„დასავლელი პარტნიორები საქართველოს ცალსახად ურჩევენ, გააგრძელოს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან“
საზოგადოება

„დასავლელი პარტნიორები საქართველოს ცალსახად ურჩევენ, გააგრძელოს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან“

„დასავლელი პარტნიორები საქართველოს ცალსახად ურჩევენ, გააგრძელოს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან“
მარიამ თოდაძე

2017-12-30 12:00:51

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა გაზეთ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენასა და ქვეყნებს შორის ჰუმანიტარული კავშირების გამყარებაზე ისაუბრა.

როგორც კარასინმა აღნიშნა, კავშირების ნორმალიზაციის ტენდენცია რამდენიმე წლის წინ გაჩნდა - „როდესაც მიხეილ სააკაშვილის პარტიამ საპარლამენტო არჩევნები წააგო და ხელისუფლებაში ახალი მთავრობა მოვიდა“.

კარასინის შეფასებით, ამის შემდეგ თბილისისა და მოსკოვის საერთო ძალისხმევით, ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროში ხელშესახები შედეგების მიღწევა და ჰუმანიტარული კავშირების გამყარება გახდა შესაძლებელი.

„მოსკოვი მზად არის ყოველმხრივი პრაქტიკული თანამშრომლობისთვის და ქართული მხარის ადეკვატური რეაქციის იმედი აქვს“, - განაცხადა კარასინმა.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის აზრით, რუსეთთან პირდაპირი თანამშრომლობა შეუძლებელია და ეს ბევრ ეტაპზე დამტკიცდა. როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რუსეთთან ურთიერთობის მხოლოდ ერთი ფორმა არსებობს და ეს არის ჟენევის ფორმატი.

„რუსეთთან პირდაპირი თანამშრომლობა არის შეუძლებელი. ეს ბევრ ეტაპზე დამტკიცდა. რუსეთი არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი და ერთადერთი ფორმა, რომელსაც მათთან კომუნიკაციისთვის ვიყენებთ, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით და დახმარებით ჟენევის ფორმატში. პირდაპირი კომუნიკაცია საქართველოსი რუსეთთან პოლიტიკურ თემებზე, მე ვფიქრობ, არის შეუძლებელი. ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ, რომ ჟენევის ფორმატი იყოს უფრო აქტიური და შედეგიანი, ვიდრე ის იყო აქამდე“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, თუ თამარ ჩუგოშვილი გულისხმობდა, რომ რუსეთთან პოლიტიკური საკითხების განხილვა უკეთესია საერთაშორისო ფორმატში, ეს ასეც ხდება - პოლიტიკური საკითხები ჟენევის ფორმატში განიხლება, ეკონომიკურ-სავაჭრო კი - პრაღის ფორმატში.

„პრაღის ფორმატის გაუქმება არ იგეგმება. ჩვენი მორიგი შეხვედრა, ალბათ, გაიმართება თებერვალში. განვიხილავთ კონკრეტულ, პრაქტიკულ საკითხებს. ჩვენი დღის წესრიგით გათვალისწინებულია სავაჭრო-ეკონომიკური პრობლემატიკის განხილვა, სატრანსპორტო კომუნიკაციების თემა, გარკვეული ჰუმანიტარული პრობლემები. ამ კუთხით ჩვენ გარკვეული ნაბიჯები გადავდგით 2013 წლიდან“,- აცხადებს აბაშიძე.

 მისივე შეფასებით, აღდგა ქართული პროდუქციის ექსპორტი რუსეთში და მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გავიტანეთ რუსეთში, რაც ძალიან სერიოზული პოზიტიური ფაქტორია ჩვენი ეკონომიკისთვის.

„აღდგა სატრანსპორტო კომუნიკაციები, ამან ხელი შეუწყო საქართველოში ტურიზმის განვითარებას არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ ზოგადად. საკუთრივ რუსეთიდან კი წელს მილიონზე მეტი ტურისტი ჩამოვიდა. ჩვენ ვმჯელობთ ჰუმანიტარულ პრობლემებზე. გავათავისუფლეთ ჩვენი 8 მოქალაქე, რომლებიც მრავალწლიან სასჯელს იხდიდნენ ჯაშუშობის ბრალდებით. განვიხილავთ ბიზნესის ხელშეწყობის თემატიკას, ასე რომ, ამ მიმართულებებით ეს დიალოგი გაგრძელდება“- აცხადებს აბაშიძე.

როგორც პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, რუსეთთან დიალოგი არის ძალიან რთული.

„მაგრამ ამ შემთხვევაში კვლავ დავესესხები ნატო-ს გენერალურ მდივანს იმის თაობაზე, რომ დიალოგი რუსეთთან არის რთული და ამიტომ არის საჭირო“, - განაცხადა აბაშიძემ.

ამასთან, ზურაბ აბაშიძე ხაზს უსვამს, რომ დასავლელი პარტნიორები საქართველოს ცალსახად ურჩევენ, გააგრძელოს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან. 

ნანახია - 4081

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80