„უცხოეთში არცერთი ქვეყნის ეროვნული ბანკი მევახშის დონეზე არ ჩამოდის“ - დავით წიქარიძე არასაბანკო საფინანსო სექტორის რეგულირებაზე
დაიჯესტი

„უცხოეთში არცერთი ქვეყნის ეროვნული ბანკი მევახშის დონეზე არ ჩამოდის“ - დავით წიქარიძე არასაბანკო საფინანსო სექტორის რეგულირებაზე

„უცხოეთში არცერთი ქვეყნის ეროვნული ბანკი მევახშის დონეზე არ ჩამოდის“ - დავით წიქარიძე არასაბანკო საფინანსო სექტორის რეგულირებაზე
ლიკა გურაბანიძე "commersant.ge"

2017-12-09 12:33:39

„კარგია, რომ ეროვნულ ბანკს არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციების რეგულირება სურს, თუმცა მეორე საკითხია, როგორ აპირებს ამის განხორციელებას“, - ასე ეხმაურება „კომერსანტთან“ საუბრისას ფინანსისტი დავით წიქარიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებას არასაბანკო საფინანსო სექტორის რეგულირებასთან დაკავშირებით.

„არასაბანკო სექტორთან დაკავშირებით, ჩვენი მიდგომა არის ის, რომ უნდა დაიწყოს ამ სექტორის რეგულირება, რადგან იქ არის იმის საფუძველი, რომ შეიქმნას საკმაოდ დიდი მოწყვლადობა, აქედან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა მიდგომები, თუ როგორ უნდა მოევლოს ამას. ეს პაკეტი პარლამენტშია წარმოდგენილი. ჩვენ გვაქვს განსაზღვრული ისე, რომ არასაბანკო საფინანსო სექტორის რეგულირება დავიწყოთ თავიდან რბილად. ვფიქრობ ეს შეამცირებს იმ მოწყვლადობას, რომელიც ამ სექტორში დღესდღეობით არსებობს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ფინანსისტი დავით წიქარიძე მიიჩნევს, რომ ყველა სფეროს დარეგულირება რთული პროცესი იქნება.

„აუცილებლად დასარეგულირებელია საბირჟო-სავაჭრო ორგანიზაციები, რომლებიც ბოლო დროს ასე მომრავლდა. ამ სფეროში სავალალო სიტუაციაა და აღნიშნულ საკითხზე ჯერ კიდევ 5 წლის წინ ეროვნულ ბანკს წერილითაც კი მივმართე.

საერთოდ, კარგია, რომ ეროვნულ ბანკს არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციების რეგულირება სურს, თუმცა მეორე საკითხია როგორ აპირებს ამის განხორციელებას. რამდენად მოხდება ყველა სფეროს დარეგულირება ეს სხვა საქმეა. მაგალითად, კერძო იპოთეკარებს ეროვნული ბანკი ვერ დაარეგულირებს“, - განაცხადა დავით წიქარიძემ.

„კომერსანტთან“ საუბრისას ექსპერტი უცხოეთის ქვეყნების მაგალითსაც განიხილავს და აცხადებს, რომ ფინანსურ ორგანიზაციებზე რეგულირებას იქ არა ცენტრალური ბანკი, არამედ სამინისტროები ახორციელებენ.

„როგორც დასავლურ ქვეყნებში, ჩვენთანაც კანონი უნდა არსებობდეს, რომ არასაბანკო დაწესებულებები რეგულაციების ქვეშ იყვნენ. ამის კონტროლი ფინანსთა სამინისტროს, საგადასახადო სამსახურს, ან შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური ზედამხედველობის განყოფილებას უნდა დაევალოს. ასე ხდება სხვა განვითარებულ ქვეყნებში უცხოეთში არცერთი ქვეყნის ეროვნული ბანკი მევახშის დონეზე არ ჩამოდის“, - აღნიშნა წიქარიძემ.

 

ნანახია - 440

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80