, ხარისხზე იმოქმედა, ამიტომ, სასწრაფოდ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც გაზრდის მანდატურის სამსახრურის ეფექტიანობას.

იქამდე, ვიდრე ეს არ მოხდება, საპატრულო პოლიცია იქნება მაქსიმალურად მობილიზებული და ყველა რესურსს მოახმარს იმას, რომ უსაფრთხოების ზომები სკოლებში იყოს დაცული“,- აცხადებს შს მინისტრი.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, სანამ ეს სამწუხარო და ტრაგიკული ფაქტი მოხდებოდა, დაახლოებით, ორი კვირით ადრე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება და რამდენიმე ეკიპაჟი, რამდენიმე სკოლასთან უკვე პატრულირებდა დილის საათებში, მძიმე „ტრაფიკის“ დარეგულირების მიზნით და მშობლების და ბავშვების დასახმარებლად.

„ეს იყო მაშინ ჩვენი ამოცანა. სამწუხაროდ, მოხდა შემდგომ, რაც მოხდა“, - აცხადებს მინისტრი.

გახარიას თქმით, ამ თემას სამინისტრო სერიოზულად უდგება და მაქსიმალურად სწრაფად ეცდება, მიღებულმა გადაწყვეტილებებმა გაზარდოს მანდატურების სამსახურების ეფექტურობა.

„გვესმის ხმა, როდესაც ჩვენი მოქალაქეეები ამბობენ, რომ არ არის პოლიციის ადგილი სკოლაში და ჩვენც ამას ვეთანხმებით - პოლიციის ადგილი სკოლაში არის მაშინ, როდესაც ხდება სამართალდარღვევა, რომლის პრევენციაზეც პოლიციამ უნდა იმუშაოს. სკოლაში უნდა იყოს მანდატურის სამსახური, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს ძალიან კარგი სამუშაო კომუნიკაცია აწყობილი შესაბამის უწყებებთან შს სამინისტროში. საუბარია მთელი ქვეყნის მანდატურების სისტემაზე... ამ ბმას აღვადგენთ, თუმცა, ვსაუბრობთ ბმაზე საპატრულო პოლიციასთან და არა კრიმინალურ პოლიციასთან “, - განაცხადა გახარიამ. 

ნანახია - 189

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80