„გუნავა, ნაცვლად იმისა, რომ ომში წასულიყო, მუხურის ტყეში დაიმალა“
პოლიტიკა

„გუნავა, ნაცვლად იმისა, რომ ომში წასულიყო, მუხურის ტყეში დაიმალა“

„გუნავა, ნაცვლად იმისა, რომ ომში წასულიყო, მუხურის ტყეში დაიმალა“
თამთა ქარჩავა

2017-12-25 11:49:47

ძირითადი გამოწვევები, რომელსაც დღეს კრიმინალური პოლიცია, როგორც შს სამინისტროს საკვანძო ელემენტი, ებრძვის, არის ორგანიზებული დანაშაული, ნარკოდანაშაული და კიბერდანაშაული - ეს განცხადება გიორგი გახარიამ პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, თენგიზ გუნავას განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

დეპუტატმა შს მინისტრთან შეხვედრაზე კრიმინალური ავტორიტეტების გავლენებსა და ე.წ. მაყურებლების ინსტიტუტზე ისაუბრა.

თენგიზგუნავა: „ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომ თანამდებობაზე დაინიშნა კრიმინალური ავტორიტეტის მიერ დარეკილი ზარებით და გადაცემული ინფორმაციით, დღესაც ჰყავს ზუგდიდს მაყურებელი, მე არაერთგზის მისაუბრია ამაზე...“

გიორგი გახარია: „აი, ძაან მაინტერესებს ზუგდიდს მაყურებელი ჰყავსო და ვინ უყურებს ამ ზუგდიდს?“

თენგიზ გუნავა: „ხვიჩა ცხაკაია“.

გიორგი გახარია: „დიდი მადლობა…“

რაც შეეხება ხვიჩა ცხაკიას, ის ყოფილმა ხელისუფლებამ ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ცხაკაიას დაკავებას წინ უძღოდა კონფლიქტი მასსა და სამეგრელოს სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილეს, მეგის ქარდავას შორის. როგორც ცხაკაია ამბობს, მისი დაკავებისას თენგიზ გუნავა სამხარეო პოლიციის უფროსი იყო. for.ge-სთან საუბრისას ცხაკაია ამბობს, რომ გუნავას ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, ბოლო წელიწადნახევარია, ზუგდიდში არ იმყოფება.

for.ge ხვიჩა ცხაკაიას ესაუბრა.

თენგიზ გუნავას ბრალდებას თუ გავითვალისწინებთ, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც დღეს ზუგდიდს უყურებს, ანუ მაყურებელის სტატუსიგაქვთ.  ადასტურებთ ამ ბრალდებას? თქვენ უყურებთ ზუგდიდს?

ხვიჩა ცხაკაია: ახლა მანქანით მივდივარ ზუგდიში. მანქანაში ჩემს პატარა შვილიშვილს ძინავს, რომ არ გამიცივდეს, მას ნამდვილად ვუყურებ. 56 წლის კაცი ვარ, რა მაყურებელი და რისი მაყურებელი?! გუნავას ტვინი არასოდეს არ ჰქონია. ეს კაცი იყო ვაგზლის მილიციონერი, კაცი, რომელიც 20 ლარის გამო ქალებს უძვრებოდა ჩანთაში, ეს იყო თენგიზ გუნავა. მოგეხსენებათ, რა ხდებოდა იმ პერიოდში საქართველოში. გუნავას პერიოდში იმდენი ადამიანი დააკავეს სამეგრელოში, რაც არასოდეს არ ყოფილა. ყველა დამნაშვე იყო?! როგორ შეიძლება ასე?!

თქვენი გვარი ნახსენები იყო ადგილობრივი არჩევნების დროსაც, თითქოს თქვენ კურირებდით სამეგრელოში არჩევნებს. ესეც არასწორი ინფირმაციაა?

- მე, როგორც მოქალაქეს, რომელიც უკანონოდ ვიყავი დაკავებული წინა რეჟიმის დროს, არ შემეძლო გვერდზე დავმდგარიყავი და ისევ ნაციონალები მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. უბრალოდ, ჩემი თავი შემზიზღდებოდა. ხვალ და ზეგ საჭირო რომ გახდეს, ისევ ამოვუდგები გვერდში ხელისუფლებას. გამაგებინეთ, მაიმუნებს და მოძალადეებს რატომ უნდა ამოვუდგე გვერდში?!

ნაციონალები არიან მაიმუნები. თენგიზ გუნავამ 14 წელი მომისაჯა. ამას შეეწირა დედაჩემი. დედა გარდამეცვალა გუნავას უკანონო ქმედების გამო! მეუღლეს ნერვიულობის ნიადაგზე სიმსინე დაემართა, ეს ყველაფერი ამათ დამმართეს. იმდენად უნამუსო კაცია, რომ ბედავს და ისევ მემახსენებს. რამე დავუშავე? ვიცნობდი? ვიცი, ვინ არის? ნაცვლად იმისა, რომ 2008 წელს იარაღი აეღო და ომში წასულიყო, მუხურის ტყეში დაიმალა. ახლავე შემიძლია მოვიყვანო ოჯახები, რომელიც მათ დააქციეს. გუნავამ ერთ ადამიანს მაინც ათქმევინოს ვინმესთვის ცუდი თუ მაქვს გაკეთებული. კარგის მეტი არაფერი გამიკეთებია. ესენი არიან უსისხლო ადამიანები.

თქვენ რა ბრალდებით დაგაკავეს?

- თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ჩემთვის წამალი არ ჩაუდიათ, წამალი დაკავების შემდეგ გამიფორმეს. გამომძიებელი მოვიდა, შემოიტანა თეთრი თაბახის ქაღალდი და გააფორმა, თითქოს მქონდა მეტადონი და ჰეროინი. ამიტომ საერთო ჯამში მომისაჯეს 14 წელი. საქართველოში არ ვცხოვრობდი, მოსკოვში ვცხოვრობდი. მოხდა ისე, რომ დედაჩემის სანახავად ჩამოვედი და რას ველოდი, რომ დამაკავებდნენ.

მეუღლის სახლში ვიყავი, იქვე მეზობლად ცხოვრობს მეგის ქარდავა, მეოთხე სახლია. მეუღლის სახლში ვიყავით, რა დროსაც გავიგეთ, რომ ჩემი ახლობლის დის შვილსს, 17 წლის ბავშვს ამ ნაძირლებმა პირდაპირი მინიშვნელობით, პირში წამალი ჩააფურთხეს, რასაც მოჰყვა დაპირისპირება. მე ვიცნობდი ქარდავას მამას, ბიძას და თითქმის ყველას, ამიტომ ვუთხარი ამ მეგის ქარდავას, რას აკეთებ, 17 წლის ბავშვს რასუკეთებ-თქო. ამ საუბრიდან ზუსტად ერთ კვირაში დამიჭირეს. მაშინ სამხარეოს უფროსი იყო თენგიზ გუნავა. ამ ჩემს პატიმრობას გადაჰყვა დედაჩემი. გუნავამ ჩაიყვანა დედაჩემი მიწაში.

დღეს რატომ აკავშირებენ თქვენს სახელს მაყურებლის სტატუსთან, რა ურთიერთობა გაქვთ კრიმინალურ სამყაროსთან?

- რაც ეს ამბავი მოხდა, საქართველოდან არ წავსულვარ. წელიწადნახევარია, საერთოდ არ ვყოფილვარ ზუგდიდში. ჩემი ბიზნესი მაქვს და ვცდილობ ცხოვრების აწყობას. ბათუმში ვარ, არ ვარ ზუგდიდში. მაგრამ ეს ვირთხა მაინც მახსენებს, არ ვიცი რა უნდა. ვფიქრობ, რომ შეგნებულად აკეთებს, რომ ერთ დღესაც არ მოვითმინო და მიიღოს საპასუხო რეაქცია. არ შეიძლება ასე დაუსაბუთებლად ბრალი დასდო ადამიანს.

გასაგებია, მაგრამ რატომ გაკავშირებენკ რიმინალურ სამყაროსთან?

- არავინ არ მაკავშირებს გუნავას გარდა. ნახევარმა ზუგდიდმა დამირეკა, ბაბუ, კარგად უყურე, მიწა არ გაგვიცივდესო. სახუმაროდ გაიხადა თავი. მალე 60 წლის გავხდები, რა მაყურებელი, რის მაყურებელი! სირცხვილია მისი განცხადება.

გამორიცხავთ, რომ გუნავას განცხადების საფუძველზე თქვენს წინააღმდეგ დაიწყოს სამართლებრივი ღონისძიება?

- თუ გუნავას დაუჯერებენ, კი ბატონო, დაუჯერონ. არავის არაფერს არ ვთხოვ, იმიტომ, რომ არაფერს არ ვაშავებ და არც გაქცევას ვაპირებ, აგერ ვარ.

ამბობთ, რომ არ ხართ მაყურებელი, მაგრამ ცილისწამებაზე აპირებთ მიმართოთ სასამართლოს?

- არა, სასამართლოს მე არ მივმართავ. გუნავას გამო სასამართლოში როგორ უნდა წავიდე, ადამიანზე, რომელმაც ნახევარი საქართველო გაამწარა, დედებს შავები ჩააცვა, მამაკაცები გააუპატიურა! თვითონ იყო სამხარეოს უფროსი, მარტო მეგის ქარდავა აკეთებდა და ეს ვინ იყო მაშინ, ფანჯრიდან უყურებდა? პატარა ბავშვებით აავსეს ციხე და არ ახსოვს ეს გუნავას არა? კომუნისტების დროს, 5-მილიონიან საქართველოში 2-3 ქალტაბონის მეტი ზუგდიდის ციხეში არასოდეს არ ყოფილა. ნაციონალების დროს 40 ქალბატონი ჰყავდათ ზუგდიდის ციხეში - ექიმები, მასწავლებლები, ეკონომისტები... ქალბატონები, რომლებიც მთელი ცხოვრება ქვეყანას ემსახურებოდნენ, ციხეში ჩაყარეს. ეს არის კარგი კაცი?! დეპუტატია და ტაში უნდა დავუკრათ?

 

ნანახია - 7875

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80