მოსახლეობა კომუნალურ კომპანიებს სულ უფრო ხშირად უჩივის

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

ეკონომიკა

მოსახლეობა კომუნალურ კომპანიებს სულ უფრო ხშირად უჩივის

მოსახლეობა კომუნალურ კომპანიებს სულ უფრო ხშირად უჩივის
ბექა დანელია

2017-12-27 21:00:56

ენერგოომბუდსმენის აპარატში მიმართვიანობის მაჩვენებელი კოლოსალურად მატულობს. 2013 წლის მონაცემებთან შედარებით, ის დაახლოებით 6-ჯერ გაიზარდა. აბონენტები უფრო მეტად წყალმომარაგების საკითხებზე ჩივიან, მაგრამ არც გაზისა და ელექტროენერგიის სექტორშია უკეთესი ვითარება. სპეციალისტების აზრით, ხელისუფლება მოსახლეობის ნაცვლად, მსხვილი ბიზნესკომპანიების ინტერესებს იცავს.

სულ 2017 წლის განმავლობაში ენერგოომბუდსმენის აპარატში დარეგისტრირდა 4333 განცხადება: წყალმომარაგება - 1718, ელექტროენერგეტიკა - 1273, ბუნებრივი აირი - 1342 განცხადება.

„წყალმომარაგების სექტორი საჩივრების რაოდენობის მიხედვით 2017 წელსაც ლიდერობდა. ისევე როგორც ელექტროენერგეტიკაში, ძირითად პრობლემად რჩება გასულ წლებში დაგროვებული დავალიანება, რომელზეც სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ვრცელდება მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. თბილისის მასშტაბით მრავალი საჩივარი დაფიქსირდა კომპანიის არასათანადო მომსახურებაზე, რაც გამოწვეული იყო მთელი წლის განმავლობაში მომსახურების ხშირი შეწყვეტით. საჩივრები აგრეთვე დაკავშირებული იყო რებიაბილიტაციის პროცესების გაჭიანურებასთან. რეგიონებში აქტიურად მოითხოვენ წყალმომარაგების ქსელის განვითარებას და მიწოდების სიხშირის გაზრდას.

ბუნებებრივი აირის სექტორი 2017 წელს მეორე ადგილზეა. 2016 წელთან შედარებით იმატა გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მსურველთა განცხადებებმა, რომლებიც ვადების დარღვევაზე მიუთითებდნენ. გაზის სექტორში მრავალად დაფიქსირდა ხანდაზმული დავალიანებების პრობლემაც.

ელექტროენერგეტიკის სექტორში კვლავაც აქტუალურია სამი და მეტი წლის წინ კომპანიის მიმართ წარმოქმნილი ვალები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ასახული იყო მომხმარებელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე. რეგიონში აქტუალურია მოძველებული ინფრასტრუქტურის გამოცვლის საკითხი“, - განმარტავენ ენერგოომბუდსმენის აპარატში.

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი ამბობს, რომ წლის განმავლობაში ძალიან ბევრი შეტყობინება მიიღო მისმა აპარატმა. 2017 წლის ყველაზე გავრცელებული დარღვევა მოსახლეობის დიდი ხნით უწყლოდ დატოვებაა. განსაკუთრებით ზაფხულში, როცა აბონენტები 48 საათითაც კი იყვნენ უწყლოდ გაუსაძლის სიცხეში.

„ყოველ დარღვევაზე ან გადაცდომაზე დაჯარიმება არ ხდება და სემეკმა მიიჩნია, რომ ხშირ შემთხვევაში კომპანიების გაფრთხილება იყო მართლზომიერი. ჩვენი პოზიციაა, რომ წყალი არ უნდა წყდებოდეს ძალიან დიდი ხნით. ვიმედოვნებ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ნაკლებად მოხდება მომხმარებლის უწყლოდ დატოვება და ამას ახალი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს“, - აცხადებს ვარდიაშვილი.

სემეკში შეტყობინებები შედის სხვა კომპანიების მიმართაც. მაგალითად, მოსახლეობას ზამთრის პერიოდში, ძირითადად, გაზის დაბალი წნევა აწუხებს.

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, უფლებდამცველი ლაშა ჩხარტიშვილი სახელმწიფოს მხრიდან მსხვილი ბიზნესის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებაზე საუბრობს. მისი თქმით, ხელისუფლება უნდა იცავდეს მოსახლეობის ინტერესებს, ჩვენთან კი პირიქითაა.

„ზოგადად, სახელმწიფო მსხვილი კომპანიების მიმართ ზედმეტად ლოიალურია. სწორედ იმიტომ არ უმჯობესდება მდგომარეობა კომუნალური მომსახურების სფეროში, რომ სახელმწიფო არ არის ადეკვატური დამრღვევის მიმართ. ხელისუფლება უნდა იცავდეს მოსახლეობის და არა მსხვილი ბიზნესკომპანიების ინტერესებს“, - აცხადებს ჩხარტიშვილი.

ნანახია - 379

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80