„ძაღლი ყოველთვის გადასარევად გრძნობს თავისი პატრონის განცდასა და განწყობას“
საზოგადოება

„ძაღლი ყოველთვის გადასარევად გრძნობს თავისი პატრონის განცდასა და განწყობას“

„ძაღლი ყოველთვის გადასარევად გრძნობს თავისი პატრონის განცდასა და განწყობას“
მანანა ნოზაძე

2018-01-06 09:43:55

რა უჭირთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს და რატომ არის ძაღლი ზოგიერთებისთვის მოდის ნაწილად ქცეული, ამის შესახებ For.ge-ს კინოლოგი გია ბარამიძე ესაუბრა.

რა არის დღეს ძაღლებისთვის ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში?

- ხალხის ცუდი დამოკიდებულება.

გულისხმობთ იმას, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ჩინელები ძალზე ემტერებიან ჩვენს ძაღლებს?

- ასეთ რამეს არ გამოვრიცხავ, თუმცა სიმართლე გითხრათ, მსგავსი ფაქტების შესახებ პირადად მე არაფერი ვიცი. ჩემამდე მხოლოდ ხალხში მოარული ინფორმაცია აღწევს, რაც შესაძლოა, ნაწილობრივ, მართალიც იყოს.

ძაღლების დაძინების, უფრო სწორად მოკვდინების პრობლემა დღემდე არსებობს?

- ამ საკითხს სერიოზული მიდგომა და განხილვა სჭირდება. შეძლებულ ქვეყნებშიც კი იყენებენ ევთანაზიას, რითაც ძაღლების მოკვდინება ხდება. ისეთ დიდ ქვეყნებშიც კი, სადაც ჩვენზე მეტად არის გამოხატული ადამიანის სიყვარული ცხოველის მიმართ, იქაც ვერ ახერხებენ უპატრონო ძაღლების შენახვას და ხშირად ხდება ევთანაზია. ეს საკამათო საკითხია. პირადად მე ამის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ეკონომიკურად რამდენად შეძლებს ჩვენი სახელმწიფო ძაღლების შენახვას, ეს კიდევ სხვა საკითხია. თუმცა ეს სულაც არ აძლევს სახელმწიფოს იმის უფლებას, ყველა ძაღლი დააძინოს. ამის მომხრე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვარ, როცა განუკურნებელი სენი სჭირს ძაღლს, ან ზედმეტად აგრესიულია.

ცხოველების მიმართ გულცივი დამოკიდებულების შესახებ აღნიშნეთ. ერთი შეხედვით, ამ საუკუნეში გახშირდა  შინაური ცხოველების ყოლის ფაქტი, ძაღლებით მოსიარულე ადამიანების რაოდენობამაც იმატა ქუჩებში. ამის მიუხედავად, მაინც ხშირად ხდება ძაღლების მიტოვება?    

- სამწუხაროდ, ადამიანებს ძაღლები სათამაშოდ მიჰყავთ სახლში,  ვერ ითვალისწინებენ იმას, რომ ძაღლი არ არის სათამაშო, ის ჩვეულებრივი ცოცხალი არსებაა, რომელსაც გრძნობები გააჩნია და თავისი მოთხოვნები აქვს. როცა ადამიანი ამისთვის მზად არ არის, მან ეს ცხოველი არ უნდა მიიყვანოს. 10-15 წლის წინ ჩემთან კლინიკაში რუსულენოვანი ქალბატონი თუ შემოვიდოდა და მეუბნებოდა, ქუჩაში ვიპოვე ძაღლი ან კნუტი და გთხოვთ დამეხმაროთ მის მკურნალობაში, აღზრდაში, ანუ რჩევას ითხოვდა. დღესდღეობით უამრავი ქართველი ახალგაზრდა შემოდის კლინიკაში, ქუჩაში ნაპოვნი ცხოველი შემოჰყავთ, რომელსაც თავად გადაარჩენენ ხოლმე. თავად უწევენ პირველად დახმარებას, ხშირად მათთვის ძაღლის ჯიშს მნიშვნელობა არ აქვს,  ნებისმიერ ცხოველს მიიკედლებენ ხოლმე. ცხოველის მიმართ დამოკიდებულება სახელმწიფოსა და ერის განვითარების ერთ-ერთი მანიშნებელია. ამას არ ვუკავშირებ პოლიტიკას, ამას ვუკავშირებ ხალხის თვითშეგნებას. მიუხედავად ასეთი დადებითი ფაქტებისა, ჩვენი ხალხის თვითშეგნება ცხოველების მიმართ მაინც ძალზე დაბალია, უფრო ხშირად ამას აქვს ლუზერული და არა გულწრფელი  დამოკიდებულება.

უფროსი თაობა ოჯახში ძაღლის გაჩერებას განსაკუთრებით უფრთხის. მათ მიაჩნიათ, რომ ძაღლის ბეწვის გადაყლაპვა  ექინოკოკის გამომწვევია. ამიტომ ძაღლი ეზოში უნდა იყოს და არა სახლში. ალბათ, ესეც განაპირობებს ცხოველის მიმართ მათ გულგრულ დამოკიდებულებას.

- პირველ რიგში, გეტყვით, რომ მე სამედიცინო განათლება მაქვს მიღებული და ვეტერინარული პრაქტიკაც გამაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ განათლებით ვეტერინარი არ ვარ. ექინოკოკის დაავადებას ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ ჯერ თვითონ იმისთვის, რომ ძაღლს დაემართოს ექინოკოკი, ეს სამბატონიანი პარაზიტი, უამრავი პირობაა საჭირო. მან ან ღორის, ან ცხვრის, ან რომელიმე სხვა ცხოველის ნაწლავი უნდა შეჭამოს, საიდანაც ძაღლს დაემართება ეს დაავადება და მერე მისი ანალური ხვრელის გარშემო არსებული ბეწვი ადამიანს უნდა ჩაუვარდეს პირში. ასეთი ალბათობა, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ქალაქის პირობებში  ვინ აჭმევს თავის ძაღლს საქონლის, ღორის ან ცხვრის ნაწლავს?! თანაც, ექონოკოკი ხშირად ემართებათ ადამიანებს, რომელთაც ცხოვრებაში ძაღლი საერთოდ არა ჰყოლიათ და გაურეცხავი მწვანილიდან ხდება ამით დაავადება. ამიტომ  დავიცვათ მინიმალური ჰიგიენური ნორმები, დავიცვათ ჩვენი ძაღლი, თავის დროზე მივცეთ მას ჭიების საწინააღმდეგო ანტიჰერმენტული საშუალება და ჩვენც დაცულნი ვიქნებით დაავადებისგან. ამის მაგალითი უამრავია და საამისო მტკიცებულება თეორიულადაც და პრაქტიკულადაც არსებობს. 

ქალაქის პირობებში რამდენად იტანჯება ძაღლი, როცა ის დახურულ სივრცეშია გამომწყვდეული?

- ძაღლის 400-მდე ჯიში არსებობს და ამ ჯიშებიდან გამომდინარე, არსებობს ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური მოთხოვნილებები. ძაღლს, რომელიც ძალზე აქტიურია, ან თავისი ზომის მიხედვით არ შეესაბამება ქალაქის პირობებს, ოთახის პირობებში უჭირს. ასეთია ქართული ნაგაზი, მაგრამ, თუ მას პასუხისმგებლიანი პატრონი ჰყავს, სასეირნოდ ხშირად გაჰყავს სახლიდან და ძაღლს ფიზიკურად ტვირთავს, ეს პრობლემაც მოხსნილია. არის შემთხვევები, როცა ძაღლი გარეთ საერთოდ არ გაჰყავთ. ეს მაშინ, როცა ძაღლი მტაცებელი, ოთხფეხა ცხოველია, რომელსაც უამრავი ენერგიის დახარჯვა სჭირდება და ამ დროს სათამაშოსავით, პუფის მდგომარეობაში ჰყავთ სახლში. ეს საშინელებაა. მესმის, როცა ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია. მაგალითად, მე ფეხი მოვიტეხე და ამის გამო შვილი მეხმარება, ან ჩემი მეგობრები მოდიან და სასეირნოდ გაჰყავთ ჩემი ორივე ძაღლი. თუ გასეირნებას არ უპირებ, მაშინ ძაღლი არ უნდა მიიყვანო სახლში, რადგან მას ენერგიის დახარჯვა სჭირდება. გასეირნება თვითონ პატრონისთვისაც აუცილებელია დღევანდელ ჩვენს ადინამიურ საუკუნეში.  

საქართველოში ბოლო პერიოდში რომელი ძაღლებია პოპულარული? ვიცით, რომ ესეც ერთგვარ მოდად იქცა.

- განსაკუთრებით ბოლო დროს მოდას განაპირობებს მასმედია, ახლად გამოსული ფილმი, სატელევიზიო გადაცემები. ბრწყინვალედ მახსოვს 60-იანი წლები, როცა საქართველოსა და საბჭოთა კავშირში გამოვიდა რამდენიმე ფილმი და გერმანული ნაგაზების კულტი იყო. 60-იანი წლების ბოლოს, 70-იანების დასაწყისში გამოვიდა ფილმი „ლესი“ და მთელი მსოფლიო კოლიმ მოიცვა. ინგლისში ძველი ინგლისური მეცხვარე ძაღლი იყო პოპულარული, რადგან ის პოლ მაკარტნის ჰყავდა. გამოვიდა „101 დალმატინელი“ და მთელი მსოფლიო დალმატინელით დადიოდა.

ერთი პერიოდი, ჯეკ რასელები შემოვიდა მოდაში, რადგან ჯიმ კერის მონაწილეობით გამოვიდა ფილმი და ყველას ეს ძაღლი უნდოდა. ინგლისის დედოფალს ჰყავდა ძაღლი და ეს ძაღლი ძალზე პოპულარულია მთელ მსოფლიოში. თუმცა ზოგიერთი ძაღლი მუდამ პოპულარულია. ასეთია პუდელი, რადგან თავისი გარეგნობითა და გონებით გენიალური ძაღლია, ასევე - კოკერ სპანიელი. მექსიკური შიშველი ძაღლი ეროვნულ ძაღლად არის გამოცხადებული. ეს ძაღლი გარეგნულად არ მომწონს, მაგრამ როგორ შეიძლება ძაღლი არ მიყვარდეს? მექსიკაში იგი ძალზე პოპულარულია. საქართველოში ჩვენი ქართული ნაგაზია პოპულარული. იტალიელები თავის ძაღლს სცემენ პატივს. სხვათა შორის, საქართველოშიც ძალზე პოპულარული გახდა იტალიური ძაღლი კანე კორსო. ხანდახან ვიცინი, ეს ძაღლი შავი ფერისაა და ქართველებს იმიტომაც მოგვწონს-მეთქი.  

ძაღლის თვისებებს შორის, როგორც წესი, უპირველესად ერთგულება სახელდება, თქვენ რას გამოარჩევდით?


- ძაღლში მკვეთრად არის გამოხატული ემპათიის თვისება. ხომ არსებობს ტელეპათია, აზრის გადაცემა. ემპათია კი არის, როცა ძაღლი თქვენში შემოდის, თქვენს არსში, და თქვენს განწყობასა და განზრახვას, პრიმიტიულ დონეზე გადასარევად იგებს. ემპათიური პრინციპი ძაღლში ბევრად უფრო მკვეთრადაა გამოხატული, ვიდრე ადამიანში. ადამიანში ცნობილია, რომ ეს განცდა არის მეძუძურ დედასა და ჩვილ ბავშვს შორის, ან იდენტურ ტყუპებს შორის, როცა ერთი კვერცხუჯრედიდან არიან ტყუპები გაჩენილი.

ძაღლი ყოველთვის გადასარევად გრძნობს თავისი პატრონის განცდას, განწყობას. აღმოჩნდა, რომ კატებში უფრო ძლიერადაა ეს თვისება გამოხატული, მაგრამ კატა მაინც ნაკლებად სოციალური ცხველია, ვიდრე ძაღლი და ამიტომ ძაღლებში ეს უფრო მეტად შეიმჩნევა. რამდენიმე შემთხვევა შემიძლია გავიხსენო. რომელი ძაღლიც მე მყავს ახლა, მისი პატრონი, ახალგაზრდა კაცი საბურთალოზე გარდაიცვალა და ვაკეში ძაღლმა ყმუილით აიკლო ყველაფერი.

70-იან წლებში ერთი ადამიანი ჩამოფრინდა თბილისის აეროპორტში და სახლისკენ გზაზე უბედური შემთხვევა შეემთხვა, მანქანა მთლიანად დაიმტვრა, თვითონ უვნებლად გადარჩა. ზუსტად იმავე წამში მისი კოლი საბურთალოზე წამოხტა და გული გაუსკდა. ჩემი პრაქტიკიდან მოგიყვანთ კიდევ ერთ შემთხვევას, ოღონდ გვარსა და სახელს არ დავასახელებ. შვილმა სახლში ძაღლი მიიყვანა, უბედური შემთხვევის გამო შვილი გარდაიცვალა, დაღუპვამდე ეს ძაღლი დაკარგა, მაგრამ დაკრძალვის დღეს მივიდა ძაღლი და, ვინც იმ ბიჭს არ უყვარდა, ის ადამიანები სახლში არ შეუშვა. უამრავი ასეთი შემთხვევაა.

ასე რომ, ძაღლებმა ემპათიის პრინციპით ჩვენი განწყობა და განზრახვა გადასარევად იციან. მცდარია აზრი, თითქოს ძაღლი ვერ იტანს მთვრალ ადამიანს. თუ პატრონს არაპათოლოგიური სიმთვრალე აქვს, ნასვამი მიდის სახლში და ეფერება თავის ძაღლს, ცხოველი ამას გადასარევად იტანს და, პირიქით, ზოგჯერ უხარია კიდეც. ხოლო, თუ ძაღლს ვიღაც მთვრალმა ადამიანმა ფიზიკური ტკივილი მიაყენა, ასეთი შემთხვევა შეიძლება ძაღლმა დაიმახსოვროს.

პატრონებისგან ხშირად გვსმენია, ნუ გეშინიათ, ჩემი ძაღლი არ იკბინება. თუმცა ზოგჯერ ადამიანებსაც არ შეიძლება ვენდოთ, არათუ განვსაზღვროთ, ძაღლის ფსიქიკაში რა ხდება. რამდენად სანდოა ძაღლის პატრონის ნათქვამი?

- სულაც არ არის გამართლება, რომ ძაღლი არ იკბინება, რადგან ზოგიერთ ადამიანს გამოხატული კინოფობია, ანუ ძაღლის შიში აქვს. ძაღლი თავის ქმედებაზე არ არის პასუხისმგებელი, ძაღლის ქმედებაზე პასუხისმგებელია ადამიანი. ამისთვის უკვე მიღებული კანონები არსებობს. არ ვამბობ, რომ ეს კანონები ბოლომდე დახვეწილია, მაგრამ, ცხადია, ქუჩის პირობებსა და თავშეყრის ადგილებში ადამიანმა თავისი ძაღლი ღვედით უნდა ატაროს. ეს ძაღლისგან მომდინარე საშიშროებით არ აიხსნება. შესაძლოა, ბევრი ძაღლი არც იკბინება და პატრონმაც გადასარევად იცის, მისი ძაღლი რისი ჩამდენია, მაგრამ იმისთვის, რომ ძაღლი იყოს ჯანმრთელი, თავისუფალი და პატრონიც ბედნიერად გრძნობდეს თავს, ნებისმიერ პარკში უნდა იყოს ამისთვის ტერიტორია გამოყოფილი, სადაც ძაღლის აშვება შეიძლება. ხოლო, თუ არ არის ასეთი ტერიტორიები გამოყოფილი, მაშინ ძაღლის პატრონებს ნუ მოვთხოვთ იმას, რომ თავიანთი ძაღლები პარკებში არ აუშვან.

 

ნანახია - 3879

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80