ვაჟა ბერიძე: „ტრამპის ყოფნა ხელისუფლებაში შეიძლება გადაიქცეს მეამბოხე მილიარდერის აჯანყებად პოლიტიკური კლასის წინააღმდეგ“

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

პოლიტიკა

ვაჟა ბერიძე: „ტრამპის ყოფნა ხელისუფლებაში შეიძლება გადაიქცეს მეამბოხე მილიარდერის აჯანყებად პოლიტიკური კლასის წინააღმდეგ“

ვაჟა ბერიძე: „ტრამპის ყოფნა ხელისუფლებაში შეიძლება გადაიქცეს მეამბოხე მილიარდერის აჯანყებად პოლიტიკური კლასის წინააღმდეგ“
მანანა ნოზაძე

2018-01-08 10:22:15

„ბოლოდროინდელმა ფაქტებმა ცხადყო, რომ თვით ამერიკაც კი შესაძლოა, იზოლაციაში აღმოჩნდეს“,-აცხადებს For.ge-სთან საუბარში ექსპერტი ვაჟა ბერიძე და 2018 წელს მსოფლიოში მოსალოდნელი პრობლემების შესახებ ამახვილებს ყურადღებას. 

რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს მსოფლიო 2018 წელს?

- საფრთხეები რეალურია. თანამედროვე მსოფლიოში არაერთგვაროვანი პროცესები მიმდინარეობს. ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაცემას მოჰყვა, არ შედგა. ყოველ შემთხვევაში, ახალი მსოფლიო წესრიგი სერიოზულ ტრანსფორმაციას განიცდის. დასავლეთი ძველებურად ერთსულოვანი აღარ არის, რადგან ახალი გამოწვევები, რაც მის წინაშეა, დივერსიფიცირებულია.

ადრე თუ იცოდნენ, რომ საბჭოთა კავშირი იყო ბოროტების იმპერია, დღეს უკვე ვეღარ ხვდებიან, რამდენი იმპერიაა და სად არის ეს იმპერია, საზღვარი წაშლილია. მაშინ იცოდნენ, რომ იქ სადღაც საზღვართან იწყებოდა საბჭოთა კავშირი ან ვარშავის ხელშეკრულების ბანაკი. ახლა უკვე დივერსიფიცირება სხვადასხვაა. მოუგერიებელი და დაუმარცხებელი ფაქტორებია სხვა ინტერესების ხარჯზე, როგორიცაა დემოგრაფიული ბუმი ჩინეთსა და ინდოეთში, არაბულ სამყაროში, ზოგადად მუსლიმანურ სამყაროში. ეს ყოველივე დასავლურ კეთილდღეობასა და სოციალურ დაცულობას უპირისპირდება, რაც სირიის კონფლიქტიდან გამომდინარე, დევნილთა ნაკადმაც კარგად წარმოაჩინა.

დასავლეთი დაუცველი და უმწეოა ასეთი გამოწვევების წინაშე, რადგან დასავლურ განვითარებას ბევრი ხარვეზი ახასიათებს. ამიტომაც ახლა მიმდინარეობს ტრანსფორმაცია და ახალი უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება, სადაც გაზრდილია ჩინეთის, ინდოეთის, რუსეთის ეკონომიკებისა და სამხედრო ძლიერების როლი, ისევე, როგორც მათი ეკონომიკური პოტენციალი.  

და ასეთი ვითარების ფონზე რამდენად გაუჭირდება დასავლეთს  ეროვნულ ინტერესთა დაცვა?   

- ცხადია, დასავლეთს გაუჭირდება ეროვნული ინტერესების მკაფიო და თანმიმდევრული დაცვა, მით უმეტეს, იმის გათვლისწინებით, რომ ტრამპი მოწინააღმდეგეების სახელდებას ახდენს, რასაც შეერთებული შტატების წინა პრეზიდენტები არ აკეთებდნენ ღიად და საჯაროდ. მოწინააღმდეგეებს შორის ფიქსირდება რუსეთი და არა მარტო რუსეთი, არამედ ჩინეთი და სხვები, რომ არაფერი ვთქვათ რადიკალური ისლამის პოზიციების გაძლიერებაზე ჩვენს მახლობლად და მთელ მსოფლიოში. ამიტომ ძნელი საპროგნოზოა, როგორ წარიმართება მოვლენები, მით უმეტეს, რომ უსაფრთხოების მსოფლიო სისტემის რეორგანიზებას არავინ ჩქარობს, რადგან არ ჩანს  მიმართულება, რომლისკენაც უნდა წავიდეს დღევანდელი მსოფლიო.

გაერომ თავისი თავი ამოწურა, შეერთებული შტატებისა და წამყვანი ევროპული ქვეყნების გარეშე მისი ტრანსფორმაცია არსებითად შეუძლებელია. ჩვენ ვიხილეთ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩატარებული კენჭისყრა ტრამპის წინადადებაზე იერუსალიმის დედაქალაქად გამოცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც ცხადყო, რომ თვით ამერიკაც კი შესაძლოა, იზოლაციაში აღმოჩნდეს. ეს იყო შეერთებული შტატების ფაქტობრივი იზოლაცია, როცა 9 პატარა და ოდიოზურმა რეჟიმმა დაუჭირა მას მხარი, ხოლო დასავლეთ ევროპამაც კი არ გაიზიარა აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის პოზიცია.

ეს მეტყველებს, რომ სისტემა საბოლოოდ ჩამოიშალა და ვეღარც ნატო შეასრულებს მსოფლიოს ზედამხედველის ფუნქციას, რადგან სამხედრო კონტინგენტის მომზადება კონფლიქტის რეგიონებში გადასასროლად ძალიან ძვირი ჯდება. ესეც რომ არ იყოს, ყოველმხრივ უზრუნველყოფილ საზოგადოებაში არ მოიძებნებიან ადამიანები, ნებაყოფლობით რომ აისხამენ იარაღს და ცხელ წერტილებში სადარაჯოზე წავლენ. ასე რომ, რთულია ვითარება და 2018-ში ველი ტენდენციის შენარჩუნებას, ანუ ცალკეული კერების მინავლებას, ცალკეული დაძაბულობის კერების წარმოშობას.

პერიოდულად აპოკალიფსური გლობალური კონფლიქტების შესახებ ვისმენთ განცხადებებს. ასეთი კონფლიქტები მოსალოდნელია? 

- გლობალური კონფლიქტისთვის ჯერჯერობით სიტუაცია არ მომწიფებულა, რადგან ერთმანეთთან დასაპირისპირებლად ჯერ მზად არ არის ორი მხარე. კერძოდ, რადიკალურ ისლამს არ აქვს იმის შესაძლებლობა, ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლური ტექნოლოგიური რევოლუციის შედეგად აღჭურვილ ძალას, ხოლო გეოპოლიტიკური რეგიონული ინტერესების მატარებელ სუბიექტებს, თუნდაც იმავე რუსეთს, ჩინეთს არ აქვთ ძალა იმისა, რომ სერიოზულად დაუპირისპირდნენ დასავლეთს.

ეს მდგომარეობა ძალზე სახიფათო და, ამავე დროს, ფეთქებადსაშიშიცაა, რადგან მაღალ სისწრაფეზე ვინ რას მოიმოქმედებს, ვინ დაეცემა და ვინ წამოდგება, ძნელი სათქმელია. ასე რომ, დღევანდელი ტენდენცია სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება. ეს იქნება დანარჩენი შედარებით გონიერი მსოფლიოს ბრძოლა რადიკალურ-პოლიტიკური მიმართულებების წინააღმდეგ და ამას ექნება რეგიონული, ლოკალური ხასიათი და არა გლობალური.

თქვენ აღნიშნეთ გაეროსა და ნატოს უფუნქციობის, ამერიკის იზოლაციის ფაქტების შესახებ. საინტერესოა, მსოფლიოს უსაფრთხოებას ვინ დაიცავს? მსოფლიოში წესრიგის დამყარებას აქამდე ამერიკა საკუთარ თავზე იღებდა, იერუსალიმის ფაქტორმა კი წარმოაჩინა, რომ ეს ის ამერიკა აღარაა, რომელსაც ადრე ვიცნობდით. როგორც ამბობენ, ტრამპი ძუნწია, მაგრამ ეს ვაჭრული სულისკვეთება აშკარად გამოვლინდა მის შანტაჟის ენით საუბარში, როცა იერუსალიმის საკითხის დაბლოკვის გამო ამერიკამ თანხა შეუმცირა გაეროს.

- რამდენად საფუძვლიანი იქნება დონალდ ტრამპის ფაქტორი, ამას ჩვენ ვნახავთ ამ საარჩევნო ციკლის შემდეგ, შეძლებს თუ არა იგი მეორე ვადით მოსვლას ხელისუფლებაში. თუ ამას ვერ შეძლებს, მაშინ  ტრამპის ყოფნა ხელისუფლებაში ეს იქნება მეამბოხე მილიარდერის აჯანყება პოლიტიკური კლასის წინააღმდეგ. თავისთავად, ტრამპი პოლიტიკური კლასის ნაწილია, მაგრამ, ამავე დროს, ამ კლასის წინააღმდეგაა აჯანყებული.

მთლიანობაში, ტრამპი არსებითად მაინც პოზიტიური მოვლენაა მთელი მსოფლიოსთვის, რადგან მან გახსნა თამაში და იგი პირდაპირ აცხადებს იმას, რაც სურს დასავლეთს. ფარისევლობა, პირმოთნეობა, ორპირობა, რომელიც დასავლელი პოლიტიკოსოების ნაწილს ახასიათებს, საკმაოდ სახიფათო იყო გლობალური მშვიდობისთვის. ახლა უკვე გასაგებია, ვის რა უნდა. ჩემი აზრით, ტრამპის ფაქტორმა გლობალური კონფლიქტის საფრთხე კი არ გაზარდა, არამედ შეამცირა.

მაინც ვფიქრობ, რომ ტრამპის აჯანყება არ დამთავრებულა, პოლიტიკური კლასი ასე იოლად არ დათმობს ხელისუფლებას. ჩვენ ვხედავთ, რომ, ფაქტობრივად, ამერიკის ხალხისა და საზოგადოებისთვის მიცემული ვერც ერთი პრინციპული დანაპირები ტრამპმა ვერ განახორციელა. ახლა რაღაც ზიგზაგებითა და სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობს კედლის აგება მექსიკასთან საზღვარზე. გარკვეულ ქვეყნებში მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის ტრამპისეული ვერსია არ გავიდა და ა.შ. ეს გასაგებიცაა, ამერიკული დემოკრატია ხომ წარმომადგენლობითია, კონგრესი და სენატი სხვანაირად იღებს ინიციატივებს, თითქოსდა, დარაჯობს ტრამპს, რომ რაიმე ისეთი არ გააკეთოს, რაც ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის საზიანო იქნება.

გააჩნია, როგორ წარიმართება მოვლენები აშშ-ში, რადგან მსოფლიო იცვლება, ჩვენ სხვა მსოფლიო გვექნება. სხვათა შორის, ახალ მსოფლიოში ადაპტირება ავტორიტარულ და შეზღუდული დემოკრატიის ქვეყნებს უფრო უადვილდებათ. თუნდაც იმავე რუსეთსა და თურქეთს, უზბეკეთსა და ყაზახეთს, ესენი არიან სპეციფიკური დემოკრატიების ქვეყნები, მათ გაცილებით უადვილდებათ ტრანსფორმაცია და ახალ სიტუაციასთან შეგუება, ვიდრე დასავლეთს.

ხომ ნახეთ, ერთიანი ევროპა რა დონეზეა? ფაქტობრივად, ესპანეთის სამეფო იშლება და ჯერჯერობით ვერაფერს უპირისპირებს ევროკავშირი კატალონიელი ხალხის უმრავლესობის ნებას. ვერც დემოკრატიამ უშველა ესპანეთს, ვერც ევროკავშირში გაერთიანებამ და ვერც მეფის ინსტიტუტმა. არადა, ქართველებსაც გვარწმუნებდნენ, თუ მეფობას აღვადგენთ, სწორედ მეფე იქნება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის გარანტი. ეს ასე ადვილი აღარ არის, რადგან თანამედროვე მსოფლიოში ვითარება იცვლება და, განსაკუთრებით, დემოგრაფიული ბუმის პირობებში მცხოვრები რეგიონების ინტერესები მატულობს, ისინი თავიანთ წილს ითხოვენ საყოველთაო კეთილდღეობის ტორტიდან, რასაც წინ ვერავინ აღუდგება.

ახლა დიალექტიკა აღარ გვიყვარს და დავივიწყეთ, მაგრამ რაოდენობრიობა უეჭველად გადავა თვისობრიობაში. ჭარბი მოსახლეობის ფაქტორი გასათვალისწინებელია. თუნდაც თურქები შედიან ევროპაში და ამით, ფაქტობრივად, მათი გავლენა შედის ევროპაში. რასაც ოსმალებმა ვერ მიაღწიეს ხმლის ქნევით, ახლა თურქებმა შეიძლება უკვე მშვიდობიანად მიაღწიონ. რა თქმა უნდა, თურქ ხალხს აქვს უფლება, უფრო უკეთეს ქვეყანაში იცხოვროს, ირანელ ხალხსაც იგივე უფლება აქვს, როგორი ხელისუფლებაც არ უნდა ჰყავდეს მას და თეოკრატიის რა ხარისხიც არ უნდა იყოს ირანში, რუს ხალხსაც თავისი ოცნებები აქვს, ხოლო დასავლეთის ცივილიზაციას -თავისი მისწრაფებები.

 

ნანახია - 4799

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80