საახალწლო „საჩუქარი“ ელექტროენერგიის მომხმარებლებს

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

ეკონომიკა

საახალწლო „საჩუქარი“ ელექტროენერგიის მომხმარებლებს

საახალწლო „საჩუქარი“ ელექტროენერგიის მომხმარებლებს
მარიამ თოდაძე

2017-12-28 20:00:30

სემეკმა და „თელასმა“ მომხმარებელს საახალწლო „საჩუქარი“ გაუკეთეს - 2018 წლის 1-ლი იანვრიდან დედაქალაქში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 1,5 თეთრით იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისში, მომხმარებელს ელექტროენერგიის გადასახადი თვეში საშუალოდ , 2,4-დან 5 ლარამდე გაეზრდება.

სემეკის გადაწყვეტილებით, „თელასის მომხმარებლებისთვის, რომლებიც 101 კილოვატ საათის ჩათვლით ელექტროენერგიას მოიხმარენ, დღგ-ს ჩათვლით 12,980 თეთრიდან 15,635 თეთრამდე გაიზრდება ტარიფი. აბონენტებისთვის, რომლებიც 101-დან 301 კილოვატ საათის ჩათვლით ელექტროენერგიას მოიხმარენ - 16,992 თეთრიდან გადასახადი 18,555 თეთრამდე იზრდება, ხოლო აბონენტებს, რომლებიც 301 კილოვატ საათიდან ზემოთ ელექტროენერგიას მოიხმარენ - 21,476 თეთრიდან 23,039 თეთრამდე.

საშუალოდ თბილისში ოჯახები ძირითადად მოიხმარენ 101-დან 301 კილოვატ საათამდე ელექტროენერგიას - ანუ, თუ 150 კილოვატ საათამდე ელექტროენერგიის მომხმარებლები თვის განმავლობაში იხდიან 25,4 ლარს, 1-ლი იანვრიდან 27,8 ლარს გადაიხდიან; 300 კილოვატ საათამდე ელექტროენერგიის მომხმარებელი კი 50,9 ლარის ნაცვლად 55,6 ლარს გადაიხდის.

რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო სექტორს, 110-35 კვ ძაბვის საფეხურის აბონენტები ერთ კვტ.სთ-ზე 1,568 თეთრით მეტს გადაიხდიან, 10-6-3.3 კვ ძაბვაზე - 1,564. თეთრს, ხოლო 0.4 კვ-ზე. 1,565 თეთრით მოიმატა. ახალი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა შევიდეს და მან 2020 წლის ბოლომდე იმოქმედოს.

დამტკიცებული ტარიფით უკმაყოფილოა „თელასი“, კომპანია თვლის, რომ აღნიშნული მატება კომპანიას სწრაფი განვითარების საშუალებას არ აძლევს.

„თელასის“ კომერციული დირექტორის მოადგილის, მიხეილ ანთაძის განმარტებით, გაზრდილი ტარიფი იძლევა იმის საშუალებას, რომ ენერგომომარაგება ქალაქში იყოს სტაბილური და საიმედო, მაგრამ კომპანიას არ ეძლევა საშუალება იფიქროს სამომავლო განვითარებაზე.

„მთავარი, რაშიც არ ვეთანხმებით მარეგულირებელ კომისიას გახლავთ ის, რომ კომისია არ ითვალისწინებს კომპანიის სახეცვლილებას ბოლო წლების განმავლობაში. 2014 წლიდან დღემდე სახეზე გვაქვს აბონენტების და ქსელის მნიშვნელოვანი ზრდა, ეს იმ პირობებში, როცა, პრაქტიკულად, არ მომხდარა პერსონალის ზრდა. უფრო მეტიც, მოხდა პერსონალის შემცირება. ეს იმას ნიშნავს, რომ „თელასის“ თანამშრომლები დღეს უფრო დატვირთულები არიან, ვიდრე ბოლო წლების განმავლობაში. ტარიფი იძლევა იმის საშუალებას, რომ ენერგომომარაგება ქალაქში იყოს სტაბილური და საიმედო, მაგრამ არ გვაძლევს საშუალებას, სრულად ვიფიქროთ კომპანიის განვითარებაზე იმ ტემპებით, რომელიც ჩვენ გვაქვს გათვალისწინებული“, - განაცხადა მიხეილ ანთაძემ.

თბილისის გარდა ელექტროენერგიის საფასური რეგიონებშიც გაიზარდა. სემეკმა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტარიფზეც იმსჯელა და მიღებული გადაწყვეტილებით, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე კომერციული სექტორებისთვის ელექტროენერგიის ფასი კილოვატ საათზე 1,28 თეთრით მოიმატებს.

სემეკის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო სექტორში შემდეგი ტარიფი დადგინდა: 101 კვტ საათის ჩათვლით, ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის გადასახადი ნაცვლად 12,954 თეთრისა, განისაზღვრა 14,23666 თეთრით, 101 კილოვატიდან 301 კვტ საათის ჩათვლით, სამომხმარებლო ტარიფი ნაცვლად 16,931 თეთრისა, განისაზღვრა 18,21366 თეთრით, 301 კვტ საათიდან მომხმარებლებისთვის კი, ტარიფი ნაცვლად 21,450 თეთრისა განისაზღვრა 22,73266 თეთრით.

სემეკ-ის თავმჯდომარის, ირინა მილორავას განმარტებით, ტარიფის ზრდა განაპირობა კომპანიების მიერ ინვესტიციების მაღალმა მოცულობამ, თუმცა ვალუტის კურსის ცვლილებას ტარიფზე გავლენა არ მოუხდენია.

როგორც მილორავამ აღნიშნა, ამჟამად ვალუტის კურსის ცვლილება არ არის - შესაბამისად, ტარიფის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2,5 ნიშნულზე.

„ტარიფების ზრდა განაპირობა კომპანიების მიერ მაღალი მოცულობის ინვესტიციებმა, რომელიც უნდა განხორციელდეს მომდევნო სამი წლის განმავლობაში. მოხმარება არის სერიოზულად გაზრდილი, 2020 წლისთვის კი დაახლოებით 20%-ით გაიზრდება. ეს არის სერიოზული გამოწვევა სექტორისთვის. ინვესტიციები უნდა განხორცილდეს ორი მიმართულებით, უნდა გაძლიერდეს გადამცემი და გამანაწილებელი ქსელები და მოხდეს ახალი ჰიდროელექტროსადგურების ქსელში ინტეგრაცია“,- აცხადებს მილორავა.

მისივე განმარტებით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში განსახორციელებლი ინვესტიციების ჯამური ვალდებულება შეადგენს 1 200 000 000 ლარს. შესაბამისად, ამ ტარიფებში საინვესტიციო ვალდებულებების ასახვა მოხდა, განსხვავებით 2015 წლისგან, როდესაც ტარიფების ზრდა განხორციელდა მნიშვნელოვნად მხოლოდ ვალუტის კურსის ცვლილებით.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე, გოგი წულაია სემეკ-ში ტარიფის დამტკიცებამდე აცხადებდა, რომ აღნიშნულ სხდომას ესწრება, რათა ტარიფის მომატების შემთხვევაში შედეგები გააპროტესტოს.

„ქუთაისში 22 000 აბონენტს დენი ეჭრება, შედეგად ყველაზე მეცირე 22 000 ბავშვი უდენოდ, კომპიუტერისა და ტელევიზორის გარეშე იზრდება. თუ ტარიფი გაიზრდება, წარმოვიდიგინოთ, რომ ეს რიცხვი მხოლოდ ქუთაისში გაორმაგდება. ხელისუფლების მიდგომა ადამიანების მიმართ ვიცით და მოლოდინი გვაქვს, რომ ტარიფები გაიზრდება ელექტროენერგიაზე“, - განაცხადა გოგი წულაიამ, თუმცა ტარიფის დამტკიცების შემდეგ მისი კრიტიკა აღარ მოგვისმენია.

სამაგიეროდ, ხელისუფლება თანაუგრძნობს მოსახლეობას.

„ფასების და გადასახადის ზრდა, რთულია ჩვენთვისაც კი, ვისაც ჯერჯერობით სტაბილური ხელფასი გვაქვს და წარმოუდგენლად ძნელი იქნება სხვა ბევრი ადამიანისათვის“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

მისივე განმარტებით, სემეკ-ის გადაწყვეტილებებზე სახელმწიფოს გავლენა მინიმალურია.

„ოპოზიციას აქვს მოსაზრება, რომ მათ აქვთ პროგრამები, რომლებიც ეკონომიკას ააღორძინებს მოკლე პერიოდში, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. რეალურად, მსოფლიოში ვითარება საკმაოდ რთულია ისევე, როგორც ჩვენს რეგიონში“, - განაცხადა ვოლსკიმ.

თუმცა ეს საბოლოო ვერდიქტი არ არის - დადგენილი ტარიფები მომდევნო სამ წელიწადზე გავრცელდება, მაგრამ თუ რაიმე მოცემულობა შეიცვალა, კომპანიებს რჩებათ უფლება, მიმართონ სემეკს და მოითხოვონ გადახედვა.

ირინა მილორავას განცხადებთ, ტარიფის გადახედვის მიზეზი შესაძლოა, ვალუტის კურსის ცვლილება იყოს.

„კაპიტალურ დანახარჯებში ყველა ინვესტიცია არის ასახული და აქაც განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ველოდებით. შესაძლებელია ტარიფის გადახედვის მიზეზი იყოს ვალუტის კურსის ცვლილება. არ გვქონია პრაქტიკა, რომ ფაქტობრივი ინფლაციის გათვალისწინებით გადაგვეხედა ტარიფებისთვის. ახლა აღებული გვაქვს ის ინფლაცია, რომელიც არის პროექტით გათვალისწინებული. დიდი იმედი მაქვს, რომ გადახედვის აუცილებლობა არ დადგება“, - განაცხადა მილორავამ.

ნანახია - 596

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80