არავის საქმეში არ ვერევი მე...
ბლოგი

არავის საქმეში არ ვერევი მე...

არავის საქმეში არ ვერევი მე...
ვაჟა შუბითიძე

2018-01-04 10:39:07

დიდხანს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა ეს წერილი, მაგრამ რადგანაც საქმე საქვეყნო პრობლემას და საქართველოს მომავალს ეხება, ბოლოს მაინც გადავწყვიტე მისი შეთხზვა და საჯაროდ გამოტანა იმ იმედით, რომ სწორად გაიგებენ (ილიაც ხომ გვასწავლიდა „მოყვარეს პირში უზრახეო“).

ყველას გვახსოვს, როგორ ებრძოდა ბოროტებას ჭაბუა ამირეჯიბის გმირი დათა თუთაშხია, მაგრამ თანამემამულეთა უმადურობით გულნატკენმა დათამ ერთ დღესაც ტაქტიკა შეცვალა („ვისაც ჩავაცვი და დავეხმარე , იმან გამხადა და მიღალატაო“) და პასიურ პოზიციაზე გადავიდა: „არავის საქმეში არ ვერევი მე და ნურავინ ჩაერევა ჩემს საქმეში“. დრომ და ვითარებამ თუთაშხიას აჩვენა, რომ ეს ტაქტიკა არასწორი იყო, რადგან ბოროტება გამრავლდა უფრო მეტად და ბოლოს დათა კვლავ ძველ ტაქტიკას დაუბრუნდა და ბოლომდე მისი ერთგული დარჩა.

მე ვფიქრობ, რომ ანალოგიური შეცდომა დაუშვა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, როცა წარმოუდგენლად თამამი ნაბიჯი გადადგა და ერთ წელიწადში ხელისუფლებიდან წავიდა, რაც ქართულ სინამდვილეში მანამდე რეალურად არ მომხდარა. ფაქტიურად დამტკიცდა, რომ ვადაზე ადრე წასვლაც, როცა მისია ბოლომდე მიყვანილი არაა, ისეთივე არასწორია და შეცდომაა, როგორც ხელისუფლებაზე დიდხანს უაზროდ ჩაბღაუჭება. ვითვალისწინებ იმასაც, რომ ჩვენ რეალურად არ ვიცით, რამდენად თავისუფალი იყო იგი ამ არჩევანში, მაგრამ თუ მართლაც თავისი ნებით გადადგა, მან თუთაშხიას შეცდომა გაიმეორა და ნაჩქარევად წავიდა.

ამის თქმის საფუძველს იძლევა მისი წასვლის შემდეგ ქვეყანაში გაუარესებული ეკონომიკური და სოციალური სიტუაცია. ხალხის მატერიალური მდგომარეობა 2014 წელთან შედარებით მკვეთრად გაუარესებულია, კვლავ უზარმაზარ ნიშნულზეა უმუშევრობა, მატულობს ფასები, რასაც თან ვერ მიჰყვება მოსახლეობის შემოსავლები, ხალხი სულ უფრო იძირება ბანკების ვალებში და უმოწყალოდ იძარცვლება ამავე ბანკებისგან, დიდი ტემპებით გრძელდება მოსახლეობის მიგრაცია უცხოეთში და უცხოელთა შემოსვლა და დამკვიდრება საქართველოში, იმპორტი კვლავ 4-ჯერ აჭარბებს ექსპორტს, რაც ჩვენი მონობის საწინდარია („სანამ მოსატანი მეტი გვექნება, ვინემ გასატანი, მონობას ვერ ავცილდებით“ - წერდა დიდი ნიკო ნიკოლაძე). შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული მიღწევების მიუხედავად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლება-კულტურის სფეროში, სახელმწიფო ბიუჯეტი ძალზე არაეფექტურად იხარჯება, ხოლო მისი საკმაო სოლიდური ნაწილი ცალკეული კორუმპირებული მოხელეების ჯიბეებში მიდის, რომლებმაც თავი წამოყვეს ივანიშვილის წასვლის შემდეგ და დღეს საკმაოდ თამამად იქცევიან და აღარაფერს მალავენ.

საშუალო ფენა 20%-დან 5 პროცენტამდე შემცირდა, 5%მდიდარი, 5% საშუალო ფენა და 90% ღარიბი - ასეთია ქვეყნის სოციალური სურათი.

უზარმაზარი უფსკრულია საგანელიძის 21-ათასიან ხელფასს, ქონებასა და რიგითი პენსიონრების 180-ლარიან პენსიას შორის. ეს დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყნის სოციალურ სტაბილურობას, ისევე როგორც ძლიერ გაზრდილი  საგარეო საფრთხეები და, პირველ რიგში, მოსალოდნელი ტერაქტები ქვეყანაში.

მე მესმის, რომ ძალზე ძნელია ბიძინა ივანიშვილის მერე მთავრობის ხელმძღვანელობა, იმ ტვირთის ზიდვა, რაც მას აწვა ზურგზე, მაგრამ ეს არ ამართლებს მთავრობის სუსტ მუშაობას პრემიერ-მინისტრის წესიერების მიუხედავად. თეზა „კადრები წყვეტენ ყველაფერს“ მართლაც ზუსტია და მიუთითებს სერიოზულ კრიზისზე ამ კუთხთ „ქართულ ოცნებაში“. ჯერ ერთი, პარტიას ხელისუფლებაში მოსვლის მერე მიეტმასნა უამრავი ბალასტი და ნაციონალი, ხოლო რაც იყო წესიერი და განათლებულ ხალხი, ისინი ან ეფექტურად ვერ გამოიყენეს, ან გაუშვეს თანამდებობიდან. 

ივანიშვილის წასვლის მერე, იმის გამო, რომ პარტიის თავჯდომარეები და გენერალური მდივანი, პოლიტიკური მდივანი ძალზე დაკავებულები აღმოჩნდნენ თავიანთი თანამდებობებით, ივანიშვილის ოფლითა  და დიდი ძალისხმევით შექმნილი პარტიის ხელმძღვანელობა ფაქტიურად ხელში ჩაუვარდათ საშუალო რგოლში მოკალათებულ უბიოგრაფიო ადამიანებს, რომლებმაც ტენდენციურად შეარჩიეს როგორც საპარლამენტო შემადგენლობის, ასევე საკრებულოების, სამინისტროების, მერების 80%ზე მეტი (კალაძე, გახარია, ჯანელიძე, სუბარი, კახიშვილი და ანზორ ჩუბინიძე აქ ნამდვილად გამონაკლისები არიან, რადგან მათ აქვთ ხალხის მხარდაჭერა წესიერების  და სახელმწიფო აზროვნების გამო). მიუხედავად იმისა, რომ როგორც 2016წლის საპარლამენტო, ასევე 2017წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში თითქოსდა „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, სინამდვილეში ეს არის „პიროსის გამარჯვება“, ანუ მოსალოდნელი ხვალინდელი მარცხი.

ხალხმა ისევ ივანიშვილის ხათრით და ნაციონალების დაბრუნების შიშით დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“ და არა ამიტომ, რომ მართლა მოსწონდა.

რეგიონებში „ქართული ოცნება“ ფაქტიურად აღარ არსებობს  და იგი შეეზარდა საკრებულოებსა და გამგეობებს, გაივსო  ყოფილი  ნაცებით. თანამდებობის პირთა დიდ უმრავლესობას ამოძრავებს არა სახელმწიფო ინტერესები და უანგარო სამსახური, არამედ პირადი გამორჩენა და საკუთარ ბიზნესზე ზრუნვა. კვლავ ამოქმედდა ე.წ. „კრიშების სისტემა“, ნეპოტიზმი, ფულიანი ხალხის ძებნა და დანიშვნა თანამდებობებზე (ასეთია პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტართა 95%, მინისტრების, გუბერნატორების და გამგებლების უმრავლესობა - მარტო ჯეჯელავა, ხეჩიკაშვილი და გიორგაძეც კმარა მათ ჩამოსათვლელად).

ნუ ვიქნებით იმის იმედად, რომ ოპოზიციაში ყოველთვის ასეთი უავტორიტეტო და კორუმპირებული ხალხი იქნება. ერთ დღესაც ვიღაც ახალი,ავტორიტეტული, აუცილებლად გამოჩნდება. გამოცდილებამ აჩვენა ისიც, რომ  როცა პარტიული ინტერესები სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დგება, ის პარტია არა მარტო მარცხდება, არამედ ქრება კიდეც. ასე დაემართა „მოქალაქეთა კავშირს“ „აღორძინებას“ „ნაციონალურ მოძრაობას და ამ საფრთხის წინაშეა „ქართული ოცნებაც.

ბატონო ბიძინა! ვიცი, რომ გულნატკენი ხართ თქვენი თანამემამულე ქართველთა უმადურობით და დაუნახაობით (ასეთ დღეში იყვნენ, ილიაც, ნიკოლაძეც, ყაზბეგი, -ვაჟა-ფშაველა, აკაკი, დიმიტრი ყიფიანი, რომლებიც არ გაახარეს მათმა თანამედროვე ქართველებმა), მაგრამ ეს ერისკაცთა ხვედრია და უნდა აიტანოთ. მე ვიცი, რომ თქვენ გულწრფელად უყვარხართ ათასობით ქართველს და აფასებენ თქვენს გამორჩეულ ღვაწლს - ამიტომაც ჯერ კიდევ 2008 წელს გამოსულ ჩემს წიგნში „ყველა დროის 100უდიდესი ქართველი“ მიგიჩინეთ თქვენი საკადრისი ადგილი - როგორც ყველა დროის უდიდეს ქართველ ბიზნესმენს, ქველმოქმედს და მერე გამორჩეულ პოლიტიკოსს და დღემდე ჩემს პოზიციაზე ვარ, რაც დაადასტურა ნოემბერში თქვენს მიერ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ანგარიშზე გადარიცხულმა ერთმა მილიარდმა, რაც უპრეცედენტო ნაბიჯია საქართველოს ისტორიაში. მე უამრავ ქართველთან ერთად მოგიწოდებთ დაბრუნდეთ ხელისუფლებაში და აღმოფხვრათ წესრიგის და უპასუხისმგებლობის დეფიციტი ხელისუფლებში და  ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოთ - პარტიისა და ქვეყნის განახლება, და ხალხის სოციალურად ფეხზე დაყენება - ამ  საქმეში ყველანი თქვენს გვერდში ვიყავით და ვიქნებით მომავალშიც.

 

ნანახია - 1903

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80