გაძვირების სერია წყლის ტარიფის ზრდით „დაგვირგვინდა“
ეკონომიკა

გაძვირების სერია წყლის ტარიფის ზრდით „დაგვირგვინდა“

გაძვირების სერია წყლის ტარიფის ზრდით „დაგვირგვინდა“
ბექა დანელია

2017-12-29 17:00:06

ელექტროენერგიის შემდეგ მოსახლეობისთვის წყალიც გაძვირდა. მთელი 2017 წელი ხალხი ინფლაციას და გაზრდილ ფასებს ებრძოდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. კომუნალური გადასახადების გაძვირებით კი მათი მდგომარეობა მომავალში კიდევ უფრო დამძიმდება.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, თბილისში მრიცხველის მქონე მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი 1 კბ/მ-ზე 0.329 ლარით, ხოლო 1 სულზე კი - 3.89 ლარით განისაზღვრა. არასაყოფაცხოვრებო სექტორი კი (ორგანიზაციები და კომერციული სექტორი) 1 კბ/მ-ზე - 4.40 ლარს გადაიხდიან.

თბილისის გარდა წყალი გაუძვირდა მცხეთისა და რუსთავის აბონენტებსაც. რუსთავს სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილებით, მრიცხველის არმქონე აბონენტები მომავალი წლიდან ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 8 თეთრით მეტს - 2,281 ლარს გადაიხდიან, არასაყოფაცხოვრებო სექტორში კი 1 კბ/მ-ზე გადასახადი 43 თეთრით - 3,644 ლარამდე გაიზრდება.

რაც შეეხება მცხეთის გამრიცხველიანებულ აბონენტებს, მათთვის წყალი, დაახლოებით, 13 თეთრით გაძვირდა, უმრიცხველო აბონენტებისთვის - 1 ლარით და 49 თეთრით, არასაყოფაცხოვრებო სექტორს კი 35 თეთრით გაეზარდა გადასახადი. შესაბამისად, მრიცხველის მქონე მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი იქნება 1 კბ/მ-ზე 0.329 ლარი, გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისთვის 1 სულზე - 3.888 ლარი, არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის (ორგანიზაციები და კომერციული სექტორი) 1 კბ/მ - 3.548 ლარი.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის ტარიფის კიდევ უფრო მეტად ზრდას ელოდებოდა. კომპანიის ოპერაციების მართვის დირექტორის პირველი მოადგილე ზურაბ ალფაიძე ამბობს, რომ 2017 წელი განსაკუთრებული იყო კომპანიისთვის, ვინაიდან ამ წელს 84 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორცელდა.

„მომდევნო წლებში დაგეგმილი გვაქვს, რომ განხორციელდეს 200 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია, რაც ისევ და ისევ მოხმარდება მომხმარებლს და ისინი მიიღებენ გამუმჯობესებილი წყალმომარაგების სერვისს. 2018-20 წლებისთვის ჩვენი მოლოდინი მისაღებ შემოსავლებთან დაკავშირებით უფრო მეტი იყო, ვიდრე კომისიამ გაიანგარიშა“, - განაცხადა ალფაიძემ.

ისევე როგორც 2017 წელს ჩატარდა უპრეცედენტოდ დიდი რეაბილიტაცია და ინვესტიცია, მომდევნო სატარიფო პერიოდშიც კომპანია თავის გეგმებს წარმატებით შეასრულებს.

„მიმდინარე სამუშაო სხდომების გათვალისწინებით, ჩვენ განვაცხადეთ გარკვეული სახის შენიშვნები ტარიფის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, რისი ნაწილის გათვალისწინებაც მოხდა კომისიის მიერ, თუმცა ნაწილის გათვალისწინება არ მოხდა“, - აღნიშნა ალფაიძემ.

სემეკის წევრი გოჩა შონია კი ამტკიცებს, რომ წყლის ახალი ტარიფი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ეფექტურად მუშაობას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ თბილისში საყოფაცხოვრებო სექტორისთვის წყლის ტარიფი გაიზარდა, კომერციულისთვის კი - უმნიშვნელოდ შემცირდა.

„რა თქმა უნდა, კომპანიას ყოველთვის აქვს პრეტენზია, მიიღოს უფრო მეტი, ვიდრე არის კომისიის მიერ წარმოდგენილი. ტარიფები დაანგარიშებული იყო მეთოდოლოგიის საფუძველზე და სემეკმა მიიღო ყველა ის გონივრული ხარჯი, რომელსაც საჭიროდ თვლის იმისთვის, რომ ამ კომპანიამ ეფექტურად განახორციელოს ფუნქციონირება. თქვენ ნახეთ, რომ ტარიფები კომერციულ სექტორში პრაქტიკულად, არ გაზრდილა. დაახლოებით 5 თეთრით მოიმატა დღგ-ის გარეშე გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის, გაუმრიცხველიანებულისთვის კი - 70 თეთრით“, - განაცხადა შონიამ.

სემეკი და კომპანიები სულაც არ შფოთავენ თუ რა დღეში ჩააგდებს მოსახლეობას გაძვირებული კომუნალური ტარიფები. სამაგიეროდ, ამის შესახებ პირდაპირ საუბრობენ სპეციალისტები. ეკონომისტი არჩილ ქავთარაძე ამბობს, რომ გაძვირების ასეთ ტენდენციას მოსახლეობა ვერ გაუძლებს.

„წყალზე ფასის ზრდა მოსახლეობას უმძიმეს ტვირთად დააწვება. გარდა ამისა, გაძვირდა ელექტროენერგია, ქვეყანაში მაღალია ინფლაციაც. მარტო ეს ხომ არ არის, სამედიცინო სექტორშიც ძალიან მაღალი ფასებია, სამომხმარებლო ბაზარზეც ყველაფერი ძვირია. ამ ყველაფერს მოსახლეობა, უბრალოდ, ვერ გასწვდება. სერიოზული კრისიზის წინაშე ვართ“, - აღნიშნა არჩილ ქავთარაძემ.

ნანახია - 563

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80