„ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩატაევი ტერორისტული ქსელის შექმნას გეგმავდა“

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

პოლიტიკა

„ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩატაევი ტერორისტული ქსელის შექმნას გეგმავდა“

„ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩატაევი ტერორისტული ქსელის შექმნას გეგმავდა“
მარიამ თოდაძე

2017-12-26 15:00:55

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ხმაურიანი სპეცოპერაციიდან ერთი თვის თავზე გამოძიებამ დაადგინა, რომ ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები საქართველოსა და თურქეთში დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმას გეგმავდნენ. სუს-ის ინფორმაციით, კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებისა და 21-22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, აღნიშნული ტერორისტული აქტები დაგეგმარების პროცესში იქნა აღკვეთილი.

რაც შეეხება, პანკისის ხეობაში დღევანდელი სპეცოპერაციისას დაკავებულ პირებს, ისინი ახმედ ჩატაევის საქართველოში უკანონოდ შემოყვანაში არიან ეჭვმიტანილნი. სუს-ის ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დღეს ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირები ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან არიან დაკავშირებული და მათ ხელშემწყობ პირებს წარმოადგენენ.  

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა განაცხადა, დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმის მომზადების შესახებ ჩატაევის კომპიუტერიდან და სხვა ტექნიკური მოწყობილობებიდან ამოღებული ჩანაწერებიდან გახდა ცნობილი.

„ჩანაწერების მიხედვით, ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში. მათ მიზანს დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები წარმოადგენდა - აღნიშნული ტერორისტული აქტები დაგეგმარების პროცესში იქნა აღკვეთილი“, - განაცხადა გიორგობიანმა.

დადგენილია სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული და დაკავებულის ვინაობაც, გიორგობიანის ინფორმაციით, ამერიკელ კოლეგებთან ჩატარებული ერთობლივი მოქმედებებით სამალავიდან ამოღებულია ავტომატის მჭიდები, ტყვიები, ზურგჩანთები, რუკები, რაციები და სხვა მტკიცებულებები.

„საერთაშორისო პარტნირების ჩართულობით, დადგენილია სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის ვინაობა. იგი რუსეთის მოქალაქე შუიაფ ბორზიევია, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ იძებნება. ასევე ოპერატიულად დადგენილია სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირების ვინაობა. ესენი არიან რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი, რომელიც სხვადასხვა ყალბი პასპორტებით საქართველოში 2010- 2012 წლებში იმყოფებოდა და ასტანგებ სოლტახმადოვი“,- განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

ინტერპოლის მონაცემებით, შოაიფ ბორზიევი, რომელიც თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დააკავეს, 23 წლისაა, იგი ჩეჩნეთში, სოფელ ახკინჩუ-ბორზოიში 1994 წლის 27 ივლისს დაიბადა და რუსეთის ხელისუფლების მიერ უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებაში მონაწილეობისთვის იძებნებოდა.

რაც შეეხება პანკისის დღევანდელ სპეცოპერაციას, ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირებმა უზრუნველყვეს ახმედ ჩატაევის და მისი თანამზრახველების ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, მათი დროებითი საცხოვრებელი მისამართიდან საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე, ხოლო შემდეგ დაეხმარნენ ამავე მონაკვეთით საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში.

„დაკავებულმა პირებმა ასევე უზრუნველყვეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების თბილისამდე ჩამოყვანა, დახმარება გაუწიეს ბინის ქირაობასა და იარაღის მოძიებაში“, - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

ცნობილი გახდა, რომ პანკისის სპეცოპერაციისას, დაკავებულმა, თემირლან მაჩალიკაშვილმა სცადა წინააღმდეგობა გაეწია პოლიციისთვის.

„თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცველებისათვის. კერძოდ, უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც გამოყენებულ იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება. იგი ამჟამად ჰოსპიტალიზებულია“, - განაცხადა გიორგობიანმა.

სუს-ის განცხადების მიხედვით, ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 5 პირია დაკავებული.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, დღეს დილით თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, დუისსა და ომალოში დაკავებულ იქნა საქართველოს 5 მოქალაქე: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი...

სპეცოპერაციის დროს დაკავებული და გარდაცვლილი პირების მობილური ტელეფონებიდან ამოღებული მასალების შესწავლის შედეგად, დადგენილია იარაღის სამალავის კონკრეტული ადგილი. ამერიკელ კოლეგებთან ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად, აღნიშნული სამალავიდან ამოღებულია ავტომატის მჭიდები, ტყვიები, ზურგჩანთები, რუქები, დურბინდები, რაციები და სხვადასხვა მტკიცებულებები“,- ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

სუს-ის ინფორმაციით, დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

„გამოძიება 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. რაც ტერორიზმის დაფინანსებას , ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17 დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

დაკავებულთა ოჯახის წევრები ტერორიზმთან კავშირს უარყოფენ - პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ის ახმედ ჩატაევთან კავშირში არ იყო და მათ სახლში იარაღი არ ჰქონდათ.

„მძინარე იყო და წინააღმდეგობა არ გაუწევია. იმ ლოგინშივე არის ნასროლი. მძინარეს რომ კარს შეუმტვრევდნენ და შეუვარდებიან, შეეშინდებოდა, აბა რას გაუწევდა წინააღმდეგობას, სულ ტიტველი ჩამოიყვანეს ნასროლი“-აცხადებს მაჩალიკაშვილის ბებია.

ცნობილია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. მისი დედის, მედეა მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, მის შვილს ორი ტყვია - თავის და მხარის არეში აქვს მოხვედრილი და მისი მდგომარება მძიმეა.

სუს-ის მიერ დღეს ჩატარებული სპეცოპერაციისას თბილისში დაკავებული ხიზირ მარგოშვილის მეუღლის განცხადებით, მათი სახლი სამართალდამცავებმა წუხელ გაჩხრიკეს.

„ხიზირი 5-6 დღეა, რაც თბილისში წავიდა თავის საქმეზე. ყველაფერი გაჩხრიკეს, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. საბოლოოდ, ბავშვის ლეპტოპი და ტელეფონები წაიღეს. თვითონვე უკვირდათ, იარაღს ვეძებდით და ვერაფერი ვნახეთო“,- განაცხადა ხიზირ მარგოშვილის მეუღლემ.

ექსპერტი,მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ სუს-ის მიერ დასახელებული ვერსია სარწმუნოა და  იგი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ვარაუდობდა, რომ ჩატაევის და მისი ჯგუფის გეგმებში შესაძლოა, საქართველოში დიპლომატიურ კორპუსებზე თავდასხმა შედიოდა.

როგორც არეშიძე ამბობს, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ კახეთში მცხოვრები აზერბაიჯანელები ხალხს განუმარტავდნენ ჩატაევის გეგმებს დიპლომატებზე თავდასხმის შესახებ და ამბობდნენ, რომ ის ქრისტიანებს შეეკრა და მუსლიმანისთვის მიუღებელი გეგმები ჰქონდა; სწორედ ამიტომ, მის სიკვდილს შაჰიდის სიკვდილად არ აღიქვამენ.

„ვერსია, რომელსაც სუს-ი აქვეყნებს, ჩემთვის ნამდვილად სარწმუნოა. ძალიან ბევრი რამ ერთმანეთს ემთხვევა. არ მგონია, რომ მხოლოდ პანკისში იყოს  პრობლემა. რაც გამოსააშკარავებელი იყო, გამოაშკარავდა. არ არის გამორიცხული, რომ ასეთი ტიპის ოპერაციები საქართველოს  სხვა კუთხეებშიც მოხდეს“,- თვლის ექსპერტი.

როგორც მამუკა არეშიძე ვარაუდობს, ჩატაევმა საქართველოში ტერორისტული ქსელის გაკეთება ვერ მოასწრო, თუმცა ბაზის შექმნა დაწყებული ჰქონდა. მისივე ინფორმაციით, არსებობს დაკონსერვებული ჯგუფები, რომელთა წინააღმდეგაც გარკევული ნაბიჯები  უკვე გადაიდგა, ამიტომ ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ მსგავსი სპეცოპერაცია კვლავაც ჩატარდეს.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩატაევი აპირებდა გარკვეული ქსელის შექმნას, ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ ამ ქსელში და ასაკიც არ უნდა ჰქონოდათ, მათი მოვალეობა იყო დავალების შესრულება. ამ ქსელის შექმნას ბოლომდე ვერ მოასწრებდა, მაგრამ მონახაზი, კონტურები შეიძლება იყოს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, აჭარაში, გურიაში და ა.შ“,- აცხადებს არეშიძე.

მისივე შეფასებით, ტერორიზმის საფრთხე არსებობს საქართველოში, მაგრამ არა იმ დონის, როგორიც შეიძლება იყოს ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში.

„მითუმეტეს, რომ ამ ქსელის შექმნის მცდელობა ჩანასახშივე აღიკვეთა“,- აცხადებს არეშიძე.

 

ნანახია - 5873

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80