„მოსკოვის მოწოდება ვაშინგტონისადმი ფარისევლურია“
საზოგადოება

„მოსკოვის მოწოდება ვაშინგტონისადმი ფარისევლურია“

„მოსკოვის მოწოდება ვაშინგტონისადმი ფარისევლურია“
მანანა ნოზაძე

2017-12-30 15:00:13

მოსკოვი ვაშინგტონს მოუწოდებს, ევროპის ტერიტორიიდან ბირთვული შეიარაღება გაიტანოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეიარაღების კონტროლისა და გაუვრცელებლობის დეპარტამენტის დირექტორმა მიხეილ ულიანოვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთმა თავისი ბირთვული შეიარაღება ეროვნულ ტერიტორიაზე გადაიტანა. ამდენად, რუსები მიიჩნევენ, რომ იგივე ნაბიჯი ამერიკულ მხარეს დიდი ხნის წინ უნდა გადაედგა.

ამის მიუხედავად, მიხეილ ულიანოვი შენიშნავს, რომ ვაშინგტონი ბირთვულ შეიარაღებას მაინც ტოვებს ევროპის ტერიტორიაზე და მათი რაოდენობა უკვე 200-მდე საავიაციო ბომბს შეადგენს.

ვინ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის ერთმანეთს - მოსკოვი ვაშინგტონს, თუ პირიქით?!

პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნატოს გაფართოება რეალურად მოხდა და ნატო რუსეთის საზღვრებთან ახლოს მივიდა. მიუხედავად სიტყვიერი შეთანხმებისა, რომლითაც გორბაჩოვს დაჰპირდნენ, რომ პოსტსაბჭოთა და პოსტსოციალისტური ქვეყნები არ გახდებოდნენ ნატოს წევრები, ნატო მაინც გაფართოვდა და რუსეთის საზღვრებთან მიაღწია სწორედ ამ იარაღმა. ე.წ. სარტყელთან დაკავშირებით სტალინს თავისი მკაფიო მოსაზრება ჰქონდა. სტალინმა გააწითლა ნახევარი მსოფლიო, თუმცა ბუფერული ზონებიც არსებობდა საბჭოთა კავშირის გარშემო და ამ თვალსაზრისით ძალზე დაცული იყო საბჭოთა კავშირი. 1991 წლის შემდეგ კი ელცინის პერიოდში რუსეთს სერიოზული საფრთხე შეექმნა და კინაღამ დაიშალა.

„სტრატეგიული თვალსაზრისით, პუტინი ამბობს, რომ არსებობს დამცავი რაკეტები, რომლებიც, ნებისმიერ შემთხვევაში, შეიძლება გადაკეთდეს შემტევ რაკეტებად. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის გარშემო იკვრება ეს რკალი და სულ უფრო ახლოს მიიწევს რუსეთთან. ავიღოთ იგივე უკრაინა, საქართველო, მოლდავეთი. ესენი არიან პოსტსაბჭოთა ქვეყნები, რომელთაც რუსეთი თავისი გავლენის სფეროდ მოიაზრებს. აქაც საინტერესოა რუსეთის მოქმედება. ახლა ბევრი ამბობს, რომ აგვისტოს ომის დროს რუსეთი შეაკავეს, ის ბოლომდე არ შემოვიდა. თუმცა არც სჭირდებოდა რუსეთს ბოლომდე შემოსვლა. რაც მათ სჭირდებოდათ, ეს იყო აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიები, სადაც რუსეთმა სამხედრო ბაზები განალაგა და აკონტროლებს ამ ბაზებს. ნახეთ, რა პოზიცია აქვს რუსეთს უკრაინასთნ მიმართებითაც? ის აშკარად არ ერევა არაფერში, მაგრამ სიტუაცია უკრაინაში სულ უფრო მძიმდება. მოლდავეთშიც პრორუსული ძალები მოდიან ხელისუფლებაში. ასე რომ, რაღაცნაირად რუსეთის პოლიტიკა შეცვლილია და გაცილებით მეტი პრაგმატიზმია. თუმცა ფაქტია, მათი მოქმედების სტილი განსხვავებულია დასავლური და ამერიკული სტილისგან. ხანდახან რუსები გაცილებით უხეშად მოქმედებენ, ვიდრე პინცეტით მომუშავე დასავლეთი“, - განმარტავს თამარ კიკნაძე.

„სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის“ დირექტორი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთის ბირთვული იარაღის ცალკეული ნაწილები მისი ეროვნული ტერიტორიის გარეთ არ არის განლაგებული. თუმცა ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, აფხაზეთში, ყირიმში, დნესტრისპირეთში რუსული ბაზები სრულიად უკანონოდაა განთავსებული. ზოგიერთ ქვეყანაში ისინი ამ ქვეყნების ნებართვითაა განლაგებული, მაგალითად, ასე ხდება სომხეთში, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში. აქედან გამომდინარე, რუსული ბაზების ქსელი რუსეთის ტერიტორიის გარეთ საკმაოდ ჭრელია, მაგრამ არსად ამ სივრცეში ბირთვული იარაღის განლაგება ჯერ არ დაფიქსირებულა.

„ამის მიუხედავად, რუსეთის ეროვნულ ტერიტორიაზე განლაგებული ბირთვული იარაღი სულაც არ არის ნაკლებად ხიფათის შემცველი ევროპისთვის. უკანასკნელი წლების განმავლობაში რუსეთმა სერიოზულად დაიწყო ბირთვული იარაღით დახუნძვლა თუნდაც იმავე კალინინგრადის ოლქისა, რომელიც, პრაქტიკულად, აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზეა. გარდა ამისა, რუსეთის სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქში განლაგებული იარაღი, თავისი გეოგრაფიული სიახლოვის გამო, სულაც არ წარმოადგენს ნაკლებ საფთხეს ცენტრალური და დასავლეთ ევროპისთვის.

ალიანსის წევრები სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავენ იმ ინფორმაციითაც, რომელიც უფრო ხშირად იყრის თავს მათ ხელში, რომ ახალი ტიპის იარაღის შექმნითა და განლაგებით რუსეთი არღვევს საშუალო სიშორის რაკეტების შეზღუდვის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებას. ამით იგი თავისი ტერიტორიიდან დარტყმის ქვეშ აყენებს ევროპას. ამიტომ მოსკოვის მოწოდება ვაშინგტონისადმი ევროპის ტერიტორიიდან ბირთვული შეიარაღების გატანის თაობაზე ფარისევლობას შეიცავს და ჭეშმარიტებისგან შორსაა“, - აცხადებს ირაკლი მენაღარიშვილი და მიიჩნევს, რომ ბირთვული შეიარაღების საკითხები მოლაპარაკების გზით გადაუდებლად უნდა მოგვარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება სერიოზულ საფრთხედ იქცეს.

ნანახი?- 4339

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80