„პანკისელები ქართულად აზროვნებენ, ქართულად ლაპარაკობენ, მათ კავკასიური მენტალიტეტი აქვთ“
საზოგადოება

„პანკისელები ქართულად აზროვნებენ, ქართულად ლაპარაკობენ, მათ კავკასიური მენტალიტეტი აქვთ“

„პანკისელები ქართულად აზროვნებენ, ქართულად ლაპარაკობენ, მათ კავკასიური მენტალიტეტი აქვთ“
მანანა ნოზაძე

2017-12-30 22:00:19

ფეისბუკმომხმარებელი მაგა ვაინახი პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს და მასთან დაკავშირებულ საზოგადოების მცირე ნაწილის რეაქციას ეხმაურება. საუბარია უარყოფით შეფასებებზე, თითქოს „უნდა გავასახლოთ აქ ჩამოთრეული ქისტები“, რადგან „ყველა ქისტი ტერორისტია“.

რა თქმა უნდა, ფეისბუკმომხარებლების განწყობა არ ასახავს საქართველოს მთელი მოსახლეობის პოზიციას და გამორიცხული არ არის, უარყოფითი შეფასებები სწორედ მათ ინტერესში იყოს, ვისაც პანკისელებისა და ქართველების წაკიდება სურთ, მაგრამ ქისტებისთვის ასეთი შეფასებები მტკივნეული აღმოჩნდა.

მაგა ვაინახი შეახსენებს საზოგადოების ნეგატიურად განწყობილ ნაწილს, რომ სწორედ ამ „ჩამოთრეული“ ქისტების წინაპარი იყო ქართლის პირველი დედოფალი (ძურძუკი), ქისტების წინაპრებმა დაუბრუნეს ტახტი საურმაგს და სწორედ ეს „ტერორისტი“ ქისტები იყვნენ საქართველოს ერთ-ერთი ფარი ლეკიანობის დროს. ეს „ტერორისტები“ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მხარდამხარ იბრძოდნენ და საქართველოს ამ კუთხეს კბილებით იცავდნენ, მაშინ, როცა ზოგიერთები ავტონომიას ითხოვდნენ.

გარდა ამისა, ქისტები სიამაყით იხსენებენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, როდესაც ბევრი ქართველი „ვაჟკაცი“ გარბოდა და იმალებოდა.

„ამ ჩამოთრეულებს ვერავინ გაასახლებს ამ ქვეყნიდან, რადგან ის მათი სამშობლოა და ისინი არასდროს დათმობენ ამ მიწა-წყალს“,-აცხადებს მაგა ვაინახი.

მართლაც, პანკისის ხეობა და ალაზნის ველი კახეთის განუყოფელი ნაწილია. თამარ მეფის პერიოდი საუკეთესო იყო ამ ხეობისთვის, რადგან აქ არსებობდა საერისთაო, სახელწოდებით თორღვა პანკელი, რომელიც სამეფო კართან დაახლოებული, ამავე სახელის მქონე ქართველი თავადისგან (თორღვა პანკელისგან) იღებდა სათავეს. ხეობა ოდითგანვე ქრისტიანული ტაძრებით იყო სავსე, მაგრამ მონღოლთა შემოსევა, სამთავროებად დაქუცმაცება, დინასტიური დავები და თურქეთ-ირანის ინტერესები თორღვა პანკელის საერისთაოს დაცემის მიზეზი გახდა. ომითა და ეპიდემიით გაუკაცრიელებულ პანკისის ხეობაში ქისტების პირველი წინაპრები - ვაინახები, ინგუშები მე-17 საუკუნიდან გამოჩნდნენ. მოგვიანებით ჩეჩნებმა ამ ხეობაში ინტენსიური დასახლება დაიწყეს, რადგან ქართველი თავადები მიწებს მათ იჯარით აძლევდნენ, რათა დაღესტნელი მძარცველებისგან თავის დასაცავად მებრძოლი მთიელები სჭირდებოდათ.

იმის გათვალისწინებით, რომ, ცალკეულ გამონაკლისთა გარდა, პანკისელები ყოველთვის ქართული ინტერესების დასაცავად, სახელმწიფოებრივად აზროვნებდნენ, საინტერესოა, დღეს ვის ინტერესშია ფეისბუკში ამტყდარი აჟიოტაჟი?!

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პანკისელების გასახლებაზე საუბარი სწორედ მათ ინტერესშია, ვისაც არ სურს საქართველოში მშვიდობის დამყარება.

ისტორიკოსის განმარტებით, უკვე საუკუნეებია, პანკისელები საქართველოში ცხოვრობენ. ქართული ფეოდალური კანონმდებლობით კი, უცხოტომელი როცა ჩამოსახლდებოდა, რა თქმა უნდა, ის აბორიგენი ვერ გახდებოდა, მაგრამ მესამე თაობაში უკვე მკვიდრ მოსახლედ ითვლებოდა და იმავე უფლებებით სარგებლობდა, როგორც საქართველოს მკვიდრი მოსახლე.

„სტუდენტები მყავს პანკისის ხეობიდან, ისინი ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან, ქართული იციან, ქართულად აზროვნებენ, კავკასიური მენტალიტეტი აქვთ. პანკისის ხეობაში სუყველა ქართულად ლაპარაკობს. როგორ შეიძლება, მათ „ჩამოთრეულები“ და ქვეყნის მტრები ვუწოდოთ. თუ რაიმე პატარა გაუცხოების ელემენტი არსებობს ხელისუფლებასთან, ეს წინა წლებში ჩვენი ხელისუფლებისგან დაშვებული შეცდომების გამოა, რადგან პანკისელებს ისე ვერ მივაქციეთ ყურადღება, როგორც საჭირო იყო. როგორ შეიძლება იმის ძახილი, რომ პანკისელები ყველანი ტერორისტები და გასაძევებლები არიან საქართველოდან?! პირიქით, უნდა შევეცადოთ ამ ხალხთან მჭიდრო ურთიერთობა და კონტაქტი გვქონდეს, რომ საქართველოს მოქალაქეებად იგრძნონ თავი. ასეთი რადიკალური დამოკიდებულებით ხომ პანკისელების საერთოდ გაუცხოება მოხდება?!“ - აცხადებს გიორგი ოთხმეზური.

ექსპერტი ვაჟა ბერიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ქისტები საქართველოს ტერიტორიაზე დიდი ხანია, ცხოვრობენ. მე-18-19 საუკუნეების მიჯნაზე ინტენსიურად დაიწყო მათი ჩამოსახლება დღევანდელი ახმეტის რაიონის ტერიტორიაზე, სადაც იმ დროს სახლდებოდნენ ბერძნები, რუსები, სომხები. ექსპერტის მოსაზრებით, დღევანდელი ქართული საზოგადოება საქართველოს მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენელობას რეალურ მოცემულობად უნდა აღიქვამდეს. ამ რეალობის მიმართ კრიტიკა და დაპირისპირება, ნაციონალისტური ხედვები დააზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. მით უმეტეს, ძალიან სახიფათო და ატეხილ მსოფლიოში ვცხოვრობთ და, ამდენად, საფრთხილოა თუნდაც სოციალურ ქსელებში გამოხატული ნეგატიური მოსაზრებები.

„აქა-იქ დაფიქსირებული არასწორი შეხედულება მაინც უფრო საბჭოური მენტალიტეტის, აჟიოტაჟური, რადიკალურ-ნაციონალისტური გამოვლინება მგონია, ვიდრე იმის საბაბი, რომ თურმე ქართველები ვერ ვიტანთ სხვა ეთნოსის წარმომადგენლებს. ჩვენი ტოლერანტობა ოდითგან ცნობილია, ნუ გავააბსოლუტურებთ სოციალურ ქსელებში დაფიქსირებულ ტენდენციას. მაინცდამაინც შორს ნუ წავალთ და დურძუკებიდან მოყოლებული, ნუ დავიწყებთ ამ პრობლემის შეფასებას, რადგან პანკისის ხეობაში ქისტების ჩამოსვლა მე-18-19 საუკუნიდან იწყება, ისინი არიან ვეინახი ხალხი, მათ მშობლიურ ენაზე სიტყვა „ვეინახ“ ნიშნავს „ჩვენი ხალხი“. ისინი უაღრესად საინტერესო ეთნიკური ჯგუფია.

შუა საუკუნეების განმავლობაში ჩრდილოეთ კავკასია ქართული კულტურულ-პოლიტიკური და რელიგიური სივრცის ნაწილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ იქ უფრო ადრე ბიზანტიური მიმართულებიდან შევიდა ქრისტიანობა. მოგვიანებით თანდათან ქართულ ერთიან მსოფლმხედველობრივ სივრცეში შემოვიდნენ ეს ხალხები. ბუნებრივია, ისინი არიან იბერიულ-კავკასიური ერთობის ნაწილი, რომელზეც ბრწყინვალე თეორია ჩამოაყალიბა არნოლდ ჩიქობავამ და, რომელიც რატომღაც დავიწყებას მიეცა არც თუ მთლად დასაბუთებული სხვა თეორიების სასარგებლოდ. პანკისში ჩამოსახლებულ ქისტებსა და ეთნიკურ ქართველებს ეთნიკურ დონეზე დაპირისპირება არ ჰქონიათ. მეზობლებს შორის კრიმინალურ საფუძველზე ცალკეული კონფლიქტები ქართულ სოფლებშიც ხდება, მაგრამ ეთნიკური ხასიათი ქართულ-ქისტური დამოკიდებულებას არ ჰქონია. პირიქით, ქისტები, ეს ჩეჩნურ-ინგუშური ეთნოსის ნაწილი ორგანულად გახდა ქართული იდენტობისა და ცნობიერების ნაწილი, ვიდრე ნებისმიერი სხვა ხალხი. მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში, პანკისში ჩამოსახლებისთანავე ისინი ქრისტიანები იყვნენ და თანდათანობით გადავიდნენ მუსლიმანურ რწმენაზე, ამასაც არ შეუშლია ხელი ჩვენი ერთობისთვის. ისლამი რამდენიმე ცოლის ყოლის უფლებას აძლევს მამაკაცს, მაგრამ ქისტებში ქართული ზნე-ჩვეულებისა და თავიანთი ტრადიციიდან გამომდინარე, ოთხცოლიანობა ვერ დამკვიდრდა. მათ ოჯახისა და უფროსის კულტი აქვთ, რაც ქართული, იბერიულ-კავკასიური სივრცისთვის ორგანულია და არა წმინდა წყლის ისლამური კულტურისთვის“,-აღნიშნა ვაჟა ბერიძემ.

მანვე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსად მიიჩნია ის საკითხი, როგორი თავშეკავებით, სიდინჯით ხვდებიან პანკისელები მომხდარ უბედურებას. თვით მძიმედ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა საოცარი თავშეკავებით საუბრობს თავის ტრაგედიაზე. საყურადღებოა ისიც, როგორი დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხის მიმართ ხეობის უხუცესებს. მართალია, ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, რომ უხუცესთა საბჭო არ არის ქართული დემოკრატიის მიღწევა და, ზოგადად, უხუცესთა საბჭოები დემოკრატიის მიღწევად ვერ ჩაითვლება, მაგრამ ჩვენ უნდა გამოვიდეთ რეალობიდან და, რადგან პანკისელ უხუცესებს ამ მხარის მოსახლეობაში დიდი ავტორიტეტი გააჩნიათ, მათი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. პანკისელი მოსახლეობის უფროსი თაობა კი ზომიერი ისლამის მომხრეა და არა რადიკალიზაციის.

 

ნანახია - 4688

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80